"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ!"
29-02-2016
"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ!"
"დანაშაულის ზრდა, ნაწილობრივ, შეიძლება ავხსნათ სასჯელაღსრულების სისტემის ლიბერალიზაციითაც"

"მათი ინტერესები იმხელაა, რომ შესაძლოა უკრაინაში სააკაშვილის ლიკვიდაციაზე რეალურად იფიქრონ"

"ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარიც ვეღარ მოხვდება მომავალ საარჩევნო სიაში"


ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ, რომელიც დღისით, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე მოხდა, ჩვენში ბევრს გაახსენა გასული საუკუნის შავბნელი 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა მეფობდა და კრიმინალური ვითარება უკიდურესად მძიმე იყო. კრიმინალის იმჟამინდელ მასშტაბთან დღევანდელი სიტუაციის შედარება,
საბედნიეროდ, არაადეკვატური იქნება, თუმცა მიუხედავად სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი საიმედო სტატისტიკისა, ფაქტია, რომ გარდა შემზარავი დანაშაულებისა, გახშირდა ყოფითი ხასიათის დანაშაულიც. ძნელია ედავო სახელმწიფოს, რომელიც არგუმენტად სტატისტიკას იშველიებს, მაგრამ საზოგადოებაში გაჩენილ განცდას, რომ კრიმინოგენული ვითარება სულ უფრო რთულდება, სტატისტიკა ვერაფერს შველის. იმ ვითარებაში, როდესაც დამნაშავე ბედავს დღისით,
მზისით, ჩაუსაფრდეს ცნობილ პოლიტიკოსს და სასტიკად გაუსწორდეს, როგორ იგრძნობს დაცულად თავს რიგითი მოქალაქე? - სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან:

- მეტად ცუდი რამ მოხდა, ეს თავდასხმა, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ. ჩემი შეფასებით, თავდასხმას ალექსი პეტრიაშვილზე აშკარად შეკვეთილი დანაშაულის ნიშნები აქვს, როდესაც ვიღაცის მითითებით სწორედ ის იყო სამიზნე.
ეს ფაქტი შეურაცხყოფს სახელმწიფოს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ - შემსრულებელი ან რა იყო თავდასხმის მოტივი... არაფრით არ შეიძლება ეს შერჩეს ან ჩამფიქრებელს, ან კიდევ შემსრულებელს. იმედია, საქმეს დროულად გამოიძიებენ, ოღონდ ისე, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც.

თუ, ბოლოს და ბოლოს, მკაცრად არ დაისაჯა შემკვეთი, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენში განგსტერები კიდევ უფრო მომრავლდნენ. მიხარია, რომ ბატონი ალექსი გადარჩა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს საკუთარი შვილის საფლავზე სისასტიკით აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, შემსრულებელი კი გამოვლინდა და დაისაჯა, მაგრამ სამართალდამცავი სტრუქტურები შემკვეთზე აღარ ლაპარაკობენ.

იგივე მოხდა ბესიკ ხარძიანის შემთხვევაშიც, როდესაც პროკურატურა მხოლოდ იმიტომ შეგვიძლია შევაქოთ, რომ პროფესიონალურად იმუშავა და გამოავლინა მკვლელობის შემსრულებლები, თუმცა დამკვეთზე არაფერი ვიცით და ვერსიები მხოლოდ ჭორად ვრცელდება. ეს როგორმე უნდა დასრულდეს ქვეყანაში, თორემ უარესი მოხდება.
დანაშაულის ზრდა, ნაწილობრივ შეიძლება ავხსნათ სასჯელაღსრულების სისტემის ლიბერალიზაციითაც. როდესაც ვცდილობთ, გადავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე და დემოკრატიული პროცესი შეეხოს ყველა სფეროს, მათ შორის, ამასაც, ეს მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს სიმკაცრის შესუსტებას იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებიც კანონის ფარგლებში მკაცრი რეჟიმის პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს. ისიც უნდა ითქვას, რომ ზედმეტად ზრდილობიანი გახდა ჩვენი პოლიცია, ხშირად ქუჩაში მიმდინარე პროცესებისა თუ წვრილმანი დანაშაულისადმი მათი დამოკიდებულება გულგრილია.

ელემენტარულ რამეს გავიხსენებ: როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოების წესის დარღვევით მიწისქვეშა გადასასვლელების თავზეც კი ქუჩას წითელ შუქზე ჭრიან
და მანქანების ზღვას მიარღვევენ, პატრული შესაძლოა იქვე იყოს და ამას მშვიდად ადევნებდეს თვალს ისე, რომ არანაირი ზომა არ მიიღოს... ამ პატარა მაგალითითაც ჩანს, რომ სამართალდამცავთა მოქმედება არ არის ადეკვატური და ოპერატიული. ამის განზოგადება უფრო სერიოზულ სამართადარღვევებზეც შეგვიძლია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე უკეთესი ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც დამნაშავედ სახელმწიფო სისტემა იყო ქცეული და ნებისმიერი, სამართალდარღვევის შემთხვევაში თვითონ მოქმედებდა სადისტური მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სიფხიზლეც, თუ რაიმე მიუღებელს წავაწყდებით, უმრავლესობა თვალს ვარიდებთ ამას და გვგონია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. როცა შეგვეხება, უკვე გვიანი იქნება.

- არსებობს მოსაზრება, რომ მოიკოჭლებს­ სამართალდამცავთა პროფესიონალიზმი და ოპერატიული მუშაობა...
- დარწმუნებული ვარ, პოლიციის, პროკურატურის თუ უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი შემადგენლობა ძალიან ცდილობს უკეთესი შედეგის მიღწევას, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებები ამას ხშირად ხელს არ უწყობს. თუ სამართალდამცავთა რიგები კვლავაც არაპროფესიონალებით შეივსება, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან გარდა მომხდარ დანაშაულზე რეაგირებისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის პრევენციას, რასაც სწორედ პროფესიონალთა მუშაობა სჭირდება.
არ იქნება ურიგო, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან შესაბამისი სამსახურების კონსულტირებისთვის მოვიწვიოთ პროფესიონალი კადრები, რომელთა დახმარებითაც მოხერხდება როგორც პრევენციული ზომების მიღება, ისე დანაშაულის აღკვეთა.

- ბატონო სოსო, ზოგიერთი მაღალ­ჩი­ნოსნის არათანამიმდევრულობასა და გაუთვლელ გადაწყვეტილებებს შეიძლება მივაწეროთ ის, რაც თუნდაც მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვის თემასთან დაკავშირებით მოხდა? გასული წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისე მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, ისევე, როგორც საგზაო წესების გამკაცრება. დღეს კი აცხადებენ, რომ ამ თემებს თურმე სამართლებრივი გზის გავლა სჭირდება და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობა. ამასობაში უამრავმა ადამიანმა იზარალა.

- სამწუხაროა, რომ როგორც არაერთი სხვა პროგრესული ინიციატივა, ესეც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეწირა. რას ვიზამთ, ჩვენი პოლიტიკოსების ერთადერთი "რელიგია" არჩევნებია, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძალიან პრიმიტიული განცხადებები მოვისმინეთ ამ მანქანების შემოყვანის თაობაზე. მათთვის უსაფრთხოების საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთის მიერ დათვლილი ის საარჩევნო ხმები, რომელთYაც "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში დაკარგავდა. კარგი იქნებოდა, თავის დროზე ეფიქრათ ამაზე და რიგითი მოქალაქეებისთვის მაინც არ შეექმნათ პრობლემები.
ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვისას ოპტიმისტურად განვეწყობით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ უკვე მიღებული კანონი ერთი ან მეტი წლის შემდეგ შედის ძალაში, ეს შეეხება მაჟორიტარული სისტემით არჩევნებსაც, რომლის გაუქმებაც მხოლოდ იმიტომ გააჭიანურეს, რომ ზოგიერთისთვის პარლამენტში კიდევ მოხვედრა იდეფიქსია.

ჩვენში კვლავაც ფესვგადგმულია აზრი, რომ ზეწოლისგან მხოლოდ პარლამენტარების კერძო ბიზნესია დაცული. ამის მაგალითი იყო ის, როდესაც ერთ ღამეში ათმა თუ თორმეტმა "ფეოდალმა" "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" ისკუპა.

- როგორ აფასებთ კოალიციაში მიმდინარე პროცესებს, სადაც დაპირისპირებებმა უკვე საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. გოგი თოფაძისა და რესპუბლიკური პარტიის კონფლიქტმა ბევრს აფიქრებინა, რომ მმართველი ძალა შეიძლება დაიშალოს. ვრცე­ლ­დებოდა ინფორმაცია­, რომ 27 თებერვალს კოალიციის პოლიტსაბჭო იმსჯელებდა ამ დაპირისპირებებზე, თუმცა შეკრება მიმდინარე კვირისთვის გადაიდო...
- როდესაც პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს, ხშირად გაართოს საზოგადოება და გაახაროს ოპოზიცია იმ სეირებით, რასაც ბოლო ხანს ვადევნებთ თვალს, ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ მაინც მგონია, რომ გონიერება სძლევს ემოციებს და ყველა თავის შეცდომას დაუკვირდება. ამ ეტაპზე კოალიციის დაშლას არ ველი, თუმცა დაპირისპირებები შეიძლება გამძაფრდეს. კარგი იქნება, თუ კოალიციაში დაფიქრდებიან ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ოლივერ გოლდსმიტის ნათქვამზე, რომ "კამათში გამარჯვების საუკეთესო გზაა კამათისთვის თავის არიდება". როდესაც ერთმანეთს სიტყვას არ არჩენენ და გაუთავებლად ესხმიან თავს, ეს უპირველესად მათვე ვნებთ. დაპირისპირებები შეიძლება იყოს, მაგრამ არა სატელევიზიო სივრცეში, არამედ კაბინეტებში, ეს იქნება საუკეთესო არა მხოლოდ ამ კამათის მონაწილეებისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა მისი დაპირების მიუხედავად, რომ საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთვებოდა, თითქოს ამას არ ჩქარობს...
- ვერ დაგეთანხმებით. ბატონი ბიძინა სიტყვის კაცია და ჩემი აზრით, უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებშიც. ამ დასკვნას მე ვაკეთებ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის ანალიზიდან. ეს ხალხი აქამდე თუ ფიქრობდა, რომ საპარლამენტო სავარძლის შესანარჩუნებლად საკმარისი იყო უკმეხი განცხადებების პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ კეთება, ეს ახლა, როგორც ჩანს, საკმარისად აღარ მიაჩნიათ და თავდასხმის ობიექტად რესპუბლიკური პარტია შეარჩიეს. ახლა მის "მიჭირხვნას" ცდილობენ. ივანიშვილის ერთმა უერთგულესმა პარლამენტარმა ისიც ბრძანა, გავიდეს კოალიციიდან რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვნახოთ, რა პრეტენზიები ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზეო. ეს უმეცარი მიდგომა კიდევ უფრო აკნინებს მისი ავტორის ისედაც დაბალ რეიტინგს. მოწმენი ვართ, რომ თავდაცვის მინისტრის აუგად მოხსენიების განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ იპოვა თოფაძემ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის გარდა, პარლამენტში დარჩენის სხვა გზა. ეს ჩემთვის მხოლოდ სინანულის მომგვრელია. მას ნამდვილად უნდა ეგულებოდეს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირველ სამეულში სიამოვნებით დაუთმობენ ადგილს.…

- რაზე მიანიშნებთ, რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო გამოსვლების უკან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს?
- დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილი არავის უკან არ დგას, ეს მის უკან ცდილობს ადგილის შენარჩუნებას ზოგიერთი, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარიც ვეღარ მოხვდება მომავალ საარჩევნო სიაში. ისინი, ვინც ივანიშვილის უკან არიან ჯერჯერობით მოკალათებულნი, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ სულ შიში აქვთ, არ დაკარგონ ეს ადგილი და ამისთვის იბრძვიან ახლა გააფთრებით.

- საგარეჯოს შუალედურ არჩევნებს უკვე პროკურატურა იძიებს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ძიების შედეგი შესაძლოა პოლიტიკური მანიპულირების თემად იქცეს.

- თუ მეტი საქმე პროკურატურას აღარ აქვს, უნდა დაკავდეს ამ საკითხით და გამოიძიოს, თუმცა ძალიან მეეჭვება, ასეთი უსაქმურები იყვნენ. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... იმედია, უარს იტყვის პროკურატურა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში.

- გასულ კვირას ძალიან გართულდა ვითარება ტყიბულში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მაღაროელთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
- ამ პროცესს ჰქონდა სამართლიანი და ბუნებრივი დასაწყისი, თუმცა ამგვარი უკმაყოფილებით კმაყოფილი პოლიტიკური ძალები სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას ამ შფოთის კიდევ უფრო გაზრდაში, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად მძიმე საყურებელი იყო კერძო საკუთრებაში ადამიანების შეჭრა და იქაურობის დარბევა. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას მეშახტეებისთვის მანამდე მოესმინა, ვიდრე ვითარება ასე გამწვავდებოდა. როგორც ვიცი, ახლა დაიწყეს ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ესეც პროგრესია...

- როგორ აფასებთ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებას და თუ ხედავთ ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესებს?

- გამიჭირდება რაიმეს თქმა, რადგან არც იმ კითხვაზე არსებობს პასუხი, თავად ახვლედიანის განცხადებებში თუ იყო პოლიტიკური ინტერესები, მით უფრო, როდესაც სცადა ერთ ქვაბში მოეხარშა ნინო გვენეტაძე და გირგვლიანის მკვლელების მოსამართლე. რადგან მართლმსაჯულება ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვთქვა სრულიად აბუჩად აგდებულ სასამართლო სისტემაზე ორიოდე სიტყვა. ხშირად შეიძლება გავლენიანი პირის ერთმა არასწორმა ფრაზამ მნიშვნელოვნად დააზიანოს საქმე. გასული წლის მიწურულს ერთ-ერთი არხის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის მიერ მურუსიძის დადებითმა შეფასებებმა ლამის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აქცია კაცი, რომელიც აქამდე წინა ხელისუფლების უსამართლო სასამართლოს სიმბოლო იყო.

სამწუხაროდ, მურუსიძის თემა ქვეყანაში გამოყენებულია მუდმივი შფოთისა და არეულობის შესანარჩუნებლად. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ დევიზით "რაც უარესია, ის უკეთესია", სარგებლობენ რა მუდმივი შფოთის დამნერგავი სატელევიზიო სივრცით, ცდილობენ საზოგადოებამ ვეღარ გაარჩიოს ერთმანეთისგან ტყუილ-მართალი.

- რას ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერასა და მის შესაძლო პრემიერმინისტრობაზე?

- სხვადასხვა მედიასაშუალებით არაერთხელ ვურჩიე სააკაშვილს, თავი შეეკავებინა ისეთი ნაბიჯებისგან, რაც საზიანო შეიძლება ყოფილიყო მისი სიცოცხლისთვის. ახლაც იმავეს ვიმეორებ. ახლახან გავეცანი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა ძალებს უპირისპირდება სააკაშვილი. მათი ინტერესები იმხელაა, რომ შესაძლოა უკრაინაში სააკაშვილის ლიკვიდაციაზე რეალურად იფიქრონ. ძალიან არ მინდა სააკაშვილს საკუთარი კარიერული სურვილები ასე ძვირად დაუჯდეს.

ნათია დოლიძე
გულივერი
04 მარტი 2016 21:34
ამ ცალტვინა,თემურ ალასანიას შნირს,ნეტა უსმენს ვინმე?
nikoloza
04 მარტი 2016 12:21
ისე ეს ხალხი მართლა ფიქრობდა რომ ნაცებს რო მოვიცილებდით,მერე ბიძინა ამათ მისცემდა ძარცვა გლეჯის უფლებას.ვაი თქვენს პატრონს.და კიდე საქართველოში ჩ
ივანე
04 მარტი 2016 10:01
აბა მუდმივად იმის ძახილი, რომ არიქა, კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდა, კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდაო, იწვევს პირიქით შედეგს, დამნაშავეს გონია, რომ სიტუაცია მართლა გაუარესდა, ე.ი. პოლიციას არაფრის თავი არ აქვს და დაუსჯელობის გრძნობა უჩნდება. ასე, რომ დანაშაულის მომრავლებაში ნაცმოძრაობის განცხადებებს და მერე ოცნების მხრიდან თავის მართლებას, ამაზე ტელევიზიაში პოლემიკებს და შოუების ჩატარებას დიდი წვლილი მიუძღვის!

რედაქტორის რჩევით