"ევროპას პატრონი არ ჰყავს!.." - კვირის პალიტრა

"ევროპას პატრონი არ ჰყავს!.."

"ამ გადაწყვეტილებით ის მოახერხეს, მგონი, დადგა გაერთიანებული სამეფოს დაშლის ხანა"

"პარლამენტი გვეყოლება ოთხ ან ხუთსუბიექტიანი, შედეგად კი მივიღებთ რეალურად კოალიციურ მთავრობას"

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთო ეროვნულ რეფერენდუმს "ევროპისთვის გარდატეხის მომენტი" უწოდა, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთს უკვე მოუწოდეს, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. რა ელის ევროპის ერთიანობას და ამ კრიზისის ფონზე როგორია საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა? - ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან.

- რეფერენდუმის შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამას თავისი მიზეზები აქვს. უპირველესად ის, რომ მიგრაციულმა პროცესმა ლამის უმცირესობაში დატოვა ინგლისელები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ეკონომიკური სფეროები არაინგლისელთა ხელშია. გაჩნდა შიში, რომ გაერთიანებული სამეფო თანდათან კარგავს ეროვნულობას. ამ ცეცხლს ბევრმა პოლიტიკოსმა ნავთი მიაშველა და მოხდა ის, რაც მოხდა... მეორე საგულისხმო მომენტი ის არის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საკმაოდ უცნაური წევრი იყო - ის არ შედიოდა არც ევროს და არც შენგენის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის სარგებლობდა სასოფლო-სამეურნეო დოტაციებით, რასაც ახლა დაკარგავს და მის წარმოებას მძიმე დღეები დაუდგება. როგორც ჩანს, ინგლისელებმა და უელსელებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ კუნძულებზე განმარტოებულნი უფრო კარგად იცხოვრებენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

მაგალითად, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგავს გავლენას ირლანდიაზე, რომელიც ევროკავშირის აქტიური წევრია. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან არც ჩრდილოეთ ირლანდია და შოტლანდია, სადაც უკვე აპირებენ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. დამერწმუნეთ, ამჯერად ორი წლის წინანდელი რეფერენდუმის საპირისპირო შედეგს მივიღებთ. შოტლანდიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირში ყოფნა. შედეგად ინგლისი და უელსი დაკარგავენ კონტროლს ნავთობის ოფშორულ ზონებზე, რადგან ისინი მთლიანად შოტლანდიას ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებით ის მოახერხეს, მგონი, დადგა გაერთიანებული სამეფოს დაშლის ხანა. თუ ასე მოხდა, ინგლისი გადაიქცევა ძალიან პატარა და ეკონომიკურად სუსტ ქვეყნად, რადგან სადღესასწაულო ტორტის ძალიან დიდი ნაჭრები მოჭრილი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება ორ-სამ წელიწადში, მაგრამ უახლოეს 20 წელიწადში ამ შედეგებს ყველა დავინახავთ. თუ ჩრდილოეთ ირლანდიაც გამოეყო ინგლისს, ეს უარესი იქნება. გაისმა ირლანდიასთან შეერთების ვარაუდიც, თუმცა აქ დიდი რელიგიური უთანხმოებაა. მოკლედ, გაერთიანებული სამეფო ჩამოკიდებულია ბაწარზე, მის თავს ზემოთ კი დამოკლეს მახვილი კიდია. ძალიან რთულია პროგნოზირება, თუ რა შეიძლება მოხდეს.

- მეორე მხრივ, რთულად არის ევროკავშირის საქმეც. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ რეფერენდუმს, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში აშკარად ძლიერდებიან ულტრამემარჯვენე ძალები. ასეთი რეფერენდუმის ინიციატივით უკვე გამოვიდნენ საფრანგეთში, ჰოლანდიასა და სლოვაკეთში...

- იმედი მაქვს, ევროკავშირი არ დაიშლება. ეს ევროპისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდება. სიმართლე გითხრათ, რაც ახლა ხდება, ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლებების წინდაუხედავი პოლიტიკის ბრალია. მათ ვერ მოახერხეს, გამკლავებოდნენ ბოლოდროინდელ კრიზისებს, როდესაც მოხდა ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პრინციპის შეჯახება. ერთი, ეს არის დემოკრატია და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სადაც წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს იქ, სადაც სურს და მეორე - ქვეყნების უსაფრთხოება, რომელიც აშკარად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც აურაცხელი მიგრანტი მიაწყდა ევროპას. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო, ევროპას ამდენი, აბსოლუტურად სხვა კულტურის და არაკვალიფიციური მუშახელი მიეღო. ევროპელმა ლიდერებმა ძალიან ბევრი რამ ვერ გათვალეს და ვერც კრიზისიდან გამოსავალი იპოვეს დროულად...

- ანუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ რაც ევროპაში ხდება, დიდწილად ძლიერი პოლიტიკური ლიდერების არყოლის ბრალია?

- დიახ, ევროპაში მმართველობის ინტელექტუალური კრიზისია. ბოლო ნამდვილი ინტელექტუალური ლიდერი ევროპაში იყო ჟაკ შირაკი. მას შემდეგ პოლიტიკური ფიგურების დონე, მათი ქარიზმატულობა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი მკვეთრად დაქვეითდა. ახლა ევროპაში მეფობს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი, რომელიც ვერ არის მაინცდამაინც ეფექტიანი. პრობლემების გადაჭრისთვის მზადყოფნა არ ჩანს. ლამის იგივე ხდება, რაც ხდებოდა საქართველოში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა გაიძახოდა, პატრონი არ გვყავსო. ევროპას პატრონი არ ჰყავს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ევროპის პრობლემა. ხშირად ვუსმენ ევროპელი პრეზიდენტების, პრემიერების გამოსვლებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ იდეები გაქრა. სამწუხაროდ, მათ არ იციან, როგორ უნდა განვითარდეს ევროპა... რასაკვირველია, მოსახლეობას ასე ცხოვრება არ აკმაყოფილებს, მაგრამ ულტრამემარჯვენეებიც რომ მოვიდნენ მთავრობაში, ვერც ისინი შეძლებენ ვერაფერს და მათი თარეში ძალიან მალე დასრულდება, რადგან ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნება. ევროპული ქვეყნები ისე არიან ერთმანეთთან გადახლართული, რომ ვერც ერთი ქვეყანა სხვებისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. ნგრევა და სრული სიღატაკე - აი, რა ელის ევროკავშირის დაშლის შემთხვევაში ევროპის უდიდეს ნაწილს.

მოკლედ, ლიდერთა პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ანგელა მერკელი თავის დროზე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდა, დიდი ხანი გაატარა საბჭოთა კავშირში და შესაბამისი მენტალიტეტი აქვს. საჭიროა, ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში...

- ამ ვითარებაში, ალბათ, ბუნებრივია, ჩვენში ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილისტური განწყობა გაღვივდეს. საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია...

- ვფიქრობ, ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. კი გვესმის ნიჰილისტური განცხადებები, მაგრამ ვისგან? არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს ხომ ის ხალხია, ვინც ხვალინდელი კი არა, გუშინდელი დღით ცხოვრობს, იმ წლებით, როდესაც იყიდდნენ ერთ ყუთ კონიაკს, ჩადიოდნენ მოსკოვში და თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ. სხვაგვარად მოქცევა მათ არ იციან, სამაგიეროდ, ერთადერთი უცხო ენა, რომელიც იციან, რუსულია და როგორც ჩანს, ამ უცხო ენის ცხოვრებაში გამოყენება ძალიან უნდათ... ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ეს ხალხი უკვე წარსულია. ჩემმა სტუდენტებმა და მაგისტრებმა რუსული არ იციან და მოსკოვშიც არასდროს ყოფილან, მაგრამ მოვლილი აქვთ ნახევარი ევროპა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს ხომ უბრალოდ აქტია, რომელიც კომფორტს გვიქმნის, თორემ ვისაც ევროპაში წასვლა უნდოდა, აქამდეც მშვენივრად მიდიოდა. ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაცია არ გვაძლევს უფლებას, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, მაგრამ ესეც საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ამასთანავე, ეს არის ეროვნული ღირსების საქმე, თუმცა, არა მგონია, ვიზალიბერალიზაციას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის, გარდა პოლიტიკური დეკლარირებისა, რომ ჩვენს მცდელობას, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ევროპაშიც ხედავენ და აფასებენ. მთავარი სხვა რამაა - უნდა ვიცოდეთ, რა გვაერთიანებს ევროპასთან, რატომ არის ეს ბუნებრივი წიაღი საქართველოსთვის... ევროპისკენ გვიბიძგებს ის მენტალური და კულტურული ერთობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება...

ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპაში ბევრი ქართველი ჩავა და ნახავს, იქ რა ხდება. ეს არ არის სამოთხე დედამიწაზე და არც უშრომლად მოდის რაიმე. ადამიანი ყველგან იბრძვის თავისი კეთილდღეობისთვის.

- ჩვენი საუბრისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში პეტიციამ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე უკვე მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ყუთებთან და ჩაყარეს ბიულეტენები, მხოლოდ შემდეგ დაფიქრდნენ, რა ელის დიდ ბრიტანეთს და თითოეულ მათგანს. მათ ამ კითხვებზე პასუხი არა აქვთ და გვარიანად შეშინდნენ, რადგან ისე ჩანს, რომ ამ იდეის ინიციატორებმაც კი არ იციან, ამის შემდეგ როგორ უნდა იმოქმედონ. რთულია თქმა, რა მოხდება. ჩემი აზრით, თუ განმეორებითი რეფერენდუმი დაინიშნება, მას მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგი მოჰყვება.

- დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა მაინცდამაინც მაღალი არ არის...

- ამას ველოდი. წინასაარჩევნო პროცესები, ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამძაფრდება. კვლავაც ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებში ფინიშის ხაზთან პირველი "ქართული ოცნება" მივა, მაგრამ მას არ ექნება დიდი უპირატესობა და, სავარაუდოდ, კოალიციების შექმნა გახდება საჭირო. პარლამენტი გვეყოლება ოთხ ან ხუთსუბიექტიანი, შედეგად კი მივიღებთ რეალურად კოალიციურ მთავრობას, რომლის უპირატესობაც ის იქნება, რომ მოუწევთ, ის პროფესიული ნიშნით დააკომპლექტონ.

- როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად ქცევისთვის განწირულია ტელეკომპანია "რუსთავი 2" და საქმე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, ალბათ, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება. ამჯერად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტის მიზეზად იქცა ის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიას გაუგზავნეს. მათი თქმით, ხელისუფლება პროცესის დაჩქარებას ცდილობს...

- ვფიქრობ, ეს არის კარგი ტექნოლოგიებით შეკრული, აბსოლუტურად აღვირახსნილი და ამორალური კამპანია. თავის დროზე "რუსთავი 2" რეალურ მფლობელებს წაართვეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა ჯიბის ტელევიზია. ის დღესაც სააკაშვილის ტელევიზიაა. რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე პარტიას საკუთარი ტელევიზია, თანაც - დამარცხებულსა და ფაქტობრივად ფაშისტურს?! პროცესი გრძელდება, ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს უზენაესი სასამართლო... რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება იხმაუროს და ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ამ პროცესში ხელისუფლება მონაწილეობდეს. არ ვიცი, ვიღაცის კერძო ინიციატივით, შესაძლოა, იყო ზეწოლის მცდელობა - ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ვართ, სადაც პირად ნაცნობობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილი ვითარება სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არ არის.

- პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის ძიება შეწყვიტა. მათი საბოლოო დასკვნით, ეს იყო თვითმკვლელობა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება...

- გამიჭირდება რამის თქმა. მჯერა, რომ პროკურატურა არ არის დაინტერესებული ამ ფაქტის მიჩქმალვით და არც შესაძლო მკვლელის დაფარვას ცდილობს. თუ ეს იყო მკვლელობა, იმდენად მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული, რომ ხელშესახები მტკიცებულებები არ არის დატოვებული. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგები საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. ყველაზე მეტად ერთი რამ ბადებს ეჭვს - როდესაც თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, ამის ფსიქოლოგიური მომენტებიც უნდა იყოს კარგად გამოკვლეული. რატომ ან ვინ მიიყვანა პირი თვითმკვლელობამდე. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ამის წინაპირობა არ არსებობდა. მოტივად ვალის დასახელება არ ვიცი, რამდენად რეალურია. მესმის, რომ თვითმკვლელობის ვერსია ოჯახისთვის რთული მისაღებია, მაგრამ აქ პოლიტიკური ან ეკონომიკური ასპექტი არ ჩანს...

- ე. წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა დავით გერლიანი-ჩაჩიბაიამ, რომლის უკრაინიდან დეპორტაცია ისე მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არავის გაუფრთხილებია, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ.

- ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორს საქართველოში არეულობის მოწყობა რომ უნდა, ცხადია. რამდენად მოახერხებს, არ ვიცი. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, "კანონიერი ქურდების" გამოყენებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ. მაგრამ მეეჭვება, ან ამ თემით, ანაც "რუსთავი 2"-ის გამო, რითაც ძალიან გვაშინებენ, ქუჩაში ვინმე გამოიყვანონ.

- დასასრულ, ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციასა და მას მოყოლილ რეზონანსზე უნდა გკითხოთ. შეგახსენებთ, "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა გივი კუბლაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ამტკიცებდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილი "შტადლერის" ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები არც ერთ გვირაბში არ ეტევა. ინფორმაცია ხუმრობას უფრო ჰგავდა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ის დაიჯერა და ხელისუფლების ლანძღვა-გინებამაც არ დააყოვნა. ვითარება კურიოზული გახდა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ განმარტებებმა "საქართველოს რკინიგზისა" თუ ხელისუფლების მხრიდან გვარიანად დააგვიანა...

- ჰო, მართლაც სახალისო ისტორია გამოვიდა. გვპირდებიან, რომ ეს მატარებლები მალე გამოჩნდება ჩვენს ლიანდაგებზე და ყველა დავინახავთ, გაივლიან ამ გვირაბებში თუ ვერა... რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ტყუილი იყო. ბატონმა კუბლაშვილმა შეიძლება მართლაც იხუმრა, მაგრამ ეს საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა. ბევრი ამბობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ მანამდეც იყო პრეცედენტები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით - რეგიონებში, წინდაუხედავი გადაწყვეტილებები მიიღესო. მე უფრო ის მგონია, რომ ჩვენ მაზოხისტური საზოგადოება ვართ, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია და მზად არის, ნებისმიერი რამ დაიჯეროს, რაც ხელისუფლების უნიათობას დაამტკიცებს. ამგვარი დაუჯერებელი ინფორმაციის გავრცელებას ფსიქოლოგიური ასპექტიც ახლავს - ადამიანი ხშირად სწორედ ყველაზე გაუგონარ რამეს იჯერებს. როცა საქმე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, მნიშვნელოვანია ხელისუფლების სწორი და ეფექტიანი პიარპოლიტიკა, რაც ჩვენს ხელისუფლებას არათუ არ უვარგა, საერთოდ არა აქვს.

ნათია დოლიძე