"უსუფაშვილი სულ უფრო ემსგავსება შევარდნაძეს" - კვირის პალიტრა

"უსუფაშვილი სულ უფრო ემსგავსება შევარდნაძეს"

"ხელისუფლების ლიბერალიზმმა შეასუსტა ჩინოსნების დისციპლინა და უკვე ბედავენ ასეთ რამეებს."

"პრემიერი იძულებული გახდა, საჯაროდ გაეფრთხილებინა მთელი ქართველი საზოგადოება"

"რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული," - ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც კოალიციის შიგნით, ისე მის გარეთ. კიდევ უფრო გამძაფრდა საუბარი კოალიციის შესაძლო დაშლასა და სამთავრობო ცვლილებებზე, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ კოალიცია კვლავაც ინარჩუნებს ერთიანობას, მაგრამ როდემდე? გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ამგვარი წინააღმდეგობები რომ იქნებოდა, უნდა გვევარაუდა კოალიციის შექმნისთანავე, როდესაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ. ამ ერთიანობას მაშინ ამართლებდა მათი საერთო მიზანი, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწიეს, მაგრამ კოალიციის სუბიექტებს შორის განსხვავება, ბუნებრივია, დარჩა, რაც დროდადრო მწვავე დაპირისპირებებსაც იწვევდა, თუმცა, ეს კულუარებს არ სცდებოდა, ახლა კი პოლიტიკური შეხლა-შემოხლა ყველას თვალწინ მიმდინარეობს, რაც უდავოდ აზარალებს მმართველ ძალას. ამის ინსპირატორი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. ახლა ყველა ცდილობს, საკუთარი პოზიცია გაამყაროს და საარჩევნო სიაში მეტი კვოტა მიიღოს. ეს არ არის მხოლოდ გოგი თოფაძის და რესპუბლიკელების დაპირისპირება, იქ ძალიან ბევრის ინტერესები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს შიდა დაპირისპირება რესპუბლიკურმა პარტიამ გაიტანა არა მხოლოდ კოალიციის, არამედ ლამის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

მათ ამით მეტისმეტად ასწიეს პოლიტიკური თამასა და ამ დაპირისპირებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიანიჭეს, რაც უდავოდ გადაჭარბებული იყო. ვგულისხმობ მათ მტკიცებას, რომ თურმე დღეს ქვეყანაში დასავლური კურსის გარანტი რესპუბლიკური პარტიაა, არადა, ასე არ არის. ამის გარანტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანია. რესპუბლიკური პარტიის ქცევა შანტაჟს დაემსგავსა და პრემიერსაც მოუწია ამ პროცესებში საჯაროდ ჩართვამ...

- ჩნდება კითხვა: რატომ გააკეთა ამგვარი განცხადება კვირიკაშვილმა საჯაროდ, განა არ შეიძლებოდა, კოალიციაში მოგვარებულიყო ეს პრობლემა? მით უფრო, რომ ამ ერთი კვირის წინ კოალიციის სუბიექტებს თვითონ მოუწოდა ამისკენ...

- ვფიქრობ, ის სწორად მოიქცა, როდესაც საჯარო განცხადება გააკეთა. რადგან რესპუბლიკელებმა ეს დაპირისპირება ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირეს, საჭირო გახდა საზოგადოებისთვის ყველაფრის ახსნა. ყველაზე დიდი სირთულე გახლდათ ის, რომ პოლემიკაში ჩაერთო თავდაცვის მინისტრი, არადა, თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზებული უწყებაა და თავდაცვის მინისტრი არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს სხვა მოქმედი თავდაცვის მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად ასეთი აქტიური იყო. უნებლიეთ გაჩნდა პროცესში შეიარაღებული ძალების ჩართვის საფრთხე და პრემიერი იძულებული გახდა, საჯაროდ გაეფრთხილებინა მთელი ქართველი საზოგადოება და შეიარაღებული ძალები. ასევე, გაეფრთხილებინა დაპირისპირებული მხარეები. ვფიქრობ, ამან გაჭრა! პრემიერ კვირიკაშვილის პოზიცია იყო სწორი და გონივრული...

- როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი შეძლებს კოალიციაში ამ დაპირისპირებების განეიტრალებას?

- თუ ეს დებატები გაგრძელდა და რესპუბლიკურმა პარტიამ ასეთი გაუგებარი განცხადებები აკეთა, მაშინ კვირიკაშვილს სხვა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

მან თქვა კიდეც, თუ ასე გაგრძელდა, ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს მივიღებთო...

- რა შეიძლება იყოს ეს - რომელიმე სუბიექტის კოალიციიდან წასვლა?

- კვირიკაშვილს არ შეუძლია, თოფაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩეროს, ან კოალიციიდან ერთპიროვნულად ვინმე გარიცხოს. მისი ექსკლუზიური უფლება მინისტრების გათავისუფლებაა, მაგრამ მე მოვლენების ასე დრამატულად განვითარებას არ ველოდები, ვფიქრობ, ვნებათაღელვა ჩაცხრება...

- პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს: "რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც." ამასთანავე, "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორმხრივი შეთანხმება დაიდება". რა ტიპის შეთანხმება შეიძლება დაიდოს კოალიციის ორ სუბიექტს შორის?

- ეს იყო გაუგებარი განცხადებები. რა სტრატეგიულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ლაპარაკობენ, არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ეს არც კოალიციაში იცის ვინმემ. რთულია, იპოვო შინაარსი იქ, სადაც ის არ არის. ვფიქრობ, არც უსუფაშვილს უფიქრია, რომ მის განცხადებებში განსაკუთრებული შინაარსი უნდა გვეძებნა. ეს იყო იმიტაცია იმისა, რომ შეხვედრაზე სერიოზული თემები განიხილეს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამ შეხვედრის ინიცირებისას მშვენივრად იცოდა, რომ პრემიერთან ვერაფერს გადაწყვეტდნენ. საკუთარი სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილებას ისინი სულ სხვა მხრიდან ელოდებიან.

ეს ინტრიგის შემცველი განცხადებები იყო სახის შენარჩუნების მცდელობა. ჩემდა სამწუხაროდ, ამ არაფრისმთქმელი განცხადებებით უსუფაშვილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შევარდნაძეს, არადა, მას აქვს რესურსი, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსად. პრემიერმა უპასუხა კიდევაც მას, როდესაც თქვა, რომ ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ თუ ეს არ დაადასტურა კოალიციამ, ასეთ ხელშეკრულებებს აზრი არ ექნება. ამ პროცესებით რესპუბლიკური პარტია სერიოზულად შეჯანჯღარდა... მათ დიდი მანევრის საშუალება არა აქვთ. საქმე ის არის, რომ რესპუბლიკელებს არ აქვთ ფუფუნება, დატოვონ კოალიცია და მიიღონ მანდატი ხალხისგან. მათ, მგონი, დაავიწყდათ, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია... არა მხოლოდ ისინი, კოალიციის სხვა სუბიექტებიც მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მხრებზე და ცდილობენ, ეს თბილი ადგილი როგორმე შეინარჩუნონ. ამ ხალხს დაავიწყდა, რომ პოლიტიკურმა ძალამ ხალხთან ურთიერთობით უნდა ეძებოს ძალაუფლება და არა სხვის მხრებზე მოკალათებით...

- დაანონსდა პარტია "ქართული ოცნების" განახლების პროცესი, თუმცა, ვისი მეშვეობით ან როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერ უცნობია. მით უფრო, რომ აშკარაა - ძველი სახეები არსად წასვლას არ აპირებენ...

- რა თქმა უნდა, გადახალისება საჭიროა. კვირიკაშვილამდე ამაზე სხვა პარტიული ხელმძღვანელები და ბიძინა ივანიშვილიც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. მთავარი პრობლემა ის არ არის, რომ ვიღაცებს ჩაჩოჩება მოუწევთ, არამედ ის, რომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანები არ მიდიან "ქართულ ოცნებაში". ეს ძალა მომავალი თაობისთვის პროგრესთან არ ასოცირდება. "ქართულ ოცნებაში" არ არის ძალა, რომელიც ახალგაზრდებს მიიზიდავს, მათთვის ავტორიტეტი გახდება... გადახედეთ პარტია "ქართულ ოცნებას" - გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ - ვინ შეიძლება იყოს მათგან სამაგალითო?! ერთადერთი კვირიკაშვილია, რომელმაც ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი შექმნა, მაგრამ ის ჯერ მაინც ახალი ფიგურაა. მან უნდა დაამტკიცოს, რომ რეალური ლიდერია და სიტუაციას მართავს. კოალიციის ზოგიერთი წევრი უფრო საფრთხობელაა, ვიდრე მიმზიდველი და საინტერესო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნების" გადახალისების რესურსი ძალიან მწირია. კვირიკაშვილს ვუსურვებ, როგორმე იპოვოს ოთხი-ხუთი კაცი მაინც, რაც საზოგადოებას უკეთესი მომავლის იმედს გაუჩენს.

- თუ კოალიცია არჩევნებამდე მართლაც ერთიანად მივიდა, რა ან ვინ შეიძლება იყოს ამ ერთიანობის განმაპირობებელი, ისევ ბიძინა ივანიშვილი?

- ივანიშვილს ცოტა ხანს თავი დავანებოთ და სახელმწიფოსთვის რა აჯობებს, იმაზე ვილაპარაკოთ. აქამდე მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რა დაპირისპირება იყო კოალიციის შიგნით, ახლა კი ყველამ გაიგო. მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა იმისა, რომ პარაზიტობენ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. არავის სჯერა, რომ ასეთ ურთიერთდაპირისპირებულ კოალიციას შეუძლია, კიდევ ოთხი წელიწადი მართოს ქვეყანა. სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, და ეს არის ევროპული დემოკრატიის სტანდარტიც, რომ ყველა პარტიას არჩევნებში ცალ-ცალკე მიეღო მონაწილეობა. ეს გახლავთ თანამედროვე მულტიპარტიული დემოკრატიის მოდელი. სახელმწიფოსთვის სასარგებლო იქნება, ეს ეკლექტური კოალიცია თუ დაიშლება. რა თქმა უნდა, როგორც მის დაშლაზე, ისე კოალიციის ერთიანობის შენარჩუნებაზე უდიდეს გავლენას სწორედ ბიძინა ივანიშვილი ახდენს. მგონია, თუ ივანიშვილი კოალიციის დაშლას გადაწყვეტს, ეს იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ "სოკართან" მიაღწია შეთანხმებას, დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასად მიიღოს. ამის გარდა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო ტრანზიტის საფასურად "გაზპრომისგან" კვლავ ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს.

- არ მინდა, ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ არა მგონია, რომ "სოკართან" შეთანხმებას "გაზპრომთან" ამ მასშტაბური მოლაპარაკების იმიტირება სჭირდებოდა. ჩემი აზრით,

დიდი ტყუილი იქნება ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს "სოკარი" ამ პირობებს იმიტომ დათანხმდა, რომ საქართველოში "გაზპრომის" გაზის წილის გაზრდის შეეშინდა.

არ ვეთანხმები ამ ვითომ ეშმაკური ტაქტიკის გამარჯვებად წარმოჩენას. არ მახსოვს პრეცედენტი, აზერბაიჯანთან პირდაპირი მოლაპარაკებით დადებითი შედეგისთვის არ მიგვეღწიოს. "სოკარის" "გაზპრომით" დაშანტაჟება აუცილებელი არ იყო.

თუ ვინმე ფიქრობს, ჭკვიანურად მოიქცა, რომ "სოკარი" "გაზპრომით" დააშანტაჟა და რაღაც გარიგებაზე დაითანხმა, ეს, ჩემი აზრით, არაკორექტული დამოკიდებულებაა.

ამ პროცესებმა კარგად გამოაჩინა ისიც, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებას პოლიტიკური რისკები არ ახლდა. სასაცილოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჯიუტად ცდილობს "გაზპრომთან" დაკავშირებით პოლიტიკური დაძაბულობის შენარჩუნებას.

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიას, შესაძლოა, სათავეში ექსპირველი ლედი სანდრა რულოვსი ჩაუდგეს. მართალია, ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- ჯერ ვთქვათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს ამ ეტაპზე ზრდის რესურსი. მათ 2012 წელს ამომრჩეველმა გამოუტანა ვერდიქტი და რაც ქართველმა ხალხმა მიუსაჯა, ჯერ არ მოუხდიათ. შესაბამისად, მათი მხარდაჭერის ზრდის შანსი არ არსებობს. სხვათა შორის, ისინი არჩევნებში გამარჯვებას არც ისახავენ მიზნად, მათი ამოცანაა, "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხოს უმრავლესობის დაკომპლექტება და პარლამენტს შიგნით შეძლონ საპარლამენტო გადატრიალება. რაც შეეხება ქალბატონ სანდრას... თუ ვივარაუდებთ, რომ ის გახდება სიის პირველი ნომერი, ტექნოლოგიურად ეს გამართლებული მგონია, რადგან

სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ვერ იქნება, სანდრა რულოვსის სიაში მოხვედრით კი გაჩნდება ასოციაცია, რომ ის ამ პროცესში მონაწილეობს.

ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ არა ისეთი, რომ ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს.

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა "ბათუმის წყლის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანს წყალი იმიტომ შეუწყვიტა, რომ ადგილი, რომელიც იქ შესთავაზეს, არ მოეწონა. ჩინოსანთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტები იშვიათი არ გახლავთ, არადა, სწორედ ეს დეტალები მნიშვნელოვნად აზიანებს ხელისუფლების იმიჯს...

- ამგვარი ერთეული შემთხვევები შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მთავარია, ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს. ასეთი პრობლემები განსაკუთრებით რეგიონებშია, სადაც მავანი ცდილობს, პატარა ფეოდალად იქცეს. ამგვარ ფაქტებზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება იქნება ყველაზე კარგი პრევენცია. ამ მხრივ ამ ხელისუფლების შედარებითმა ლიბერალიზმმა აშკარად შეასუსტა ჩინოსნების დისციპლინა და უკვე ბედავენ ასეთ რამეებს. ეს არის რისკი ხელისუფლებისთვის და ამას დროულად უნდა მოვლა. სისტემას მკაცრი ხელი სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიზარდოს სააკაშვილის ხელისუფლების მსგავს სადიზმში, მაგრამ არც მიშვება და ზედმეტი ტოლერანტობა ვარგა.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მას კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ იგეგმება უღირსი შინაარსის ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება...

- ეს არ არის სახუმარო საქმე. გამოვრიცხავ, რომ პაპუაშვილი ასეთ რამეს ცარიელ ადგილზე აცხადებდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ შინაარსის განცხადებებს ვისმენთ, ამიტომ ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოიძიოს ამგვარი ფაქტები და დასაჯოს დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის. არ შეიძლება შანტაჟით პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. შესაძლოა, ეს სისტემურ პრობლემად იქცეს.

ნათია დოლიძე