"ხელისუფლების პროპაგანდა წარმატებულია თუ წარუმატებელი, საარჩევნო ყუთთან გამოჩნდება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების პროპაგანდა წარმატებულია თუ წარუმატებელი, საარჩევნო ყუთთან გამოჩნდება"

"ტელემედია მონოპოლიზებულია და მოქალაქეების ზომბირების სამსახურშია ჩაყენებული"

სტრესებითა და უარყოფითი ემოციებით გაბეზრებულ ქართველობას ისევ მორაგბეებმა გვიშველეს და დაუმადლებელი გამარჯვება გვაჩუქეს. ეგებ, პოლიტიკურ გვერდზე სამსჯელო არც იყოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რაკი არა მხოლოდ სპორტში, ყიდვა-გაყიდვისა და აღებმიცემობის დოღად გადაქცეულ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ეს ალბათ ერთადერთი სფეროა, ყოველგვარი "ქვედინებებისა" და მახინჯი გამოვლინებების გარეშე, მხოლოდ საკუთარი საქმის სიყვარულით რომ ირჯებიან.

თანაც ისე, რომ არათუ დაუმსახურებელს, რაც ეკუთვნით, იმასაც არავისგან მოითხოვენ... პუტინისა და რუს ოპოზიციონერთა პირველი შერკინებაც ანგარიშის დიდი სხვაობით დასრულდა - თუმცა პუტინის სასარგებლოდ. მაგრამ ოპოზიციური გამოსვლები ისეთი რამ არის, მთავარი დაწყებაა... მით უფრო, რუსეთში, სადაც ფართო მასები საზოგადოებრივ აქტივობას პრეცედენტების მიხედვით ეწევიან... სოციოლოგიის პროფესორთან, იაგო კაჭკაჭიშვილთან საუბარი სწორედ რუსეთის თემით დავიწყეთ:

-რუსულმა ოპოზიციამ რუსეთის 50 ქალაქში საერთო "რისხვის დღე" მოაწყო. ხელისუფლებას ცდა არ დაუკლია, რომ ისედაც მცირერიცხოვანი მანიფესტაციები კიდევ უფრო "ხალვათად" წარმოეჩინა. ყველა წინა პირობის გათვალისწინებით, რამდენად შეიძლება ამ აქციის მაგალითზე ვიმსჯელოთ, რომ რუს საზოგადოებაში საერთო-საპროტესტო მუხტი მატულობს? რა შედეგები შეიძლება მას მოჰყვეს?

- ვლადიმირ პუტინს რუსი საზოგადოება, პირველ რიგში, რუსეთისთვის ზესახელმწიფოსა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსის რეაბილიტაციის გამო ემადლიერება. "ველიკოდერჟავული" ინტერესები რუსეთში აშკარად გადაფარავს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრუნვას. მეტიც, ერთი მხრივ, "დემოკრატიულის" და, მეორე მხრივ, "დიდი" რუსეთის საზრისები ბევრ საკითხში შეუსაბამოა ერთმანეთთან. როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ისე რუსეთის ჩვეულებრივ მოქალაქეებს შესანიშნავად ესმით, რომ დემოკრატიის გზით სვლამ რუსეთი შეიძლება დაშლამდე მიიყვანოს, რაც მის მსოფლიო ძლიერებას უაღრესად დაასუსტებს.

საბჭოთა კავშირის, როგორც რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის, დასაშლელად ხომ დემოკრატიის, კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ გარკვეული დოზები აღმოჩნდა საკმარისი  ("პერესტროიკის" ფარგლებში).  დღეს რუსეთის არც ხელისუფლება და არც ზოგადად, საზოგადოება არის მზად იმისთვის, რომ დაუშვას რუსეთის რღვევა. ამიტომაცაა, რომ პუტინსა და მის ოპოზიციას შორის გამყოფი ძირითადი ხაზი დემოკრატიაზე არ გადის. რუსეთის ხელისუფლების ყველაზე მძლავრი ოპოზიცია კომუნისტური პარტიაა, რომელსაც პუტინისგან სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მოდუსები განასხვავებს და არა დემოკრატიისადმი სწრაფვის ხარისხი (სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ""რისხვის დღის"" ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ კომუნისტური პარტიაა).

სწორედ ამიტომ აიტაცეს რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ვადით დარჩენის ეფექტიანი, მაგრამ სამარცხვინო მოდელი.

- აქცია ჩატარდა ცხინვალშიც, რომელშიც კოკოითის ოპოზიციასთან ერთად, აგვისტოს ომში დაზარალებული მოსახლეობაც იყო ჩართული. იმოქმედებს თუ არა ასეთი აქციები ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე?

- სამხრეთ ოსეთში ანტისახელისუფლებო გამოსვლები, ჯერჯერობით, ვერ იქნება "ციხის შიგნიდან გატეხის" მაპროვოცირებელი ფაქტორი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ. სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი განწყობა, ამ ეტაპზე, იმ განზომილებაში თავსდება, როდესაც დამოუკიდებლობის (თუნდაც მყიფე) ხიბლი სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს გადაწონის (შეიძლება შედარება 80-იანი წლების მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, როდესაც ხალხი გულწრფელად ამბობდა, ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და ბალახს მოვძოვთო).

ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როდესაც ოსები გააცნობიერებენ საკუთარი დამოუკიდებლობის უპერსპექტივობას, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიული გავლენის, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო იზოლაციის ფარგლებში. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველომ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ოსებში მეტ-ნაკლებად მომხიბვლელი ქვეყნის იმიჯი დაბადოს და ისინი საქართველოს წიაღში დაბრუნების მიმართ რეზისტენტული არ გახადოს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დღეს თითქმის არაფერი კეთდება.

- კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც რუსეთში გამართულმა აქციებმა გამოაჩინა, ამერიკელთა რეაქცია იყო. "რუსეთში ადამიანის უფლებების მამაცი დამცველებისთვის უნდა ვილოცოთ და სახალხოდ დავუჭიროთ მხარი მაშინ, როცა ისინი პროტესტს გამოხატავენ. ამ მამაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე სურთ. მათ სურთ, ჰყავდეთ ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ ძლიერი, არამედ სამართლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიულიც იქნება", - განაცხადა მაკ-კეინმა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო ასეთი მგზნებარე ამერიკელი სენატორი ქართულ ოპოზიციასა და ზოგადად, საპროტესტო მუხტზე საუბრისას? საქართველოში დემოკრატიის მხრივ უკეთესად გვაქვს საქმე, ვიდრე რუსეთში? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასე არ ეწერა...

- მაკ-კეინი ცნობილია თავისი ხისტი და ემოციური განცხადებებით. ცნობილია ასევე მისი ზომაზე მეტად ცივი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ასეთი რიტორიკა წახალისებულია იმით, რომ მაკ-კეინი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი არ არის და იგი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატია. სხვა მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რუსეთის ხელისუფლების მიმართ მკაცრი საყვედურებით და რუს უფლებადამცველთათვის "ლოცვა-კურთხევით" ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია არ გამოირჩევა.

აშშ-ს სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა ირანის, ავღანეთის, ისლამური ტერორიზმის პრობლემების მოსაგვარებლად და მზადაა რუსეთს მხოლოდ მოზომილად და დოზირებულად შეახსენოს მეორეხარისხოვანი საკითხები, რომელთა შორისაა (სამწუხაროდ!) რუსეთში დემოკრატიის შელახვა და თუნდაც უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საქართველომ ძირითადი პრობლემების მოგვარების პანაცეა თავის საზღვრებს მიღმა არ უნდა ეძებოს - დახმარება, ცხადია, გვაქვს და იქნება, მაგრამ როგორც იმ მეინსტრიმის (წამყვანი მიმართულება) მძლავრი შენაკადი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა შექმნას უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად - ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლებით დაწყებული და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით დამთავრებული.

აქვს თუ არა დღეს საქართველოს ასეთი მეინსტრიმული პოლიტიკა ჩამოყალიბებული? ცხადია, არა: ნაციონალური ტელემედია მონოპოლიზებულია და მოქალაქეების ზომბირების სამსახურშია ჩაყენებული, სულ უფრო იზრდება გაუცხოება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და სხვ. რომელი ერთი ჩამოვთვალო. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ავტონომიურად, ანუ საკუთარ წიაღში პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ქვეყანა არ არის.

- ვლადიმირ პუტინმა და ჰილარი კლინტონმა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "ვლადიმირ პუტინმა ძალიან საინტერესო აზრები გამოთქვა, ის საინტერესო, ბრწყინვალე სიტყვებს იყენებდა. კლინტონი არგუმენტებს იღებდა" - განაცხადა პუტინის აპარატის წარმომადგენელმა. შეკითხვა შესაძლოა, რიტორიკული იყოს, მაგრამ მაინც: პუტინს საქართველოზე საუბრისას რომელი ბრწყინვალე სიტყვა შეიძლება გამოეყენებინა, ან რა არგუმენტი უნდა მიეღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს?

- პუტინის "ბრწყინვალე" სიტყვები, შესაძლოა, იმავე რანგის ყოფილიყო, რაც მან ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილეზე თქვა, რომ ის ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს პრობლემების მოგვარებაში და რომ "ჩიხური სიტუაცია არ არსებობს".

ანუ, ეს არის ცინიზმთან წილნაყარი ფუჭი რიტორიკა. თუმცა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველო-რუსეთის დახშული ურთიერთობები მხოლოდ შუამავლების მეშვეობით უნდა გაიხსნას და პირდაპირ მოლაპარაკებებს რკინის ფარდა ჩამოეფაროს. დღეს საქართველოს ხელისუფლებას (როგორც საკუთარი, ისე რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევით) რუსეთთან ურთიერთობის ყველა გზა ჩაკეტილი აქვს. სააკაშვილის რეჟიმი წარმატებით ახერხებს, რომ რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობა მარგინალიზაციის ეფექტიან ინსტრუმენტად აქციოს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისათვის, ისე საზოგადოების სხვა ჯგუფებისათვის.

რუსეთთან ნებისმიერი არაკონფლიქტური შეხება "მოღალატის" სტიგმის მყისიერ აკვრას ნიშნავს. ხელისუფლება, ყველა პროპაგანდისტული საშუალებით, ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი "სიტუაციური" მტრიდან პერმანენტულ, "შეუქცევად" მტრად იქცეს, რომელთანაც საქართველოს არასოდეს ექნება დალაგებული ურთიერთობა.

ასეთი პოლიტიკა, სულ მცირე, არამომგებიანია უმწვავესი პრობლემების (დაკარგული ტერიტორიები, ჩაკეტილი რუსული ბაზარი და სხვ.) გადაჭრის მიმართულებით. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ანტირუსულ და პრორუსულ პოლარიზაციაში (რაც მედლის ორი მხარეა) მოიძებნოს მესამე - რუსეთთან რაციონალური ურთიერთობის გზა. ეს ნიშა აუთვისებელია და მისი დაკავების შანსი მხოლოდ იმ გონიერ ოპოზიციას აქვს, რომელიც ასეთ ურთიერთობას დღეს ჩაუყრის საფუძველს და ხვალ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი კრედიტით მოვა.

- ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაში საკუთარ ინტერესს ვერ ხედავს. როგორც ჩანს, დასტურდება ეჭვები (ალბათ, საქართველოსთვის სასიამოვნოდ) იმის თაობაზე, რომ იანუკოვიჩის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად რომელიმე საგარეო ორიენტირის თამაშს არ ითამაშებს, მათ შორის, არც რუსეთისას?

- ადრე ვამბობდი და ვიმეორებ - სხვა იყო იანუკოვიჩის პოლიტიკური პროფილი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისა და სხვა იქნება როგორც პრეზიდენტის. პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში ის თავისუფლად ამჟღავნებდა პრორუსულ განწყობას, რადგან მიზნობრივად მუშაობდა აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულად მომართული ელექტორატის გადმობირებაზე. თუმცა, მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, წამგებიანი იქნება რუსეთის ინტერესების ღიად ლობირება და მას მოუწევს ბალანსის დაცვა რუსეთის და დასავლეთის ინტერესებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთაც.

სწორედ ამგვარი დაბალანსების აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი ის, რომ უკრაინის ხელისუფლება, ჯერჯერობით აქტიურად არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს (სხვათა შორის, იგივე ლოგიკა მოქმედებს, თუმცა, შესაძლოა, უფრო სუსტად, ბელორუსიის შემთხვევაშიც). მიუხედავად ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, უთუოდ ჩაითვლება ჩვენი დაკარგული ტერიტორიების ამღიარებელი პოტენციური ქვეყნების რისკჯგუფის წარმომადგენლად. ამ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად საქართველოს სჭირდება ასჯერ უფრო ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის წარმართვა იანუკოვიჩის უკრაინასთან.

- გასულ კვირაში ქართულ საინფორმაციო გამოშვებებში აქტუალური იყო თემა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების შესახებ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ოღონდ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, ეს საკითხი რაიმე ფორმით "დადებით ქულად" ჩაეწეროს ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს?

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 მარტის განცხადებით, ინიციატივა რუსეთთან შეუფერხებელი ვაჭრობის აღდგენის შესახებ ეკუთვნის თბილისს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი ინიციატივა უარყო და ამას "მიზანმიმართული დეზინფორმაცია" უწოდა. ამდენად, თუ "თბილისის ინიციატივა" უკავშირდება არა ხელისუფლებას, არამედ ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტებს რუსეთში, სააკაშვილის ხელისუფლება ყველანაირად და წარმატებით შეეცდება ამ ინიციატივის ჩაშლას. უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პოზიტიური მოლაპარაკებების რესურსი და მზაობა არ გააჩნია. თუ ამ რესურსს რაციონალურად (და არა პრორუსული ინტერესებიდან გამომდინარე) გააჩენს რომელიმე ოპოზიციური ძალა, მისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი კრედიტი ხელისუფლებაში მოსასვლელად.

- მოდელირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა. ბოდიში მოიხადა "იმედმაც" - ქართველ საზოგადოებასთან და ბოდიშის მოხდამ მოუწია საქართველოს პრემიერსაც - ევროკავშირთან. საბოლოოდ კი, მთავარი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელი დარჩა, აყალმაყალის მიზეზი რიგითი რედაქტორის დაუდევრობა იყო, თუ წინასწარი სამთავრობო ჩანაფიქრი. თუ ასეა, მაშინ რას ემსახურებოდა "მასობრივი ფსიქოლოგიური ტერორი" და მავანთ მიაღწიეს თუ არა შედეგს?

- ძალიან გულუბრყვილოა იმის მტკიცება, რომ 13 მარტის მოდელირებული "ქრონიკა" "იმედის" რედაქტორის ჩანაფიქრი იყო. სააკაშვილს ერთხელ ტელეეთერით საჯაროდ წამოსცდა, რომ ის მართლაც ერეოდა შენობების ფასადების შეღებვისას შესაბამისი ფერების შერჩევაში. ხომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ მისი ჩარევის გარეშე ნაციონალური ტელეარხით გასულიყო სიმულირებული სიუჟეტი, სადაც მას ვითომდა კლავენ? სააკაშვილის ავტორიტარიზმით იმდენად გაჯერებულია ნაციონალური მედია (მით უფრო, "იმედი"), რომ ამას ასეთი მედიის ვერც ერთი ჟურნალისტი, რედაქტორი, პროდიუსერი თუ დირექტორი ვერ გაბედავდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა იყო ასეთი აყალმაყალის მთავარი განზრახვა, გამოვყოფდი, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარს და მას პირობითად დავარქმევდი "საქართველოს ისრაელიზაციას". 13 მარტის სიუჟეტი ერთმნიშვნელოვნად შეიცავდა გზავნილს მოქალაქეებისათვის, რომ მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უაპელაციოდ, ყოველგვარი საბაბისა და პროვოკაციის გარეშე, თვითნებურად შეუძლია გადმოკვეთოს საქართველოს საზღვრები და მიწასთან გაასწოროს ყველაფერი.

საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მუდმივი მზაობა იმისათვის, რომ უკეთეს შემთხვევაში კატაკომბებს შეაფაროს თავი ან იარაღი აისხას და მტერს ეკვეთოს, ხოლო უარეს შემთხვევაში, რუსულ იარაღს უბრძოლველად შეეწიროს. ცხადია, ეს არის მოსახლეობაში მასობრივი პანიკისა და მსხვერპლად ყოფნის განცდის დათესვის მცდელობა. ასეთი ცნობიერებით შეპყრობილი (ზომბირებული) ადამიანი ცდილობს მოძებნოს გამოსავალი, ანუ მოძებნოს მშველელი. მშველელი ისაა, ვინც ძლიერია, უფრო სწორად, ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ, ასეთი კი დღეს ხელისუფლებაა.

ანუ, 13 მარტის "ქრონიკა" იყო იმის მცდელობა, რომ რუსული საფრთხის წინაშე უმწეობისათვის განწირულ მოქალაქეებს დაენახათ ხელისუფლების, როგორც ერთადერთი გადამრჩენის უალტერნატივობა. შესაბამისად, უფრო მეტად გასჩენოდათ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების, "მიბმულობის" ინტერესი.

ასეთი, დაქვემდებარებაზე ორიენტირებული მოქალაქეების მართვა კი გაცილებით იოლია, მათ იმ მიმართულებით წაიყვან, საითაც გინდა, იმას გააკეთებინებ, რასაც მოისურვებ. "მოდელირებული "ქრონიკის"" გამო საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტი მაფიქრებინებს, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა საბოლოო ჯამში და ყველაზე უტყუარად ხელისუფლების ამგვარი პროპაგანდის წარმატება თუ მარცხი საარჩევნო ყუთებთან შემოწმდება.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი