"დასავლეთშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ნაყიდი ჰყავს რუსეთს"
13-06-2016
"დასავლეთშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ნაყიდი ჰყავს რუსეთს"
"დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან მძიმე არჩევნები გველის"

"ამ რამდენიმე დღის წინ მომადგა ერთ-ერთი აფხაზი საველე მეთაური, რომელიც ჩვენ გვებრძოდა და მთხოვა, C ჰეპატიტის პროგრამაში მოხვედრაში დავხმარებოდი"


10 ივნისს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ამჯერად ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ. სხდომაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის დაწესების გზაზე, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ
ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი.

"ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც იმ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის
ვიზალიბერალიზაციის პროცესის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და გულისამრევი ქმედებაა," - დაწერა სარა უილიამსონმა სოციალურ ქსელში. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს უკვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ.

- თქვენი აზრით, საფუძვლიანია ის მიზეზები, რასაც გერმანია და საფრანგეთი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საწინააღმდეგოდ ასახელებენ?

- ევროკავშირის რიგი ქვეყნების ეს გადაწყვეტილებები რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ საემიგრაციო პოლიტიკის თვალსაზრისით ურთულესი ვითარება, რასაც ევროპა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია სწორედ გერმანიასა და საფრანგეთშია. მეორე ფაქტორია რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ცდილობს, საქართველოს დასავლეთისკენ სვლა შეფერხდეს და გაიწელოს. კარგად იციან, რომ გაწელილი პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე და მას დასავლეთისადმი ანტაგონისტურად განაწყობს. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს კრემლი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც დასავლეთის პოლიტიკურ, ასევე მედიაისტებლიშმენტის ნაწილზე. კარგად შეუძლია მათზე ზემოქმედება, რომ ეს პროცესები დამუხრუჭდეს.

რუსეთის დიდი გავლენა, თუნდაც გერმანულ მედიაზე, გამოჩნდა იმითაც, რომ ბოლო ხანს პირდაპირ სკანდალად იქცა იქაურ მედიასივრცეში ქართველი კრიმინალების თემა. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ქართველებმა შეჭამეს გერმანია. არადა, ეს ყველაფერი თითიდანაა გამოწოვილი. თვითონ გერმანელების ოფიციალური ინფორმაციით, მიგრანტთა ჩადენილი დანაშაულების მიხედვით საქართველო ბოლო ადგილზეა. ვინც საქმეშია ჩახედული, კარგად იცის, რომ ხორვატ, ალბანელ და რუმინელ კრიმინალებთან ქართველები ახლოსაც ვერ მივლენ. საქართველოდან ჩასულები, ძირითადად, წვრილმან ქურდობას ეწევიან, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლები კი ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართული და მილიარდები გააქვთ გერმანიიდან. თუ დავეყრდნობით საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტ სარა უილიამსონის ნათქვამს, მესამე ფაქტორად, შესაძლოა, მივიჩნიოთ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის ქვეყნის დამაზარალებელი მოქმედება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არ მიიღოს ამ ხელისუფლების პირობებში. კიდევ შეიძლება იყოს სხვა წვრილ-წვრილი ფაქტორებიც, მაგრამ ეს სამი ძირითადია.

- შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად ემოქმედა და შედეგიც სხვა ყოფილიყო?

- არა, უკვე ჩამოვთვალე ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორები. ხელისუფლებას რაც უნდა მოემოქმედა, თუ ეს ფაქტორები მძლავრად არის ამუშავებული, მათთან გამკლავება წარმოუდგენელია. საქართველომ კი არა, ამხელა უკრაინამ და თურქეთმა ვერაფერი შეძლეს. ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკი ახალი ამბავია, თურქეთისთვის კი ეს წლებია გრძელ­დება. ვიღაცას უნდა, საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალოს ეს და ლამის "რუსთავი-2"-ს დაუკავშიროს, რაც სისულელეა. მეც შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად, ე.წ. ბორდერიზაციის წინააღმდეგ უფრო მკაფიო უნდა იყოს ქართული დიპლომატია, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია სხვა შემთხვევაა.

- ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადადება რუსეთს უფრო გაააქტიურებს, რის ნიშნებიც აშკარად ჩანს კიდეც. ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა რუსულმა პროპაგანდამ, ასევე გახშირდა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევისა და მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების გატაცების ფაქტები...

- ჩვენ ერთ თვისებას ვართ მოკლებული: გვერდიდან მოვლენების დანახვა არ შეგვიძლია და ამაში მედიაც სცოდავს. გლობალური პოლიტიკის კონტექსტიდან რომ შევხედოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, დავინახავთ, რომ რაც უფრო აქტიურობს საქართველო ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით, მით მეტად აქტიურობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. ივლისში დაგეგმილია ნატოს სამიტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ყოფნისას გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადებები, რასაც კრემლი საფრთხედ აღიქვამს. თქვენი აზრით, რუსეთი ამ დროს გაჩერდება? ე.წ. ბორდერიზაცია არის მისი კონტრმოქმედებების ერთი ნაწილი. რუსეთის პოზიციიდან ჩვენ ვიქცევით ძალიან ცუდად, რადგან გვინდა, ნატო შემოვიყვანოთ საქართველოში.

პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება ANAKONDA-16-ში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა არ მიიღეს ქართველმა სამხედროებმა. ეს, ჩემი აზრით, იმაზეც მიუთითებს, რომ ჩვენი პარტნიორები ბრიუსელში მიხვდნენ, ამის საპასუხოდ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, უფრო გააქტიურებულიყო და ამას მოერიდნენ. ნატოში ამას ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ არ შეიძლება, ამის გამო დასავლეთზე ვიყო ნაწყენი და ვექტორის შეცვლაზე დავიწყოთ ფიქრი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა, რომელზეც მივდივართ და გვქონდეს მანევრისთვის რაც შეიძლება დიდი სივრცე. უნდა გვქონდეს დიალოგი როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან და რეგიონში სხვა მეზობლებთან, და, რაც მთავარია, ჩვენი პრინციპები უნდა იყოს ურყევი. არ შეიძლება, ლერწამივით, სიტუაციის მიხედვით, აქეთ-იქით გადავიხაროთ. ვერავინ მოახერხებს საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ დასავლეთში საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრა, მაგრამ იქაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ნაყიდი ჰყავს რუსეთს... რუსეთშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკული ფულით არიან ნაყიდი. მოკლედ, მიდის გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ და კარგად გავაანალიზოთ ეს მოვლენები.

- რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად ვხდებით ხელჩართული დაპირისპირებების მოწმე, უკვე პირდაპირ ეთერშიც. თქვენი აზრით, ეს პროცესი შესაძლოა უფრო გამძაფრდეს?

- სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ამ დაპირისპირებების პირობებში, როგორც ფიგურალური, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, ვცხოვრობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უფრო გახურდება, მით უფრო, რომ პოლიტიკური სივრცე მკაფიოდ არ არის გაყოფილი. პოლიტიკური ასპარეზი გადაძეძგილია პარტიებით და სულ ცოტა, შვიდ-რვა პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. მოკლედ, უამრავ ჯგუფად დაყოფილ პოლიტიკურ სივრცეში, მით უფრო, ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, დაძაბულობა და დაპირისპირება არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა,
ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი მეზობლები მაქსიმალურად ცდილობენ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას, ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ძალიან მძიმე არჩევნები გველის. სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირებები და ცემა-ტყეპაც ალბათ ბევრი იქნება.

- პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ია ქცეული, რომლის თაობაზეც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პირველი ინსტანციის ვერდიქტი ძალაში დატოვა. ეს კი ნიშნავს, რომ ქონებრივ დავას ჯერჯერობით ქიბარ ხალვაში იგებს...

- თუ ვინმეს აზიანებს აჟიოტაჟი, რაც ამ ტელეკომპანიის გარშემოა ატეხილი, სწორედ ხელისუფლებას. ამას წინათ ეს თქვა კახა კალაძემ, რასაც ძნელია, არ დაეთანხმო. დიახ, ეს პროცესი ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით - ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რომ გითხრათ, საქართველოს შიგნით ამას ხალხი მაინცდამაინც ყურადღებას აქცევს-მეთქი, მოგატყუებთ. არის ადამიანთა წრე, რომელიც ჩართულია ამ პროცესში და თანაუგრძნობს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, დანარჩენებისთვის ეს ტელევიზია არის ნეიტრალური მედიასივრცე, ანუ, ის მხოლოდ სერიალებისთვის სჭირდებათ. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ქიბარ ხალვაშის ხელში უნდა აღმოჩნდეს ტელეკომპანია და რომ მისი მიკერძოებულობა ვნებს ქვეყანას. ეს განწყობა მხოლოდ და მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელების ბრალია. მე, მაგალითად,
არ მომწონს, რაც "რუსთავი 2"-ის გარშემო ხდება, მაგრამ როდესაც გვარამია ლაპარაკობს ამაზე, თავს ვერ ვაიძულებ, ტელეკომპანიას მხარი დავუჭირო, რადგან მახსენდება, რას ამბობდა იგი "იმედის" შემთხვევაში... ჩემ გარდა უამრავი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს. გარდა ამისა, გვარამია ისეთ რამეებს ლაპარაკობს სასამართლოზე, გაოგნდები კაცი. 2012 წლამდე, როდესაც ქვეყანაში სამართლის პოვნა წარმოუდგენელი იყო, ამის ნახევარსაც არავინ ამბობდა, თუმცა ამაზეც "ნაციონალების" მიერ კონტროლირებადი მედია საშინელ ამბავს ტეხდა - არიქა, სასამართლოს საქმიანობაში ერევიანო!... არადა, გვარამია გაგაოცებს, ისეთ რამეებს ამბობს სასამართლო დარბაზში, აღარაფერს ვამბობ სოციალური ქსელითა და ტელევიზიის ეთერით ლაპარაკზე. გვარამიამ იმდენი ქნა, რომ იან კელიმ, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რაც ხდება, ამის გაკეთება არ შეიძლება, პირდაპირ თქვა, გვარამიასა და "რუსთავი 2"-ის ქცევა სასამართლოზე ზეწოლააო. მან ორივე მხარეს მისცა შენიშვნა. რამდენად არის ეს მისი საქმე, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, გვარამიამ კელიც გააოცა... ცუდი ამბავი ხდება "რუსთავი 2"- თან დაკავშირებით, მაგრამ ამის ავტორია "ნაციონალური მოძრაობის" ის გუნდი, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული, აკონტროლებდა მედიასივრცეს და ახლაც არ აპირებს ამაზე ხელის აღებას...

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ თემით იმგვარად მანიპულირებას, რომ ქვეყანაში რეალური არეულობის საფრთხე შეიქმნას?

- ჯერჯერობით მოახერხა ის, რომ ამ თემით ქვეყნის წინაშე მდგარი უამრავი უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაფარა. ბოლო თვეების განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა თავზე დაგვემხო, მაგრამ ჩვენ ეს არ გვანაღვლებს, სამაგიეროდ, ვმსჯე­ლობთ "რუსთავი 2"-ზე, იმაზე, ვინ რა პარტია შექმნა, ვინ სად წავიდა და ათას სხვა უმნიშვნელო თემაზე... არადა, ისეთ ვითარებაშია საგანმანათლებლო სისტემა, მალე ყველა პარტია უკან დაგვრჩება. ასეთი რამ აქამდე არ ხდებოდა - გამოცდებზე იჭრება უამრავი მასწავლებელიც და მოსწავლეც. სირცხვილია, ეს კატასტროფაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქამდე ამ საქმეს პატრონი არ ჰყავდა. ახალი მინისტრი რას იზამს, არ ვიცი... ჩვენ ვდგავართ ეროვნული კატასტროფის საფრთხის წინაშე, თუმცა ამისთვის არ გვცალია... გარდა ამისა, "რუსთავი 2" არის ერთი პარტიის ტელევიზია, სირცხვილია მის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. კი ბატონო, ეს არის მაღალპროფესიული ტელევიზია, მაგრამ არამც და არამც - დამოუკიდებელი!

- ბოლო ხანს ჩვენში განხილვის თემად იქცა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება. მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს მოჰყვა სკანდალური ინტერვიუ და პრესკონფერენცია ტელევიზიის წარმომადგენლებთან... ბევრი ელოდა, რომ მისი განცხადებები ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. გამართლდა, თქვენი აზრით, ეს მოლოდინი?

- გამიჭირდება საზოგადოების სახელით ლაპარაკი. ჩემთვის მისი წერილი ერთი რამით იყო საინტერესო: მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას როგორც მიმდინარე მოვლენებზე, ასევე მომავალზე, საკუთარ თავზე იღებს... ეს გაუთავებელი ლაპარაკი, რომ ივანიშვილი კულუარებიდან მართავს ქვეყანას, უნდა დასრულდეს...

- თუმცა, რთული სათქმელია, როგორ დასრულდება, როდესაც, ერთი მხრივ ჟურნალისტის კითხვაზე, რა სტატუსი აქვს? პასუხად ის ამბობს, რომ ქვეყნის რიგითი მოქალაქეა, მეორე მხრივ კი მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებს...
- თვითონ ივანიშვილის განცხადებაა არასწორი, თორემ მოქმედება გამართლებულია. როდესაც მას ეკითხებიან სტატუსს, ის უნდა პასუხობდეს, რომ ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელია. მას არა აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამის ბრალია ეს კაზუსები. მთავარია, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს ამ მოვლენებზე, როგორც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, რომელიც, სხვა დამფუძნებლებთან შედარებით, უფრო გავლენიანია. ამ თემას მიზანმიმართულად, ხელოვნურად ატივტივებენ საინფორმაციო სივრცის ზედაპირზე, არადა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. განათლებაზე უკვე ვთქვი; მშენებლობებზეც გეტყვით - რაც ახლა თბილისში ხდება, აჩვენებს, რომ ქალაქს მერია კი არა, მტრები ჰყავს. ჩემთვის უინტერესოა, ვინ საიდან მართავს ქვეყანას, მთავარია ამ მართვის შედეგი, რაც აშკარად ჩანს... ფაქტია, წინსვლაა ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, ასევე - საინვესტიციო მიმართულებით და ა.შ. თუმცა პრობლემებია სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ნელა ვითარდება ეკონომიკა, მაგრამ მცირე ძვრაა კონფლიქტების მიმართულებით... ამ რამდენიმე დღის წინ მომადგა ერთ-ერთი აფხაზი საველე მეთაური, რომელიც ჩვენ გვებრძოდა და მთხოვა, C ჰეპატიტის პროგრამაში მოხვედრაში დავხმარებოდი. არ დაგავიწყდეთ, თან მომადგა თბილისში! რაც უნდა ილაპარაკონ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში, ფაქტია, რომ აფხაზები აქ ჯგუფ-ჯგუფად დადიან და სამედიცინო დახმარებასაც იღებენ. აფხაზები ისე ელოდებიან, როდის ამუშავდება რუხში საავადმყოფო, თითქოს ქართველებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ...…

- ერთია ადამიანურ დონეზე მოგვარებული პრობლემები, მაგრამ მათი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა განა შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- თუ მოახერხებ, ამ ადამიანურ ურთიერთობებს პოლიტიკურ ჭრილში გადაიტან და ამით რეალურ შედეგს მიიღებ, ეს დიპლომატიის ხელოვნებაა. თავის დროზე ეს მოახერხა გერმანიაში ადენაუერმა. მილიონობით ადამიანი გაუწყვიტეს რუსებმა და გერმანელებმა ერთმანეთს, მაგრამ ადენაუერი პირველი ჩავიდა მოსკოვში და მოითხოვა ურთიერთობის აღდგენა, მისი დაწყებული საქმე კი გერმანიის გაერთიანებით დასრულდა. ასე უნდა მოქმედება! შევძლებთ თუ არა ამას, არ ვიცი, ეს დამოკიდებულია პერსონებზე, ქართული დიპლომატიის წარმომადგენლებზე.

ნათია დოლიძე
nugeShiniat
27 აგვისტო 2016 09:45
ევრო ზონაშიც შევალტ და ნატოშიც ორტავესს ვჭირდებიტ .მტავარია მატი ინტერესი ჩვენ საქარტველოს ეკონომიური აღორქინებისტვის და საქარტველოს მოსახლეობის ინტერესებისტვის გამოვიყენოტ.
ამერიკას ტურქეტი გაებუტა მაგრამ დიდად არ ანაღვლებს ჩვენ ვყევარტ.ეროპას კი რუსეტის გაბლატავება მარტლაც ძვირად უჯდება ანიტომ მარტო საქარტველოს კი არა ტურქეტის გაერტიანებასაც პიქრობს ევრო კავშირში და იქნება ევრაზიული კავშირი.
ის კი სიმარტლეა რუსეტი რომ ყველა ქვეყნის მტავრობის წევრების მოქვრტამვას ცდილობს .ჰილარი დიდხანია ჩატრეული ჰყავს .ჩვრამპი ახალი პიგურაა და როგორც ეტყობა სეიწავლა პუტინმა დიდ პანცქალიტ ელოდება ვინ გაიმარჯვებს ამერიკის არჩევნებსი.
emigranti.
25 ივნისი 2016 04:19
qartveli bpchobda , da putini ki icinodao. vai ubeduro saqartvelo .
ლელა
24 ივნისი 2016 16:35
ზიზ-ს, ბატონო ჩემო, სად არის ამ ინტერვიუში, რომ დასახურია რუსთავი 2-იო? ან წაკითხვა ისწავლეთ, ან და მორჩით დემაგოგიას და სხვისი პროფესიონალიზმის " შEფასებას" !!!! რუსთავი 2-ზე მეტი არაფერზეა, ხომ აქ საუბარი? თქვენი "ნაცები" რომ დარბიან ემ=ნა გადმოგდებული და ლანძღავენ ქვეყანას, ეს მისაღებია !!! არ გეღირსებათ მათი მობრუნება, დროა დაიჯეროთ !!!!!

რედაქტორის რჩევით