"გაჩნდა იმედი, რომ პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხე მოიხსნება"
01-02-2016
"გაჩნდა იმედი, რომ პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხე მოიხსნება"
"ერთ მშვენიერ დღეს რუსებმა პანკისში პროვოკაცია რომ მოაწყონ, ამას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლად მონათლავენ"

"მეეჭვება, პუტინს და მედვედევს აგებინონ პასუხი, რადგან რუსეთი იუგოსლავია არ არის!"


არა მხოლოდ გასული კვირის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება შეფასდეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დაწყების ნება მიეცა.
გასულ კვირასვე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, ცესკოს წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების"
კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა - 70,15% (16 104 ამომრჩეველი) მიიღო, ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა ხმების 29,85% (6 851 ამომრჩეველი). საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის რაოდენობამ ელექტორატის საერთო რაოდენობის 33% შეადგინა. ამ არჩევნებს ბევრი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარ ტესტად აფასებდა.

რა გვაჩვენა გარდაბნის არჩევნებმა?
სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.


- მართალი ბრძანდებით, ეს არჩევნები შეიძლება მივიჩნიოთ საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად და მაჩვენებლად იმისა, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში ან სამომავლოდ საით შეიძლება წავიდეთ. პირველი, რაც გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა და რასაც 2016 წლის შემოდგომაზეც უნდა ველოდოთ, არის ელექტორატის პასიურობა. წინასწარი მონაცემებით, გარდაბანში არჩევნებზე ელექტორატის 33% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა ძაAლიან დაბალი იყო. ამ მონაცემის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი, ალბათ, ოდნავ აქტიური იქნება, ანუ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, საარჩევნო ურნებთან ამომრჩევლის 40% მივა. გარდაბანში რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებდა, ცხადზე ცხადი იყო. ჯერ ერთი, ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციით, შუალედურ არჩევნებში მუდმივად იმარჯვებს სახელისუფლებო კანდიდატი. ამას დაემატა ისიც, რომ გარდაბანი ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა, ბოლო წლების გამოცდილებით კი არაქართველი მოსახლეობა, ძირითადად, ხელისუფლებას უჭერს მხარს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მმართველ კოალიციას აქვს, თუმცა, არა - 70%-იანი მხარდაჭერით...

ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა ძალებმაც იზრუნონ ამომრჩევლის გააქტიურებაზე. თუ ეს ვერ მოხერხდა, პრობლემა გაჩნდება არჩევნების შემდეგ, რადგან თუ საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა გამოცხადდა, ეს არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს.
გარდაბანში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა - პროვოკაციის მოსურნე ყოველთვის გამოჩნდება; მთავარია, ხელისუფლება ამას მომზადებული შეხვდეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, წინასწარ წაგებულ არჩევნებში რატომ მიიღო მონაწილეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ"?! არ გამოვრიცხავ, მომავალი არჩევნებისთვის გამიზნული არეულობის რეპეტიცია გაიარეს, თუმცა, განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მაინცდამაინც სარწმუნო არ მეჩვენება.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარდაბნის არჩევნები წინასწარ გამოაცხადა გაყალბებულად. უნდა ველოდოთ, რომ ამასვე გაიმეორებენ საპარლამენტო არჩევნების დროსაც?

- არ გამოვრიცხავ, მაგრამ რამდენიც უნდა ილაპარაკოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყალბებაზე, თუ ეს ნამდვილად არ მოხდა, ხელისუფლებას ზიანს ვერ მიაყენებს. სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობაც" და მთელი ოპოზიციაც, რომელთაც მშვენივრად იციან, რა შანსი აქვთ არჩევნებზე, სწორედ ამგვარ სცენარს გეგმავენ, მაგრამ თუ ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იქნება, რომ საარჩევნო პროცესი არ გაყალბებულა, რაც უნდა ილაპარაკონ, ვერაფერს მიაღწევენ - მათ ქუჩაში არავინ გაჰყვება...

- უშიშროების საბჭო ამჯერად, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, წინამორბედისგან განსხვავებით, პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. თქვენი აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დასრულდა? ასევე საინტერესოა, როგორ შეაფასებთ ახალი პრემიერის პირველ ნაბიჯებს?

- როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი იცვლება, ბუნებრივია, ყველა ელის, რომ რაღაც შეიცვლება. თავდაპირველად ელოდნენ საკადრო ცვლილებებს, მაგრამ ეს არ მოხდა - კვირიკაშვილი არ ჩქარობს მთავრობაში ვინმეს შეცვლას. მაგრამ მან გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დაიწყო უმრავლესობის გარეთ არსებულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობა - მხედველობაში მაქვს შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ასევე, შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, და, ბოლოს და ბოლოს, მივიდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან დასაწყისშივე განაცხადა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებას აპირებდა, რასაც ნელ-ნელა აკეთებს კიდეც. თავიდანვე შეცდომა იყო პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირება, რაც საზოგადოებას მხოლოდ საფრთხის განცდას უჩენდა. ამ მიმართულებით გადადგმული კვირიკაშვილის ნაბიჯები არის სწორი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, კიდევ არავის გაახსენდება, რომ პრეზიდენტი რეზიდენციაში არ უნდა იყოს და სადღაც უნდა გადაიყვან-გადმოიყვანონ. ამჯერად პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობაც დაესწრო.
პარლამენტში არმისვლით აქამდე მხოლოდ მთავრობა აგებდა. ბუნებრივად ჩნდებოდა საყვედური - ურთიერთობა ვერ მოუგვარებიათ და ქვეყანას როგორ მიხედავენო. იმედია, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.
მოკლედ, გაჩნდა იმედი, რომ კვირიკაშვილის პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხე მოიხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო - არჩევნების წინ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს - ვგულისხმობ ეკონომიკურს, განსაკუთრებით კი - ლართან დაკავშირებულს, ამ მიმართულებით კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობას ჯერ არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ ლაპარაკი დაიწყო ბიუჯეტის კორექტირებაზე. მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ყველა ექსპერტისგან მესმის, რომ ლარის გადარჩენისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეკონომიკაში სწრაფად არაფერი ხდება, ამიტომ დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს ახალი პრემიერი.

- მოგეხსენებათ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების ნება მისცა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

- მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ძალიან მინდა, მართლაც დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა ბევრია დამოკიდებული ჩვენზე - როგორც ხელისუფლებაზე, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ ამ დანაშაულებს. მიმაჩნია, რომ ობიექტურობისთვის ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კარგი გარემოა შექმნილი. დიდია შAანსი, რომ ყველაფერი ობიექტურად შეფასდეს. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, ძიების პროცესზე გავლენა მოახდინოს. ამ შემთხვევაში უპირველესად ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც ჩვენზე მეტად არის დაინტერესებული ამ გამოძიებით.
კრემლი აუცილებლად შეეცდება, 2008 წლის ომის გამოძიებას დაბრკოლებები შეუქმნას. მენიშნა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადება - საკმარისია, გორისკენ წახვიდეთ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად მოხდა ეთნიკური წმენდაო. ეს ბატონი მართალია და სწორედ ასეთ განწყობას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, ამ საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის სასურველი გარემოა შექმნილი-მეთქი. ეს განწყობა არ უნდა გავანიავოთ; ზუსტი და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ გამოძიებას. ჩემი აზრით, ეთნოწმენდის საერთაშორისოდ აღიარებაც დიდი მიღწევა იქნება, რის დამტკიცება, წესით, არ უნდა გაჭირდეს. ამის დასტურია ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საიდანაც არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა გამოაძევეს, არამედ მთელი სოფლები აღგავეს პირისაგან მიწისა...
დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც სწორედ საერთაშორისო სამართლის დახმარებით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ბოლო ხანს ხშირად ახსენებენ მილოშევიჩს და სვამენ კითხვას, მოუწევთ თუ არა რუსეთის იმჟამინდელ პირველ პირებს­ პასუხისმგებლობის გაზიარება. მეეჭვება, პუტინს და მედვედევს აგებინონ პასუხი, რადგან რუსეთი იუგოსლავია არ არის!

- გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ილაპარაკა...

- ლავროვმა ილაპარაკა ზუსტად ისე, როგორც რუსეთი ელაპარაკება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს.
კრემლის ნებისმიერი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოზე ლაპარაკობს, იწყებს ხოლმე იმით, როგორ უყვარს საქართველო და ქართველები, რასაც მოჰყვება მეორე ნაწილი - პოლიტიკური მუქარა ან შანტაჟი. ლავროვმაც ილაპარაკა ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რომ ყველაფერი სააკაშვილის ბრალია და ამის გამო ხალხი არ უნდა დაზარალდეს, გაამახვილა ყურადღება "გაზპრომთან" მოლაპარაკებაზე და ბოლოს, ნაცადი სტილით, ფაქტობრივად, პანკისში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მომზადება დაგვაბრალა... რუსეთი, წლებია, პანკისზე ლაპარაკობს, მაგრამ ახლა შინაარსი ოდნავ შეცვალეს. თუ მანამდე ამ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების მომზადებაში არწმუნებდნენ მსოფლიოს, ახლა "ისლამური სახელმწიფო" მოიშველიეს და ერთ მშვენიერ დღეს რუსებმა პანკისში პროვოკაცია რომ მოაწყონ, ამას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლად მონათლავენ. მტკიცება იმისა, რომ ლავროვის ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს და რუსეთს ახლა საქართველოსთვის არ სცალია, შეცდომაა, რადგან ეს ქვეყანა რაღაცებისთვის ყოველთვის იცლის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი არჩევნებისთვის ემზადება, ქვეყანაში კი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, ნავთობის ფასი ეცემა, რუბლი განადგურების პირასაა... ამ ვითარებაში კრემლს საკუთარი მოსახლეობის მოსატყუებლად სჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებები, ამიტომაც რუსეთისგან სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს არ ველოდები, მაგრამ არ გამოვრიცხავ მცირემასშტაბიან ავანტიურებს სწორედ პანკისის ხეობაში.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პანკისში არაფერი არ ხდება. ხეობაში ჩავიდა პრეზიდენტიც, რაც ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. უნდა გავაძლიეროთ დიპლომატიური არხებით მუშაობა და ამ პროპაგანდას კონტრპროპაგანდით დავუპირისპირდეთ. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს და ლავროვს განმარტებები მოსთხოვოს, თან - რაც შეიძლება, სწრაფად! ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინათ! ასეთი საკითხების თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება!

- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე მოძალადეთა შორის ქართველი სამხედროებიც არიან...
- უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოც. თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, ეს არ შეიძლება განზოგადდეს და მთელ ქართულ არმიაზე ვინმემ აუგი თქვას. კერძო შემთხვევები და გადაცდომა ყველგან ხდება, თუმცა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვისი დანაშაულიც დადასტურდება.

- ოპერისა და ბალეტის თეატრი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. მნახველები აღტაცებას ვერ მალავენ რეკონსტრუირებული შენობის სილამაზით, თუმცა, პატარ-პატარა სკანდალებს მაინც ვერ ავცდით...

- ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ სიხარულის საბაბი უნდა ყოფილიყო, თუმცა, საქართველოში ყველაფერს პოლიტიკური ელფერი ეძლევა. ამჯერადაც ასე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო ლოჟის გაუქმება გახდა მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტი თეატრის გახსნას არ დაესწრო, გამიჭირდება, ვამტკიცო, რომ ლოჟა მიზანმიმართულად გააუქმეს, ან პრეზიდენტი ნამდვილად ამან გაანაწყენა... ცუდია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ურთიერთობის მოგვარების პროცესში კიდევ რაღაც ხინჯი გაჩნდა, თუმცა, ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მარგველაშვილიც და დანარჩენებიც ამას დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ. რაც შეეხება იმას, რომ პირველი კონცერტი დახურული იყო და მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა დასწრება, არც ეს არის უბედურება. განაწყენებული ოპერის მოყვარულების სახელით მოლაპარაკე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომკალით და, ვერავინ დავინახე ოპერის მოყვარული. მეეჭვება, ეგენი საერთოდ დადიოდნენ ოპერის და ბალეტის თეატრის სპექტაკლებზე, მაგრამ ესეც პოლიტიკურ თემად აქციეს. ისე, მაინტერესებს, სააკაშვილის დროს ასეთ გადაწყვეტილებებს რატომ არ აპროტესტებდნენ?!

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით