"ევროპის სახალხო პარტიისგან" ჭკუის დარიგება არ გვჭირდება"
28-03-2016
"ევროპის სახალხო პარტიისგან" ჭკუის დარიგება არ გვჭირდება"
"არ მესმის, ვიწრო-პარტიული ინტერესების გამო, ქვეყანას ამდენი როგორ უნდა ავნო"

"ფარული ჩანაწერები უახლოესი 10 წლის განმავლობაში დამოკლეს მახვილივით იქნება ქვეყნის თავზე"

"რაც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში ხდება, ეს უფრო მიზანმიმართული საბოტაჟი მგონია, რასაც პროკურატურაში შემორჩენილი ადეიშვილის დროინდელი კადრები აკეთებენ"


22 მარტი შავად გათენდა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქისთვის. ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში ტერაქტების სერიას 30-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი დაშავდა... დასავლელი ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემები ვეღარ უმკლავდება დღევანდელობის
გამოწვევებს. ბელგიაში თავად სამართალდამცავებმა აღიარეს სპეცსამსახურების მუშაობის ჩავარდნა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან­ ინტერვიუ:

- ბრიუსელს, მოგეხსენებათ, ხშირად მოიხსენიებენ ევროპის დედაქალაქად, სადაც არის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ევროპული სტრუქტურა. გარდა ამისა, აქ არის ნატოს შტაბბინა, შესაბამისად, წესით, გაასმაგებული უნდა იყოს ამ ქალაქის დაცვა, მაგრამ
მოხდა ის, რაც მოხდა...
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარტო ერთი ქვეყანა ვეღარ უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას. სხვათა შორის, გასულ კვირას მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, საქართველოს ესტუმრა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური ფილიპ ბრიდლავი. მანაც ხაზი გაუსვა, რომ ტერორიზმის დასამარცხებლად ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს. სამწუხაროდ, ევროპული ქვეყნები, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას ამ საერთაშორისო საფრთხის ასალაგმავად. მნიშვნელოვან როლს ისიც თამაშობს, რომ ისინი დიდად არ ენდობიან ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ევროპას აქვს ინტერპოლის ფუნქციონირების კარგი გამოცდილება, ძალიან კარგი იქნებოდა, შექმნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი საპოლიციო უფლებებით, რომელიც მთელი ევროპის სივრცეში შეებრძოლებოდა ტერორიზმს.
დღეს ევროპაში ფუნდამენტალისტებთან ბრძოლაში ყველაზე გამოცდილი ბრიტანეთის სპეცსამსახურებია. არადა, კონტინენტური ევროპის ქვეყნები ბრიტანელების აზრს დიდად არ ითვალისწინებენ. სამწუხაროდ, დამაიმედებელი პროგნოზისთვის საფუძველი არა გვაქვს, როგორც ჩანს, ეს პროცესები გაგრძელდება და შეიძლება უფრო მძაფრი ფორმებითაც.

- უკვე ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ შენგენის ზონა ნელ-ნელა აზრს კარგავს და დროა, ევროპულმა ქვეყნებმა საზღვრების აღდგენასა და მათ გამაგრებაზე იფიქრონ.

- თავის დროზე, ევროპამ ფსევდოლიბერალებისა და ფსევდოტოლერანტების წყალობით უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და აბსოლუტურად უკონტროლოდ დაიწყო მიგრანტების მიღება. ასე რომ, ქვეყნის საზღვრების გაკონტროლება უკვე მთავარი აღარ არის. მაგალითად ავიღოთ ბრიუსელის უკვე საქვეყნოდ ცნობილი რაიონი მოლენბეკი, სადაც ბოლო დროს ბელგიის პოლიცია, პრაქტიკულად, ვეღარ შედის. ეს რაიონი მუსლიმანებით არის დასახლებული, რომელთა შორის დომინანტი გახდა ფუნდამენტალიზმი, რომელმაც დაამარცხა ზომიერი ისლამის მიმდევრები. დღეს ვითარებას მთლიანად ფუნდამენტალისტები აკონტროლებენ. ამ შემთხვევაში, ბელგიის საზღვრის გაკონტროლებას აზრი აქვს?! გაცილებით მნიშვნელოვანი შიდაუსაფრთხოების სისტემის შექმნაა.

ევროპა იძულებული გახდება, მასობრივი ემიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, მაგრამ მე ის უფრო საგანგაშო მგონია, რომ ქაოსური ვითარებაა უსაფრთხოების საქმეში. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ტერორისტულ აქტებს. ვგულისხმობ, უსაფრთხოების იდეოლოგიის სიმყიფეს... მიდგომები ამ მიმართულებით იმდენად ქაოსურია, რომ ბებერი კონტინენტი იღებს იმას, რასაც იღებს.

- იქნებ, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ იდეოლოგიურ პრობლემატიკაზე, რელიგიათა შორის იდეოლოგიური განსხვავება და დაპირისპირება თითქმის ყველა დროში იყო.

- ზოგიერთი ევროპელი, ალბათ, არც დაიჯერებს, რომ არაბებისთვის ლამის გენეტიკური მეხსიერების დონეზეა ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგები და რევანშის წყურვილი იმ შედეგების გამო. არაბებისა და საზოგადოდ, ბევრი მუსლიმანისთვის კოლონიალიზმის ეპოქა ტრაგედიაა, შესაბამისად, ისინი მუდმივად ფიქრობდნენ შურისძიებაზე.
კიდევ ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება - ეს მასა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელს მიაწყდა ევროპას, მართულია. რატომ არავინ მოინდომა თურქეთში ბანაკებში დარჩენა ან მდიდარ მუსლიმანურ ქვეყნებში ჩასვლა?! ყველა რატომ მიაწყდა ევროპას? დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მართული იყო და ამაში წვლილი მიუძღვის როგორც თურქეთის, ასევე სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ხელმძღვანელობასაც. ეს იყო დივერსია ევროპის წინააღმდეგ რევანშისტული განწყობის გამო და იმის გამოც, რომ ევროპა არის დასავლეთის მთავარი ნაწილი, თუ არ ჩავთვლით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას. აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ ევროპა არის ის ადგილი, სადაც აღმოსავლეთის წინააღმდეგ აგრესია იგეგმება.

- მენიშნა თქვენი ნათქვამი, როდესაც ბრიუსელზე ლაპარაკობდით, რომ იქ ფუნდამენტალიზმმა დაამარცხა ზომიერი ისლამის მიმდევრები. ამგვარი საფრთხის ნიშნები საქართველოშიც ხომ არ ჩანს?

- სიტუაცია საქართველოშიც ისე ვითარდება, როგორც ევროპაში, ოღონდ მცირე მასშტაბით, რადგან ის, ჯერჯერობით, არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ისლამური სამყაროს მესვეურთათვის, თუმცა ხვალ აუცილებლად გახდება. ისლამისტთა იდეოლოგიის თანახმად, დღეს ჩვენ ვართ მათი ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ადრე თუ გვიან მიხედავენ, მაგრამ ჯერ არა. ამისთვის საქართველოში უკვე იქმნება იდეოლოგიური ბაზები, რომლებიც მომავალში, მათი გეგმით, გამოდგება საქართველოსა და აზერბაიჯანში ვითარების შესაცვლელად.

- ამ საფრთხეების გათვალისწინებით რას აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები?
- ერთი მხრივ, საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ვერ ვიტყვით, რომ ვერ აკონტროლებენ ვითარებას, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით მოვლენების განვითარებას, რადგან მოწინააღმდეგე თავად გვთავაზობს თამაშის წესებს. სამწუხაროდ, ჩვენ კი არა, ჩვენზე გაცილებით ძლიერი ევროპის სპეცსამსახურებიც ვერ ახერხებენ ამ ვითარებასთან გამკლავებას. ჩვენი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ უკეთ ვიცით, რა არის პოლიტიკური ისლამი, რომელთან თანაცხოვრების დიდი გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენში არ არის ის იდეოლოგიური კაზუსები, რაც ევროპულ პოლიტიკურ იდეოლოგიას ახასიათებს, ფსევდოლიბერალიზმსა და ფსევდოტოლერანტობას ვგულისხმობ. უნდა ითქვას ერთიც - ამ ბრძოლასა და ამ სივრცეში ქართული სპეცსამსახურები მარტონი არიან. სახელმწიფო და საზოგადოება მასში "ფეისბუკის" დონეზე თუ მონაწილეობს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყანას კარგად გაწერილი სტრატეგიული ხედვები და მოქმედების გეგმა უნდა ჰქონდეს, რაც მთელი სახელმწიფოს პრეროგატივაა...

- ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი საზოგადოება ძალზე შეარყია პირადი ხასიათის ფარული ჩანაწერების გასაჯაროებამ.

- ამის თავიდან აცილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ეს ჩანაწერები ერთი პირის ხელში არ არის.
ზოგიერთმა, ვინც საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგალითად, "მასტერამ" თუ მეგის ქარდავამ, ვაჭრობაც კი მოინდომეს ხელისუფლებასთან ამ კადრებით. რადგან მრავალი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, მათი სრული ლიკვიდაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღეებში არ გამოავლინა ის პირები, ვინც ქმნიდა და ინახავდა ამ ჩანაწერებს. ესენი იყვნენ ამ სტრუქტურების მეორე-მესამე ხარისხის ჩინოსნები, ლაპარაკია სულ 40-50 კაცზე. ვგულისხმობ არა მაღალი თანამდებობის პირებს,­ რომელთა ხელდასხმითაც კეთდებოდა ეს, არამედ შემსრულებლებს. მათი გამოვლენით, გვარ-სახელების გასაჯაროებითა და დასჯით, ეს ხიფათი თუ სულ არ გაქრებოდა, შემცირდებოდა მაინც. ხელისუფლების ფასადური ღონისძიება, რომელსაც ფაილების განადგურება დაარქვეს, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დასაწყნარებლად იყო გამიზნული. ძალიან გამაკვირვა განადგურებული ფაილების რაოდენობამ, თურმე 26 000-დან 150 ფაილი გაუნადგურებიათ მხოლოდ, რაც ცოტა გაუგებარია...
თუმცა ეს არსებითად არ ცვლის სურათს, სულაც რომ გაენადგურებინათ, იმდენი ადამიანის ხელში იყო უკვე მოხვედრილი, ამ ტალღას, ალბათ, ვერ ავიცილებდით თავიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ფარული ჩანაწერები უახლოესი 10 წლის განმავლობაში დამოკლეს მახვილივით იქნება ქვეყნის თავზე, მანამდე, სანამ პოლიტიკურ ელიტაში ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში იქნებიან ის პირები, ვისზეც არსებობს ეს ჩანაწერები.

- გია ხუხაშვილის თქმით­, არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს ჩანაწერები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებში მოხვდეს.
- რასაკვირველია. მაღალი თანამდებობის პირი, რომელზეც არსებობს ამგვარი ჩანაწერები, უცხო სპეცსამსახურებისგან იქნება მართული თუ ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებისგან, ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს.
ის ვერ იქნება დამოუკიდებელი ადამიანი,­ მისი საქმიანობა იქნებაE შეზღუდული და შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანოც. ასეთი­ ადამიანები, რასაკვირველია,­ უნდა გაერიდონ ხელისუფლებას, თუმცა კარგი იქნება, თუ ამისკენ პოლიტიკოსები არ მოუწოდებენ ერთმანეთს... დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგანმა ჯერ არც იცის, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს მასზე.­ მართალია, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც აუცილებელი მგონია, გამოაშკარავდნენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც კონკრეტული ადამიანისა და, იმავდროულად, მთელი ქვეყნის ცხოვრებაც ასეთი დიდი საფრთ­ხის ქვეშ დააყენეს ამ ბინძური სისტემის ჩამოყალიბებით. რაც მოხდა (და კიდევ კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს), არის დარტყმა არა კონკრეტულ პირებზე, არამედ ხელისუფლებაზე, რომელიც ვერ ახერხებს თავისი მოქალაქეების დაცვას.

- ორი წლის წინ ჰოლანდიაში დაკავებული სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი გია დგებუაძე, იგივე "მასტერა", საქართველოშია ექსტრადირებული. მას ხშირად "ოქროს მოწმესაც" კი უწოდებენ. თქვენი აზრით, ითანამშრომლებს ის სამართალდამცავებთან და თუ ითანამშრომლებს, რომელ საქმეებზე?

- სიმართლე გითხრათ, საქმეების გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ის ყველა ბინძურ საქმეში იყო ჩართული, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. "მასტერა" იყო იმჟამინდელი შსს-ს ხელმძღვანელობის მთავარი დამხმარე. "მასტერა" იმიტომაც შეარქვეს, რომ ყველაფერი "გამოსდიოდა ხელიდან". დარწმუნებული ვარ, "მასტერა" სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის მგონია, რომ ძალიან უკმაყოფილოა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნებისა, რადგან გამოიყენეს და გადააგდეს.
ამასთან, მის წინააღმდეგ პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს და სასჯელის შესამსუბუქებლად შეეცდება, ყველაფერი თუ არა, ნაწილი მაინც თქვას იმისა, რაც იცის.

- უკვე ლამის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ საქართველოს პროკურატურა ვერ ახერხებს უცხოეთში დაკავებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებების წარდგენას, რათა მათი ექსტრადირება მოხდეს. "მასტერა" ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. სულ ახლახან გაირკვა, რომ დათა ახალაიას ძებნა ინტერპოლმა შეწყვიტა.
- პროკურორთა ერთი ნაწილის არაპროფესიონალიზმის არ მჯერა. ბევრ მათგანს ამგვარ საქმეებში ჭიპი აქვს მოჭრილი. სხვა ამბავია, მაგალითად, ჟვანიას საქმე, სადაც ისეა ყველაფერი აჭრილი, ძნელია თავისა და ბოლოს გარჩევა. რაც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში ხდება, უფრო მიზანმიმართული საბოტაჟი მგონია, რასაც პროკურატურაში შემორჩენილი ადეიშვილის დროინდელი კადრები აკეთებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის შემთხვევა მინდა გავიხსენო. ის, რასაც მომიყვნენ ჩემი ფრანგი კოლეგები, პირდაპირ მიუთითებს პროკურატურაში მეხუთე კოლონის არსებობაზე.
პროკურატურამ კეზერაშვილის საქმე ხელოვნურად ჩააგდო. ვითარება ასეთი იყო: ფრანგებმა საქმე აღძრეს კეზერაშვილისა და კიდევ ერთი პირის, ჯანაშვილის წინააღმდეგ. საქმეში ამ უკანასკნელის დანაშაული უფრო იკვეთებოდა. შესაბამისად, ორივეს თაობაზე ინფორმაცია საქართველოდან მოითხოვეს. ჩვენი პროკურატურა ადგა და კეზერაშვილის საქმეზე რაღაც ფარატინა ქაღალდი გაგზავნა, ჯანაშვილი კი საერთოდ არ შეიმჩნია...
შესაბამისად, ჯანაშვილი გაათავისუფლეს, რის მერეც კეზერაშვილის საქმეც დაიხურა. ეს ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა. რაც შეეხება ახალაიას, არც აქ გამოირიცხება საბოტაჟი, თუმცა უფრო მგონია,
დათა ახალაიამ ზოგიერთ საქმეზე პროკურატურასთან ვირტუალურად ითანამშრომლა.

- "ევროპარლამენტში "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით", - განაცხადა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა, ჯოზეფ დაულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

- თუ მართლაც ასე მოხდა, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შედეგი იქნება, თუმცა როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, ეს დაული ევროპარლამენტის წევრიც კი არ არის და "ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო თავმჯდომარეა. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ "რუსთავი 2" - მა პროვოკაცია მოაწყო.
ძალიან კარგად ილაპარაკა ამაზე ვიქტორ დოლიძემ, რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ეს საქართველოს ინტერესებს დააზარალებს. არ მესმის, ვიწროპარტიული ინტერესების გამო ქვეყანას ამდენი როგორ უნდა ავნო?! არ გვჭირდება "ევროპის სახალხო პარტიის" მითითება და ჭკუის დარიგება, ისედაც ცხადად დგას როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების წინაშე ამოცანა - ჩატარდეს არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, თუ მას საქართველო დროულად არ მიიღებს, ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. დიახ, ასეა და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ყველა იმის წისქვილზე, ვისაც საქართველოს ძლიერება არ სურს.

სელფი ტერორისტთან?!


სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელიც 2015 წლის სექტემბერშია გადაღებული. მაშინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სირიელ დევნილებს შეხვდა და რამდენიმე მათგანთან სელფიც გადაიღო. სოცქსელების მომხმარებლების მტკიცებით, ამ ფოტოზე გამოსახულია ნაჯიმ ლააქრაუი, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა.


ნათია დოლიძე
Georgi
03 აპრილი 2016 02:56
Da didi ruseti aris xsna, Erekles mere gvajisheben da nelnela gadagvasheneben saertod, samagierod ertmorzcmonea.
truker
02 აპრილი 2016 12:23
დღეს ტერორისტებს ებრძვის რუსეთი .ხოლო ევრო პა და ამერიკა მათ აფინანსევს და ეხმარება.მიზანი რაა ეშმაკმა იცის.ეშმაკის სახით ამერიკაა.რუსები რაღაცეებს ხვდებიან და ამიტომაც უწევენ მათ წინააღმდეგობებს.ამერიკელები შეკრულები არიან სატანასთან.
truker
02 აპრილი 2016 12:20
აბსურდია ეს რაც წერია.უამრავი მასალა დევს დოკუმენტური რომ ყველაფერი რაც ხდება არის ამერიკელების და ზოგიერთი ევროპის ქვეყნების ბრალი.უმეტესად ამერიკი.სწორედ მათი შექმნილი და დაფინანსებული იყო თავის დროზე თალიბები.მათი ბრალი იყო ერაყის გაპარტახება.მათი ბრალი იყო ლიბიაში რაც მოხდა.მათი შექმნილია და დაფინანსებული სირიის ომიც.მათი შექმნილია ისლამისტური სახელმწიფოც.დანარჩენი არი ბლა ბლა ბლა.გვატყვილებენ .გვატყვილებენ და გვატყვილებენ.როგორც საქართველოს ატყვილებენ აგერ უკვე 30 წელია.ტყვილია ყველაფერი ომის შესახებ რომ აუ ბიჯო რა გული შეტკივათ ამერიკელებს ვიღაცეებზე.იმენნო კიდიათ .და ზოგი ექსპერტი ბლაყუნობს და მეტი არაფერი.რუსებს მონსტრებად გვაჩვენებენ.ამ დროს ისინი ამხელენ ყველას .კიდე კარგი რო არის ძალა რომელსაც შეუძლია ამერიკას წიდ გადაუდგეს .თუ არა დღეს ვიქნებოდით მიწის ქვეშ მთელი საქართველო კერძოდ.გაახილეთ თვალი .შეხედეთ სინამდვილეს.ამერიკა არის ანტი ქრისტე.ასე ჩათვალეთ

რედაქტორის რჩევით