"არავის ვაშინებ, მაგრამ ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს!" - კვირის პალიტრა

"არავის ვაშინებ, მაგრამ ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს!"

"კარგი იქნება, თუ კვირიკაშვილის ნათქვამს გაიგებენ ისინი, ვის გასაგონადაც ითქვა!"

"გავიგე, უკან დაუბრუნებია იმ პროკურორს ფული. არადა, რომ არ გახმაურებულიყო, ხომ შერჩებოდათ ხახვივით?!"

მმართველ კოალიციაში დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი მიზეზები არ ილევა. ამჯერად ასპარეზზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე და რესპუბლიკური პარტიაა, რომლებიც ურთიერთბრალდებებისას უკვე ეთიკის საზღვრებსაც გადადიან. ჯერ იყო და, თოფაძემ თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც დავით ბერძენიშვილმა უპასუხა და თოფაძის განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა. მისი შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს, თუმცა ამ კამპანიის დირიჟორი ვინ არის, არ დაუსახელებია.

არსებობს ვარაუდი, რომ მიმდინარე პროცესები წინასაარჩევნო კოალიციური "დუღილით" არის განპირობებული და ყველა თავისებურად ცდილობს მომავალ საარჩევნო სიაში ადგილისა და გავლენის მოპოვებას. ექსპერტთა ნაწილის აზრით, შექმნილი არეულობის დალაგება მხოლოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ხელეწიფება, თუმცა ამას ჯერ არ ჩქარობს. სწორედ ამ დაპირისპირებების თაობაზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ:

- ჩემი აზრით, გოგი თოფაძის განცხადებები გარკვეულწილად დემონსტრირება იყო იმ აგრესიული განწყობებისა, რაც რესპუბლიკელების მიმართ ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილშია. მართალია, მისი ამგვარი პოზიცია ნაწილობრივ განპირობებული იყო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, მეგონა, თოფაძე პარლამენტიდან უკვე წასული იყოო, რამაც, როგორც ჩანს, გვარიანად გააღიზიანა ბატონი გოგი...

კოალიციაში თუ მის გარეთ ვინმეს თუ არ მოსწონს მისი დღევანდელი შემადგენლობა, მოუწევს ამასთან შეგუება, რადგან კოალიცია აუცილებლად შენარჩუნდება არჩევნებამდეც და მის მერეც. შეიძლება ზოგიერთი პერსონა წავიდეს ან რომელიმე სუბიექტი გავიდეს ამ ერთობიდან, მაგრამ მისი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და იქ აუცილებლად იქნებიან რესპუბლიკელები, ვინც ეს კოალიცია შექმნა, მისი პოზიცია ამ საკითხზე ცხადია - კოალიცია უნდა იყოს სწორედ ამგვარი შემადგენლობის. შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, ის თავის დროზე ისე დალაგდა, რომ აბალანსებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორებს. ამ ბალანსში რესპუბლიკელებს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, რაც კარგად იციან რესპუბლიკურ პარტიაში და ასევე კარგად იციან კოალიციის ხელმძღვანელებმაც. აქედან გამომდინარე, რყევებს ამ მიმართულებით არ ველოდები, რაც უნდა ილაპარაკოს თოფაძემ.

- საგარეო პოლიტიკის ვექტორები ახსენეთ და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სულაც არ არის გამორიცხული, კოალიციაში გავლენის მოპოვებას თითოეული სუბიექტი სწორედ ქვეყნის საერთაშორისო ორიენტაციის გაძლიერების ან შეცვლის გამო ცდილობდეს...

- რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ კოალიციის შემადგენლობა ჯერჯერობით არსებული ბალანსის დარღვევის საშუალებას არ იძლევა. რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პარტიაა ქვეყანაში, სტრუქტურული თვალსაზრისითაც ერთ-ერთია პოლიტიკურ ძალთა შორის, რომელსაც შეიძლება პარტია ეწოდოს. ეს გამოცდილება მას ძალიან ბევრ რამეში ადგება. მისმა წევრებმა მშვენივრად იციან, როგორ უნდა ივაჭრონ, რათა ჰქონდეთ უკეთესი პოზიცია პოლიტიკურ სივრცეში და გაზარდონ თავიანთი გავლენა. 2011 წელს, მიუხედავად გამოცდილებისა, ეს პარტია არ იყო რიცხობრივად დიდი, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მათი რიგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო წლებში რესპუბლიკელებმა ძალიან კარგად იმუშავეს პარტიის სტრუქტურის გასაძლიერებლად. შექმნილი ვითარება პარტიამ სათავისოდ პოლიტიკურად სწორად გამოიყენა, რაც ასევე არ მოსწონს ზოგიერთს კოალიციაში.

- ყველა ელის, რომ ვითარების დასალაგებლად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის აშკარად არ ჩქარობს...

- ჩინოვნიკების, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების ერთმა ნაწილმა და პარტიულმა ფუნქციონერებმაც სამუშაო წესად დანერგეს, რომ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ჰკითხონ აზრი ან მის გადაწყვეტილებას დაელოდონ. არადა, ივანიშვილი მათგან მოითხოვს დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს...

საბოლოოდ, ეს ყველაფერი განაპირობებს იმ არაორგანიზებულობას, რაც პარტია "ქართულ ოცნებაში" თუ კოალიციაში არეულობას ქმნის. იმედია, პარტიასა თუ კოალიციაში ახალი პრემიერის მოსვლით ვითარება უკეთესობისკენ არსებითად შეიცვლება, მაგრამ ერთიცაა - ისევე როგორც კალაძეს, კვირიკაშვილსაც პირდაპირი მოვალეობები თავზე საყრელად აქვს, მოიცლიან კი ისინი პარტიული სამუშაოსთვის?! მეორე საკითხია ის, რომ, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ დაშვებულ იქნა დიდი შეცდომები,

პარტიაში და კოალიციაშიც რიგ შემთხვევაში დაწინაურდნენ პირები, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" 2012 წლის 2 ოქტომბერს მივიდნენ, მათგან ბევრია პორტირებული, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდან"...

ამ ხალხის დიდი ნაწილი მედროვეა, მათთვის სულერთია, როდის რომელ ორთქლმავალს აეკიდებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც სპეციალურად არიან "ქართულ ოცნებაში" შეგზავნილი, განსაკუთრებით, რეგიონებში. ამ სიტუაციის დალაგებასა და ავგიას თავლების გაწმენდას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას არ ჩქარობს, ასეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდება. ჯერ აძლევს საშუალებას ადამიანებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, საჭირო მომენტში კი აუცილებლად ჩაერთვება...

- პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ, როდესაც აშკარად თინა ხიდაშელის მხარე დაიჭირა და თანაგუნდელებს მოუწოდა, ამგვარი საკითხები კოალიციაში გაარჩიონ, ვითარება ვერ განმუხტა, "მრეწველების" კიდევ არაერთი მწვავე განცხადება მოვისმინეთ...

- კვირიკაშვილის განცხადება აბსოლუტურად სწორი იყო - არ ღირს იმ დაპირისპირებების გამოტანა გარეთ, რაც კოალიციასა თუ მთავრობაში შეიძლება წარმოიშვას. მით უფრო ამ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ეს მხოლოდ აზარალებს მმართველ ძალას. კარგი იქნება, თუ კვირიკაშვილის ნათქვამს გაიგებენ ისინი, ვის გასაგონადაც ითქვა!

- "მრეწველებისა" და რესპუბლიკელების დაპირისპირების პარალელურად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა სანდრო ბრეგაძემ, რომელმაც განაცხადა, მაიძულეს, განცხადება დამეწერაო და ამაში თინა ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტია დაადანაშაულა.

- სანდრო ბრეგაძე კოალიციაში წარმოადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერებს. მან სერიოზული მუშაობა გასწია 2012 წლის არჩევნებისას. მას აქვს გარკვეული პოზიცია, რაც ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი იყო, თუმცა არა მგონია, არ შეიძლებოდა მასთან დალაპარაკება და ვითარების კოალიციაშივე გარკვევა. სანდრო ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრის მოთხოვნით გადააყენეს. ამის თაობაზე არაფერი ვიცი და შესაბამისად, კომენტირებაც გამიჭირდება.

- პრობლემა მხოლოდ კოალიციას არა აქვს. პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებებმა პარტიაში არსებული დაძაბულობაც გაამჟღავნა... მან გიორგი კვირიკაშვილს პარტიის "ბებერი ნიანგებისგან" დროულად გათავისუფლება ურჩია.

- არ ვიცი, ვინ იგულისხმა ახვლედიანმა "ბებერ ნიანგებში", მაგრამ მე ყური მისმა სხვა ფრაზამ მომჭრა. მისგან საბჭოთა მენტალიტეტის ხსენება, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. საბჭოურ მენტალიტეტზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც "მოქალაქეთა კავშირში" იყო, სადაც ეს მენტალიტეტი პირდაპირ მეფობდა და მაშინ ხმა არ ამოუღია. ვიმეორებ, სჯობს ამგვარი საკითხები პარტიაშივე გაირჩეს და მოგვარდეს. ეტყობა, რაღაც სხვა მოხდა, რამაც განაპირობა მისი ეს პოზიცია. სხვათა შორის, სრულიად განსხვავდება ელისო ჩაფიძის შემთხვევა, როდესაც მან განაცხადა, რომ ვერ მოაგვარა ტყიბულელ მეშახტეთა პრობლემები კოალიციაში და იძულებული შეიქნა ღია წერილით მიემართა პრემიერისთვის. ეს სულ სხვა შემთხვევაა, მან სცადა კოალიციაში საკითხის გარკვევა, არ გამოუვიდა და სააშკარაოზე გამოიტანა. აქ მე პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ვხედავ.

წეღან ვახსენე პორტირებულები და ორიოდე სიტყვა ამაზე კიდევ უნდა ვთქვა.ამ ხალხმა უდიდესი პრობლემები შექმნა რეგიონებში. რაც მეტად უსუსურია ამა თუ იმ რეგიონის ხელმძღვანელობა, მით მეტად მძიმე ვითარებაა სოციალური თუ კრიმინალური თვალსაზრისით. ამის კლასიკური მაგალითია გორი - შიდა ქართლის გული, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება, ფაქტობრივად, მოშლილია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოახდინეს კოალიციაში პორტირებულმა პირებმა მინირეგიონული გადატრიალება. ასეა კიდევ ბევრ რაიონში. ავიღოთ ნინოწმინდის რაიონი, იქ ერთი კონკრეტული დეპუტატია, რომელიც რაიონის მამაც არის, დედაც და ღმერთიც... არანაკლებ მძიმე ვითარებაა გარდაბანში, სადაც ახალი გამგებელი აირჩიეს და იმედია, შეძლებს ვითარების გამოსწორებას. "ნაციონალური მოძრაობა" უკვე აანონსებს, არჩევნები გაყალბდებაო. არ გამოვრიცხავ, რეგიონებში ამას საფუძველი უკვე ეყრებოდეს, რადგან საოლქო კომისიების წევრები, რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელებიც, იგივე ხალხია, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ყურმოჭრილი მონები იყვნენ და მათ ყველა დავალებას ასრულებდნენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და ეს საკითხები სასწრაფოდ მისახედია.

- ენგურჰესის წყალსაცავში წყლის ნაკლებობის გამო აფხაზეთის უშუქოდ დარჩენის საფრთხე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, მას ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება.

- ქვეყნის ენერგეტიკაც საგარეო ვექტორების თემაა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ენერგეტიკული სურათი ისე დაალაგოს, რომ არ დააზიანოს ძალიან ბევრი სუბიექტის ინტერესი, რაც ძალიან ძნელია. მოგეხსენებათ, ენერგეტიკული სიმძლავრეების 72% წინა ხელისუფლების დროს სწორედ რუსეთზე გაიყიდა, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, თუმცა ამ პრობლემებს ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს. თუნდაც ის, რომ გაზის მომხმარებელი აბონენტების რიცხვი 150 000-ით გაიზარდა, გაჩნდა ახალი საწარმოები, რომლებიც დამატებითი ოდენობის ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას ითხოვენ. დაგეგმილია დიდი მშენებლობები, რაც ასევე ენერგეტიკულ სიმძლავრეებს ითხოვს. საქართველოს რესურსები კი ამოუწურავი არ არის, რადგან აქამდე არავის უზრუნია სისტემის განახლებასა და განვითარებაზე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ უამრავი ჰესი, რომლებიც კერძო პირებს მიჰყიდეს, ან მოძველებულია და ვერ მუშაობს იმ სიმძლავრეზე, რაზეც არის გათვლილი, ან გაჩერებულია. მოკლედ, ეს თავიდან დასალაგებელი სისტემაა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს... გარდა ამისა, ამ პროცესის წარმართვა საგარეო ვექტორების გათვალისწინების გარეშე არ გამოდის. ამიტომაც არის, რომ კახა კალაძე ხან რუსებს ხვდება, ხან ირანში მიდის, ხან კიდევ აზერბაიჯანში...

საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფრით მოახერხა აეხსნა საზოგადოებისთვის, რა მდგომარეობაშია ჩვენი ენერგოსივრცე, რაც ოპოზიციამ კარგად გამოიყენა და პოლიტიკანობის თემად აქცია. მთავარი პრობლემა ისევ ხელისუფლების არასწორად დაგეგმილი პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობაა. თუნდაც აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები ავიღოთ - რა უნდოდა ნორმალურად იმის ახსნას, თუ რამ წარმოშვა პრობლემა და როგორ აპირებს სახელმწიფო მის გადაჭრას. აფხაზები აქამდეც უფასოდ იღებდნენ ჩვენგან ელექტროენერგიას. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია როგორც გადასახადების ამოღებაში, ასევე მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, საიდანაც უამრავი სიმძლავრე იკარგება. მართლაც პარადოქსულ მდგომარეობაში ვართ, ხელისუფლება ვერ შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იძულებულია მის ელექტრომომარაგებაზე იზრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ამით ოკუპანტის სამხედრო ბაზებიც სარგებლობენ.

რას ვიზამთ, პოლიტიკას ახლავს ასეთი პარადოქსები.

- სკანდალად იქცა მერიის მიერ პროკურორ გერგედავას ქალიშვილის, როგორც სოციალურად დაუცველის, პარიზული ცხოვრების დაფინანსება...

- გავიგე, უკან დაუბრუნებია იმ პროკურორს ფული. არადა, რომ არ გახმაურებულიყო, ხომ შერჩებოდათ ხახვივით?! ითქვა, რომ ერთი წვრილი ჩინოსანი გაუშვეს თანამდებობიდან ნარმანიას შეცდომაში შეყვანის გამო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. კარგად უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა, ვინ იცრუა... მიმაჩნია, რომ ამგვარ სკანდალში გახვეულმა პროკურორმაც უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. წინა ხელისუფლების ამბებს იხსენებენ და ამბობენ, მაშინ უარესი ხდებოდაო. უნდა ჩაბარდეს წარსულზე ლაპარაკი ისტორიას. რომ ხდებოდა, ეს ახლანდელ ამბავს ვერ გაამართლებს. სახელმწიფოს სიძლიერე იმაში ჩანს, როდესაც ამგვარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება ხდება.

- ჩვენ გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია...

- დიახ. დღეს ყველაზე მეტად მაშფოთებს ჩვენს მეზობლად არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ასპარეზი, რომელიც ლოკალური ვერ იქნება ამ სივრცეში. მისი იმპორტირების სერიოზული საფრთხე არსებობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაღესტანში ორი ტერაქტი მოხდა, ორივე კავკასიის ვილაიეთის მებრძოლებმა მოაწყვეს. ეს ხალხი კარგა ხანს არ აქტიურობდა, თუმცა ახლა გამოჩნდნენ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად კავკასიაში ვითარება შეიცვლება. საფრთხის წინაშე დგანან მრავალმხრივი კონფლიქტის მიმდებარე რეგიონები: ჩრდილოეთი აფრიკა, კავკასია, ევროპის ნაწილი. ამას მხოლოდ მოვლენების განვითარების ლოგიკა არ გვეუბნება, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც. არავის ვაშინებ, მაგრამ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ფხიზლად უნდა იყვნენ.

ნათია დოლიძე