"ყრილობამ მეტად გამოაჩინა წინასაარჩევნო პროცესში ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა"
16-05-2016
"ყრილობამ მეტად გამოაჩინა წინასაარჩევნო პროცესში ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა"
"კვირიკაშვილის ფიგურა მაძლევს იმის იმედს, რომ "ქართული ოცნება" ოთხი თვის შემდეგ მოახერხებს სიტუაციის შემობრუნებას"

"ამბობენ, თითქოს ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია, ხოლო ვაშაძის უკან ვანო ჩხარტიშვილი დგას"


როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნების" მე-4 ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომლის რიგებში დარჩნენ ძველი წევრები: კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი,
დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც. ახალი წევრებიდან კი საზოგადოება მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს იცნობს, რომელთან ერთად პარტიის მმართველობით ორგანოში შევიდნენ: დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად
გონაძე. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის სიტყვის შეფასებით დავიწყეთ:

- ამ ტიპის ღონისძიებებზე პარტიის საპროგრამო სიტყვა აქვთ ხოლმე მომზადებული. ამგვარი იყო გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაც, თუმცა მასში, ვფიქრობ, მისი შეხედულებებიც გამოჩნდა, განსაკუთრებით - საგარეო ვექტორსა და ოკუპაციაზე საუბრისას. მან კვლავ განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლური კურსი არ შეიცვლება და არც ოკუპაციას შეურიგდება საქართველო. კვირიკაშვილმა ასევე ილაპარაკა ეკონომიკურ მიმართულებებსა და ამ სფეროში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. ვისურვებდი, მას მეტად გაემახვილებინა ყურადღება რეგიონში არსებულ სიტუაციასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მაგრამ ერთ სიტყვაში, ალბათ, რთულია, ბევრი რამ ჩაატიო. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს "ქართულ ოცნებას" ჰყავს ახალი თავმჯდომარე და იმედი მაქვს, კვირიკაშვილი შეძლებს პარტიის საქმიანობის უშეცდომოდ და სწორად წარმართვას. "ქართულ ოცნებას" ეს ნამდვილად სჭირდება.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ის განახლდა, თუმცა, გარდა დავით ბაქრაძისა, ეს ადამიანები ჩემთვის, როგორც ბევრისთვის, უცნობები არიან. მათი დადებითი მხარე ის არის, რომ პოლიტიკური წარსული არ ამძიმებთ და საკუთარ პროფესიებში წარმატებებსაც მიაღწიეს. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა მათ ჯერ მონაწილეობა მიეღოთ პარტიულ ცხოვრებაში, თავი გამოეჩინათ და მერე აერჩიათ პოლიტსაბჭოში, როგორც ხდება ხოლმე... იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მოახერხებენ პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გამოჩენას. რაც შეეხება ძველ წევრებს, იყო მოლოდინი, რომ იმ ცნობილი სკანდალების შემედეგ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე აღარ იქნებოდნენ პარტიის პოლიტსაბჭოში, მაგრამ ასე არ მოხდა. სიმართლე გითხარათ, ამას ველოდი, რადგან ეს სკანდალები, ჩემთვის ნამდვილად არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ ეს ადამიანები "ქართული ოცნებიდან" წასულიყვნენ.

" ჩემი აზრით, ერთი ადამიანის (გვარ-სახელს არ დავასახელებ) ადგილი ნამდვილად არ არის ამ ორგანოში. მან ძალიან ბევრი გააფუჭა და გვარიანად აზარალა პარტიის იმიჯი.

- ბევრი ელოდა, რომ მმართველი პარტიის სიის კონტურები გამოიკვეთებოდა...
- გამოიკვეთა კიდეც. ეს ახალი სახეები, რომლებიც უკვე პოლიტსაბჭოში არიან, აუცილებლად მოხვდებიან სიის ოცეულში.

- ყრილობაზე მისულმა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ მიუღია პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევაში მონაწილეობა.

- მე როგორც გავარკვიე, ახალი წევრებიდან რამდენიმეს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს გიორგი კვირიკაშვილთან, ამიტომ ვფიქრობ, მას მიეცა საშუალება, საკუთარი კანდიდატურები შეეყვანა პოლიტსაბჭოში და შესაძლოა, ამაში ივანიშვილმა მართლაც არ მიიღო მონაწილეობა. ყრილობამ, ჩემი აზრით, უფრო მეტად გამოაჩინა წინასაარჩევნო პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა. ის დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში მიმართავს საზოგადოებას წერილით.
ჩვენ საინტერესო გამოცდილება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წერილობითი მიმართვების. ვფიქრობ, ეს იქნება წინასაარჩევნო წერილი, საპროგრამო დეტალებით.

- საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების - "ღირსეული პარტნიორი 2016" - ფარგლებში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის უცნაური შეფასებები მოჰყვა, რუსეთის საგარეო უწყებამ კი ეს წვრთნები პროვოკაციად შეაფასა.

- ჩვენი ურთიერთობა დასავლეთსა და ნატოს სტრუქტურებთან, როგორც პროცესი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. ვიღაცას, ალბათ, ცინიკურად მოეჩვენება, მაგრამ შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე შედეგი. არადა, სწორედ შედეგია ხოლმე ჩვენში კამათის მიზეზი, ანუ უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატოს წევრი. ამ იდეის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ამ ეტაპზე ნატოში ჩვენს მიღებას არავინ აპირებს. ეს ასეა და უახლოეს მომავალში ამის შანსი მცირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. რუსეთში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება უახლოეს მომავალში არ მოხდება, აქედან გამომდინარე, მათი შეფასება, რომ ეს წვრთნები თურმე პროვოკაციული აქცია იყო, დიპლომატიური ნაბიჯია, ანუ განცხადება განცხადებისთვის და ამას რეალური საფრთხე არ მოჰყვება.

რატომ არის ეს პროცესი აუცილებელი, ანუ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ჩვენი გზის მნიშვნელობა რატომ უნდა განვიხილოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ჭრილში? მე ვგულისხმობ პოლიტიკის მრავალმხრივობას. მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგიც უნდა ვცადოთ, სავაჭრო-ეკონომიკურ ფორმატში მაინც. ჩვენ ეს ორი მიმართულება სიტუაციის დასაბალანსებლად გვჭირდება. სხვა შემთხვევაში იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც აღმოჩნდა სომხეთი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში მთავარმა მოკავშირემ უცებ მიატოვა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ვგულისხმობ ყარაბაღის მოვლენებს. როცა სომხეთს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მოკავშირის გვერდით დგომა, მას ზურგი აქცია არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ ევრაზიული კავშირის წიაღში შექმნილმა უსაფრთხოების და თანამშრომლობის სისტემამ. ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, მანევრირებისთვის უნდა დავიტოვოთ რაც შეიძლება დიდი სივრცე. ამიტომაც გვჭირდება ევროატლანტიკური პროცესი. რაც შეეხება თვითონ წვრთნებს, ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ წვრთნების შედეგად იქმნება ქართული ქვედანაყოფი, რომელსაც ნატოს ქვედანაყოფის სახელი ენიჭება. მნიშვნელოვანია, როგორ გაგრძელდება ეს წამოწყება, ქვედანაყოფი დეკორატიული წარმონაქმნი იქნება თუ ქმედითი... ვიმეორებ, ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება პოლიტიკური ვაჭრობისთვის, რის გარეშეც პატარა ქვეყნის პოზიციები ძალიან მყიფეა, განსაკუთრებით ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როგორიც კავკასიაა.

- "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ნატოს მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა მმართველი ძალის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ბევრი კითხვა გააჩინა. გაეცა ყრილობაზე ამ კითხვებს პასუხი?
- ვფიქრობ, რომ გაეცა. გასაგებად თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა, ვინც დასავლური კურსის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მათი ადგილი ჩვენთან არ არისო. ხომ დაინახეთ, ყრილობაზე არც თამაზ მეჭიაური ჩანდა სადმე, არც ზოგიერთი სხვა.

- იწყება წინასაარჩევნო პროცესი. დადგენილია თარიღიც და ისიც, როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია... ერთი მხრივ, მოწმენი ვართ კოალიციის დაშლისა და ვხედავთ, რომ შიდა დაპირისპირება მწვავე ხასიათს იღებს, მეორე მხრივ, ჩნდებიან ახალი პოლიტიკური მოთამაშეები: "ნაციონალური მოძრაობიდან" წავიდა გიორგი ვაშაძე, ახალ მოძრაობას ქმნის და პოლიტიკაში დიდი გეგმებით მოვიდა პაატა ბურჭულაძე...

- იმდენი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს მზის ქვეშ ადგილის მოპოვებას, რომ პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევი მგონია. როგორც ვხედავთ, ასპარეზზე გამოდიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომელთაც ლიდერიც ჰყავთ და რესურსებიც აქვთ... რეგიონული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ოქრუაშვილის პოლიტიკური გააქტიურება, ასპარეზზე გამოჩნდა ლევან მამალაძეც... მე მგონია, რომ როგორც ბურჭულაძის, ასევე ვაშაძის ახალ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამბობენ, თითქოს ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია, ხოლო ვაშაძის უკან ვანო ჩხარტიშვილი დგას, მაგრამ ამის მტკიცება დოკუმენტების გარეშე ძნელია, თუმცა უახლოეს მომავალში ბევრი რამ გამოჩნდება.

- ჩვენ უკვე მოვისმინეთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური განცხადება. თქვენი აზრით, რამდენად სწორად იყო გამოკვეთილი აქცენტები?
- ჩემი აზრით, განცხადება ძირითადად გამართული იყო. პაატა ბურჭულაძემ სცადა, იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რომლებიც არსებობს.
შეიძლება ვინმეს მისი განცხადება ლოზუნგების ნაკრებად მოეჩვენა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მოკლედ, პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელსაც სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებზე არანაკლები პრეტენზია აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

არსებობს ვერსია, თითქოს მის უკან რუსეთის აჩრდილი დგას. როგორც ვიცი, მას ახლახან ამერიკასა და ევროპაში მნიშვნელოვანი ვიზიტები ჰქონდა; ვიცი, ვის შეხვდა. თუ პაატა ბურჭულაძეს რუსეთთან კავშირი აქვს, მათ ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდათ და მას არც კი შეხვდებოდნენ. ასევე მგონია, რომ "ნაციონალები" ხელოვნურად წარმოაჩენენ ისე, თითქოს პაატა ბურჭულაძესთან ჰქონდეთ კავშირი. ბურჭულაძის განცხადების ყველაზე სუსტი ნაწილი მაინც ის მგონია, როდესაც მან ივანიშვილს არაფორმალური ბატონი" უწოდა.

თქვენი გაზეთის საშუალებით არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ფორმალურია თუ არაფორმალურია მმართველობა, მით უმეტეს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ასეთი ტიპის გამოცდილება. აშშ-შიც კი არსებობს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ ამერიკის პოლიტიკას და რომელთა კონსოლიდირებულ აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სენატორთა ჯგუფისას.

- შექმნილ ვითარებაში როგორია მმართველი ძალის შანსი?

- დღევანდელი გადასახედიდან "ქართული ოცნების" შანსი მაინცდამაინც მიმზიდველი არ ჩანს...
ხალხი ყველაზე მეტად იმას ედავება ხელისუფლებას, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა და მოხდა ყოფილი "ნაციონალების" პორტირება. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებზე ამახვილებენ ყურადღებას, ვისაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვს ჩადენილი. ბევრი უკმაყოფილოა იმითაც, რომ ყრილობაზე ზოგიერთი პარტიის დამფუძნებელიც კი არ დაპატიჟეს. მაგრამ იმედი მაქვს, კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით მდგომარეობა სრულიად შეიცვლება. ჩემი აზრით, ოთხი თვის შემდეგ "ქართული ოცნება" მოახერხებს სიტუაციის შემობრუნებას. თქვენ მკითხავთ, რა მაძლევს ამის იმედს. რასაკვირველია, კვირიკაშვილის ფიგურა. ასევე ლოგიკურია მმართველი პარტიის წინასაარჩევნოდ გააქტიურება და უამრავი საქმის ყველას დასანახავად კეთება. ვიცი, რა ჩანაფიქრიც აქვს "ქართულ ოცნებას" პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით, რაც, შეიძლება დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით