"ივანიშვილის წერილი პოლიტიკურ პროცესებში ბევრ რამეს შეცვლის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის წერილი პოლიტიკურ პროცესებში ბევრ რამეს შეცვლის"

"დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს აქვს რევოლუციური ზრახვები, თუმცა..."

"ჩემი აზრით, ივანიშვილს მოუწევს აქტიურად ჩართვა წინასაარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში"

"საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის 25 წელი იზეიმა. "სახელმწიფოს ისტორიისთვის 25 წელი ცოტაც არის და ბევრიც. ცოტაა იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა, რომელსაც ამდენი ხანი წართმეული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, და ბევრია იმიტომ, რომ ამდენი რამ დაიტია - ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლი, დაკარგული ტერიტორიები საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფასური გახდა", - განაცხადა დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. სწორედ ამ ურთულესი 25 წლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- საქართველოს გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანა დავარქვი. ხომ ფაქტია, რომ ჩვენი შესაძლებლობების 20%-საც ვერ ვიყენებთ სათანადოდ. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა მართლაც არაერთ უდიდეს პერსპექტივას შლის ჩვენ წინ, გვაქვს დიდი შანსი იმისა, რომ გავხდეთ არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ენერგოჰაბი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენში ასეთი პროექტები არ მუშავდება. ამისთვის ან კომპეტენცია არ ჰყოფნით, ან ძალისხმევას არ იჩენენ და საკუთარი ცხვირის იქით არ იყურებიან. ჩვენ დიდი ხნის წინ შეგვეძლო, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, რომ არა რევოლუციური ქმედებები და ხელისუფლების შეცვლის ძალისმიერი მეთოდები. რა გგონიათ, "ევროპის სახალხო პარტია" კი უჭერდა სააკაშვილის ხელისუფლებას მხარს, მაგრამ რეალურად ამგვარი რეჟიმის მქონე ქვეყნის ევროკავშირში შეშვება უნდოდათ? რა თქმა უნდა, არა. რატომ დადგა ვიზალიბერალიზაციის საკითხი მხოლოდ ახლა? იმიტომ, რომ 2012 წელს ჩატარდა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით შეიცვალა.

ის, რისკენაც მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის მომხრეებს, არის ნაბიჯი უკან, რევოლუციურ-კომკავშირული სულისკვეთება, წარსულისკენ მიბრუნება და მეტი არაფერი. ამას არავინ დაუშვებს. ძალიან ბევრი რამ შეიძლებოდა მოგვესწრო ამ 25 წელში. საერთოდ, უცნაური ქვეყანა ვართ. ოთხი პრეზიდენტი გვყავდა, მათგან ორი ძალისმიერი მეთოდებით გავუშვით ხელისუფლებიდან, ერთი საერთოდ მოკლეს. მიხეილ სააკაშვილმა კი ამოწურა პრეზიდენტობის ვადა, მაგრამ რამდენი უბედურება დაატრიალა ქვეყანაში. ყველაზე დიდი შეცდომა, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, რუსეთთან ომია. უფრო ჭკვიანურად რომ მოვქცეულიყავით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. 2007 წლის 7 ნოემბერი გავიხსენოთ, 2011 წლის 26 მაისი... ამ ყველაფერმა ძალიან შეაფერხა ქვეყანა. ეს ძალზე ტრაგიკული 25 წელი იყო, თუმცა მთავარი მაინც მოვახერხეთ - ავად თუ კარგად, აშენდა სახელმწიფო, შესაძლოა, სხვა საზღვრებში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღვადგენთ ამ საზღვრებს. დღევანდელობის მთავარი მონაპოვარი კი ის მგონია, რომ ამ სახელმწიფოში სუნთქვა თავისუფლად შეიძლება. იმედია, დანარჩენს ჩვენი შვილები გააკეთებენ.

- დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზეც ქვეყნის დიდ პრობლემად რჩება დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა... ამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს.

- ეს დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის არმიის სითავხედეს და სრულ უდისციპლინობას. ჯერ კიდევ წლების წინ ჩანდა ნიშნები იმისა, რომ რუსული სამხედრო მანქანა დემორალიზებული იყო და ახლა საბოლოოდ გამოლპა. ვერ გავიზიარებ განცხადებებს, რომ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, კატეგორიულად არ ვეთანხმები არც ერთ-ერთ მინისტრს და არც ზოგიერთ პოლიტიკოსს, მათი გვარების დასახელება არ მინდა. ხურჩაში დატრიალებული ტრაგედია არ არის შემთხვევითი მკვლელობა, შესაძლოა, ეს მივიჩნიოთ ერთგვარ სადამსჯელო ქმედებად, შეკვეთილ მკვლელობადაც კი, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს. ამ დანაშაულს აქვს თავისი პოლიტიკური ასპექტები, რომელსაც კარგი გაანალიზება სჭირდება. აფხაზეთთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც მკაცრ მონიტორინგს გასწევს.

- საქართველოს ხელისუფლება მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე სწორედ რუსულ მხარეს აკისრებს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა აფხაზური მხარის კისერზეა.

- ტყუილია! სწორედაც რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა. აბა, ჩემთვის აფხაზური მხარე საერთოდ არ არსებობს. აფხაზები აკეთებენ იმას, რასაც რუსეთი უბრძანებს. დარწმუნებული ვარ, აფხაზებს სულაც არ უნდოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს აფხაზეთი რუსეთის პროვინციაა. მე დიდად არ მჯერა, რომ დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს. ამბობენ, რომ საქმე აღძრეს და ვეჭვობ, ეს შედეგიანი აღმოჩნდეს. შესაძლოა, მკვლელი დაიჭირონ კიდეც მოსაჩვენებლად, თუმცა მალე მალულად გაათავისუფლებენ. ვფიქრობ, გაცილებით ხისტი უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.

- ახსენეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არსებობის აუცილებლობა, თუმცა პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების სამსახურების უფრო მეტად გააქტიურებას.

- რა გითხრათ, მაგ სამსახურების მუშაობაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არა ვარ. კი ბატონო, უნდა გააქტიურდნენ, თუმცა რამდენად ეფექტიანი იქნება, ვერაფერს გეტყვით. ან აქამდე სად იყვნენ?

- "ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა, არა მგონია, საჭირო იყოს", - გოგი თოფაძის ეს განცხადება ბევრმა რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნია. რამდენიმე დღის წინ ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაზე ისაუბრა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც და დასავლელ საზოგადოებას მასთან გამკლავებაში დახმარება სთხოვა.

- მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური, უფრო სწორად კი, რუსული პროპაგანდა აშკარად გაძლიერდა, თუმცა მისი მასშტაბი სახიფათო ნაკლებად მგონია. მეეჭვება, საქართველოს მოსახლეობას რაიმე პროპაგანდამ გადაუბრუნოს ტვინი და ქვეყნის მტრისკენ შეაბრუნოს. ცხადად ჩანს, რომ რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს ამაში, თუმცა ის წყალში გადაყრილი მგონია. თოფაძის განცხადება და იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთი არაფერ შუაშია, არც გააზრებული მგონია და არც სწორი. თუმცა თოფაძემ რამდენიც უნდა ილაპარაკოს, ეს მტერ-მოყვრის გარჩევაში ხელს ვერ შეგვიშლის. არის მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ძირითადად, უფროსი თაობა, ვისაც საბჭოეთის ნოსტალგია აწუხებს, თუმცა ახალი თაობისთვის რუსეთი სრულიად უცხოა. 25 წლის ახალგაზრდებმა არათუ არ იციან რუსული ენა, არამედ წარმოდგენაც არა აქვთ ამ ქვეყანაზე, ისინი იქ არასდროს ყოფილან. ეს ახალგაზრდები რუსეთისკენ რატომ გაიხედავენ, როდესაც დასავლეთი მათთვის გაცილებით ახლობელია? ამიტომ ანტიდასავლური განწყობების მასშტაბურად გაღვივების საფრთხეს ვერ ვხედავ. უკვე ვთქვი, რომ რუსეთი აქ დიდ ფულს ხარჯავს, იქმნება არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურებს გაძლიერებული მუშაობა მართებთ. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ერთია გქონდეს შენი აზრი, მეორე - უცხოური სპეცსამსახურებისგან ფინანსდებოდე. აქ ასე იოლად არ არის საქმე, ბოლოს და ბოლოს, ამგვარ ქმედებას ქვეყნის ღალატამდე მივყავართ. ამიტომ ყველას სიფხიზლე მართებს. როდესაც კვირიკაშვილმა დასავლეთს მიმართა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეზე ილაპარაკა, ვფიქრობ, ამას თავისი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, მან დასავლეთს გარკვეულწილად მიანიშნა.

- ალბათ, გულისხმობთ მინიშნებას იმაზე, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში დასავლეთის პასიურობა ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ მეტად გამღვივებელი შეიძლება აღმოჩნდეს. თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი გაუგებარი განცხადებები გავიხსენოთ.

- დიახ. გაუგებარია ევროპის პოზიცია. არ მესმის, რას უფრთხიან ასე. გასაგებია, რომ დღეს ბებერ კონტინენტზე ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელია, საქართველომ რაიმე თვალსაზრისით ეს პრობლემები გააღრმაოს.

მაინც მჯერა, რომ 9 ივნისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდება, თუმცა ეს ყოყმანი აშკარად არ შეშვენის ევროპას. თუ მათ დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან. ის ინტერესები და პროექტები, თუნდაც ენერგეტიკული, რისი განხორციელებაც ჩვენ გარეშე ვერ მოხერხდება, აუცილებლად დაზარალდება. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის უკლებლივ ყველა პუნქტი შეასრულა. ამას აღიარებენ ევროპელებიც, ახლა ჯერი მათზეა.

- ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისას მომხდარმა დაპირისპირებამ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ბევრს აფიქრებინა, რომ ეს საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია იყო.

- რაც კორცხელში მოხდა, ასე მგონია, არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. რა, პირველად სცემეს ბოკერიას? ჯერ კიდევ წლების წინ მახსოვს, მამა ბასილის მრევლმა რომ გალახა. საქმე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც მოქმედებს ძველი ხერხებით, ისევ იმას ცდილობს, რასაც აქამდე აკეთებდა. კორცხელში მომხდარი იყო "ნაციონალების" დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაცია, რომლითაც, სამწუხაროდ, მიზანს მიაღწიეს.

- ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია იყო, თუმცა ხომ ფაქტია, რომ მმართველი ძალა ამას შემთხვევით თუ მიზანმიმართულად წამოეგო.

- მაინც მგონია, რომ "ქართული ოცნება" სრულიად გაუცნობიერებლად ჩაება ამ კონფლიქტში. შესაძლოა, ეს იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაუთვლელი ნაბიჯი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მომხდარი რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და მისგან მოდიოდეს.

- ზუგდიდის რაიონში სპორტსმენთა ჩაყვანის ორგანიზებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაადანაშაულა. ხომ არ არის მოსალოდნელი, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობას, გადაიტანოს პოლიტიკური პროცესი ქუჩაში, "ქართული ოცნებაც" აჰყვეს.

- არ მჯერა, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ამ კონფლიქტის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილება წინასწარ მიიღეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს. ეს ფაქტი "ქართული ოცნებისთვის" გაკვეთილი უნდა იყოს და დასკვნები გააკეთოს. ყველაზე მეტად გიორგი კვირიკაშვილის სიდინჯისა და გონიერების მჯერა. ვფიქრობ, ის მოახერხებს ვითარების ისე დალაგებას, რომ სერიოზული არეულობისა და ქაოსის მოწყობის საშუალება "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეცეს, რისი დიდი სურვილიც აქვს. როგორც ვთქვი, "ნაციონალურ მოძრაობას" მეთოდები დაუძველდა. წესით, მისი ქმედებების გათვლა ძნელი არ უნდა იყოს, ამიტომაც პროვოკაციაზე ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს. რაც შეეხება მსგავს კონფლიქტებს, დროდადრო ეს ხდებოდა საქართველოში და, ვფიქრობ, მანამ იქნება, სანამ ადამიანის სოციალური კულტურა არ ამაღლდება. არა მგონია, ეს 2-3 თვეში მოხერხდეს.

- სააკაშვილი ბოლო დროს განუწყვეტლივ იხსენებს 2003 წლის "ვარდების რევოლუციას"...

- მიხეილ სააკაშვილი ახლახან პოლონეთში ვნახე, ის ევროპის ეკონომიკურ კონგრესში მონაწილეობდა, რომელზეც მოხსენებით გამოვედი. მართალია, მისი სიტყვით გამოსვლისას გამოვედი დარბაზიდან, მაგრამ ვიცი, რომ მისი განცხადებები დაცლილი იყო აგრესიისა და გაუგებარი მუქარებისგან. რევანშის სურვილი შეიძლება მართლაც აქვს, რისი მცდელობაც ყოფილა არაერთ ქვეყანაში, თუმცა ამან ვერსად გაიმარჯვა. როგორც ამბობენ, ერთი და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია. ეს შეეხება სააკაშვილსაც, მისი ფურცელი გადაფურცლულია უკვე. კი, აქ მას ჰყავს საყრდენი, ვთქვათ, ამომრჩევლის 10%, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რევოლუციური ტალღის ასაგორებლად, ამას ხალხის კრიტიკული მასა სჭირდება. სააკაშვილის შემდეგ მთლიანად შეიცვალა "ქართული ოცნების" სახელმწიფოს მართვის სტილი. ის აღარ არის დამოკიდებული ერთ ქარიზმატულ პიროვნებაზე, მმართველობის მთელი ვერტიკალი ერთი აღვირახსნილი ადამიანის ბრძანებებს არ ემორჩილება. სულ ახლახან ჩემი შეხვედრისას სააკაშვილთან, დავასკვენი, რომ ვერ უნდა იყოს მთლად ჯანმრთელად. სავარაუდოდ, სტეროიდებზე ზის, უცნაურად გასუქებულია. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს აქვს რევოლუციური ზრახვები, თუმცა მეეჭვება, მათ განხორციელება ეწეროს. საქართველოს მოსახლეობა ბრმა არ არის, ყველამ კარგად დავინახეთ, ოღონდ კი გამხდარიყო ოდესის გუბერნატორი, რაღაც ძალაუფლება ჰქონოდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ახლა უკრაინაშიც წყალი შეუდგა და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქეობაზეც იოლად იტყვის უარს. ასეთ ადამიანებს იცნობს მსოფლიო ისტორია. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი ქვეყნის სათავეში იქნებოდნენ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად ცუდად ამთავრებდნენ.

- ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული წერილი 30 მაისს, სწორედ მაშინ გამოქვეყნდება, როდესაც ჩვენი გაზეთი გამოვა (ინტერვიუ ჩაწერილია 28 მაისს - ავტ.).

- ბატონმა ბიძინამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, შეეფასებინა ბოლო ოთხწლიანი მმართველობის პერიოდი თავისი ავ-კარგით. ვფიქრობ, გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც გაკეთდა და რაც ვერა. ჩემი აზრით, ბევრი რამ გაკეთდა, შესაძლოა, ეს არასაკმარისია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბევრ სფეროში, თუმცა "ქართული ოცნების" პრობლემად რჩება ის, რომ ვერ ახერხებს ამ გაკეთებული საქმის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას.

ეს ამ ხელისუფლების მეტად სერიოზული პრობლემაა, რაზეც კარგი იქნება, ივანიშვილმაც გაამახვილოს ყურადღება. რა მოხდება ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ისევ ჩაერთვება პოლიტიკაში აქტიურად თუ არა? - ჩემი აზრით, ივანიშვილს მოუწევს აქტიურად ჩართვა წინასაარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაზეც, შესაძლოა, წერილშიც არის ლაპარაკი. მას ჰქონდა საშუალება, განვლილი ოთხი წელი მაქსიმალურად სწორად გაეანალიზებინა და დასკვნებიც გამოეტანა. თავის დროზე, ბატონმა ბიძინამ სწორედ წერილით გაუზიარა თავისი მოსაზრებები და პოლიტიკური მიზნები ქვეყნის ხელისუფლებას. ვფიქრობ, ეს წერილიც მნიშვნელოვანი გამოდგება და პოლიტიკურ პროცესებში ბევრ რამეს შეცვლის.

- მსოფლიო გამოხმაურების, უკრაინის არაერთგზის მოთხოვნისა და ხმაურიანი სასამართლო პროცესის შემდეგ რუსეთმა უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლა.

- ძალიან კარგია, რომ კრემლმა, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნადეჟდა სავჩენკოს უკან მე რაღაც მნიშვნელოვან გარიგებას ვხედავ პოროშენკოსა და პუტინს შორის. ვგულისხმობ გლობალურ პოლიტიკურ შეთანხმებას. ზუსტად რაზე, ამაზე ლაპარაკი ახლა მიჭირს, თუმცა, ვფიქრობ, ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება.

ნათია დოლიძე