"ამ კონფლიქტის გამწვავების გადაწყვეტილება ბაქოსა და ერევანში არ უნდა ვეძებოთ!"
04-04-2016
"ამ კონფლიქტის გამწვავების გადაწყვეტილება ბაქოსა და ერევანში არ უნდა ვეძებოთ!"
"არჩევნებამდე 6 თვე დარჩა და ეს დრო კრიტიკულია. ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა, სახელისუფლებო კოლაფსის პროვოცირება სცადოს, რითაც ქვეყნის ინტერესები დაზარალდება"

ყარაბაღი წლებია, არა მხოლოდ ამ კონფლიქტში ჩაბმული ქვეყნების, არამედ საქართველოსთვისაც პრობლემაა


მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკურმა პარტიამ" საჯაროდ განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას, პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალაც არჩევნებში დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება, რაც კოალიციის ზოგიერთი წევრისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ნებისმიერი გაერთიანება
ოდესმე აუცილებლად იშლება, თუმცა, გაუგებარია, როგორ მოახერხებენ თანამშრომლობას ჯერ კიდევ კოალიციის სუბიექტები არჩევნებამდე, ან როდემდე დარჩებიან სამთავრობო პოსტებზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები? ცხადია, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე შეცვლილი პოლიტიკური ვითარება ყველა მოთამაშეზე აისახება. ვის აქვს შანსი, ახალი რეალობის გათვალისწინებით, გაუძლოს კონკურენციას ან ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე
მდგარ ქვეყანას უფრო მეტი საფრთხე ხომ არ დაემუქრება, თუ სახელისუფლებო კრიზისი დაიწყება?- გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

- რაც მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებდით პროცესს, რომლის ავანგარდში მყოფი დეპუტატი მეჭიაური უფრო რუპორი და გამხმოვანებელი იყო მოსაზრებების, ვიდრე - ინიციატორი. სწორედ მან დაიწყო ლაპარაკი, რომ კოალიციის ყველა სუბიექტს არჩევნებში დამოუკიდებლად უნდა მიეღო მონაწილეობა. პარტია "ქართული ოცნება" კარგა ხანია, არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ყველას სჯობია და ცალკე საარჩევნო სუბიექტად გასვლა მათთვის წარმატების წინა პირობა იქნება. ასევე ვხედავდით, როგორ ცდილობდა კოალიციის ზოგიერთი წევრი, ესიამოვნებინა მავანისთვის, სხვაზე მეტად "მიეჭირხნა" რესპუბლიკელები და ამით კოალიციაში დარჩენილიყო, თუმცა, დღეს აშკარაა, რომ მათ ამან არ უშველა... არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი პარტი­ის ლიდერმა ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თავის პოლიტიკურ ძალაზე უარი თქვას და გახდეს პოლიტიკოსთა იმ კრებულის წევრი, რასაც პარტია "ქართული ოცნება" ჰქვია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ჩემი აზრით, კოალიცია პარლამენტის ვადის ამოწურვამდე ფორმას შეინარჩუნებს. არ ველი, რომ პარტია "ქართული ოცნების" ოპონირებას ვინმე ნაადრევად დაიწყებს, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს დააზარალებს მათაც და ქვეყანასაც. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ვითარება უფრო დაიძაბოს და პარლამენტის მუშაობაც შეფერხდეს, თუმცა, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, კოალიციის სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პარტია "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან.

- თუმცა, ბუნებრივად ისმის კითხვა: როგორ მოახერხებს თუნდაც "რესპუბლიკური პარტია" საარჩევნო კამპანიის დამოუკიდებლად წარმართვას, თუ ხელისუფლებაში დარჩება და მმართველ ძალას ოპონირებას არ გაუწევს?
- ეს მათი საქმეა. ვფიქრობ, ამ ძალას აქვს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი, რომ სწორად ჩამოაყალიბოს ხედვა და საკუთარ თუ სხვის ნაკლოვანებებზე ზომიერად ილაპარაკონ. ამას ისინი აქამდეც ახერხებდნენ. მიუხედავად პრინციპებისა, არის საკითხები, რაზეც მოსაზრების გამოთქმასაც ზოგჯერ დუმილი სჯობია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ოჯახის განმარტების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომელსაც საზოგადოებამ მხარი დაუჭირა. პარტია "ქართული ოცნება" ამ საკითხით აშკარად ცდილობს ქულების მიწერას და თუ რესპუბლიკელები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებენ, ეს მათ უფრო წაადგებათ. მე მათი გონიერების იმედი მაქვს და ამიტომაც მგონია, რომ დესტრუქციულ მოქმედებებს პარლამენტში არ უნდა ველოდეთ.
დღეს ვითარების არევა ყველაზე მეტად ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზარალებს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტია "ქართულ ოცნებასა" და მათ გზავნილებზე. იმედი მაქვს, არც ისინი წამოჭრიან ისეთ თემებს, რომლებიც მათაც დააზარალებს და სხვასაც არ უბიძგებს დისტანცირებისკენ, მაგალითად, არ მოვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ევრაზიულ კავშირზე და ა.შ.

- თუმცა, ისიც ცხადია, რომ "რესპუბლიკური პარტიის" იდეოლოგია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია. პარტია "ქართულ ოცნებას" ბოლო ხანს ხშირად მოუწოდებდნენ, მათ გამიჯნოდნენ...
- გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა ეს კოალიცია. მაშინ პარტია "ქართული ოცნება" თიIთქმის არ არსებობდა. კოალიცია შეიქმნა სწორედ "რესპუბლიკური პარტიისა" და "თავისუფალი დემოკრატების" მონაწილეობით. ახლა გაჩნდა ამ პარტიების მიმართ უნდობლობა?! დღეს აღმოაჩინა პარტია "ქართულმა ოცნებამ", რომ რესპუბლიკელები ხალხს არ უყვარს?! კოალიციის დაქუცმაცებას პოზიტიური მხარეც აქვს. თუ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას, უპირველესად ამომრჩეველი დარჩება მოგებული, რადგან მის ერთ ხმას ერთდროულად ექვსი სუბიექტი კი არ მიიღებს, არამედ ის, ვინც მას ყველაზე მეტად მოსწონს. ვფიქრობ, საარჩევნო სივრცე ასე უფრო კონკურენტული გახდება. ვისაუბროთ უარყოფით მხარეებზეც. არჩევნებამდე 6 თვე დარჩა და ეს დრო კრიტიკულია. ზოგიერთმა ძალამ შესაძლოა, სახელისუფლებო კოლაფსის პროვოცირება სცადოს, რითაც ქვეყნის ინტერესები დაზარალდება.

- რომელი პოლიტიკური ძალები შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში და რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს პოლიტიკურ ასპარეზზე?
- პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ძნელია, ვივარაუდოთ, როგორი იქნება მომავალი პარლამენტის კონფიგურაცია, რადგან ინდივიდუალური მოქმედების გამოცდილება სულ ორ-სამ სუბიექტს აქვს, თანაც - არც მაინცდამაინც წარმატებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო გამოკითხვებით ამომრჩეველთა 40% არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ ამ ელექტორატის გააქტიურება უნდა სცადონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა. მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს შესაძლებელია და მათ ამის რესურსი აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო ურნებთან და ეს, ალბათ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. თუ არავინ მოგწონთ და აგრესიულად ხართ განწყობილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ, მიდით არჩევნებზე და ეს აგრესია ყველა სუბიექტის გადახაზვით გამოხატეთ...

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს პარტია "ქართული ოცნება" არჩევნებამდე გადახალისებას?
- კარგი იქნებოდა, მოეხერხებინა. როგორც ამბობენ, ახალ სახეებს "ინტელექტკლუბსა" და "20:30"-ში ეძებენ. არ ვიცი, საზოგადოებისთვის უცნობი და პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანები მოახერხებენ კი ჯერ საზოგადოების ნდობის მოპოვებას და მერე - ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი­ როლის თამაშს?

- ფარული ჩანაწერების თემაზე აჟიოტაჟი არ წყდება...
- მაოცებს პროკურატურის გულგრილობაც. მათ განაცხადეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება არ დადასტურდა და ეს იყო ინტერნეტვირუსი­... თუმცა,
მაიმედებს ამ პროცესში ამერიკული სამსახურების ჩართვა. როგორც მათი ერთ-ერთი წარმომადგენლისგან შევიტყვეთ, ჩანაწერები საქართველოდან არ ატვირთულა...
არ ვიცი, შეიძლება, ჯერ იმიტომ არ ამბო­ბენ არაფერს, რომ ვიღაცას არც სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება...
როგორც ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ამ ჩანაწერებისადმი საზოგადოების ინტერესიც განელდა. რაც მოხდა, იმით რისხვა დაიმსახურა ყოფილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამის შემქმნელებსა თუ გამავრცელებლებს, ასევე ხელი­სუფლებას, რომელმაც თავის დროზე არ მიიღო ზომები ამის აღსაკვეთად, შეგვიძ­ლია ვუთხრათ არა: "ეს შენ გეხება!" არამედ­: "ეს შენი ბრალია!"

ვიმეორებ, მაიმედებს ამ საქმეში ამერი­კელთა მონაწილეობა, თუმცა, მახსოვს, აქ ჩამოსულმა უცხოელმა პროკურორებმა არაერთ საქმეზე თქვეს, რომ წინა ხელისუფ­ლების წარმომადგენელთა ბრალეულობა იკვეთებოდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ჰოდა, მალე ალბათ ინტერპოლი ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციას სასაცილოდ ვიგდებთ და ჩვენი პროკურატურის განცხადებას აღარ მიიღებს... ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე პროკურატურაში მისდიოდათ დირექტივები, სამართლიანობა არ აღდგენილიყო და ლამის ქართული სასა­მართლოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ გამოაცხადეს კაცი, რომელიც მანამდე ამ სასამართლოს დამსამარებლად მიაჩნდა ყველას... მოკლედ, ჩვენში ნაფტალინში ბვერი ინახავს­ თავს, მერე ჩამოიბერტყავენ მას და ახალი ხელისუფლების "ჯარისკაცები" ხდებიან... ასეთ ვითარებაში სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია...

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, პაპავას წასვლა სურდა სწორედ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობისას­ ორჯერ საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება მოუხდა ლადო პაპავასთან "დამოუკიდებელ ექსპერტთა" კლუბში. ბოლო წვეთი კი აღმოჩნდა ამ ორიოდე თვის წინ გამოქვეყნებუ­ლი ლადო პაპავას ინტერვიუ, რომელშიც მან "გაზპრომთან" დაკავშირებით სამართლიანი პოზიცია გამოხატა. სწორედ ლადო პაპავა ალაპარაკდა უნივერსიტეტში "ოდეერების" თემაზე, არადა, ეს ვითომ თვითმმართველობის წარმომადგენლები მას სწორედ "ოდეერისთვის" ხელის დაფარებას აბრალებდნენ. საეჭვო იყო განათლების მინისტრის პოზიციაც, რომელიც ყოველთვის ცდილობს­ ხოლმე კორექტულობას... საინტერესოა, დაიწყებენ თუ არა საპროტესტო გამოსვლებს ეს ვიღაცის მართული სტუდენტები­, თუ მათ რექტორად დაინიშნება "ქართუ ბანკის" მოლარე?!

იმედი მაქვს, თავდასხმას არ უნდა ველოდეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტ, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილზე, რომელსაც ასეთივე ახალგაზრდული ორგანიზაცია ერჩის. თურმე, სახალხო დამცველს ძვირად ღირებული მანქანა უყიდია, არადა, მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც გზები ასფალტირებული არ არის, ეს მანქანა აუცილებელია... დღეს უკვე ვიცით სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის შინაარსი და აშკარაა, რომ ხელისუფლება მისით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, მას გადადგომას არ აიძულებენ...

- უკიდურესად გამწვავდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს საფრთხე, ყარაბაღში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს...

- ძალიან სამწუხარო პროცესი დაიწყო. ყარაბაღი წლებია, არა მხოლოდ ამ კონფლიქტში ჩაბმული ქვეყნების, არამედ საქართველოსთვისაც პრობლემაა. სწორედ ყარაბაღის გამო სამხრეთ კავკასია ვერ ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით მიმზიდველ რეგიონად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამწვავების გადაწყვეტილება ბაქოსა და ერევანში არ უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, ვიღაცას კავკასიაში შფოთის კოეფიციენტი შეუმცირდა. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ამ რვა წლის წინ ვესაუბრე რუს მეცნიერსა და 90-იან წლებში რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ იური აფანასიევს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მან მიამბო, როგორ ჩავიდა ყარაბაღში ვითარების შესასწავლად ჯერ კიდევ კონფლიქტის გარიჟრაჟზე. თურმე, ორი დღე რუსმა ოფიცრებმა უმასპინძლეს, მესამე დღეს კი უთხრეს, ერევანში უნდა წახვიდეო. როდესაც აფანასიევი დაინტერესდა, რატომ უნდა წასულიყო, პასუხად მიიღო, ხვალ ყარაბაღში ომი იქნებაო...
მიამბობდა, გაოგნებული ვიყავი ოფიცრების გულწრფელი აღიარებით, რომლებიც მიხსნიდნენ, ჩვენი ჯარის ნაწილი -სომხეთის, ნაწილი კი აზერბაიჯანის მხარეს იბრძოლებსო... აფანასიევი წავიდა ერევანში, მეორე დღეს კი მართლაც დაიწყო ომი... ეს იმის სადემონსტრაციოდ მოვყევი, რომ ეჭვიც არ მეპარება: დღევანდელ პროცესებსაც რუსეთი მართავს.

- აცხადებთ, რომ კონფლიქტის განახლება, შესაძლოა, ისევ რუსეთს უკავშირდებოდეს. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს კრემლს და ხომ არ ეცდება, თუნდაც საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისკენ იარაღის გატანით, ამ კონფლიქტში ჩვენს ჩათრევას?
- რუსეთს ერთადერთი მიზანი აქვს - გააჩინოს ცეცხლი ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, რათა როგორმე თავისი დამშეული მოსახლეობის ყურადღება ახალ-ახალ სამხედრო თუ სამშვიდობო ოპერაციებზე გადაიტანოს. ვიდრე რუსეთი ასეთი არაპროგნოზირებადი სახელმწიფოა, საფრთხე მუდამ იქნება, მაგრამ უფრო საშიში იქნებოდა, რუსეთს საქართველოს დაყოლიება და აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედება რომ მოეხერხებინა. მაშინ ძალიან გაჭირდებოდა იმ ტვირთების გაკონტროლება, რასაც რუსეთი სომხეთში გაგზავნიდა და საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა და იმედია, არც მომავალში მოხდება. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი თუ დაიწყო, საქართველომ საგანგებო ზომები უნდა მიიღოს! ვფიქრობ, ლარსში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ტვირთები, რუს მებაჟეებთან ერთად, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის მებაჟეებმაც შეამოწმონ, რათა პროვოკაციები თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება საჰარეო სივრცეს, აქ ვითარებას მხოლოდ ერთი ქვეყანა არ არეგულირებს, ეს არის საერთაშორისო გარიგება და ვინც მას არღვევს, უმკაცრეს სანქციებს უწესებენ. როგორც ვთქვი, არავის უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი საჰაერო თუ სახმელეთო სივრცე გამოიყენოს და ამ კონფლიქტში ჩაგვითრიოს.

სიმართლე გითხრათ, თავის დროზე საბჭოთა რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი ამ პრობლემის მძევლად არის ქცეული სომხეთი, რომელიც შეიძლებოდა ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენზე წარმატებულიც ყოფილიყო, რომ არა მთიანი ყარაბაღი, რომლის შენარჩუნებაში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ ამ ქვეყანამ ბევრი რამ დაკარგა. რუსეთმა სწორედ იმისთვის შექმნა ეს პრობლემა, რომ სომხეთის კონტროლით სამხრეთ კავკასიაში პოზიცია შეენარჩუნებინა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა. აქამდე ათეულობით წელი ვახერხებდით, რომ ვყოფილიყავით სანდო მეზობელი როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთისთვის და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამას მხოლოდ ნეიტრალიტეტით მოვახერხებთ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. თავის დროზე ეს აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიცია შევარდნაძის მიდგომა იყო, რაც სააკაშვილმა დაბალანსების პოლიტიკით შეცვალა. ჩემი აზრით, ამან არ გაამართლა, ამიტომაც ჯობს, კვლავ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციას დავუბრუნდეთ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით