"მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კატასტროფა იქნება"
25-04-2016
"მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კატასტროფა იქნება"
"არც ერთი პარტია არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან"

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი მოქმედება ჰგავს ადამიანის ორგანიზმში არსებულ მავნე ბაქტერიას, რომელიც მუდმივად გვჭამს


"საქართველო არის ნაწილობრივ ოკუპირებული და მთლიანად ევროპული", - პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნათქვამი ეს ფრაზა, შესაძლოა, გამოსვლის მთავარ გზავნილადაც მივიჩნიოთ. სწორედ ამ გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მომწონს ბატონი კვირიკაშვილი და, ჯერჯერობით, ის თავს წარმოაჩენს არა მხოლოდ ზომიერ და წინდახედულ ადამიანად, არამედ ღრმად
მოაზროვნედაც. რაც შეეხება ამ გამოსვლას, ვფიქრობ, ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მთავრობის წინა მეთაურების გამოსვლებისგან, თუ არ ჩავთვლით ედუარდ შევარდნაძეს. ეს იყო კარგად სტრუქტურირებული სიტყვა, სწორად დასმული აქცენტებით, რაშიც კარგად გამოჩნდა კვირიკაშვილის პიროვნულობა. ის საკმაოდ სწორად და ზომიერად აფასებს როგორც ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ასევე ჩვენს პერსპექტივებს. მისი
განცხადებები იყო მოზომილი და გადაუჭარბებელი. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ შეუქცევადი სვლა დასავლეთისკენ, რის თაობაზეც ძალიან სწორი გზავნილები მოვისმინეთ ბატონი პრემიერისგან. კვირიკაშვილმა თავისი გამოსვლით კარგად აჩვენა, როგორია ჩვენი ქვეყანა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რასაც, ვფიქრობ, ევროსაბჭოში შესაბამისად გაიგებდნენ. პრემიერის დებიუტი უდავოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.

- თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, კვირიკაშვილი ვირტუალურ საქართველოზე ლაპარაკობდა და არა რეალურზეო...
- არ მიწყინოთ, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს გიორგი კანდელაკის აზრი...

- კითხვა-პასუხისას კვირიკაშვილს რამდენიმე მწვავე შეკითხვაც დაუსვეს, რასაც ხელისუფლებაში სწორედ ყოფილი სახელისუფლებო ძალის "დამსახურებად" მიიჩნევენ...

-"ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია საკუთარი პარტიული ინტერესების გამო, დასავლეთში ქვეყნის დამაზარალებელ საქმიანობას ეწევა. იყო თუ არა ევროპარლამენტარების კითხვები "ნაციონალური მოძრაობის" შეკვეთა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, გარკვეული ფონის ან არასწორად მიწოდებული ინფორმაციის წყალობით იქაც არსებობდეს კრიტიკული აზრი. მთავარია, კვირიკაშვილმა კითხვებს მშვენივრად, აუღელვებლად და დამაჯერებლად უპასუხა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი მოქმედება ჰგავს ადამიანის ორგანიზმში არსებულ მავნე ბაქტერიას, რომელიც მუდმივად გვჭამს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ჩემი აზრით, როგორც ფაშისტური პარტია, ესეც უნდა გასამართლებულიყო და აკრძალულიყო. ვითომ მათი აზრით, "პრორუსული" "ქართული ოცნება" ამაზე არ წავიდა... არადა, რომ წასულიყო, იყვირებდნენ ცოტა ხანს და შემდეგ ქვეყანა დაისვენებდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს არანაკლებ აზარალებს "რუსთავი 2", რომელიც ჩვეულებრივი მავნებელია.

- პრემიერის მიმართ იყო კრიტიკული შენიშვნა, რომ რუსეთის მიმართ უფრო მძაფრი განცხადებების გაკეთებაც შეიძლებოდა...
- ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, პრემიერი საკმაოდ კატეგორიული იყო. მან არაერთხელ ახსენა ოკუპაცია, ზედმეტი აგრესიულობა სულ არ არის საჭირო. ასეთი გართულებული ურთიერთობებისას უკან დასახევი ყოველთვის უნდა მოიტოვო და არც იმას უნდა ეცადო, რომ მგელი მოაქციო ჩიხში, რადგან ის ამ დროს ყველაზე სახიფათო ხდება. მოკლედ, პოლიტიკური მანევრის სივრცე უნდა დაიტოვო შენც და დაუტოვო ოპონენტსაც. წლების განმავლობაში ჩვენ არ ველაპარაკებოდით რუსეთს და ამის შედეგი ნეგატიურის გარდა, არაფერი ყოფილა. ახლა ველაპარაკებით და რაღაც შედეგის ჩანასახის ჩანასახი ჩანს, რაც, ჩემი აზრით, მაინც დადებითი მომენტია. სამწუხაროდ, ასეთი მეზობელი გვარგუნა ღმერთმა და ამას ვერსად გავექცევით... დიალოგისთვის სივრცე აუცილებლად უნდა დავტოვოთ, რაოდენ უიმედოც უნდა ჩანდეს ის.

- "პირველი მთავრობა ვართ დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ", - განაცხადა პრემიერმა, თუმცა ალბათ მთლად ასე იდეალურადაც არ უნდა იყოს საქმე. ბოლო ხანს არაერთისგან მოვისმინეთ, რომ მათ კვლავინდებურად უთვალთვალებენ. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ მათ, მათ მშობლებს, ახლობლებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკითხავენ და ზეწოლას ცდილობენ...
- იდეალური საზოგადოება არ არსებობს. ხომ გახსოვთ, გაირკვა, რომ თავად ობამაც კი უთვალთვალებდა ანგელა მერკელს. კანონი ყველა საზოგადოებაში ირღვევა, სპეცსამსახურებიც ზოგჯერ აჭარბებენ უფლებებს, მით უფრო, ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. გვახსოვს დიდ საბჭოეთში თვალთვალის მასშტაბი რამხელა იყო. ეს გაგრძელდა შემდეგაც და სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლამის კომუნისტებს აჯობეს. სააკაშვილის რეჟიმისას ადამიანებს უთვალთვალებდნენ და მათ ისე აშინებდნენ, რომ ამაზე ლაპარაკს ერთეულები თუ ბედავდნენ. დღეს თუ ვინმე ეჭვობს, რომ უთვალთვალებენ, ამას საჯაროდ ამბობს, არ ეშინია, რაც ნამდვილად პროგრესია, თუმცა დარწმუნებული ვარ, გადაცდომები კვლავ არის და კანონიც ირღვევა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეცსამსახურები დემოკრატიულობის თვალსაზრისით ნამდვილად ცუდად არიან გაწვრთნილები. ეს პრობლემები გაცილებით მწვავეა რეგიონებში.

თუ მკითხავთ, კიდევ უდებენ თუ არა მოქალაქეებს ნარკოტიკს, გიპასუხებთ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ უდებენ, მაგრამ ეს აღარ ხდება მასშტაბურად. რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ დღეს გაცილებით თავისუფლად ვსუნთქავთ, თუმცა იდეალური ქვეყანა ნამდვილად არა გვაქვს. არ დაგავიწყდეთ, დღეს იგივე პოლიციელები მუშაობენ, იგივე პროკურორები თუ მოსამართლეები... რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება უკეთესი იყოს, თუმცა ამას პოლიტიკურ ნებასთან ერთად თაობის გამოცვლაც სჭირდება. საზოგადოებას ქმნიან ადამიანები, ჩვენ კი ის ხალხი ვართ, ვისაც ნორმალურ საზოგადოებაში არ გვიცხოვრია. ჩვენ არ ვიცით, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოება. 2 საუკუნე არ გვქონია სახელმწიფოებრიობა და საქართველო იყო იმპერიისგან ყველაზე ხისტად მართული კოლონია. გასაკვირიც კია, რომ საქართველო დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირა ქვეყნებს, ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. ამ ნანგრევებზე ჩვენ შევქმენით მეტ-ნაკლებად ღირსეული საზოგადოება. ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს სიამაყის საფუძველი. წაბრძანდით აზერბაიჯანში ან სომხეთში და ნახეთ, როგორ ირღვევა იქ ადამიანის უფლებები და რა მასშტაბისაა თვალთვალი...

- მიუხედავად ხელისუფლების დეკლარირებული დასავლური კურსისა, მისი ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები აშკარად გაუგებარი და საშიშიც კი ჩანს...

- ვხვდები, ვისაც გულისხმობთ, თუმცა უკვე ისეთი რეალობა გვაქვს, რომ პარტია "ქართული ოცნება" უნდა გავმიჯნოთ კოალიციის სხვა წარმომადგენლებისგან. ძირითადად, ანტიდასავლური განცხადებები მოგვისმენია არა პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან და თუ ამ პოლიტიკური ძალის­ წევრსაც უთქვამს მსგავსი რამ, ეს ნამდვილად არ არის ხელისუფლების პოზიცია. ესენი, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს საბჭოთა კავშირში, მაშინ მათ მშვენივრად იცოდნენ, როგორ მოეპარათ სახელმწიფოსთვის ფული და როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდნენ თავს. შვილებმა და შვილიშვილებმა კი მათ თავზე თამაშის ახალი წესები მოახვიეს და რა გასაკვირია, რომ ისევ უკან მიილტვიან, თუნდაც იმიტომ, რომ რუსულის მეტი სხვა უცხო ენა არ იციან.

- კოალიციის დაშლისა და რესპუბლიკური პარტიის ცალკე წასვლის შემდეგ, საგარეო კურსის თაობაზე მავანი კიდევ უფრო მკვეთრად სვამს კითხვებს...
- რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", მათ პოზიციას მსოფლმხედველობრივ განსხვავებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. კოალიციის დაშლა გამოწვეულია საარჩევნო პროცესით და იმ გაუგებრობებით, რაც ამის გამო კოალიციაში წარმოიშვა. იმ ვიწროპარტიული ინტერესებით, რაც თითოეულ ძალას ჰქონდა, ეს არის, შესაძლოა, არცთუ სუფთად მორალური თვალსაზრისით გადადგმული, პრაგმატული ნაბიჯი.

- საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე გამუდმებით ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორიც და ოპოზიციაც. ხელისუფლება ნაწილობრივ იზიარებს ამ მოსაზრებებს, თუმცა არსებით საკითხებზე შეთანხმება მაინც ვერ ხერხდება. ერთ-ერთი საკითხი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე მიღებული კანონის 2016 წელსვე ამოქმედებაა...

- კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და საერთოდ, დიდი შეცდომა მგონია მიღებული კანონი, რომელიც 2020 წელს უნდა ამოქმედდეს.
ეს კატასტროფა იქნება. რატომ უნდათ ახლა გაუქმება? - იმიტომ, რომ ჰყავთ ერთი ქარიზმატული ლიდერი და მისი საშუალებით სურთ პარლამენტში ბრბოს შეყრა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! მაჟორიტარულ სისტემაში ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებების მოთხოვნის საპასუხოდ, ხელისუფლებამ წამოჭრა საკითხი, რომ პარტიები, რომლებიც ხმათა 2%-ს მიიღებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ, თუმცა ბევრისთვის ეს ინიციატივა გაუგებარია და პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
- ჩემი აზრით, არც ერთი პარტია არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან. მე ვიხდი გადასახადს და ნერვები მეშლება, რომ ეს ადამიანები იღებენ ფულს. ჩემთვის ხელისუფლების ეს ინიციატივა კიდევ უფრო გაუგებარია. გაჩნდა ეჭვი, რომ ამას აქვს პოლიტიკური მოსყიდვის ელფერი, თუმცა მე არ მივიჩნევ ასე. ეს არის რაღაცნაირი სოლიდარობის მცდელობა, რათა მეტ-ნაკლებად ერთნაირ პირობებში იყვნენ პოლიტიკური ძალები და თანასწორობის განცდა გაჩნდეს, თუმცა ეს არასწორია!

- აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოზე ისაუბრა. მან ილაპარაკა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინა ხელისუფლების მიღწევებსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მისი აქტივების გაყინვა მოითხოვა. "ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პროცესი. ამ არჩევნებზე საქართველო გადაწყვეტს, რჩება თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თუ მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ", - განაცხადა რასელმა...
- წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის რასელი და არც მაინტერესებს. ასე ხელაღებით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დანაშაულის დაბრალება, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მის არასერიოზულობაზე მეტყველებს. რაც შეეხება ივანიშვილს, არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო მას შემდეგ, რაც არაერთი წარმოება შექმნა და განავითარა; რომელიც ვერ ჩადის რუსეთში, რადგან იცის, რომ დაიჭერენ ან მოკლავენ, რუსეთის საქმეს აკეთებდეს. ერთ კონგრესმენთან "საქმის ჩაწყობა" საკმაოდ მარტივია. მით უფრო, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი ფინანსური რესურსები აქვს, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ... ამ განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, არც ისეთ ქმედებას, რომელსაც რაღაც გავლენა ექნება აშშ-ის პოლიტიკაზე.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი აირჩიეს, მაგრამ სტუდენტები კვლავაც საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავენ.

- მეც სტუდენტების გვერდით ვიქნები! რაც მოხდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე, ეს ყოვლად მიუღებელი, სამარცხვინოა და აჩვენებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების რეალურ დონეს. იმ ქალბატონმა, რომელიც აირჩიეს, თავიდან თქვა, მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ვიქნები და რექტორობაზე პრეტენზია არ მექნებაო, მაგრამ როგორც კი აირჩიეს, მაშინვე გადათქვა ეს. გაოცებული ვარ განათლების სამინისტროს უმოქმედობით.
"115-ე აუდიტორიის" ახალგაზრდების კარგად მესმის. რომ შეხვიდეთ უნივერსიტეტში და ნახოთ, ვინ არის იქ ზოგიერთი პროფესორი, რა მორალის ხალხი კითხულობს ლექციებს, გული გაგისკდებათ. უნივერსიტეტის მმართველობაში დარჩენილია არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილი ხალხი, არამედ ის პირებიც კი აგრძელებენ მუშაობას, პარტისტორიას რომ კითხულობდნენ...

- არსებობს ეჭვი, რომ ახლა მათ გამოყენებას "ქართული ოცნება" ცდილობს...

- "ქართული ოცნება" იყენებს იმ პირთა ბაზას, რაც არსებობს. რადგან არსებობენ ამგვარი ადამიანები, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია შეეცდება მათ გამოყენებას, რაც ამორალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია...

- NDI-ის კვლევების კვალდაკვალ, პარტიებმა გაავრცელეს IRI-ის კვლევის შედეგებიც, რომელის მიხედვითაც "ქართული ოცნებას" 20%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 19%-იანი, "თავისუფალ დემოკრატებს" - 13% ემხრობა, ლეიბორისტულ პარტიას კი - 8%. გამოკითხულთა 40%-მა კი ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას.
- არც ერთი ამ კვლევის შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, ელექტორატის ნაწილს ჯერ მართლაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, დანარჩენი ნაწილი რეიტინგებისა კი სერიოზულ ეჭვს იწვევს. ვფიქრობ, წარმატების იმედი ლეიბორისტებს არ უნდა ჰქონდეთ, "თავისუფალი დემოკრატები", ალბათ, გადალახავენ ბარიერს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ბევრს ტყუილად იოცნებებენ, დარწმუნებული ვარ, ეს ძალა 15%-იან მხარდაჭერასაც ძლივს მოიპოვებს... ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რაც ძალიან კარგია, რადგან მოუწევთ შექმნან კოალიცია და მთავრობა არა პარტიული, არამედ პროფესიული პრინციპით დააკომპლექტონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. ისე, "ქართულ ოცნებას" ნახევრად ხუმრობით ვურჩევ, მთლად რამაზოტის კონცერტის იმედად ნუ იქნებიან

- შალვა რამიშვილის მტკიცებით, მისი ტელეკომპანია "იმედიდან" დათხოვნა უკავშირდება არა მის არაეთიკურ საქციელს, არამედ პოლიტიკურ პროცესებს და იმას, რომ მას შემდეგ, რაც არხის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ აიძულა, მოეწვია გადაცემაში მოსამართლე ლევან მურუსიძე, მან უარი თქვა პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაზე...

- შალვა მეტად არაორდინარული ადამიანია, უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ მის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ტყუილია, შესაბამისად, სრული საფუძველი არსებობს, რომ მის განცხადებებში ეჭვი შევიტანოთ, თუმცა გამიჭირდება რაიმეს მტკიცება. არც არის გამორიცხული, გარკვეული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეთ არა "იმედის" მფლობელებს, არამედ მათ მრჩევლებს...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით