"ამის შემდეგ კუდიანებზე ნადირობა დაიწყება" - კვირის პალიტრა

"ამის შემდეგ კუდიანებზე ნადირობა დაიწყება"

"ეს არის მცდელობა, შეამზადონ საზოგადოება იმ რეპრესიებისთვის, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების დამთავრებისთანავე აქვს ჩაფიქრებული"

გასული კვირა ჩვენი საზოგადოებისთვის ზედმეტად ინფორმაციული გამოდგა. ცხადია, ქვემოთ მთავარ მოვლენაზე - "ტელეიმედის" მხატვრულ თვითშემოქმედებაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ. მაგრამ მანამდე, სჯობს მიმდევრობით მივყვეთ: ჯერ იყო და, ქრისტიან-დემოკრატებმა ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილება გვამცნეს - პარლამენტარობას კი არა, საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებსო. არაერთი მიზეზია საიმისოდ, რომ კოლეგის გადაწყვეტილება მოვიწონო და წარმატება ვუსურვო, მათი ჩამოთვლით მკითხველს არ მოვაცდენ.

თუმცა ერთი რამ კი გულდასაწყვეტია: ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ ერთი, და ისიც რიგ მიზეზთა გამო ხელისუფლებასთან ასოცირებულ გამოცემას გაუმხილეს, სხვებს კი უთხრეს, გრიგოლია კვლავ დეპუტატობაზე იყრის კენჭსო. ცხადია, ექსკლუზივის უფლება ხელშეუხებელია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, სხვები შეცდომაში შეიყვანო... უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვს", - ახალ,  პოლიტიკის გზაზე ისედაც ათასი ჩასაფრება და ინტრიგა იქნება და ასეთი ნაბიჯით მავანთ სალაპარაკო გაუჩინო, დამეთანხმებით, არ ღირს.

თუმცა, ამ ინფორმაციას ორიოდე დღეში ისეთები მოჰყვა, არათუ თვითმმართველობის არჩევნები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც არავის გახსენებია, მიუხედავად მისი საკმაოდ მძიმე შინაარსისა: პოლიტიკური მოტივით გატაცება და თავდასხმები, მძიმე საპატიმრო პირობები, პოლიტიკური პატიმრობა, დემონსტრაციების ძალით დაშლა, სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლა... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, სახელმწიფო დეპარტამენტის 60-გვერდიან მოხსენებაში რომ იყო მოყვანილი.

რაც შეეხება მიზეზს, ამ ყველაფრის გადაფარვისა: ემოციების, აღშფოთებისა და უცენზურო შემკობათა გარეშე ვიტყვი (მკითხველის პატივისცემის გამო, თორემ არც უმაგისობა იქნებოდა!), რომ ის, რაც შაბათს საღამოს "იმედის" ეთერში გავიდა, არაფერში წერია - არც ჟურნალისტიკაში და არც პროპაგანდაში. ჟურნალისტიკას რაც შეეხება, ინსცენიერება, რეკონსტრუქცია და მოდელირება ჩემთვის უცხო სიტყვები არ გახლავთ, რადგან ამ ხერხისთვის ტელევიზიაში არაერთხელ მიმიმართავს.

მაგრამ ჯერ ერთი, რომ ეს "ინსცენირება" ყოველთვის რეალურ დროზე მომზადებულ სიუჟეტში იყო ინტეგრირებული და ორ საათს არ გრძელდებოდა. მეორეც, არათუ ინსცენირებას, არქივის მასალასაც კი ყოველთვის შესაბამისი გამაფრთხილებელი ტიტრი უნდა დაედოს. საქმე ის არის, რომ ეს "ანაბანა" ნებისმიერმა დამწყებმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს (დარწმუნებული ვარ, იციან კიდეც).

როგორც ჩანს, მავანთ ისეთი ინერცია აიღეს, რომ ვეღარ გაჩერდნენ და შედეგიც სავალალო მივიღეთ. ეს ყველაფერი არც შაბათს დაწყებულა და არც იმის წინა კვირაში. ხელისუფლებამ პროპაგანდისტული მანქანა ისეთი სიმძლავრით ამოქოქა, რომ "მოსახვევში ვეღარ ჩაეტია". უკუშედეგის შემდგომ კი მომხდარის დაგმობა ძალზე დაგვიანებული აღმოჩნდა. უფრო დაწვრილებით, საქართველოში დატრიალებული მოვლენების შესახებ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულმა რეპორტაჟმა თუ მოდელირებამ დიდი აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა "მხატვრული თვითშემოქმედების" ამგვარი გამოვლინება?

- მგონი, შაბათს საღამოსვე ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთაგან დაისვა ყველა შესაძლო დიაგნოზი იმისადმი, რაც ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით მოხდა. ვფიქრობ, ეს მაინც მიზანმიმართული პროვოკაციაა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რადგან ასეთი გადაცემები ერთ დღეში არ მზადდება. მას წინ უძღვის სერიოზული იდეოლოგიური მომზადება და მისი პროპაგანდისტული შეფუთვა.

ეს იყო აშკარა მცდელობა ქართველი საზოგადოების ფსიქიკაზე ზემოქმედებისა, მისი ზომბირება  რუსოფობიით, შემდეგ კი მცდელობა საზოგადოების იმ მხარეების დაპირისპირებისა, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ამავე დროს დავიწყებას ეძლევა და სრულიად იგნორირებულია მთავარი: საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროქართული განვითარების ვექტორს ემხრობა, პრორუსულობა და პროამერიკულობა კი ხელისუფლების მიერ ყურით მოთრეული თემაა.

ვინც ტელეკომპანია "იმედზე" ისე ლაპარაკობს, როგორც დამოუკიდებელ, კერძო კომპანიაზე, ის ან სულელია, ან უსინდისო. დიდი ძალისხმევა აქვს დახარჯული დღევანდელ ხელისუფლებას, რათა მუდმივ სიყალბეში ამყოფოს საზოგადოება და მართოს ის სასოწარკვეთილი ინსტინქტები, რაც ბუნებრივად ჩნდება ხალხში, როდესაც მას არჩევანს არ უტოვებენ.

შორს ვარ იმ აზრისგან, არარეალური ვუწოდოთ საფრთხეს, რომელიც რუსეთის არადემოკრატიული ხელისუფლების გადამკიდე გვემუქრება. მაგრამ ვფიქრობ, ამ საფრთხეს მინიმუმ, აორმაგებს "ნაციონალური მოძრაობის" გონებააღრეული და ვერაგული პროპაგანდა.

- სამწუხაროდ, დეზინფორმაციის ეთერში გასვლისთანავე, რუსეთის მედიაში დამცინავი და სარკაზმული შეფასებები გაკეთდა. ყველაზე მსუბუქი სიტყვები აქ "შიზოფრენია" და "მოჩვენებები" იყო. არის მეორე მხარეც: "ქრონიკაში" წარმოადგინეს საქართველოში აკრედიტებული ელჩების დამახინჯებული კომენტარებიც. რამდენად ჯდება ეს ყველაფერი თუნდაც დიპლომატიურ ეთიკაში, ან ხომ არ ექნება ამ სახის სატელევიზიო თვითშემოქმედებას გაგრძელება საელჩოთა განცხადებების სახით?

- რასაკვირველია, ეთიკაზე ლაპარაკი იმის შემხედვარე, რაც "იმედმა" მაყურებელს შესთავაზა, სრულიად ზედმეტია. ეს იყო უზნეობის ზეობა, რაც არცთუ იშვიათია როგორც ამ ტელევიზიის, ისე მისი ხელმძღვანელებისთვის. ლაპარაკია იმაზე, რომ აქ სრულიად კონკრეტული პოლიტიკური ფიგურებია გამოყენებული როგორც მარიონეტები. მათი გამოსახულებების მიღმა კი არველაძის ტვინში "დაბადებული" იდეები იმალება, რაც შესაძლოა სახელმწიფოთაშორისი სკანდალის მიზეზიც გახდეს. ისე ვერაგულად გამოიყენეს ეს საშუალებები, რომ თვით რუსულმა "ინტერფაქსმაც" კი სულ რაღაც ნახევარ საათში გადაცემის დაწყებიდან ინფორმაცია გაავრცელა რუსეთ-საქართველოს ომისა და სააკაშვილის შესაძლო დაღუპვის შესახებ.

ინფორმაცია გადაიცა "ეხო მოსკვის" საშუალებითაც, რაც თვით მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ბენედიქტოვმა გააკეთა. ახლა წარმოიდგინეთ ამ პერსონათა გულისწყრომა, როდესაც სიმართლე გაირკვა. მცირე ხნის შემდეგ თავიანთი კომენტარები "უკან წაიღეს" და განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი "მავანთა ავადმყოფური გონების ფანტაზიები" იყო. "ინტერფაქსმა" კი მოხსნა თავისივე სამარცხვინო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ სამაგიეროდ, ამის შემდეგ ქვეყნდებოდა რეაქციები ბაღაფშისგან, კოკოითისგან... და მათი ქილიკი ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.

ამავე დროს, კვირას, გამთენიისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოჩიევი აცხადებდა დიდი სამხედრო კოლონის გადაადგილების შესახებ მეჯვრისხევთან. ანუ, მზაობა სიტუაციის დაძაბვისა ძალიან ჰგავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. რასაკვირველია, უბედურებაა, როცა საკუთარ ხალხს ატყუებ და შოკში აგდებ. მაგრამ ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი ის არის, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში, ტელეეთერით ვიხილეთ - სცენარი საომრად სრულ მზადყოფნაში მყოფი იმ გონებაამღვრეული მამრისა, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რომ ყველაფერს აკეთებს.

საკვირველი ისიც არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამები ყოველგვარი ხმის დადების გარეშე იყო გამოყენებული. ანუ, ის გამონათქვამები, რაც მისგან ამ გამოშვებაში მოვისმინეთ, ან სპეციალურად ამ გადაცემისთვის ჩაიწერა, ან მისი წინა გამოსვლებიდან ისე ამოიღეს, რომ გადაკეთება არც კი დასჭირვებიათ. აქედან კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის წარმოდგენები სრულად მიესადაგება იმ სულისკვეთებას, რაც ამ გადაცემაში იყო ჩადებული.

- მიუხედავად საზოგადოებაში გაჩენილი არცთუ უსაფუძვლო ეჭვებისა, რეპორტაჟზე ხელისუფლებასაც მძაფრი რეაქცია ჰქონდა - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გამოვიდა გიგი უგულავა, რომელმაც ფაბრიკაცია დაგმო; პრეზიდენტმა პრესსპიკერი წარგზავნა ტოქშოუზე. მანანა მანჯგალაძემ ასევე მკაცრად შეაფასა მომხდარი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ თუ ვინმე ამ ტელეფაბრიკაციით დაზარალდა, უპირველესად ხელისუფლება და მისი იმიჯი!.. მაინც, როგორ ფიქრობთ, საით მიდის ამ დეზინფორმაციის კვალი?

- კვალი მიდის მიხეილ სააკაშვილისკენ, რომელიც წლების განმავლობაში მალავს, თუ ვინ არის როგორც "რუსთავი 2"-ის, ისე "იმედის" მეპატრონე. როდესაც არაბული კომპანია აცხადებს, - არ არის, ბატონო, ჩემი ეს ტელეკომპანია, ზოგადად, მედიასივრცეში  არაფრის ყიდვას და გაკეთებას არ ვაპირებო, და ამავე დროს, ამ გაურკვევლობაში სხვაც არავინ გამოჩენილა, რომ ეთქვა, შეგეშალათ, ის კი არა, მე ვარ ამ ტელეკომპანიის მფლობელიო, რა უნდა ვიფიქროთ? ამხელა ქონება უპატრონოა?! თავისით იმართება და მუშაობს?! სიყალბე გახლავთ ის გარემო, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა" თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

სამაგიეროდ, დემოკრატიულ გარემოში ისეა, როგორც ხმელეთზე ამოგდებული თევზი. აი, ეს არის მთავარი უბედურება და რასაკვირველია, ასეთ გარემოში ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციებისა და ტყუილების უბადლო შემოქმედი გიორგი არველაძე უნდა მართავდეს! ის ფაქტი, რომ ამ ტელეკომპანიებს რეალურად გიგი უგულავა მართავს, ახალი და უცხო არავისთვისაა. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, "ეს ჩვენ არ ვიცოდითო", მან დაიჯეროს, ვინც მართლა საერთოდ არაფერი იცის ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე. თუ ჩვენი ოკეანისგაღმელი მიამიტი პოლიტიკოსები კვლავ დაიჯერებენ იმას, რაც ნაციონალური პროპაგანდისტული აპარატის მიერ მზადდება და ვრცელდება, მაშინ კეთილი ინებონ და ნურც იმას უარყოფენ, რაც ვითომდა, პრეზიდენტ ობამას პირით გაცხადდა ამ ფაბრიკაცია-გადაცემაში...

- შაბათს საღამოს განვითარებული მოვლენების გამო, რადიო "პალიტრის" ეთერში საგანგებო რეჟიმში მომიწია ჩართვამ, რადგან უამრავი შეშფოთებული და გამწარებული მსმენელი რეკავდა. ჩემდა გასაკვირად, ერთ-ერთი მათგანისგან ასეთი ვერსიაც მოვისმინე, - ეს სასწავლო განგაში იყო იმისთვის, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს გაეგოთ, ვინ ვის მხარეზე დადგებოდაო...

- გარწმუნებთ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა უამისოდაც ყველაფერი შესანიშნავად იციან. მათ ხომ უზარმაზარი თანხები ჩაყარეს მოსასმენ აპარატურაში და ყველას და ყველაფერს უსმენენ. გარდა ამისა, არსებობს კარდაკარ მოსიარულეთა ინსტიტუტი, რომელიც გვეკითხება, - ვაძლევთ თუ არა ხმას უგულავას. ამიტომაც ეს "განგაში" არის ბევრად უფრო საგანგაშო, ვიდრე თქვენი რადიომსმენელი ფიქრობდა. ეს არის მცდელობა, შეამზადონ საზოგადოება იმ რეპრესიებისთვის, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების დამთავრებისთანავე აქვს ჩაფიქრებული. ამისთვის მზადება კი მათ ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაიწყეს, როდესაც დამტკიცდა კანონი მანიფესტაციების შესახებ და გაიზარდა პოლიციის უფლება-მოვალეობანი...

- გასულ კვირაში გამოქვეყნდა აშშ-ის ანგარიში, სადაც მწვავე, კონკრეტული ფაქტები იყო მოყვანილი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის, მედიაზე ზეწოლის შესახებ. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფერს მოკლევადიანი და ბანალური მიზანი ჰქონდა - თუნდაც მცდელობა აღნიშნული ანგარიშის გადაფარვისა.

- ვფიქრობ, ასეთი მყისიერი რეაგირება ვერ მოხდებოდა ტექნიკური თვალსაზრისით, თორემ მზაობა ამისთვის ჩანს, კარგა ხანია გაჩნდა. მით უმეტეს, რაც ნინო ბურჯანაძემ მოსკოვის ტრასა აითვისა. სხვათა შორის, ნიშანდობლივი იყო, რომ მათ ვერსიაში "სახალხო მთავრობის" თავმჯდომარედ სწორედ ბურჯანაძე "დანიშნეს" და არა მათი სანუკვარი ნოღაიდელი.

- გამოდის,  ნოღაიდელს წარმოსახვაშიც არ ენდნენ?

- უფრო სხვანაირად ვიტყოდი - მათ არ გასწირეს ნოღაიდელი ხალხის რისხვისთვის, რადგან იგი ჯერ კიდევ სჭირდებათ. მოსკოვთან კომუნიკაციები გასაგრძელებელია. ამავე დროს, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ გადაცემის სცენარი რეალურ ცხოვრებაში გასატარებლად შემუშავდა. ვფიქრობ, ერთგვარი კასტა ყალიბდება საქართველოში, რომელიც არ იქნება წინააღმდეგი, ქვეყანაში 37 წლის მოდელით განვითარდეს ურთიერთობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

შესაბამისად, რუსოფობია გახდეს საფუძველი საკუთარი თავის შენარჩუნებისა ხელისუფლებაში და ეს მოდელი სწორედ იმ ნაწილისგან იქნება მხარდაჭერილი, რომელსაც გადაცემის თუ ფაბრიკაციის შემდეგ მოწყობილ ტოქშოუზე ვუსმენდით. საბედნიეროდ, ლაშა ტუღუშმა მოწმინდა ნამუსი იქ შეკრებილ საზოგადოებას და  შესაფერისი კომენტარიც გააკეთა. უკვე აღარ იქნება გასაკვირი, თუ ამის შემდეგ კუდიანებზე ნადირობა დაიწყება, რადგან სხვა, ცივილიზებული საშუალება ხელისუფლებაში ყოფნისა მმართველ გუნდს აღარ დარჩა.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი