"ევროპას უნდა ესმოდეს, რომ დაუსრულებელი მოლოდინი თავის კვალს ტოვებს"
20-06-2016
"ევროპას უნდა ესმოდეს, რომ დაუსრულებელი მოლოდინი თავის კვალს ტოვებს"
"მერკელის გამონათქვამებში ცხადად ჩანდა, რომ ევროპის ლიდერები განიცდიან გარკვეულ სინდისის ქენჯნას საქართველოს წინაშე"

"ეს 12 ათასი ევრო საქართველოს კი არა, იმ პროკურორს, მოსამართლეს და ყველა იმ პირს უნდა დაეკისროს, ვისი არაკვალიფიციურობის შედეგიცაა ეს გადაწყვეტილება"


2016 წლის დასაწყისიდან ევროპიდან იმდენად დამაიმედებელი განცხადებები გვესმოდა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ უკვე ზაფხულიდან შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლას შევძლებდით, თუმცა ასე არ მოხდა. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას,
განსაკუთრებით კი, გერმანიასა და საფრანგეთს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული.

"მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება
მიღებული", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ექსპერტთა მოსაზრებით, ევროპიდან ბოლოდროინდელი გზავნილები პოზიტიურია და შესაბამისად, პრემიერის გერმანული ვიზიტიც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა მათი ნაწილი მაინც თვლის, რომ ამან, ცოტა არ იყოს, დააგვიანა. სად დაუშვა ქართულმა დიპლომატიამ შეცდომა და შესაძლებელი იყო თუ არა, აგვეცილებინა თავიდან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხება? - ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ:

- ჩემი აზრით, ქართულმა დიპლომატიამ საკმაოდ ბევრი შეძლო და მიიყვანა ქვეყანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის კარიბჭესთან. ალბათ, კითხვები უფრო უნდა დავუსვათ ჩვენს ხელისუფლებას: საინტერესოა, რატომ იყო საზოგადოებისთვის დამალული ის თემები, რომლებიც ახლა ამოტივტივდა და რაც აფერხებს ჩვენს წარმატებას. როგორც გაირკვა, ამ საკითხს ევროკავშირის უმაღლესი პირები კი არ წყვეტენ, არამედ შენგენის ზონის სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.
არადა, აქამდე სწორედ ევროკავშირის ჩინოსანთა დამაიმედებელ განცხადებებს ვისმენდით. ასევე, დროულად უნდა მიქცეოდა ყურადღება ევროპულ ქვეყნებში ქართველ კრიმინალთა არსებობას, რაც, როგორც ირკვევა, ამ პროცესის შეფერხების ლამის მიზეზთა მიზეზად დასახელდა, თუმცა მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით პროცესი საბოლოოდ მაინც კეთილად დასრულდება, არსებობს.

მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ საქართველო არ არის მთავარი მოთამაშე და ამ მინდორზე არიან ძალები, რომლებისთვისაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია მიუღებელია. არ გამოვრიცხავ, მათ რიცხვს მიეკუთვნებოდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ის არ არის ინიციატორი იმ პროვოკაციული თემისა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, თუ საქართველო უკრაინაზე ადრე მიიღებდა უვიზოდ მიმოსვლის უფლებას. ეს თემა არაერთხელ გახმაურდა და არა მხოლოდ მედიაში. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი ამოტივტივდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში გამართული ოფიციალური შეხვედრებისას. დარწმუნებული ვარ, უკრაინის პრეზიდენტის ამგვარი მიდგომა შემთხვევით არ გაჩენილა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით არაერთი შფოთის შემცველი გზავნილისა ევროპის წამყვან სტრუქტურებში, რისი სულისჩამდგმელიც "ნაციონალური მოძრაობა" იყო, და მიკვირდა, რომ ამაზე სათანადო რეაგირება არ ხდებოდა. გარდა ამისა, ვეჭვობ, არსებობენ სხვა ძალებიც, ვინც ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. ეს ის ხალხია, ვისაც რუსეთთან უვიზოდ მიმოსვლის სურვილი კლავს, და უკმაყოფილოა იმით, რომ ამას, შესაძლოა, ევროპაში უვიზო მიმოსვლამ დაასწროს. დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც საჯაროდ ხშირად აფიქსირებენ საკუთარ კეთილგანწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მერკელის განცხადებები და ზოგადად პრემიერის ეს ვიზიტი. ისმის კითხვა: რატომ აქამდე არ დაიგეგმა ამგვარი შეხვედრა? - როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც იყო მოლოდინი, რომ ყველაფერი ზაფხულშივე კეთილად დასრულდებოდა და ვერ დაინახეს ამგვარი ვიზიტის აუცილებლობა, რაც მაინცდამაინც მათ წინდახედულობაზე არ მეტყველებს. მერკელის გამონათქვამებში ცხადად ჩანდა, რომ ევროპის ლიდერები განიცდიან გარკვეულ სინდისის ქენჯნას საქართველოს წინაშე, რადგან ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა ევროპაში შექმნილი მიგრანტთა კრიზისის გამო, რომელსაც ვერაფრით უვლიან, იძულებული არიან, სიფრთხილე გამოიჩინონ.

არ შეიძლება ეს კეთილგანწყობილი განცხადებები კიდევ დიდხანს ვისმინოთ.ევროპაში უნდა ესმოდეთ, რომ ეს დაუსრულებელი მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაზე თავის კვალს ტოვებს. ასეთ დაპირებებს ვიღებდით 2008 წელსაც, როდესაც "მაპ-ზე უკეთესი" მიიღო საქართველომ. ამიტომაც, მგონია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება უნდა მოხდეს არა უგვიანეს სექტემბრისა. აუცილებელია, ეს იყოს არჩევნებამდე, სხვა შემთხვევაში, ისევ შეუსრულებელი დაპირება აუცილებლად გაზრდის ჩვენში ევროპაზე განაწყენებული ადამიანების რიცხვს, რაც, შესაძლოა, არჩევნებზეც აისახოს. ეს, ალბათ, ამ ეტაპზე არ იქნება მასშტაბური, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება დაასუსტოს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფება.

- რუსეთი ახსენეთ და, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ევროპაში, განსაკუთრებით კი, გერმანიაში, ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალების უკან სწორედ რუსეთი დგას. ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგოდ დროულად უნდა მიეღო ზომები? მოგეხსენებათ, ეს მედიაკამპანიები, სულ ცოტა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველომ კი მხოლოდ ახლა მოახერხა პასუხის გაცემა. როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში ქართველი კრიმინალები უმცირესობაში არიან.
- ვფიქრობ, რუსეთს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ამ პროცესზე ზემოქმედება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს უკვე გაერთიანებული გერმანიის საიდუმლო სამსახურებში ჯერ კიდევ იქნებიან ე.წ. შტაზის წარმომადგენლები, რომლებთანაც წლების განმავლობაში პირადად თანამშრომლობდა ამხანაგი პუტინი. თავის დროზე, ის საიდუმლო აგენტად სწორედ გერმანიაში იყო ჩანერგილი.

- ჩვენში ბევრს განიხილავენ იმას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის, ასევე ნატოს თაობაზე არსებობს კულუარული დაპირისპირება აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ წრეებს შორის. საქართველოს აშშ რომ ლობირებს, ბოლო ხანს არაერთხელ გამოჩნდა...
- დიახ, ამაში ჩემთვის გასაკვირი არაფერია. ჯერ ერთი, აშშ, ევროპისგან განსხვავებით, არ დგას მიგრანტთა მწვავე კრიზისის წინაშე და, იმავდროულად, იქ გაცილებით ნათლად ხედავენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს. მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი მოსწყდა თავის კულტუროლოგიურ გარემოს და სრულიად უცხო სივრცეს მიაწყდა, ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში შიშობენ, კიდევ მეტ პრობლემას ხომ არ შეიქმნიან ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკითხი განიხილებოდა სამ სხვა ქვეყანასთან ერთად, ესენია: თურქეთი, უკრაინა და კოსოვო. სამივე მათგანთან ადამიანის უფლებების, კორუფციისა და თუ სხვა მიმართულებით გაცილებით მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე საქართველოსთან. შესაბამისად, თუ კვლავაც მათთან ერთად დადგა საქართველოს საკითხი, მაშინ, შესაძლოა, ახალი 2017 წელიც ჩვენთვის ისევ ვიზალიბერალიზაციის გარეშე დაიწყოს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს.

- ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა ჭასჰინგტონ Pოსტ-მა ანონიმურობის დაცვით, ნატოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიცემის საკითხს დეკემბერში განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრე ქვეყნები უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა, საქართველოსთან შედარებით ნატოს მისიებში მინიმალური წვლილი შეაქვს და თბილისს თავდაცვის სტრუქტურული რეფორმების დონით ჩამორჩება...
- სასიხარულოა ასეთი სტატიები, რომელიც აჩვენებს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის. განსაკუთრებით ამერიკის გავლენიან წრეებში ხშირად ლაპარაკობენ ამაზე, თუმცა არც იმას ივიწყებენ, თუ რა საფრთხეები შეიძლება გაჩნდეს ასეთ შემთხვევაში. არიან თუ არა მზად ევროპა და აშშ იმისთვის, რომ ასეთ საფრთხეებს წინ აღუდგნენ? - ეს მრავალკომპონენტიანი პრობლემაა და მეეჭვება, მისი გადაწყვეტა წლის ბოლომდე მოხერხდეს. შეგახსენებთ, ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის 50 თანამშრომლის ხელმოწერილი მიმართვა, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოიყენოს სამხედრო ძალა. ეს არის გარკვეულწილად ირიბი მინიშნება იმაზე, რომ თუ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ იმავე შეხედულებისა დარჩა, აშშ-სა და რუსეთს შორის ძალების მოსინჯვა, შესაძლოა, სწორედ სირიის ტერიტორიაზე მოხდეს და არა სადმე სხვაგან.

საქართველო ეულად არ არის დედამიწაზე, სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს და საკმაოდ ხშირად ჩვენს პრობლემებზე დისკუსია ქართველების გარეშეც კი მიმდინარეობს. ამიტომ გვჭირდება მეტი სიფრთხილე, მოთმინება და დემოკრატიული სტანდარტების მეტად დახვეწა, რაც საბოლოო წარმატებამდე მიგვიყვანს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ, მარტივი ფრაზეოლოგიით უნდა გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას. არ შეიძლება ორჭოფული განცხადებების გაკეთება საგარეო ვექტორთან დაკავშირებით.

- საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი დაკავება იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოსახდენად. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმის გადაწყვეტილების თაობაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ასევე ცნობილია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
- ეს 12 ათასი ევრო საქართველოს კი არა, იმ პროკურორს, მოსამართლეს და ყველა იმ პირს უნდა დაეკისროს, ვისი არაკვალიფიციურობის შედეგიცაა ეს გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, საქმეში ჩახედულთათვის რაიმე მოულოდნელი ამ დოკუმენტში არ ყოფილა, რადგან არსებობდა წლების განმავლობაში უკმაყოფილება იმის გამო, თუ რა სახის ბრალდებები წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ეს იყო ერთიმეორეზე სასაცილო და თანაც ძლივს დასაბუთებული. ის, პრაქტიკულად, გაათავისუფლეს იმ დანაშაულებზე პასუხისმგებლობისგან, რომლებზეც სტრასბურგსა და თბილისში განსხვავებული მოსაზრებები არ იქნებოდა. ეს იყო ამ ხელისუფლების ნება, არაკვალიფიციურობა თუ იმ კადრების გარკვეული პროვოკაცია, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემსახურებოდნენ ბატონ მერაბიშვილს და ახლაც თანამდებობებზე არიან, ამას გარკვევა უნდა.
გაგვაგებინონ იმ ხალხის გვარ-სახელები, ვისი მეოხებითაც= სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯარიმა დააკისრა. ეჭვი მაქვს, მურუსიძის გუნდის წევრები არიან! ესე იგი, თურმე მერაბიშვილის გასამართლებაში საკვანძო შემთხვევა ყოფილა მისი საკნიდან გამოყვანა და პროკურორთან დაკითხვაზე მიყვანა, ეს ყოფილა საშინლად მიუღებელი რამ. ამ კაცს სისხლით რომ აქვს ხელები დასვრილი, ეს არაფერია...

- რეზონანსი მოჰყვა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულ შეხვედრას...
- არ ვიცი, რატომ მიიჩნევენ, რომ ეს შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო, როცა ის პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. ან იქნებ მავანს ჰგონია, რომ ეს რეზიდენცია ივანიშვილის სასარგებლოდ უკვე დაცლილია... აქამდეც არავის დაუმალავს, რომ ეს ორი ადამიანი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ურთიერთობდნენ და მეგობრობდნენ, მაგრამ ორივეს აქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ნაცნობობა არ გამოიყენონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.

- როდესაც პრეზიდენტი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ხვდება, თანაც რეზიდენციაში, ეს ვერ ჩაითვლება, ალბათ, პირად შეხვედრად და მასზე გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს...
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, გავა დრო და ყველაფერი ცნობილი გახდება.

- როგორც მოგეხსენებათ, იქ, სადაც ინფორმაცია ნაკლებია, მაშინვე ვარაუდები ჩნდება. ერთ-ერთი ვერსიით, ბოკერიამ მარგველაშვილს მერაბიშვილის შეწყალება სთხოვა, მეორე ვერსიით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს კიდეც მერაბიშვილის ციხეში ყოფნა და ცდილობენ, პრეზიდენტს წინასაარჩევნოდ გიგი უგულავა შეაწყალებინონ...
- მეეჭვება, მერაბიშვილის შეწყალების საკითხს მარგველაშვლი საერთოდ განიხილავდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, ძალიან გამიკვირდება და მექნება არგუმენტები პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად. რაც შეეხება უგულავას, ისევე როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც ცხადია დიდი განსხვავება მასა და მერაბიშვილს შორის. მათი დანაშაულების გაიგივება არ იქნება სწორი, ამიტომაც ჩემთვის უფრო დამაჯერებელი იქნება, თუ მარგველაშვილი უგულავას საქმეს განიხილავს. ჩემი აზრით, გაცილებით ადვილი უნდა იყოს იმ დამნაშავის ბედის გადაწყვეტა, ვინც სისხლიან დანაშაულებთან არ არის დაკავშირებული.

- "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, "ალფა ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების - ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის - სახელზე "კალა კაპიტალ ლიმიტედისა" და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იმავე "კალატოზასგან", გარკვეული თანხა გადაირიცხა. ამას როგორც სპორტსმენები, ასევე "ალფა ბანკიც" უარყოფენ...
- ასეთ შემთხვევაში სიმართლე პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, მეტის თქმა გამიჭირდება. ერთი მხარე კატეგორიულად ამტიცებს, მეორე - უარყოფს. ჩვენ ვის დავუჯეროთ, როდესაც არც ერთის არ გვჯერა?!

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით