"ნინო გვენეტაძეს "კორპორაცია მურუსიძე" მოერია" - კვირის პალიტრა

"ნინო გვენეტაძეს "კორპორაცია მურუსიძე" მოერია"

"თუ სამი ტელევიზიის: "იმედის", "მაესტროს" და GDS-ის სარეკლამო რესურსი გაერთიანდება, მაშინ, მათი ჯამური მაჩვენებელი უახლოვდება "რუსთავი 2"-ის რეიტინგს"

"სამივე მხარეს აქვს იმედი, რომ სასამართლო პროცესს მოიგებს, მაგრამ ისე არ ქნან, რომ გამარჯვებულს "მაესტროს" ნაცვლად ცარიელი ადგილი შერჩეს ხელში..."

"მართლაც ფეთქებადსაშიში ვითარებაა, როდესაც მოსამართლეები სამართლის კი არა, საკუთარი და კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ და მოქმედებენ"

ქართველი საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს, რომელიც, ფაქტობრივად, გახლეჩის პირასაა. მას შემდეგ, რაც გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") "მაესტროს" 55%-ის მფლობელი გახდა, გენერალური დირექტორი გადააყენა და მის ადგილას თავისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. საჯარო რეესტრი ამ ცვლილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაარეგისტრირებს, მანამდე მოვლენები ასე ვითარდებოდა: ექსგენდირექტორად გამოცხადებულმა ბაია გადაბაძემ უარი განაცხადა პოსტის დატოვებაზე და "მაესტროს" შენობაში ძმებ გაჩეჩილაძეებს შესვლა აუკრძალა, განაცხადა, რომ შენობა და აპარატურა კიდევ ერთი მეპატრონის, მაკა ასათიანის საკუთრებაა. თავის მხრივ, პრეტენზიები აქვთ ტელეკომპანიის თავდაპირველ დამფუძნებლებსაც, რომელთაგან ერთმა, ბაჩო კიკაბიძემ, "მაესტრო 24"-ის აღდგენა და ფუნქციონირება გადაწყვიტა, სადაც სამუშაოდ "მაესტროს" თანამშრომლები მიიწვია. უკვე ლაპარაკობენ, რომ ამ პროცესების უკან პოლიტიკური ინტერესები დგას.

გასულ კვირას პარლამენტს პრეზიდენტი სტუმრობდა და კანონმდებლების წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარდგა. წინა გამოსვლისგან განსხვავებით, მის გამოსვლას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ, შესაბამისად, ბევრმა სწორედ ამ დამთბარ ურთიერთობებს მიაწერა ის, რომ პრეზიდენტი წელს შარშანდელთან შედარებით ხელისუფლების მიმართ თითქოს ნაკლებად კრიტიკული იყო. ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- მე კი მგონია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ნაკლებად კრიტიკული სულაც არ ყოფილა. მარგველაშვილი მაქსიმალურად შეეცადა, უფრო მეტი მომავალსა და პერსპექტივებზე ელაპარაკა, თუმცა არ დარჩა თითქმის არც ერთი არსებული პრობლემა, რასაც არ გამოეხმაურა, დაწყებული სოციალურით და დასრულებული უსაფრთხოების საკითხებით. შეახსენა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, რა პრობლემები შეიქმნა საბანკო თუ სასამართლო სისტემაში, ილაპარაკა "მოსმენების შესახებ" კანონისა და ვეტოს თემაზე, არც დადებითი შეფასებების გაკეთება გასჭირვებია. საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და საარჩევნო სისტემის გადაუჭრელ პრობლემებზეც, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის დროულად გაუქმების აუცილებლობაზე. მისი პოზიცია აბსოლუტურად სწორია. მართლაც გაუგებარია,

თუ ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემა მხოლოდ პროპორციული უნდა იყოს, რა საჭიროა ამ გადაწყვეტილების შესრულებისთვის ოთხი წელი? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა, კიდევ ოთხი წელი პარლამენტში მაჟორიტარად იჯდეს?!

როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციის რეაქცია პრეზიდენტის გამოსვლაზე იყო ძალიან საინტერესო - აშკარად ორივე უკმაყოფილო დარჩა. ოპოზიცია ამბობდა, რომ მარგველაშვილი არ იყო საკმარისად კორექტული, ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ პრეზიდენტმა საკმარისად პოზიტიურად არ შეაფასა ხელისუფლების საქმიანობა. ეს კი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა და დასმული აქცენტები აბსოლუტურად სწორი იყო.

მან ამ გამოსვლით უთხრა როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას: ჩვენ არ ვართ მტრები, მაგრამ არც მეგობრები ვართო. ეს კი ნიშნავს, რომ მარგველაშვილის პოზიცია ზედმიწევნით ზუსტად განახორციელებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს, ანუ ის არის არბიტრი და არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ არა აქვს სიმპათია და არც ვინმეს მტრობს. ობივატელისთვის შეიძლება მისი საპარლამენტო გამოსვლა საკმარისად ემოციური არ იყო, ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, მიჩვეულია ფიცხ და უსაგნო ლაპარაკს.

- თქვენ კი ბრძანებთ, რომ პრეზიდენტი არბიტრი უნდა იყოს, მაგრამ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მარგველაშვილი სწორედ მათმა გუნდმა აქცია პრეზიდენტად, მაგრამ მან უღალატა გუნდს, რაც პარლამენტში ამჯერადაც გაისმა, როდესაც გოგი თოფაძემ მარგველაშვილი გააკრიტიკა...

- ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ეს პოზიცია ამხელს, რამდენად არასწორად ესმით ამ გაერთიანებაში პოლიტიკის არსი. ისინი პოლიტიკაში პიროვნულ ვალდებულებებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე სახელმწიფოებრივ ამოცანებს. რეალურად მარგველაშვილს კი არ გადაუხვევია იმ გზიდან, რაც ამ გუნდის მიერ იყო გაცხადებული, მისი კრიტიკული დამოკიდებულება განაპირობა იმანაც, რომ მეტ-ნაკლებად თავად "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია საერთო გზიდან, მან ვერ მოახერხა სისტემური რეფორმების გატარება, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" სჯობს, საკუთარ თავს უსაყვედუროს, ვიდრე მარგველაშვილს.

- რადგან თოფაძე ვახსენეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი სკანდალური ფრაზა, როდესაც მარგველაშვილის ერთი ძველი წერილი გაიხსენა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ტერმინი "დაუნი".

- თავშივე ვთქვათ, რომ ნებისმიერ მოსაზრებას კარგი მსმენელი თუ წამკითხველი სჭირდება, ეს შეეხება მარგველაშვილის წერილს, რომელიც ჩვენი საზოგადოების საწუხარზეა დაწერილი და არა მის განსაქიქებლად. რაც შეეხება თოფაძის ფრაზას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მან შეგნებულად მიაყენა შეურაცხყოფა ამ ფაქიზ თემას, ეს უფრო მის არაკომპეტენტურობას უნდა დავაბრალოთ. მან არ იცის რაღაცების მნიშვნელობა და რომ სცოდნოდა, დარწმუნებული ვარ, სხვანაირად იტყოდა. ასე რომ, მე არ ვაპირებ მის ძაგებას; მეტსაც ვიტყვი, არა ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც მისგან მოვისმინეთ, მარგველაშვილის საწინააღმდეგოდ იყო ნათქვამი. არა მგონია, მას პრეტენზია ჰქონდეს მარგველაშვილთან, ეს იყო უფრო ვიღაცის საამებლად წარმოთქმული სიტყვა. ყველამ მშვენივრად ვიცით, ვის საამებლადაც. მერე ხომ ისიც გავიგეთ, რომ თოფაძეს თურმე დაურეკა ივანიშვილმა და უსაყვედურა... ანუ ვერც აამა...

- ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, სასამართლო სისტემაა, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, შესაძლოა სასამართლო სისტემაში აფეთქდეს ბომბი, რომელიც სახელმწიფოს გადაიყოლებს...

- მიმაჩნია, რომ ამ საკითხზეც პრეზიდენტის პოზიცია სწორია და როდესაც ის საჯაროდ გამოთქვამს აზრს, მისასალმებელია. სასამართლო სისტემაში მართლაც გადაუჭრელია უმწვავესი პრობლემები. ამ ბოლო დროს ეს სისტემა ერთგვარ კორპორაციად მოგვევლინა. თვალი რომ გადავავლოთ მოსამართლეთა განცხადებებს კონფერენციებსა თუ სხვა ფორუმებზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათთვის მთავარია არა სამართალი, არამედ სწორედ კორპორაციული ინტერესი. ისინი ამაყობენ, რომ ყველანი თურმე მურუსიძეები არიან. საქმე ისე წავიდა, რომ ერთი მურუსიძის ნაცვლად მივიღეთ "კორპორაცია მურუსიძე". ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იქამდეც კი მივიდა, რომ თქვა, მურუსიძეა ჩემი მომავლის გარანტიო. მოკლედ, მართლაც ფეთქებადსაშიში ვითარებაა, როდესაც მოსამართლეები სამართლის კი არა, საკუთარი და კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ და მოქმედებენ. ისინი მურუსიძის გადარჩენაში საკუთარი თავის გადარჩენასა და მომავალს ხედავენ, მურუსიძეს კი არ იცავენ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მათი პოზიცია ასეთია: დღეს თუ მურუსიძე დათმეს, ხვალ თვითონაც მოუწევთ რაღაცაზე პასუხისგება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ კლანური და ფსევდოსოლიდარობის ინტერესი დააყენეს სამართალსა და კონსტიტუციაზე მაღლა, რაც ძალიან შემაშფოთებელია და სასწრაფო სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს. რა და როგორ უნდა შეიცვალოს, ამაზე გამიჭირდება ლაპარაკი, რადგან ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ. იმედია, ხელისუფლებაში არიან პირები, რომელთაც პრობლემის სიმძიმეც ესმით და მისი გადაჭრის გზებსაც ხედავენ.

- უკვე დაუფარავად ლაპარაკობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას...

- სამწუხაროდ, ასე ჩანს, ჩემი მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, აშკარაა, რომ ის, როგორც მენეჯერი, სუსტია, მან ვერ მოახერხა გარდატეხის შეტანა ამ პროცესში. გვენეტაძეს "კორპორაცია მურუსიძე" მოერია. მოსამართლეების ფსევდოსოლიდარობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მან ვერ მოახერხა ამასთან გამკლავება, ვერ შეცვალა სისტემაში ატმოსფერო.

- სულ უფრო და უფრო სკანდალურად ვითარდება ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებული პროცესები, რომელთა უკან ბევრი პოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავს...

- მაპატიეთ, მაგრამ ვერ დავიწყებ ამ შეთქმულების თეორიებზე კომენტარის კეთებას, ვერც დეტალებზე ვილაპარაკებ. ჩემი აზრით, ამ მოვლენებში გარკვეული კომერციული ლოგიკაა, თუმცა არის პოლიტიკური ელემენტიც. სრულიად ლოგიკურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვიღაცას სურდეს, მოხდეს გარკვეული გაერთიანება სატელევიზიო ფრთაზე, რათა სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიონ, იმავე "რუსთავი 2-ს", როგორც საზოგადოებრივი აზრის ერთგვარად ჩამომყალიბებელს, რა თქმა უნდა, თუ ვთანხმდებით, რომ სარეკლამო ბაზარი უნდა იყოს მედიის მთავარი დონორი. თუმცა, ვიმეორებ, იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს ირიბად პოლიტიკური კონტექსტი არა აქვს. ამ ვითარებაში ყველაზე მეტად მაწუხებს თავად ტელევიზიის, მისი ჟურნალისტებისა და შინაარსის ბედი. თუ მხარეები მართლაც ისე ფიქრობენ, როგორც ლაპარაკობენ, ანუ მათთვის მართლაც ძვირფასია "მაესტრო", მაშინ ამ დავას ტელევიზია არ უნდა გადააყოლონ. ეს დაპირისპირება უნდა გავიდეს ტელევიზიის სივრციდან და სასამართლოში გაირჩეს, მანამდე არ უნდა შეფერხდეს "მაესტროს" ფუნქციონირება. რომ ჰკითხო, სამივე მხარეს აქვს იმედი, რომ სასამართლო პროცესს მოიგებს, მაგრამ ისე არ ქნან, რომ გამარჯვებულს "მაესტროს" ნაცვლად ცარიელი ადგილი შერჩეს ხელში... ჩემი აზრით, უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ, უნდა შედგეს მათ შორის ერთგვარი მემორანდუმი...

- ფაქტობრივად, უკვე ორი ტელევიზია გაჩნდა, "მაესტროს" პარალელურად "მაესტრო 24"-მაც დაიწყო ფუნქციონირება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებაში ტელევიზიის დაშლის თავიდან აცილება?

- ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. არ შეიძლება ასე მოექცე ტელევიზიას, თუ ოდნავ მაინც შეგტკივა მასზე გული. ახლა ერთი მხარე იჩემებს, რომ მისია შენობა და აპარატურა, მეორე გაიძახის, რომ სიხშირეა მისი, მესამეს საერთოდ ლოგოზე აქვს პრეტენზია. ასეთ ვითარებაში ტელევიზიის დაშლა-დაქუცმაცება გარდაუვალია, თუ მხარეები სასამართლო პროცესების დასრულების გარეშე გააგრძელებენ ომს. "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესი "კავკასიური ცარცის წრის" სიუჟეტს დაემსგავსა, რომ ჰკითხოთ, ყველა მხარე ამტკიცებს, რომ "ბავშვი" ძალიან უყვარს, მაგრამ მზად არიან, გაგლიჯონ.

- კომერციული ინტერესი ახსენეთ.

- კომერციული ინტერესი, ჩემი აზრით, ძირითადად, ორიენტირებულია სარეკლამო ბაზარზე, ანუ თუ სამი ტელევიზიის: "იმედის", "მაესტროს" და GDS-ის სარეკლამო რესურსი გაერთიანდება, მაშინ, მათი ჯამური მაჩვენებელი უახლოვდება "რუსთავი 2"-ის რეიტინგს, რაც სარეკლამო ბაზარზე რეალური კონკურენციის შესაძლებლობას იძლევა... მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი: თუ "მაესტროს" დავალიანება მართლაც 54-მილიონია, რასაც გაჩეჩილაძე არ ადასტურებს, მაშინ ჩემ მიერ ნახსენები სქემით გარიგება აზრს კარგავს, ეს ვეღარაფრით იქნება კომერციულ მოგებაზე გათვლილი ინტერესები...

- ეროვნული ვალუტის გაუფასურება გასულ კვირასაც გაგრძელდა. საზოგადოება უკვე შიშით ელის ეროვნული ბანკის მიერ ყოველი ახალი კურსის გამოცხადებას. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

- ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის დევალვაციისა, საგარეო ფაქტორებია. ხომ ვხედავთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. გამოჩნდა, რომ სისტემურად ვყოფილვართ მიბმული რუსეთსა და აზერბაიჯანზე, უფრო სწორად, ნავთობის ფასზე, რომელიც კვლავ განაგრძობს ვარდნას და ცოტა ხანში, ალბათ, ბარელის ფასი კაპიკები იქნება და ამაზე ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ. იმავდროულად, არსებობს შიდა ფაქტორები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის გამოსწორებაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ანუ ნებისმიერი პროდუქციის შემოსატანად უცხოური ვალუტა გვჭირდება, ლარის კურსს კი რა ადგენს? - რა და, მოთხოვნა და მიწოდება, როდესაც იმპორტისა და ექსპორტის ბალანსი ასეა დარღვეული, როდესაც ყველაფერს დოლარზე ყიდულობ, შეიქმნება მისი დეფიციტი, აბა, რა იქნება? მოკლედ, ვიდრე არ ამუშავდება ქართული ეკონომიკა და ექსპორტ-იმპორტის სალდო არ დაბალანსდება, ლარს სულ ექნება პრობლემები. რა თქმა უნდა, არსებობს ინსტრუმენტები, რითაც შესაძლებელია მისი მეტ-ნაკლებად სტაბილიზაცია, აბა, სხვას რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როგორც კი გართულდა საგარეო ვითარება და ამ ფაქტორმა დაარტყა ლარს, მისი დევალვაციის გაჩერება უკვე შეუძლებელი შეიქნა. მართალია, ეროვნულ ბანკს მთელი წელი ადანაშაულებდნენ არასწორ პოლიტიკაში, მაგრამ კურსის ყოველი ცვალებადობისას თუ ინტერვენციები მოხდება, ამით მხოლოდ დროებით გაჩერდება პროცესი, საბოლოდ კი ისე შეიძლება მოხდეს, ლარსაც "დედა აღარ ჰყავდეს" და სავალუტო რეზერვებიც გავფლანგოთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საბიუჯეტო ორგანიზაციაში შევა და ძირფესვიანად დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის შესწავლას. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან, რადგან აქამდეც არაერთხელ გვსმენია, რომ აუდიტის სამსახურმა ამა თუ იმ ორგანიზაციაში ნახა დარღვევები და გადაუგზავნა მასალები პროკურატურას, მაგრამ, როგორც წესი, ეს საქმეები დიდწილად ბოლომდე არ მიდის...

- აუდიტის სამსახურის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საბიუჯეტო ხარჯვას გაუწიოს მონიტორინგი და აუდიტი. რაც ხშირად შევა და სისტემურად შეამოწმებს, მით უკეთესი, რადგან კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა შემცირდება. ხშირად გვესმის, რომ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ტენდერების გამოცხადება და ჩატარება, ალბათ, ამას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება. გეთანხმებით, რომ პრობლემა ნამდვილად არის აუდიტის სამსახურის მასალებზე შემდგომი გამოძიების წარმოება. საქმე ის არის, რომ პოლიტიკური ელემენტი ამ ყველაფერს ახლავს და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა არ საჯაროვდებოდეს ზოგიერთი პროცესი, რათა ვიღაცას პოლიტიკური ზიანი არ მიადგეს.

ნათია დოლიძე