"ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა"

"არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს"

როგორც "რუსთავი 2", ისე "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ქვეყნის ინტერესების დაზარალებაზე, და ვინც ამაში მას ხელს შეუწყობს, ის მათზე უარესია

თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაც ამაში მონაწილეობს, ის ვიღაც არის კლასიკური პროვოკატორი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ხელისუფლებას

როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ღია წერილს, რომელშიც მიმოხილულია როგორც "ქართული იცნების" ხელისუფლებაში მოსვლის წინა პირობა, ასევე განვლილი 4 წელი, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობას აპირებს, თუმცა ხელისუფლებაში დაბრუნებას არ გეგმავს. ბევრი ელოდა, რომ წერილში მიმოხილული იქნებოდა მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზები, თუმცა ივანიშვილი ამ საკითხს არ შეეხო. ილაპარაკა მიღწევებზე, ეკონომიკურ წარმატებებზე, რაც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად იქცა. ექსპერტ გია ხუხაშვილთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

- ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში მოცემულ ისტორიულ მიმოხილვას თუ არსებული ვითარების ანალიზს დიდწილად ვიზიარებ. მის ფაქტობრივ ნაწილს, ვფიქრობ, ნამდვილად აქვს ისტორიული ღირებულება, მაგრამ წერილს წმინდა პოლიტიკური კუთხით თუ შევაფასებთ, მაშინ ბევრ ლაფსუსს დავინახავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ძველებურად მთლიანად გაჟღენთილია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირების პათოსით, ის უფრო წარსულის გამოძახილია და არ არის ორიენტირებული მომავალზე. ისე ჩანს, რომ ივანიშვილი პირდაპირ აჯიბრებს დღევანდელ ხელისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობას". თუნდაც ეკონომიკის ეს შედარებითი ანალიზი ავიღოთ, რაც ჩემთვის უფრო გუშინდელი დღეა. დღეს რეალობა სხვაა და სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება, რასაც წერილი ნაკლებად პასუხობს. რელურად ჩვენ მოწმე ვართ, რომ ეს ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" - მხარდამჭერებს პერმანენტულად კარგავს. "ქართულ ოცნებას" ეს პრობლემა დაუდგა იმის გამო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი იმედგაცრუებულია. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს. ამ წერილის მიზანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ ეს დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად იმედგაცრუებული ადამიანები უკან მოებრუნებინა. ამისთვის საჭირო იყო სულ ორი საკითხის ჩაწერა წერილში.

პირველი - აუცილებელი იყო, მოჰფერებოდა ამ ადამიანებს და კარგად აეხსნა მათთვის, თუ რატომ ვერ მოხერხდა რიგი დაპირებების შესრულება და მათი მოლოდინის გამართლება. თუნდაც ეთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოლოდინი გადაჭარბებული იყო; მეორე - ამ ოთხი წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. ამ ორი რაღაცის წერილში ჩაწერით, ვფიქრობ, რაღაც საფუძველს მაინც შექმნიდა ამ ადამიანებში ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობის აღსადგენად.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ წერილის ეკონომიკურ ნაწილს?

- მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ციფრები და სტატისტიკა სწორია, ეს მაინც არადამაჯერებელი ჩანს. საქმე ის არის, რომ ჩვენში ციფრები და სტატისტიკა ყოველთვის მანიპულაციის საგანი იყო და წარმოადგენდა ვირტუალური კეთილდღეობის დახატვის ხერხს. ამაში განსაკუთრებულად ძლიერი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ესეც რომ არ იყოს, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ქაღალდზე დაწერილი მშრალი ციფრებით ადამიანებთან ლაპარაკი ვერ არის ქმედითი.

ადამიანის კეთილდღეობის მთავარ ინდიკატორად რჩებოდა და რჩება კვლავაც ის, კაცი მაცივარს რომ გამოაღებს, იქ რა ხვდება. ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურ სარჩოს ძლივს შოულობს, ეს ციფრები არაფერს ნიშნავს. მით უფრო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა ისე წარემართა საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომ გაკეთებული საქმე სრულფასოვნად წარმოეჩინა. ეს იყო და რჩება ამ ხელისუფლების ნაკლად. ერთია ციფრები და მეორე - საქმე, რომელიც რიგ შემთხვევაში ვერ კეთდება ან თუ კეთდება, ამაზე, ვიწრო წრის გარდა, არავინ არაფერი იცის. გარდა ამისა, წერილში ისე ჩანს, რომ ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაგან ერთი კეთილია, მეორე - ბოროტი. ივანიშვილის წერილში ორპოლუსიანობაზე აქცენტი ისევ შუას გაკრეფის მცდელობას მაგონებს, რაც, შესაძლოა, პოლიტტექნოლოგიურად სწორი, მაგრამ სახელმწიფოებრივად არასწორია. დღეს ეს საჭირო აღარ არის, რადგან აშკარაა, საზოგადოება ფიქრობს, რომ ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ჰყავს, ამიტომ ეძებს მესამე ძალას. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ წერილი სხვადასხვა ჯგუფის მიერ იყო მომზადებული, შედეგად კი, ხელოვნური კომპილაცია მივიღეთ. ეს მაფიქრებინა წერილის იმ ფრაგმენტებმა, რომლებიც რიგ შემთხვევაში მშრალია და მხოლოდ სტატისტიკაზე აგებული, სხვაგან კი ლირიკული გადახვევები გვხვდება.

- გამოდის, თქვენც იზიარებთ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, მოსაზრებას. ამგვარი ეჭვი სწორედ მან გამოთქვა.

- კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ ფორმას, როგორც გუბაზ სანიკიძემ გამოხატა აზრი. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი გავაკრიტიკოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რაც არ უნდა გადავკვეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი, მისდამი ვინარჩუნებ პატივისცემას და ვაღიარებ მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე. წესით, გუბაზ სანიკიძესაც ეს კარგად უნდა ესმოდეს. გუბაზ სანიკიძემ გამოიყენა ისეთი სიტყვები, რაც პირადი შეურაცხყოფის ზღვარზე გადის და ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

- 2012 წელს "ქართული ოცნების" მთავარი მამოძრავებელი ძალა და რესურსი ბიძინა ივანიშვილი იყო. ის დღესაც აცხადებს, რომ საზოგადოების ნდობით სარგებლობს. რამდენად დიდია ეს ნდობა და იქნება თუ არა ეს "ქართული ოცნების" წარმატების საწინდარი კვლავაც?

- გააჩნია, ნდობაში რას გულისხმობს.ქართველ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალის ცენტრად ის ნამდვილად აღიარებულია, რაც აძლევს მას უპირატესობას. სხვა საკითხია, ეს რამდენად ნეგატიურად ან პოზიტიურად აღიქმება. 2012 წელს ეს ძალა იყო მხოლოდ პოზიტიური, უჩრდილო, დღეს მან უკვე ნელ-ნელა ნეგატიური რეიტინგი აკრიფა.

- დიდი ხმაური მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაიშალა... მაყურებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შედეგად, ვინ რესპონდენტს აკრიტიკებს, ვინ - ჟურნალისტს.

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს შეხვდნენ მხარეები, რომელთაგან ერთი ითხოვდა, რომ ეთამაშათ ფეხბურთი და მეორეს კალათბურთის თამაში სურდა, ამ დროს კი მოედანზე რაგბის ბურთი იყო. ისე დამთავრდა პროცესი, რომ ვერ გადაწყვიტეს, რა ეთამაშათ. შედეგად, ყველა უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის, მაყურებელი. როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი მისული იყო პოზიტივზე სალაპარაკოდ, ხოლო იქ დახვდა სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტმა თავისი თამაშის წესები შესთავაზა, რაც ივანიშვილმა არ მიიღო და შედეგად, ორივე მხარე "აიჭრა". ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა, თუმცა, ჩემი აზრით, მომხდარით ბიძინა ივანიშვილი უფრო დაზარალდა. ვფიქრობ, რაც უნდა არაკომფორტული ყოფილიყო, ის უნდა გაჰყოლოდა ჟურნალისტს და გაეცა თუნდაც ძალიან ტენდენციურ და არაობიექტურ კითხვებზე პასუხი. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ. თუ ბიძინა ივანიშვილს სურდა, პოზიტივზე ელაპარაკა და არ იყო მზად კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, შესაბამისად, უნდა შერჩეულიყო პლატფორმა და გადაცემა. ამ ყველაფერს ივანიშვილი ვერ დაგეგმავდა, ეს პრესცენტრის საქმე იყო.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ივანიშვილის განცხადებამ მურუსიძესთან დაკავშირებით...

- ჩვენი ომის დასაწყისი სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო. 2012 წელს ერთი ბრძოლა მოვიგეთ, ომი კი 2005 წელს სანდროს დაღუპვის დღიდან დაიწყო. ჩვენი ბრძოლის დროშაზე სწორედ სანდრო გირგვლიანი იყო გამოსახული. ცხადია, მურუსიძე იმ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთ-ერთი თანამონაწილე, სისტემის სიმბოლო, რომლის უსამართლობა მარტო სანდროს სიკვდილის კი არა, მთელი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. მურუსიძის მსხვერპლად წარმოჩენა ჩემთვის და, ალბათ, ბევრისთვის, ძნელი მოსასმენია. სწორედ კოლექტიური მურუსიძე გვცემდა და გვასამართლებდა, მსხვერპლი ჩვენ ვიყავით, მურუსიძე კი არა! ივანიშვილმა განაცხადა, შევუთანხმდი მურუსიძეს, რომ გათავისუფლდებოდა ყოფილი ხელისუფლების გავლენისგანო. თუ ვინმეს სჯერა, რომ ერთი საუბრით შესაძლებელია გათავისუფლება და შარავანდედით შემოსვა, მაშინ ეს ძალიან მიამიტი დამოკიდებულებაა.

დღეს მურუსიძე არის სიმპტომი იმ საფრთხისა, რომ სააკაშვილის დროინდელი სისტემა დღესაც არსებობს და ხვალ და ზეგ, შესაძლოა, დაიბრუნოს დაკარგული ძალა. არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი რეჟიმის კი არა, სისტემის დამარცხებაა! სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ეს სისტემა თავისთან შემოუშვა და დაიწყო მასთან თანამშრომლობა. სწორედ ამან მიგვიყვანა კორცხელთან, ხვალ-ზეგ კიდევ რა უბედურებასთან მიგვიყვანს, არავინ იცის. ამ ურჩხულის მართვა არ არის ადვილი. მურუსიძემ ამ ორიოდე დღის წინ თქვა, საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასოდეს ყოფილა, როგორიც დღეს არისო. მე ამას ვიზიარებ, მაგრამ მურუსიძის ბაგეთაგან ეს ისე ისმის, მაფია ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილაო; ანუ სასამართლო რომ მაფიით ჩავანაცვლოთ, მურუსიძისგან ეს უფრო დამაჯერებელი იქნება.

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, ტრადიციულად, ხმაურით მიმდინარეობს.

- ამ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, ვფიქრობ, "რუსთავი-2"-ს, მას შემდეგ, რაც ის დვალსა და აქიმიძეს წაართვეს, მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს. ჩემთვის მისი მფლობელი არ შეცვლილა, ეს მიხეილ სააკაშვილია, უბრალოდ, ნომინალურად ფორმდებოდა სხვადასხვა პირზე. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ტელევიზია გადაუფორმეს, ქიბარ ხალვაში იყო. მას სულ არ აინტერესებდა მედიაბიზნესი, როგორც თვითონ ამბობს, სააკაშვილმა აიძულა ამ ტელევიზიის ყიდვა. შესაბამისად, მას ნამდვილად მივიჩნევ დაზარალებულად სხვა ბიზნესების წართმევის საქმეებში, მაგრამ არა "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით. მან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ტელევიზიაში შესვლით. გარდა ამისა, მახსოვს, მისი მფლობელობისას როგორ მუშაობდა "რუსთავი-2" თავისუფალი, კრიტიკული სიტყვის ჩასახშობად. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რასთან გვაქვს საქმე სამართლებრივად, პოლიტიკურად როგორც მიდის პროცესი (განსაკუთრებით სააარჩევნო თემატიკის გათვალისწინებით), ვფიქრობ, ეს აძლიერებს "ნაციონალურ მოძრაობას" თუ ხელისუფლების ოპონენტებს და მაქსიმალურად აზარალებს ხელისუფლებას. ეს არის ამ პროცესის ფაქტობრივი შედეგი და, ჩემი აზრით, ეს თემა თუ არჩევნებამდე მუდმივად იტრიალებს, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყანასაც. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაც ამაში მონაწილეობს, ის ვიღაც არის კლასიკური პროვოკატორი, რომელიც შიგნიდან აფეთქებს ხელისუფლებას. ამაზე დიდი უგუნურება, რომ ხელისუფლებაში ვიღაცას სურდეს, "რუსთავი 2"-მა პროცესი არჩევნებამდე წააგოს, ვერც წარმომიდგენია. ჩვენ ვიცით, რომ როგორც "რუსთავი 2", ისე "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ქვეყნის ინტერესების დაზარალებაზე, და ვინც ამაში მას ხელს შეუწყობს, ის მათზე უარესია. არ მჯერა, რომ ხელისუფლება ასეთი უგუნურია.

გაისმის რევოლუციის მუქარა, მეეჭვება, "ნაციონალურ მოძრაობას" ამის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ მე ამ ხელისუფლების მდგრადობა მცირე, ლოკალური კრიზისის დროსაც კი მაეჭვებს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ყველაზე მეტ ზიანს ბიძინა ივანიშვილს აყენებს. თუ შეთქმულების თეორიას გამოვიყენებთ, არ გამოვრიცხავ, რომ ისიც იყოს ამ ყველაფრის სამიზნე. მინდა ერთი რჩევა მივცე, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეა. თავი დავანებოთ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა უბედურებას მას აბრალებს, მისი გაკრიტიკების წინააღმდეგი სხვებიც არ არიან, მათ შორის, "ქართულ ოცნებაში". ამ ბოლო დროს საკმაოდ უარყოფითი მესიჯები მოდის დასავლეთიდან, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ინსტრუმენტი აქვს გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გზავნილები არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და დასავლური სტანდარტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ივანიშვილი აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას, მას ძალიან ძლიერი იმუნიტეტი სჭირდება. მისთვის ამის მიმცემი კი არის მხოლოდ ხელისუფლებაში რეალურად ყოფნა, კონკრეტული თანამდებობა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის... მან უნდა მოახდინოს საკუთარი სტატუსის ფორმალიზება, სხვა მხრივ ძალიან გაუჭირდება.

- თითქოს დალაგდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მართალია, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მარგველაშვილმა ვეტო დაადო, მაგრამ მისი შენიშვნები არ აღმოჩნდა მიუღებელი და პარლამენტმა გაიზიარა, თუმცა ამის პარალელურად ვნახეთ პრეზიდენტის გამოთქმული ეჭვი, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში არსებობდეს მოძველბიჭოდ მოაზროვნეთა ჯგუფი.

- დღეის მდგომარეობით, სახელისუფლებო ძალა კვლავაც ძალიან ეკლექტიკურია და არ გამოვრიცხავ, რომ მმართველობისთვის ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიდიოდეს. კი, ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა მოახერხეს ერთმანეთთან მოლაპარაკება, ორივე წავიდა კომპრომისზე, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ამის პარალელურად არიან ჯგუფები, რომლებიც სისტემურ დანაშაულებზე ხელს აწერენ. არ მინდა, ვინმე გავაბრაზო, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ის მოჭიდავეები კორცხელში შემთხვევით ჩავიდნენ? სწორედ ასეთი მოჭიდავეები გვირტყამდნენ თავში წინა ხელისუფლების დროს. დღევანდელ ხელისუფლებას არ ეკადრება ასეთი მეთოდებით მოქმედება. ამაში კვირიკაშვილის ხელი რომ არ ურევია, ესეც ცალსახად ჩანს. ამიტომ პრეზიდენტმა ხელისუფლებაში არსებულ გარკვეულ ჯგუფზე მიგვანიშნა, რომელმაც ზიანი მიაყენა პარტიის ლიდერს. ყველაფერთან ერთად, არჩევნებიც წააგეს, მოკლედ, კორცხელში ორი ავტოგოლი გაიტანეს.

ნათია დოლიძე