"კარგი იქნება, ემოციები პრეზიდენტმაც მოთოკოს და დანარჩენმა ხელისუფლებამაც" - კვირის პალიტრა

"კარგი იქნება, ემოციები პრეზიდენტმაც მოთოკოს და დანარჩენმა ხელისუფლებამაც"

"დავით კოღუაშვილმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და საკუთარი განცხადებებით გვარიანად გაანაწყენა არა მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არამედ მისი მხარდამჭერების ნაწილიც"

"ძალიან სამწუხაროა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში გაახსენდა საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილება"

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა მოხდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი, 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. როგორც აღმოჩნდა, მკვლელობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ ე.წ. მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ დანაშაულმა ჩვენი საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. მომხდარს დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მოვისმინეთ ქვეყნის ხელისუფლების მწვავე გამოხმაურება, ვნახეთ ოპოზიციის მწვავე რეაქცია და ამ ტრაგედიაში ქვეყნის ხელისუფლების დადანაშაულების მცდელობა. სწორედ ამ ტრაგედიისა და მას მოყოლილი რეაქციების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. სამწუხაროდ, ამგვარი გაყინული კონფლიქტებისას მსგავსი ინციდენტებისგან არავინ არის დაზღვეული, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გადაჭარბებული მგონია. დიახ, ხელისუფლების ვალია, იზრუნოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, თუმცა ყველაფრისგან ვერ დაიზღვევ ადამიანი თავს. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, გააკეთოს ყველაფერი, რათა ადეკვატურად დაისაჯონ გიგა ოთხოზორიას მკვლელები და მეორედ მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი აღარავის გაუჩნდეს. თუ ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს, მაშინ შეიძლება უფრო მეტი პრეტენზია გვქონდეს მასთან და მოვითხოვოთ იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევენ. რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ არ შეიძლება ამას რაღაც გლობალური დესტრუქციული მოქმედებები მოვაყოლოთ.

- "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გასულ კვირას პოლიტიკური განხილვის მთავარი საგანი იყო. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევენ, რომ დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული ცვლილებები პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი და კონკრეტულ საქმეებზე ვერდიქტის გამოტანის გაჭიანურებას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, ახალი ვარიანტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3 დაუჭერს. არასამთავრობოების მტკიცებით, ასეთი მაღალი კვორუმის დადგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და დიდი ალბათობით გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას.

- ბუნებრივია, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი პოლიტიკური ინტერესები ხდება, გაუმართლებელია. ჩემი აზრით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები სახიფათო და არასწორი სვლაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მიზნად ისახავდეს ობიექტური რისკებისგან თავის დაზღვევას. მეც მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამტარებელია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციონალიზმის პრინციპის დაცვა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, თუნდაც სწორი პოლიტიკური მიზნებისთვის, მაინც სახიფათოა. არ შეიძლება კანონმდებლობის შეცვლა სუბიექტური მოტივებით. ხანმოკლე პოლიტიკური ამოცანების პრიორიტეტად დასახვა გრძელვადიანი ინსტიტუციური წესრიგის საპირწონედ ძალზე სახიფათო გზაა. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ კონკრეტულ პოლიტიკურ არგუმენტებს, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ რისკებს წარმოშობს, მაინც მგონია, რომ ის იმაზე მეტად ვერ დააზიანებს სახელმწიფოს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე კანონმდებლობის მორგების მცდელობა.

- თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად არის საჭირო.

- ჩემი აზრით, ეს თითიდან გამოწოვილი ლოგიკაა. ვეჭვობ, რომ პოლიტიზებისგან გათავისუფლებაში გულისხმობენ კონკრეტულ მოსამართლეებს და არა ზოგადად უკეთესი მოდელის შემოთავაზებას. კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურის შესაცვლელად არ შეიძლება იყენებდე კანონმდებლობას და არგებდე მას გარკვეულ ვითარებას.

- ოპოზიცია პრეზიდენტს ამ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ურჩევს. თავად მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას გაუგზავნა და იმ 10-დღიან ვადაში, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის აქვს, სავარაუდოდ, სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებას დაელოდება.

- შანსი იმისა, რომ პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს, მაღალია, რაც, ბუნებრივია, კონფრონტაციას დანარჩენ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გაამწვავებს.

თუმცა ჯანსაღი პროცესი მგონია, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს აბალანსებს. ამ ვითარებაში ისინი ერთმანეთს არასწორი ნაბიჯების გადადგმისგან აზღვევენ, შესაბამისად, კარგი იქნება, ემოციები პრეზიდენტმაც მოთოკოს და დანარჩენმა ხელისუფლებამაც. ვეტოს შემთხვევაში, უმრავლესობა შეეცდება, დასძლიოს ის. ვნახოთ, რა იქნება.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დღეებში განხილვის მთავარი თემაა, რესპუბლიკური პარტიის მიერ პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რაც ე. წ. გერმანული მოდელის შემოტანას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ძალა პარლამენტის მანდატებს პროპორციული სისტემით მიღებული პროცენტების მიხედვით მიიღებს...

- ჩემთვის მისაღები იქნება ყველა ის მოდელი, რომელზეც მოხერხდება პოლიტიკური ძალების კონსენსუსი, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის სერიოზული საფრთხე არსებობს, ანუ საფრთხე იმისა, აღიარებენ თუ არა მას საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. ეს გერმანული მოდელი პოლიტიკური ელიტის უმრავლესობას მოსწონს, გარდა ხელისუფლებისა და მზად არიან, კონსენსუსისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში გაახსენდა საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილება. ეს ძალა თავისი პრინციპების ერთგული რომ ყოფილიყო და ამ ინიციატივით აქამდე გამოსულიყო, შესაძლოა, ამ პრობლემების წინაშე არც დავმდგარიყავით და დღეს უკვე გვქონოდა ვითარება, როდესაც მაჟორიტარული სისტემა საერთოდ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან. ამის ვალდებულება აღებული ჰქონდა "ქართულ ოცნებას". ვფიქრობ, თუ გერმანულ მოდელზე შეთანხმდებიან, ეს წაადგება საარჩევნო ვითარებას და არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხსაც გაზრდის.

- საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება. არსებობს შანსი, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მოახერხოს თემატური უმრავლესობის შექმნა ამ საკითხის გადასაწყვეტად? შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" უკვე წასული თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა, ვინც საარჩევნო სიაში აღარ იქნებიან, შესაძლოა, რესპუბლიკელების ინიციატივას დაუჭიროს მხარი.

- ჩემი აზრით, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და "ქართული ოცნება" არ დათანხმდა ამას, ეს მოდელი ვერ გავა, თუმცა ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ერთი კია, ამ ცვლილებების ინიციატორები მაინც წაუგებელ თამაშს თამაშობენ. თუ მოხერხდა ამ საკითხზე თემატური უმრავლესობის შექმნა და გავიდა ეს ცვლილება, მაშინ კიდევ უფრო გამოჩნდება "ქართული ოცნების" პრობლემები, რაც წინასაარჩევნოდ მის სისუსტეს გაუსვამს ხაზს. თუ ვერ მოხერხდა, ეს კიდევ ერთი დაპირისპირების ველს გააჩენს პოლიტიკურ სივრცეში და კიდევ ერთი არგუმენტი გახდება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რესპუბლიკელების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ არცთუ პატიოსანი თამაშით სახე ჩამოიბანონ. ისინი გამოსაძრომ კარს ეძებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რასაც ლამის მთელი 30 წელი ქადაგებდნენ, დაივიწყეს, ახლა კი ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ეს და საზოგადოებას დაავიწყონ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ანაცვალეს საკუთარ პრინციპებს. თუმცა ჩვენ ამნეზია არ გვჭირს და, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მათი სრულად რეაბილიტაციისთვის საკმარისი არგუმენტი. თუმცა სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის სჯობს ამ მოდელის მიღება.

- თქვენ კი უშვებთ მცირე შესაძლებლობას იმისას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მოდელს დაუჭიროს მხარი, თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს ყოვლად შეუძლებელია, რადგან ამ მოდელის გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას არჩევნებზე, სავარაუდოდ, დიდი პრობლემები შეექმნება.

- დიახ, "ქართული ოცნება", შესაძლოა, ამ მოდელით პოლიტიკურად დამარცხდეს, თუმცა ქვეყანა აშკარად იხეირებს. თუ არ დაუჭერს მხარს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს, რასაც ხალხი კიდევ უფრო ნეგატიურად აღიქვამს. ჩვენს საზოგადოებაში მაჟორიტარობა არაერთი მიზეზის გამო ძალიან დისკრედიტირებულია. ეს სისტემა ყველა ხელისუფლების დროს აღიქმებოდა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მაჟორიტარების დიდი ნაწილი ყოვლად აპოლიტიკური ადამიანები არიან, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტს იყენებენ დიდწილად პირადი მიზნებისთვის. ეს არის კლასიკური გაგებით ოლიგარქია, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტებს იყენებს ბიზნესის ლობირებისთვის, ხოლო ბიზნესს იყენებს პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის. თუ გვინდა, ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, ეს წრე უნდა გაირღვეს. ხელისუფლება გვპირდება გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს, თუმცა თვითონვე დააყენებს ამას ეჭვქვეშ, თუ მთელ იმედს მაჟორიტარულ სისტემაზე დაამყარებს. გარდა ამისა, თუ ვინმე პოსტსაარჩევნო კრიზისზე აკეთებს გათვლას, ხელისუფლების ეს გაჯიუტება კიდევ ერთი არგუმენტი იქნება პოსტსარჩევნო კრიზისის ფორმირების საქმეში. შესაძლოა, ოპოზიციას გათვლა სწორედ ამაზეც აქვს. ამიტომ ვამბობ, წაუგებელ თამაშს თამაშობენ-მეთქი.

- "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 9 ახალი წევრის შეყვანამ გარკვეულწილად დაძაბა ურთიერთობები ამ პოლიტიკურ ძალაში, რასაც დაერთო დავით კოღუაშვილის გაუგებარი განცხადებები ყოფილი ხელისუფლების ჩინოსნების თაობაზე. ამ და სხვა საკითხებზე 21 მაისს შეხვედრა გაიმართა პარტიის ოფისში, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორ აფასებთ ამ პროცესებს და რა როლი აქვს მათში ბიძინა ივანიშვილს?

- დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აქამდე ამ პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ცნობილია, რომ აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უფრო გააქტიურდეს. ჩემი აზრით, აქამდე მისი პასიურობა სწორი იყო. მან მისცა საშუალება პარტიის ელიტას, სცადოს და გადაწყვიტოს პრობლემები, მეტი ინიციატივა გამოიჩინოს და ა.შ. როცა რაღაც ავადმყოფობა სჭირს ადამიანს, კარგი ექიმი ბოლომდე ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას, ცდილობს, მისი სიმპტომები ბოლომდე გამოჩნდეს და მერე დაიწყოს მკურნალობა. ვფიქრობ, ივანიშვილიც ამ პოზიციაში იყო. ის ამ ეტაპამდე არ მონაწილეობდა ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ფრაქციის სხდომასა და პოლიტსაბჭოზე მისი გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ ის გააქტიურებას იწყებს. ველით მისგან დაანონსებულ წერილს, რომელიც, ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში მისი ჩართვის სტარტი იქნება. მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის გარეშე როგორც პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება, ასევე წინასაარჩევნო პროცესის ორგანიზება.

ცხადად ჩანს, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა. თუ მას სურდა რეორგანიზაცია, უპირველესად მას უნდა ეცადა პარტიასთან კომუნიკაცია და პარტიული რესურსის გამოყენება. უამრავი ადამიანია პარტიაში, რომლის მხრებზეც გადავიდა მისი მშენებლობა და ბოლო 4 წელიწადი, ბუნებრივია, ეს ხალხი განაწყენებულია იმით, რომ კვირიკაშვილმა მოიყვანა პირები, რომლებსაც არავინ იცნობს. ამან შიდაპარტიული დაძაბულობა გააძლიერა. კვირიკაშვილს რამდენიმე ადამიანი შიდაპარტიული რესურსიდან რომ წამოეწია, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მეორე საკითხია, ვინ მოიყვანა პოლიტსაბჭოში. ბევრი განმარტება გაკეთდა, მაგრამ ფაქტია, რომ დავით კოღუაშვილმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და საკუთარი განცხადებებით გვარიანად გაანაწყენა არა მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არამედ მისი მხარდამჭერების ნაწილიც.

- ე. წ. კაბელების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რასაც პროტესტი მოჰყვა სასამართლოშივე, მალევე კი "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან. მათ სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდნენ, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა".

- ეს თემა დასაწყისიდანვე გახდა პოლიტიკური. ამაში ორივე მხარემ თავისი როლი ითამაშა. თავდაპირველად, ირაკლი ალასანიამ სრულიად გასაგები, ადამიანური მიზეზებით საკუთარი პერსონის იდენტიფიცირება მოახდინა ამ ადამიანებთან და ამით ხაზი გაუსვა საქმის პოლიტიკურ ხასიათს. მეორე მხარეც უგუნურად მოიქცა, როდესაც გამოძიების პირველ ეტაპზე ამ ადამიანების პატიმრობაში აყვანა მოითხოვა, რისი აუცილებლობაც არ იყო და ეს იყო დიდი შეცდომა. მერე კი შეეცადა პროკურატურა, ეს გამოესწორებინა და გაეთავისუფლებინა ისინი, მაგრამ საქმე უკვე ძალიან იყო გაფუჭებული. სამართლებრივ ასპექტებში ვერ შევალ და ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, თუმცა კითხვები მაქვს. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ დანაშაული მართლაც მოხდა, პროკურატურის მტკიცებით, ამისგან სარგებლის მიმღები კომპანია "სილქნეტიცაა". კარგი, მისი ბრალეულობა არ არის დამტკიცებული, მაგრამ ეს კომპანია ეჭვმიტანილი ხომ არის? მაშინ როგორ ხდება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ კომპანიასთან კონტრაქტების სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებას არ წყვეტს? ეჭვმიტანილ კომპანიასთან რატომ აქვთ კვლავაც სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობა?!

პოლიტიკური კუთხით სხვა კითხვებიც ჩნდება და დამაჯერებელი პასუხები კი არ ჩანს. საქმეში, ფაქტობრივად, არ ჩანს დანაშაულის მოტივი, არადა, მოტივის გარეშე დანაშაულის დამტკიცება სამართლებრივ ქვეყანაში არ ხდება. საბოლოოდ ეს ყველაფერი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ისე ჩანს, რომ პროკურატურა ცდილობს ძალის დემონსტრირებას, არადა, ეს დიდი შეცდომაა. ამ ხელისუფლების ერთი დიდი პლუსი, რაც, როგორც ჩანს, თვითონ მინუსი ჰგონია, ის არის, რომ მისი არავის ეშინია, ამ ფორმით ძალის დემონსტრირება კი სასაცილო და კურიოზული ჩანს, მიუხედავად საქმის ტრაგიზმისა.

ერთიც, ალასანიას განცხადება მინდა გავიხსენო - თუ დანაშაული მოხდა, ეს ჩემი და ღარიბაშვილის დანაშაული იყოო, მე ვიზიარებ ამ პოზიციას. დაკავებულები არ არიან მთავარი ფიგურანტები. თუ დანაშაული რეალურად მოხდა, ისინი მხოლოდ მეისრეები არიან. არ არის სამართლიანი მათი დასჯა საქმის ბოლომდე გამოძიების გარეშე.

ნათია დოლიძე