"დანის პირზე გავდივართ, თუმცა უკან დახევა არ შეიძლება"
09-05-2016
"დანის პირზე გავდივართ, თუმცა უკან დახევა არ შეიძლება"
"ხანდახან ვფიქრობ, რომ დასავლეთში მიმდინარე პროცესები მოგვაგონებს იმ პერიოდს, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო სვლა ძალაუფლებისკენ..."

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გაღრმავდეს და ვაშაძეს სხვა რამდენიმე ლიდერიც მიჰყვეს"


სამხედრო სწავლება "Noble Partner 2016"-ის ფარგლებში საქართველოში ნატოს ტექნიკა შემოვიდა. სწავლება ვაზიანში გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს უკვე გამოეხმაურა და მას პროვოკაციული უწოდა. შესაბამისად, ისმის კითხვა, ნატოსა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ამგვ
არი წვრთნები კიდევ უფრო მეტად ხომ არ გააღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და საქართველოს წინააღმდეგ უფრო აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებს? - გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- გასული საუკუნის 90-იან წლებს გაგახსენებთ, როდესაც ჩვენში ნატოზე არავინ ლაპარაკობდა და ქვეყნის ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა აშკარა იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსებმა თავზე დაგვამხეს სოხუმი... ასე რომ, ნაკლებად გაღიზიანებული
იქნება თუ მეტად, რუსეთი ჩვენი მტერია. სხვათა შორის, აფხაზეთში მიმდინარე პროცესი და რუსეთის მოქმედება გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნეიტრალიტეტის იდეა გადაიდო და საქართველოში ლაპარაკი დასავლეთისკენ სწრაფვასა და ნატოზე დაიწყეს. ეს იყო ჯერ ესკიზი, მონახაზი, რაც ნელ-ნელა პროგრამად იქცა.

დიახ, სწორედ რუსეთმა გვიბიძგა დასავლეთისკენ. ამას იმათ გასაგონადაც ვამბობ, ვინც დღესაც დროდადრო ისევ გაიძახის, ქვეყანა ნეიტრალიტეტისკენ უნდა წავიდესო.
ისტორია გვასწავლის, რომ მაგ მიმართულებით არავინ გაგვიშვებს... რაც მეტად ცდილობს რუსეთი ჩვენს დისტანცირებას დასავლეთისგან, ჩვენ მეტად მივისწრაფვით, რაც სწორია. რუსეთთან ამგვარ რეჟიმში ლაპარაკი გაცილებით მომგებიანია, რადგან იმასაც ისტორია გვაჩვენებს, რომ თუ ამ ქვეყანას ყველაფერში ეთანხმები და უსრულებ, კიდევ უარესია შენთვის. ამის მაგალითად სომხეთი გამოდგება, რომლის ინტერესებსაც ყოველ წუთს უგულებელყოფს კრემლი. ხომ ნახეთ, რა გაუკეთეს სომხებს, მთელი მათი წარმოება ენერგომატარებლების ვალში თვალის დაუხამხამებლად წაიღეს. ჩვენში ზოგიერთი ბრძნულად ამბობს ხოლმე, დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო. ეგ მაშინ ჭრის, როდესაც დაუძახებ, მერე თავს რომ დაგანებებს და აღარ შეგჭამს, რუსეთი კი არასდროს ჩერდება. იყავი და ეძახე ბაბაია, საბოლოოდ მაინც გადაგყლაპავს... სადამდეც შეძლებს საქართველო, უნდა გააძლიეროს იმ ფაქტორების ამუშავება თავის სასარგებლოდ, რომელსაც ანგარიშს გაუწევს რუსეთი. ამ სტრატეგიის ნაწილია ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა, წვრთნების დაგეგმვა და ვიზალიბერალიზაციაც, რომელიც მატერიალურად, შესაძლოა, ბევრი არც არაფრის მომტანი იყოს ჩვენთვის, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად, ესეც გააპროტესტა კრემლმა, გვახსოვს ლავროვის კრიტიკა და ჩვეულებისამებრ პროვოკაციებზე ლაპარაკი, შფოთი იმის გამო, რომ რუსეთთან დაპირისპირებულ რეგიონებს კარს უხსნის დასავლეთი და ა.შ. ილაპარაკეს და აქ დამთავრდა მათი რეაქცია, აშკარაა, რუსეთი, ჯერჯერობით, ვეღარ ბედავს სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, თუმცა ჩვენ ახლა დანის პირზე გავდივართ და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, თუმცა არა უკან დახევა...

- თუმცა ბოლო ხანს ჩვენში ხშირად გაიგონებთ ლაპარაკს იმაზე, რომ დასავლეთს დღეს საქართველოსთვის არ სცალია.

- ჩვენ ევროპის სივრცეში რეალურად უნდა შევიდეთ და არა რომანტიკული მოლოდინით... არადა, დღემდე ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ სწორედ რომანტიკული ელფერი დაჰკრავდა. ეს თითქოს აღთქმული ქვეყანა იყო, რომელსაც ოდესღაც მოგვწყვიტეს და ახლა ვუბრუნდებით, სივრცეს, სადაც საყოველთაო კეთილდღეობა სუფევს... არადა, ასე არ არის, დღეს ევროპა უმწვავესი პრობლემების წინაშე დგას. მოგეხსენებათ, ევროპული ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ განმანათლებლების ეპოქიდან მოყოლებული, უმთავრესი ღირებულება ადამიანის უფლებების დაცვაა, მისი ქვაკუთხედი კი მიგრაციის თავისუფლება, ანუ უფლება ადამიანისა, იცხოვროს იქ, სადაც სურს... დღეს სწორედ ეს ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გაორებულია ტრადიციული ევროპელი საზოგადოება, რომლის ნაწილი, მას მერე, რაც ბებერ კონტინენტს არაბული მიგრაცია მიაწყდა, ამ მთავარი ღირებულების წინააღმდეგ გამოდის, ნაწილი კი, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც, მიიჩნევს, რომ აუცილებელია პრინციპების დაცვა, შესაბამისად, იმგვარი გასაღების პოვნა, რომელიც არც ღირებულებებზე ათქმევინებს ევროპას უარს და მოქალაქეების დაცვის მექანიზმსაც შექმნის. ეს გასაღები ევროპაში ჯერ ვერ იპოვეს.
შესაბამისად, ცხადად ჩანს, რომ ევროპას თავისი გაჭირვება აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კავკასიისადმი ინტერესი დაიკარგა, არა, ახლა ამისთვის არ სცალიათ... მეორე მხრივ, არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც მიგრაციული პროცესების პრობლემა არ უდგას. ეს ქვეყანა დიდი ხანია აცრილია ამ პრობლემატიკაზე, სამაგიეროდ, სხვა სახის საკითხებია წამოჭრილი. ხომ ფაქტია, რომ დღეს აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი უდიდეს შეცდომებს უშვებს, ტრამპს ვგულისხმობ, და თუ მას ხალხი მიჰყვება, ეს ამერიკელი საზოგადოების კრიზისზე მიუთითებს. რა დასამალია და, უკვე ევროპაშიც შეიმჩნევა საზოგადოების დაინტერესება მემარჯვენე, ძალისმიერი და უკომპრომისო ძალებით. ხანდახან ვფიქრობ, რომ დასავლეთში მიმდინარე პროცესი მოგვაგონებს იმ პერიოდს, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო სვლა ძალაუფლებისკენ... იმედია, ჩემი შეფასება ძალიან გაზვიადებულია და მსოფლიოს მსგავსი საფრთხე არ ემუქრება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენი საგარეო ორიენტაცია აუცილებლად დასავლური უნდა იყოს, მაგრამ კარგად გავისიგრძეგანოთ, რომ დასავლური სივრცე არ არის სამოთხე, იქაც უამრავი პრობლემაა. შექმნილ ვითარებაში საქართველოს ინტერესი ყველაზე მეტად სწორედ ევროპულ ინტერესებს თანხვდება. ისევე როგორც მათთვის, ჩვენთვისაც საფრთხეა ისლამური ფუნდამენტალიზმი და რუსეთი. როგორც ევროპაში, ასევე ჩვენშიც დიდი ინტერესით ვაკვირდებით ჩინეთის მსოფლიო ახალ პოლუსად ჩამოყალიბებას... დასავლეთი დღეს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და ეს მშვენივრად იციან მათაც. შესაძლოა, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასა და აშშ-ში ჯერ არ სცალიათ, მაგრამ მათ სჭირდებათ კავკასია და საქართველო და როდესაც გაუმკლავდებიან საკუთარ უდიდეს პრობლემებს, რის გადაჭრაშიც როგორც შეუძლია, საქართველოც მონაწილეობს, ვფიქრობ, ურთიერთობები უფრო სხვა რეჟიმში წარიმართება. სწორედ ამისთვის ამზადებენ ნიადაგს, თუნდაც ამ წვრთნებით თუ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნით. აშკარაა, ნატო ხვალ-ზეგ აპირებს საქართველოსთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობას და ამისთვის ამზადებს ნიადაგს.

- თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველო-ნატოს წვრთნები საფრთხის შემცველია, რადგან ამით შეიძლება რუსეთი გაბრაზდეს. მისი დარტყმის სამიზნე კი კვლავაც რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდა, შესაბამისად, საკმაოდ მწვავე პასუხიც მიიღო თავდაცვის მინისტრისგან.
- არ ვიცნობ იმდენად კარგად პარტია "ქართულ ოცნებას", რომ დანამდვილებით ვთქვა მისი წევრების რა რაოდენობის აზრს ახმიანებს მეჭიაური. გამომდინარე კვირიკაშვილის და ნაწილობრივ ივანიშვილის ფიგურებიდან, ვფიქრობ, რომ ზოგადად პარტიის კურსი პროდასავლურია. მეტიც, ამ ცოტა ხნის წინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი სახეების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათი საგარეო ხედვა და პროდასავლური განწყობააო. რაც შეეხება პარტიის ე.წ. ნიანგებს, მათ პოზიციას აქვს გარკვეული საფუძველი - ეს არის განწყობა საზოგადოების ნაწილში, რომელთა აზრითაც, რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ! ეს მიდგომა რომ არასწორია, ამაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ. თუმცა საზოგადოების ნაწილის ამ განწყობის გამოყენებას პოლიტიკოსები ცდილობენ, მათ შორს მეჭიაურიც, რომელიც, სავარაუდოდ, აღარ იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში და ახალი რეალობისთვის რაღაც საფუძველს იმზადებს. სხვათა შორის, მისი თუ თოფაძის მიერ მიზანში რესპუბლიკური პარტიის ამოღებაც საზოგადოების განწყობების მიხედვით მოხდა, რადგან იციან, რომ ჩვენში ეს პარტია მაინცდამაინც არ მოსწონთ.
თუ მეჭიაურის ტიპის პოლიტიკოსები კვლავაც მოხვდნენ "ქართული ოცნების" სიაში, დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი ძალიან შემცირებული იქნება. რაც შეეხება დაპირისპირებას კოალიციის შიგნით, ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ალბათ უფრო გაღრმავდება. მოკლედ, წინ სერიოზული პოლიტიკური დუელები გველის.

- "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა მისმა ერთ-ერთმა აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. როგორც თავის დროზე პარტიიდან ამჟამინდელი "გირჩის" ლიდერების წასვლისას, "ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილისკენ იშვერდა ხელს, ახლა მის სასარგებლო ქმედებებში უკვე გიორგი ვაშაძეს სდებენ ბრალს. თავად ვაშაძის მტკიცებით კი, "ნაცმოძრაობას" "კაბინეტურად მართავენ" გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი, მათ ფასადს კი დავით ბაქრაძე წარმოადგენს. თქვენი აზრით, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

- ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩემი შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" "მამათა" და "შვილთა" პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და თუ პარტია პოლიტიკას არ შეცვლის, ანუ ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარტიული ძალაუფლება დარჩეს ძველი პოლიტიკოსების ხელში, ძველებსა და ახლებს შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდება. თუ არ ვცდები, "ნაციონალებისგან" იმ ვერსიამაც გაიჟღერა, რომ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, რადგან სიაში მისთვის სასურველი ადგილი ვერ მიიღო. ვფიქრობ, ეს ვერსია არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა, ჩემი აზრით, ვაშაძისთანა აქტიური წევრების გაშვება, მით უფრო, წინასაარჩევნოდ, არასწორია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გაღრმავდეს და ვაშაძეს სხვა რამდენიმე ლიდერიც მიჰყვეს.
რაც შეეხება ივანიშვილისკენ ხელის გაშვერას, "ნაციონალური მოძრაობა" ამ შემთხვევაშიც დიდ შეცდომას უშვებს. ამ ლაპარაკით ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლეა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაც ხელეწიფება. "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევნია, სხვისკენ ხელის გაშვერისა და მტრის ხატის წარმოდგენის ნაცვლად, კარგად დაფიქრდეს საკუთარ ხარვეზებზე და მათ გამოსწორებაზე იფიქროს...

- ვაშაძემ პირდაპირ მიანიშნა, რომ თითქოს პარტიის დღევანდელი ბოსები სააკაშვილის ჩაჩოჩებას ცდილობენ, არადა, სააკაშვილმა თავისი განცხადებით ვაშაძეს სულაც არ დაუჭირა მხარი. ექსპრეზიდენტი ბოლოდროინდელ ინტერვიუებში პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვას...

- ძალიან მეეჭვება, "ნაციონალურ მოძრაობას" არ სჭირდებოდეს სააკაშვილი, ისევე, როგორც ამ უკანასკნელს "ნაციონალური მოძრაობა". NDI-ისა თუ IRI-ის (გაითვალისწინეთ, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებში მუდმივად ჩანს მცდე­ლობა, როგორმე "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე არგოს) ბოლო კვლევებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 15-20%-იანი რეიტინგი აქვს და ის არ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ არც "ქართული ოცნების" რეიტინგია მაღალი... მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" ზურგი რომ აქციოს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, - დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი განახევრდება. შესაბამისად, გაუგებარია, რაში უნდა აწყობდეთ მისი ჩაჩოჩება?! თავის მხრივ, სააკაშვილსაც სჭირდება ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს დასავლურ წრეებზე, სწორედ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, სააკაშვილის პოზიციები იქ სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება. ბოლო ხანს ხშირად უწევს მას პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირება და რა მოხდება ხვალ-ზეგ, არავინ იცის... სააკაშვილი სათავისოდ ძალზე წინდახედული პოლიტიკოსია, "ნაციონალურ მოძრაობას" ასე იოლად არ შეელევა.

- პარტია "ქართული ოცნება" ყრილობისთვის ემზადება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე უკვე ოფიციალურად გახდება გიორგი კვირიკაშვილი. კარგა ხანია ეს ძალა გადახალისებასაც აანონსებს. თქვენი აზრით, აქვს კი ამის რესურსი?

- ეგ მეც ძალიან მაინტერესებს. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება. "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ისიც, რომ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა ძლიერად სტრუქტუირებულ ძალად და მისკენ, როგორც მმართველი პარტიისკენ, საკმაოდ დიდია ლტოლვა, მათ შორის საეჭვო წარსულის პირებისაც. პრობლემაა ისიც, რომ ამ ძალას ქვეყნის მართვის გამოცდილება ნაკლებად აქვს. უდიდესი შეცდომა იყო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პიარზე ჯერ უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით შეეცადნენ რაღაცას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ამას წინათ ძალიან ნიშანდობლივი რამ მოხდა "რუსთავი 2"-ის ეთერში - ეკონომიკის მინისტრმა მშვიდად, დამაჯერებლად და დოკუმენტურად წარმოადგინა ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ ამ ხელისუფლების მმართველობაში მიაღწია. მეორე დღეს არაერთი ამბობდა, თუ ეს ყველაფერი ასეა, აქამდე სად იყვნენო?! მართლაც სად იყვნენ აქამდე?! აქ იკვეთება, ერთი მხრივ, გამოუცდელობა და, მეორე მხრივ, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. იმედია, უკვე გამოფხიზლდნენ და როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

- თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებამ, რომ საკრებულოში დეკემბრის ბოლომდე არ აპირებს მისვლას, აღაშფოთა როგორც მისი ოპონენტები, ასევე თანაგუნდელებიც. ის მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც, ლაპარაკია მის შესაძლო იმპიჩმენტზეც...
- ნარმანიას კარგა ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, როგორც კარგ მეცნიერსა და მკვლევარს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეკონომიკა კარგად იცის. სხვათა შორის, ის კარგი მინისტრი იყო, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ეს აკადემიური ორიენტაციის ადამიანი არ აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილია, ვგულისხმობ, მერიას. ეს სხვა სამყაროა, უამრავი მიმართულებით, ფაქტობრივად, სახელმწიფოა სახელმწიფოში, რომლის მართვა ძალიან რთულია და ნარმანიამ ამას, სამწუხაროდ, ვერ გაართვა თავი. ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები, რომლებიც დიდწილად კრიტიკას იწვევს, ასევე დედაქალაქში მომრავლებული პრობლემები.

ვფიქრობ, თბილისის მერის იმპიჩმენტამდე საქმე არ მივა, ხელისუფლება შეეცდება, საკადრო თუ სხვა ცვლილებებით რამენაირად მოაგვაროს ეს საკითხი.
იმპიჩმენტზე ლაპარაკი უფრო პოლიტიკური ოპონენტების წყალობით დაიწყო. გაგახსენებთ, ქალაქის რაიონების არაერთი გამგებელი შეიცვალა, რასაც მე კვირიკაშვილის პრემიერობას ვუკავშირებ. ვფიქრობ, ცდილობენ, დამატებითი სირთულეები საკადრო ცვლილებებით აიცილონ თავიდან.

- რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა "პანორამა თბილისის" პროექტი გააპროტესტეს. იქ პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო და რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი გაჩერებას არ აპირებენ და უფრო ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან...

- უკვე ვთქვი, რომ ამ პროექტის შესახებ ბევრი კითხვაა და რაც მალე გაეცემა მათ პასუხი, მით ნაკლები მიზეზი ექნება ამ ხალხს პროტესტისთვის. ცხადია, ამ თემის გამოყენებას ცდილობენ ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ. საზოგადოდ, ამგვარი თემების გაპროტესტება, როგორც წესი, იმ შემთხვევაში იქცევა ხოლმე მასშტაბური აქციების მიზეზად, როდესაც სხვა არაერთი პრობლემა უკვე დაგროვილია და ის ბოლო წვეთის ფუნქციას ასრულებს, ანუ ის ხვდება აისბერგის წვერში, თუმცა მის ქვედა ნაწილში უამრავი სხვა საპროტესტო მიზეზია. მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ პროტესტი მასშტაბური გახდეს. თუმცა ვიმეორებ,""პანორამა თბილისის""პრობლემა არსებობს, მის ავკარგიანობაზე ექსპერტთა წრეებში არ არის აზრი შეჯერებული და თუ მისი ავტორები უფრო ადეკვატურად იმოქმედებენ, საერთოდ მოსპობენ პროტესტის მიზეზს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით