"იჯდა რეზიდენციაში ერთი მამაძაღლი... დღეს კი ამ მის ნაცვლად მივიღეთ ბევ­რი პატარ-პატარა მამაძაღლი"
21-03-2016
"იჯდა რეზიდენციაში ერთი მამაძაღლი... დღეს კი ამ მის ნაცვლად მივიღეთ ბევ­რი პატარ-პატარა მამაძაღლი"
"დიდია საფრთხე, რომ უცხოურმა სპეცსამსახურებმა ფარული ჩანაწერები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენონ!"

"წულუკიანისა და ხიდაშელის როლიც მნიშვნელოვანია იმაში, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი სისტემის დემონტაჟი არ მოხდა"

"ფარული ჩანაწერები მეტასტაზებივით არის გავრცელებული"

მსოფლიოს ტერაქტების მორიგმა სერიამ გადაუარა... საქართველოში კი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება. მთავარმა პროკურატურამ ფარული ჩანაწერების წყაროს დადგენაში დახმარება აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანას სთხოვა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოკადრები სწორედ უცხოეთიდან აიტვირთა. შესაძლებელი იყო თუ
არა შექმნილი ვითარების თავიდან აცილება და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა? გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ამ ხელისუფლებამ, ძალაუფლების ხელში აღების წუთიდან მოყოლებული, ამ საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულებით უდიდესი შეცდომა დაუშვა. მმართველი ძალა აცხადებდა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული,
რომელსაც პოლიტიკურ ნებაზე დაფუძნებული პასუხი უნდა გასცემოდა, თუმცა, ეს რიტორიკად დარჩა და რეალურად არაფერი გაკეთებულა. საკმარისი არ იყო მხოლოდ ლაპარაკი, რომ წინა ხელისუფლება იყო ცუდი, რადგან ასეთ რაღაცებს სჩადიოდა... ეს სისტემა უნდა დაშლილიყო და ახალი სისტემა ჩამოყალიბებულიყო, რაც არ მოხდა.

აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა სისტემის დემონტაჟზე. გავიხსენოთ პროცესები, რომლებიც თან სდევდა კანონს მოსმენების შესახებ - მაშინ სისტემის რადიკალურად შეცვლის პოლიტიკური ნება მაინცდამაინც არ ჩანდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ სისტემასთან თანამშრომლობით თავი კომფორტულად იგრძნო. არადა, წინა ხელისუფლების დროს ამ ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის პროცესში ჩართული იყო მთელი ინფრასტრუქტურა - დაწყებული დამკვეთით, რომელიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, დამთავრებული იმ ხალხით, ვინც იღებდა და ინახავდა ამ ჩანაწერებს და ვინც ამას შანტაჟისა და სხვა მიზნებისთვის იყენებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ბინძურ საქმეში რამდენი ადამიანი იყო ჩართული! არადა, ბევრი მათგანი დღესაც ძველ სამსახურში მუშაობს.
თუ მაღალი თანამდებობის პირების დასჯა არ ხერხდებოდა, შემსრულებელთა დასჯას პრევენციის ფუნქცია მაინც ექნებოდა. გარდა ამისა, საზოგადოებას გაუჩნდებოდა რწმენა, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ასეთი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს. ამის ნაცვლად ვნახეთ არა მხოლოდ პოლიტიკური კოაბიტაცია, არამედ კოაბიტაცია დანაშაულებრივ სისტემასთანაც.

დღეს ქვეყანაში ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. როცა საა­კაშვილის რეჟიმის დროს ასეთი დანაშაული ხდებოდა, ჩვენთვის ამ სიბინძურის იდენტიფიცირება იოლი იყო, რადგან ვიცოდით, რომ იჯდა რეზიდენციაში ერთი მამაძაღლი, რომლის ვერტიკალშიც ყველაფერი წყდებოდა. დღეს კი ამ სათავის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, რადგან ერთი დიდი მამაძაღლის ნაცვლად მივიღეთ ბევ­რი პატარ-პატარა მამაძაღლი და მომხდარში ეჭვმიტანილი, ფაქტობრივად, უკვე ყველა მხარეა.

- kvirispalitra.ge-სთან საუბრისას სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა, რომელიც ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი სახელმწიფო კომისიის წევრი იყო, განაცხადა: "ჩემი აზრით, ის მასალა, რაც დახვდა ხელისუფლებას, ზღვაში წვეთია, რადგან მასშტაბები იყო ძალიან დიდი. საერთოდ, როცა რაღაცას იღებ და ფიქრობ, რომ არის ღირებული, ის თან მიგაქვს კიდეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასალები წაღებულიც არის..." ამის გათვალისწინებით, რამდენად დიდია საფრთხე, რომ ეს ჩანაწერები უცხოური სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს, თუ უკვე არ არის მოხვედრილი?

- საფრთხე ძალიან დიდია. ფარული ჩანაწერების ერთ-ერთ საქმეზე ახლახან დააკავეს ხუთი ადამიანი - აბსოლუტურად ნეიტრალური პირები, რომელთაც წესით, ამ ტიპის მასალაზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ... ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ფარული ჩანაწერები მეტასტაზებივით არის გავრცელებული. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ხუთმა ადამიანმა რამდენი ასლი გააკეთა, სად გადამალა და კიდევ ვის მისცა, იცის ვინმემ? ამიტომაც საფრთხე, რომ ფარულ ჩანაწერებზე ნადირობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მასალის ნაწილი უკვე ხელშიც ჰქონდეთ ჩაგდებული, დიდია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩანაწერები არ იქნება მხოლოდ სექსუალური ცხოვრების ამსახველი, რასაც ადამიანმა შეიძლება კიდევ გაუძლოს. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ასეთი ჩანაწერებისკენ არის მიპყრობილი, რაც არასწორი მგონია.

შესაძლოა, არსებობდეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ჩანაწერებიც, მაგალითად, ნარკოდამოკიდებულების ფაქტები, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საუბრები და ათასი სხვა რამ... ანუ ისეთი კადრები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შანტაჟი, ეს კი პირადი ცხოვრების საკითხებს სცილდება და სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში გადადის. მინდა, მივმართო იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დღეს არიან თანამდებობებზე, აქვთ ეჭვი, რომ მათზე შეიძლება ამ ტიპის კომპრომატი არსებობდეს და არ არიან დარწმუნებული, რომ ზეწოლას გაუძლებენ, სასწრაფოდ და უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები, რადგან ეს აღარ არის მხოლოდ მათი პრობლემა - ეს შეიძლება სახელმწიფოებრივ თავსატეხად იქცეს. ოდნავ მაინც თუ აქვთ სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის განცდა, სახელმწიფოს ეს საფრთხე უნდა აარიდონ.

- ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის რეაქცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო. თეა წულუკიანმა, თიIნა ხიდაშელმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღიარებული შეცდომის გამო დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შეუტიეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა, მოგვიანებით, წულუკიანისა და მარგველაშვილისგან განსხვავებით, ხიდაშელმა საკმაოდ თბილი "ფეისბუკპოსტი" მიუძღვნა სააგენტოს...
- მოგეხსენებათ, პოლიტიკა ემოციებს არ ცნობს. ყველა ნაბიჯი, რასაც დგამს პოლიტიკური თანამდებობის პირი, უნდა იყოს გათვლილი და სახელმწიფოს ინტერესებით ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა:
თუ ასეთმა მაღალი თანამდებობის პირებმა ასე ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიიღეს გადაწყვეტილება "ინტერპრესნიუსთან" დაკავშირებით, სხვა, უფრო მნიშვნელოვან თემებს რამდენად გულდასმით და აუჩქარებლად განიხილავენ? ან ახერხებენ კი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებთან გამკლავებას?!
რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ორიოდე სიტყვა ზოგიერთი ტელევიზიის რეაქციაზეც უნდა ვთქვა.
გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც გაავრცელეს პირადი ხასიათის აუდიოჩანაწერები, გავრცელდა ჩემი საუბრის ჩანაწერიც, მათ შორის - ცოლსა და შვილთან. ეს ჩაწერილი იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ უკანონოდ და მას ყველა ტელევიზია გადასცემდა. ისინი, ვისაც არც ჩემთვის და არც სხვებისთვის ბოდიში არ მოუხდიათ, გამოდიოდნენ და ფსევდომორალისტურ განცხადებებს აკეთებდნენ "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ, რაც აშკარად ცინიზმია! მათ საქციელში მე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მცდელობაც დავინახე, რადგან წულუკიანის დაწყებულ ამ პროცესს ჰქონდა უკვე არა მხოლოდ ემოციური, არამედ პრაგმატული ხასიათი. ფაქტია, რომ "ინტერპრესნიუსი" დღეს ამ ბაზარზე პირველია და კონკურენტებმა სცადეს, მისთვის ზიანი მიეყენებინათ, რაც არ გამოუვიდათ.
სააგენტომ იკისრა პასუხისმგებლობა, მოიხადა ბოდიში, გადადგა ხელმძღვანელი... რაც აბსოლუტურად ჯანსაღი რეაქცია იყო.

სხვათა შორის, იმ ჩემი თუ სხვათა საუბრების ჩანაწერები თავის დროზე "ინტერპრესნიუსს" არ გაუვრცელებია, ის ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ზომიერი, თუმცა, უშეცდომო არავინ არის. წულუკიანსა და ხიდაშელს ვურჩევ, საკუთარ თავში ჩაიხედონ და უკეთესად დაინახონ პრობლემები, რამაც ეს ვითარება შექმნა. წულუკიანისა და ხიდაშელის როლიც მნიშვნელოვანია იმაში, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი სისტემის დემონტაჟი არ მოხდა.

წავიკითხე კახი კახიშვილის ინტერვიუ და კარგია, რომ მან დააფიქსირა - არ ეთანხმება ზოგიერთ თავის კოლეგას. თუმცა უცნაურია, რომ მთავრობის სხვა წევრები დუმან. იმედი მაქვს, რომ "ინტერპრესნიუსთან" დაკავშირებით მთავრობის შიგნით იქნებოდა ლაპარაკი და გარკვეული კრიტიკაც დაფიქსირდებოდა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ან უმრავლესობის ლიდერიც გააკეთებდნენ ამ საკითხზე განმარტებებს და იმ მინისტრებს, რომელთაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, ამაზე მიუთითებდნენ.

- "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. "ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. მუქარის ტონი აშკარაა... მაინც რას უნდა აპირებდეს რუსეთი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ?

- მე ამ განცხადებას მაინცდამაინც დრამატულად არ აღვიქვამდი. რუსეთს სჭირდებოდა საბაბი, რომ ჩვენთვის ძალა კვლავაც ეჩვენებინა და შესაძლებლობა გამოიყენა. სამწუხაროდ, ჩვენი მაღალჩინოსნები ხშირად ახერხებენ ამგვარი საბაბის მიცემას. ამჯერად ეს საბაბი თავდაცვის მინისტრის განცხადება გახდა. წეღან ვთქვი და გავიმეორებ, რომ როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირი რამეს ამბობს, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება არ უნდა დაავიწყდეს, თანაც მის ნათქვამს წონა უნდა ჰქონდეს.
ვინმე ამიხსნის, რა წონა შეიძლებოდა ჰქონოდა ხიდაშელის განცხადებას, როდესაც მან მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვისკენ მოუწოდა?!
ან რა მიზანს ისახავდა თავდაცვის მინისტრი? ხომ ფაქტია, რომ მის მოწოდებაზე მთელი სამყარო ვერ დაირაზმებოდა... ამან მხოლოდ გააღიზიანა კრემლის მესვეურები­. ეს, უკეთეს შემთხვევაში, გულის მოფხანა იყო, უარეს შემთხვევაში - სააკაშვილის სტილით შეჩიჩხინების მცდელობა.

- თუმცა, არა მგონია, ხიდაშელის განცხადების გარეშე რუსეთს საბაბის მოძებნა გასჭირვებოდა. აქ უფრო საინტერესოა, რას მიანიშნებს კარასინი...
- გეთანხმებით, თუმცა, სჯობს, არ მივცეთ საბაბი, რომ თავისი გეგმა და მიზნები განახორციელოს... რა თქმა უნდა, კარასინის განცხადებაში ჩანს მინიშნება. რუსული სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ და კარგად ხედავენ ხელისუფლების სისუსტეებს, იკვლევენ ანტიდასავლური განწყობის ზრდის ტენდენციას, რის თაობაზე კრემლშიც კარგად არიან ინფორმირებული და ყველაფერს აკეთებენ აქ გასააქტიურებლად. ცდილობენ, გამოიყენონ ის ეკლექტიკაც, რაც ხელისუფლების შიგნით ჩანს.
ხომ ფაქტია, რომ რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში მწყობრი პოლიტიკა არ ჩანს. რუსეთის იმპერიული ბუნება ყველასთვის ცხადია, ის ჩვენი მტერია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ რას ვაკეთებთ ვითარების გამოსასწორებლად? მტერთან დიალოგია მნიშვნელოვანი, თორემ მეგობართან დიალოგი ისედაც არასდროს გვიჭირდა. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ამ მოლაპარაკების სტრატეგიაც და ტაქტიკაც. როდესაც აბაშიძე კარასინს ხვდება, რომელიღაც მინისტრი კი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ჩვენი ხელისუფლების არაკოორდინირებული პოლიტიკა აშკარა ხდება. ან სად არის თანამიმდევრულობა, როდესაც მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვისკენ მოვუწოდებთ, ყირიმის ოკუპაციის დღე კი არც გვახსენდება? უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი ერთი განცხადებაც ვერ ვნახე!

- რუსეთი შეიძლება შეეცადოს, ჩაშალოს ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესი?

- არა მგონია. ვიზალიბერალიზაცია რუსეთისთვის მაინცდამაინც დიდი პრობლემა არ არის. მათ ეს არ მოსწონთ, მაგრამ მეეჭვება, ამის წინააღმდეგ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგან.

- გასულ კვირას ერთი კარგი ამბავი მოხდა: ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო...
- ძალიან კარგია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს საგარეო ფაქტორების გავლენის შედეგია. ვიღაცები ამას ქადაგიძის წასვლას უკავშირებენ, რასაც მე არ ვეთანხმები. სინამდვილეში ეს განპირობებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში (ვისთანაც აქტიური სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს) ვითარების შედარებითი სტაბილიზაციით, რაც ნავთობის ფასის ზრდას მოჰყვა. მეტისმეტად ოპტიმისტურადაც ნუ ვიქნებით განწყობილი...

ნათია დოლიძე
ეჰ
07 აპრილი 2016 13:12
ვინც პოლიტიკაშია,ყველა ძალიან ცუდი პიროვნება ხდება!ღალატი და ფლიდობა,დაუნდობლობა და პირმოეთნეობა,გამეტება და მეგობრის დაკარგვა თანამდევია ამ პროცესების. რაც შეეხება იმ ვიდეოების გამოჩენას,ის ყველას უნდა ენახა იმიტომ,რომ მეორეჯერ სხვამ არ გაიმეოროს.ჯობია ერთი "სასტავი" წაიმურტლოს და განიდევნოს,ვიდრე სხვამაც იგივე გააკეთოს.ან კიდევ ვინ არიან ის პირები ვინც ნახა ეს კადრები და ჩვენ არ გვანახებს?ისინიც ზუსტად ასეთი ცოდვის შვილები არიან,მათაც შეეშინდათ,რომ მათი სახეები არ ენახათ კადრებში. კაცი-კაცთან და ქალი სამ-ოთხ კაცთან არახალია თუნდაც ახლანდელების მთავრობის წევრებში.ეს ყველამ კარგად იცის და ნუ იტყუებენ თავს.სანამ კადრები გაჩნდებოდა,მანამდე ხმები დადიოდა "ვიღაც-ვიღაცეებზე",შემდეგ კი კადრები გამოჩნდა.ახლა ხალხი მიხვდა,რომ ნათქვამი მართალია და უკვე სჯერათ. იქნიონ ყბები და იმართლონ თავები!
juli
07 აპრილი 2016 05:39
შენც კარგი მოღალატე ხარ "პრაფესორა"
თამთა
02 აპრილი 2016 22:14
ძალიან კარგი ჟურნალისტი და მუდამ საინტერესო რესპონდენტი :)

რედაქტორის რჩევით