"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ!.."
15-02-2016
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ!.."
"არ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა შეცვალოს მთავრობა"

"უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველო გახდება ნატოს წევრი"

"არსებობს ვარაუდი, რომ კეზერაშვილი ცდილობს "მაესტროს" ხელში ჩაგდებას"

ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო დაძაბულობა გრძელდება. მეწილეებს შორის გაჩაღებული დავა უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს და პოლიტიკური ინტერესების თაობაზე განცხადებებიც უფრო ხშირად ისმის, რაშიც მოდავე მხარეები ხშირად ერთმანეთს ადანაშაულებენ. თუ მანამდე გია ("უცნობი") გაჩეჩილაძის შეხვედრა "მეგობარ" პრემიერთან ოპონენტებმა ტელეკომპანიაში სახელისუფლებო ინტერესის გამოვლინებად მონათლეს, მას მერე, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა, თვითონ გაჩეჩილაძეებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ რეესტრი ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გარეშე ვერ მიიღებდა... პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელთა მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების
ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდა. მინისტერიალზე აშკარად გამოჩნდა, რომ ნატო ვარშავის მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას არ იჩქარებს. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ვფიქრობ, ჩვენში არავინ ელოდა, რომ მომავალ სამიტზე საქართველო მაპ-ს მიიღებდა, ამიტომ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს. ფაქტია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მოქმედებს და ჩვენ ეს დაბრკოლება უნდა დავძლიოთ. ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფაქტორი. აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, ბუნებრივია, ფიქრობენ, უღირთ კი საქართველო რუსეთთან ახალ კონფრონტაციად?! მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრების შემთხვევაში სწორედ ალიანსის საზრუნავი გახდება. მოგეხსენებათ, საკმარისია, ალიანსის წევრმა ერთმა ქვეყანამ გამოაცხადოს სამხედრო ოპერაციის დაწყება და ყველა წევრი ავტომატურად აღმოჩნდება ამ პროცესში ჩართული. მოკლედ, ვიდრე ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის განეიტრალებას არ შეძლებს, საქართველო, ალბათ, ნატოს წევრი ვერ გახდება, თუმცა, არა მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. პანაცეა არც მაპ-ია. შეიძლება მოგვანიჭონ კიდეც, მაგრამ გაწევრების პროცესი მაინც გაიწელოს. თანაც, დასავლეთში ხვდებიან, რომ თუ საქართველომ ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიიღო, მას აუცილებლად მოუწევს აშკარად გამოხატული პროდასავლური კურსის მეტად დაბალანსება, რაც სასიკვდილო იქნება აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის. ამიტომაც არა მგონია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ძალიან გაიწელოს. ჩემი აზრით, უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის აქტიურ პოზიციას. ეს გარე ფაქტორებია, მაგრამ ჩვენ შიგნითაც გვაქვს პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა უნდა ვცადოთ. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ დემოკრატიული რეფორმირების მიმართულებითაც. ამ თვალსაზრისით ბევრია გასაკეთებელი; მე ერთ საკითხს გამოვყოფდი - ეს არის სასამართლო სისტემა... ნახეთ, რა ხდება დღეს მესამე ხელისუფლებაში! 10 წლის განმავლობაში დანგრეული სასამართლო სისტემა როგორმე უნდა დადგეს ფეხზე.
გაოგნებული ვარ მოსამართლეთა კორპუსის ბოლოდროინდელი განცხადებებითა თუ ქცევით. მოსამართლეებმა მურუსიძე თავიანთ კრებით სახელად აქციეს.

ახლა ვფიქრობ, რომ ნაადრევი იყო კანონი მოსამართლეთა ე.წ. თვითდანიშვნის შესახებ. ჯერ უნდა შეცვლილიყო ეს მოსამართლეთა კორპუსი და მერე გატარებულიყო რეფორმა. მოკლედ, ნატოსკენ მიმავალ გზაზე კიდევ არაერთი ვალდებულების შესრულება გვმართებს, ამ საკითხებზე პერმანენტულად უნდა ვიმუშაოთ და როგორც კი გაჩნდება შესაძლებლობა ალიანსში გაწევრებისა, ამით ვისარგებლოთ.

- რაც შეეხება "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს - ზოგიერთი ამ პროცესების უკან პოლიტიკურ ინტერერესებს ხედავს...
- ძალიან მეეჭვება, ამ პროცესების უკან პოლიტიკური ინტერესები იდგეს. სხვა საკითხია, თუ მავანი, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა", ამ პროცესის პოლიტიზებულად წარმოჩენას და ამით ხეირის ნახვას ცდილობს. შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფსაც ჰქონდეს ამ ვითარების სათავისოდ გამოყენების სურვილი, მაგრამ მეეჭვება, პროცესი პოლიტიკური ინტერესით იმართებოდეს. "მაესტროს" ამბავი ბუნებრივად გვახსენებს რამდენიმე თვის წინ "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს,­ თუმცა, ვითარება ახლა უფრო მშვიდია - მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ლამის რევოლუციას წინასწარმეტყველებდა. ჩემთვის ეს აიხსნება სწორედ იმით, რომ "მაესტრო", "რუსთავი 2"-ის მსგავსად, რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ გამოხატავს. აქვთ თუ არა პოლიტიკური მიზნები იმ ადამიანებს, ვინც დღეს "მაესტროში" აუცილებელ ცვლილებებზე ლაპარაკობენ, არ ვიცი. არ არის გამორიცხული, მათ პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავაც აქტიურ მოთამაშეებად დაბრუნება სურდეთ...

- გაჩეჩილაძეებს გულისხმობთ?
- დიახ. ცხადია, რომ "მაესტროში" ყველაფერი რიგზე ვერ არის. როდესაც ფულს ხან მაკა ასათიანს ართმევ, ხან ირაკლი რუხაძეს სთხოვ, ხანაც ვიღაცას მოსკოვიდან ჩამოაქვს - ეს ნორმალური არ არის და ფინანსურ კრიზისზე მიანიშნებს, თუმცა, მე ვერ ვხედავ "მაესტროს" აშკარა პოლიტიკურ ტენდენციურობას. ეს ტელეკომპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციური იყო, არჩევნების შემდეგ კი ნამდვილად ობიექტურ არხად გადაიქცა, თუმცა, ამ წლების განმავლობაში მისი მენეჯმენტი ძალიან სუსტი იყო, შეიძლება ვთქვათ - დილეტანტურიც კი, რამაც არხი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე ვიცნობ ირაკლი რუხაძეს; მართალია,­ კარგა ხანია არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ, როგორც ვიცი, მას პოლიტიკური ინტერესები არ აქვს. ის აშშ-ის მოქალაქეა, სწორედ ამ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში აქვს ბიზნესწილები, ჰყავს ამერიკელი მეუღლე და საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს... არსებობს ვარაუდი, რომ კეზერაშვილი ცდილობს "მაესტროს" ხელში ჩაგდებას. ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფრისგან დივიდენდების მოპოვებას ცდილობს...

- შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა გია გაჩეჩილაძის ერთმა ფრაზამ, როდესაც ჟურნალისტების არაკომპეტენტურობაზე საუბრისას "რაიონიდან ჩამოსული" ახსენა... სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში სხვა არაფერზე წერდნენ...
- ძალიან მტკივნეულ საკითხს შეეხეთ... ზოგჯერ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს­ ფარავს მეათეხარისხოვანი თემები და ამის ანგაჟირებას ხან მედია ცდილობს, ხან საზოგადოება იქცევა გაუმართლებლად. გასაგებია, რომ გია გაჩეჩილაძის განცხადება არ იყო კორექტული, მაგრამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია არა "გრეჩიხას" შეფასებებზე, არამედ იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო მიმდინარეობს, ევროპასთან ურთიერთობაზე და ა.შ. თუმცა, ეს თემები ხშირად ვერ იქცევს საზოგადოების ყურადღებას. მაგალითად, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს, ან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას მიაქცია ვინმემ ყურადღება? ითქვა საინფორმაციო გამოშვებებში მე-10 ინფორმაციად და დამთავრდა... ამაზე მნიშვნელოვანი მავანს ციხისძირში სამი ხის გადარგვა ჰგონია...

ამის მიზეზებზე ხშირად მიფიქრია... ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვუსწრებთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონით, სამწუხაროდ, მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნად ვრჩებით, გვაკლია ბევრი ინსტიტუცია და ინსტრუმენტი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელი ატრიბუტია; მაგალითად, ჩვენ ხშირად არ ვიცით კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლებები და არც მათი დაცვა შეგვიძლია.

ბევრი ხარვეზია ჩვენი სამოქალაქო ინსტიტუტების საქმიანობაშიც. ჩემი აზრით, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით მეტისმეტად არასიმეტრიულად და სწრაფად განვავითარეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჩვენთან უფრო გავლენიანია, ვიდრე - დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. არ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა შეცვალოს მთავრობა, არადა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად სწორედ ამას ცდილობენ...

ჩვენი მოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად "ფეისბუკს" იყენებენ ან პირდაპირ ქუჩაში გარბიან. გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოება მეტისმეტად პოლიტიზებულია და ნებისმიერი ადამიანის მოქმედებაში ვეძებთ სწორედ პოლიტიკურ ქვეტექსტს. საკმარისია, ვიღაცამ რაღაც ლოზუნგი შემოგვაჩეჩოს, ან ვიღაც გალანძღოს და ჩვენც ბრმად მივყვებით, ვიწყებთ გაუთავებელ სჯა-ბაასს... მოკლედ, ერთჯერადი კამპანიების ქვეყანა ვართ, ამასობაში კი უმნიშვნელოვანესი ამბები გვერდზე გვრჩება...
ამის შეცვლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ელიტის საზრუნავი, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა.

მუდმივად საგანგაშო ვითარების შექმნასა და პროცესების დრამატიზებაში ლომის წილი მიუძღვის წინა ხელისუფლებას; სწორედ მან დაამკვიდრა ცხოვრების წესად სკანდალები და ქაოსი. დღეს ხელისუფლება ცდილობს პროცესების მშვიდად წარმართვას, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოცირების დიდი გამოცდილება აქვს და მაინც ახერხებს ვითარების დაძაბვას. ამას ციხისძირის ამბებიც ადასტურებს. მოვუწოდებ მას, ვისაც ეხება - ალაგმეთ "ნაციონალი" პროვოკატორები! გასაგებია, რომ მთავრობა ბევრ რამეში სცოდავს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ მთავრობის უუნარობაზე საუბარი შედეგამდე არ მიგვიყვანს. ესენი ხომ ჩასაფრებულები არიან, რომ მთავრობასაც და ქვეყანასაც ფეხი დაუდონ და ხრამში გადაჩეხონ, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად...

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია. ალბათ, ის იქნება პრეზიდენტობის კანდიდატიც... მაგრამ მას არც პარლამენტსა და არც მთავრობაში არ იცნობენ...

- მას არც ექსპერტები იცნობენ. მისი გვარ-სახელი აქამდე არც მე მსმენია, ამიტომ გამიჭირდება რამის თქმა. მისი საქმიანი ბიოგრაფია შთამბეჭდავია, დიდი გამოცდილების კაცი ჩანს, მაგრამ მაშფოთებს ის, რომ კობა გვენეტაძეს, ძირითადად, უმუშავია ანალიტიკოსად და კონსულტანტად და მენეჯერის გამოცდილება, ფაქტობრივად, არ აქვს, ეს კი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის. ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს, უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, გადაწყვეტილების სწრაფად და ერთპიროვნულად მიღების უნარი. ჩემი აზრით, დამაფიქრებელია, რომ ასეთ კარგ ფინანსისტს აქამდე აქ არავინ იცნობდა.

სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. იმედი მაქვს, მარგველაშვილი არ გაიმეორებს შეცდომას, რომელიც ნინო გვენეტაძის შერჩევისას დაუშვა. აშკარაა, რომ ქალბატონმა ნინომ ჯერჯერობით კარგი მენეჯერობა ვერ შეძლო. აქაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშეს ნეგატიური როლი. გვახსოვს, ვინ ლობირებდა ნინო გვენეტაძეს და როგორ გაიტანეს მისი კანდიდატურა, ახლა კი გამოდიან და აქეთ გვმოძღვრავენ... როგორც ვიცი, კობა გვენეტაძის კანდიდატურაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან იყო შეთანხმებული... ჩვენს პრეზიდენტს ძალიან მოსწონს არასამთავრობო სექტორი და მათ აზრს ყოველთვის ითვალისწინებს, არადა, მას ჰყავს მრჩევლები და ჯობს, მათ დაუგდოს ყური...

- არსებობს ეჭვი, რომ პარლამენტი შერჩეულ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და პროცესი შემოდგომამდე გადაიდება, მანამდე კი ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს...

- ეს იქნება დიდი შეცდომა და უკვე აღარ ვიცი, რა ეშველება ასეთ ვითარებაში ჩვენს ლარს. თუ კობა გვენეტაძეს არ დაამტკიცებენ, მაშინ სასწრაფოდ უნდა შეირჩეს და დამტკიცდეს სხვა კანდიდატურა. არ შეიძლება ეროვნული ბანკის უპრეზიდენტოდ დატოვება, ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი მონაპოვრის - ლარის დასამარება... დღეს ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტისა.

- გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება შეფერხდეს ენგურჰესიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან წყალსაცავში წყლის დონემ იკლო...

- ვფიქრობ, ამაზე აქამდეც უნდა ეფიქრათ და შესაბამისი ზომებიც მიეღოთ. ენერგოსექტორს მიხედვა და მართვა სჭირდება. ისე, ვიდრე ხუდონჰესი არ აშენდება, ენგურჰესი ვერ იქნება ეკონომიკურად რენტაბელური და ზამთრობით ასე დაგვეცლება ხოლმე. ეს პრობლემა ადრეც შექმნილა... ალბათ, ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს აფხაზეთს. ტექნიკურად ეს შესაძლებელია.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით