"პრეზიდენტის მოქმედება, სულ ცოტა, არაკორექტულია" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის მოქმედება, სულ ცოტა, არაკორექტულია"

"საქართველოში ჩამოსული ჩატაევი ჩვენს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რასაც თავადაც ამბობდა. მაშინდელი ხელისუფლება მას ისე იყენებდა, როგორც უნდოდა"

"არ შეიძლება იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრს გაუწიო რეკომენდაცია, რომელსაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ დამნაშავეს ეძახდი"

"საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ამბიციური რეფორმების შედეგი და ჯილდო", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების სრული ამოქმედება. შეგახსენებთ, შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, ევროპამ, ფაქტობრივად, ახალი ვადა დაგვითქვა. როგორც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. რამდენად რეალურია ამგვარი ვარაუდი და რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ ევროასოცირების პროცესში? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- თავის დროზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და ის, რომ ის სრულად ამოქმედდა, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების კიდევ მეტი შესაძლებლობა მიეცემა. ერთ ფაქტორზე მინდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო ბევრი მიმართულებით ვითარების მოწესრიგება. მაგალითად, მნიშვნელოვანი ძვრებია სასოფლო-სამეურნეო დარგში, ანუ ჩვენი ვალდებულებაა, ბევრი რამ მოვიდეს შესაბამისობაში გაფორმებულ დოკუმენტთან, რაც ამა თუ იმ დარგის განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ურთიერთობები ევროსტრუქტურებთან ბევრად აქტიური, ინტენსიური და საქმიანი გახდა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ამხელა აქცენტირება ამ საკითხზე, ცოტა არ იყოს, ხელოვნური მგონია. არ არის ეს ისეთი პრობლემა, რომელზეც საზოგადოების ამდენი ყურადღება უნდა იხარჯებოდეს. ამის დროზე გადაწყვეტა პრესტიჟის საქმე უფრო მგონია, ვიდრე ის, რომ მას რაიმე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის განვითარებაში. ვიმეორებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაცილებით ღრმა, მნიშვნელოვან და სასარგებლო თემებს მოიცავს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციაა. სჯობდა, ამ დანარჩენ საკითხებს უფრო მეტი დრო დასთმობოდა.

- მოგეხსენებათ, თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას მასპინძლობს, რომლის მუშაობაშიც რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი არიან პირები, ვისაც დარღვეული აქვთ ქართული კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"... ბევრის აზრით, მათ არ უნდა მისცემოდათ საქართველოში შემოსვლის უფლება.

- ეს მნიშვნელოვანი ფორუმია, მისი საქართველოში გამართვით ჩვენი ქვეყნის კონტურები ევროპის პოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიხატა. ამ რანგის ფორუმის საქართველოში გამართვა ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრად მიიჩნევენ. რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას და მის რიგ წევრებს, რასაკვირველია, მათი ჩამოსვლა ერთგვარი ცინიზმი იქნებოდა, ჩვენ საქმის კურსში წინასწარ რომ არ ვყოფილიყავით. საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა ამის თაობაზე, მოხდა შეთანხმება, რის შემდეგაც ისინი უპრობლემოდ შემოვიდნენ. ეს არ არის ქართულ-რუსული დიალოგის შედეგი, ეს არის ევროპელების პოზიცია, რომელთაც სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის მოქმედება შეეჩერებინა. ყველამ ვიცით, რომ ისინი კანონის დამრღვევები არიან, მაგრამ რადგან ევროპულ სტაბილურობას ასე დასჭირდა, საქართველომ ამას ანგარიში გაუწია. პოლიტიკას, ზოგადად, ახასიათებს ამგვარი მოქნილობა. ამიტომაც მათთვის შემოსვლის ნებართვის მიცემა არ მიმაჩნია საშინელ კანონდარღვევად. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას შეუძლია ამის გამო ააგოროს საპროტესტო ტალღა, რუსეთის დელეგაციამ ამის შესაძლებლობაც, ფაქტობრივად, ჩაახშო, როდესაც განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად ვისაც შეეძლო ეკრიტიკებინა ხელისუფლება იმის გამო, რომ რუსული დელეგაციის რიგი წევრები შემოვიდნენ ქვეყანაში, "ნაციონალური მოძრაობაა", ახლა მას ამისთვის აშკარად მოეჭრა გზა. ცოტა არ იყოს, კომიკური ვითარებაა.

- როგორ აფასებთ რუსული დელეგაციის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ დასახელებული გიგი წერეთლის მხარდაჭერას? ან რას ფიქრობთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წერეთლის სასარგებლოდ გამოქვეყნებულ ერთგვარ სარეკომენდაციო წერილზე?

- ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას ვაფასებ მკვეთრად უარყოფითად, პრეზიდენტის ეს მოქმედება, სულ ცოტა, არაკორექტულია. არ შეიძლება, იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრს გაუწიო რეკომენდაცია, რომელსაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციას ეძახდი. მესმის, რომ პოლიტიკას ახასიათებს კონიუნქტურულობა, ანუ რიგითი ადამიანის პოზიციიდან, შესაძლოა, სხვას ლაპარაკობდე, პრეზიდენტის პოსტზე კი სხვას აკეთებდე, მაგრამ არსებობს რაღაც მორალური საზღვრები, რასაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს. აქ ქართველობაში არ არის საქმე.

გიგი წერეთელი რომ წარედგინა პოლიტიკურ პარტიათა რაღაც ერთობას, ეს ყოფილიყო კონსოლიდირებული ძალების კანდიდატი, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ის წარადგინა "ევროპის სახალხო პარტიამ", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო მხარდამჭერია.

პირადად გიგი წერეთლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს არ უნდა დაუჭირო მხარი ამ მაღალ თანამდებობაზე. რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერას, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეა, ის აუცილებლად იტყვის, რომ ამით "ნაციონალების" კრემლის სატელიტობა გამოჩნდა, მაგრამ მინდა ვიყო კორექტული და არ გამოვრიცხავ, დისკრედიტაციის გამო დაეჭირათ მხარი. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კარგად მახსოვს ივანოვის ვიზიტი მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აქ "ვარდების რევოლუციას" აწყობდა. მოკლედ, ორივე ვარაუდი დასაშვებია.

- სომხეთის ტრანსპორტის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანის განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი ქართულ და რუსულ მხარეებთან ე. წ. სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებას მართავს. მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. თქვენი აზრით, ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართველი საზოგადოება სომეხი მინისტრისგან უნდა იგებდეს?

- ქართველი საზოგადოება ბევრ რამეზე არ არის ინფორმირებული და ბევრსაც დაავიწყდა, რომ 2011 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიბმული იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხზე, რისთვისაც საქართველოს თანხმობა იყო საჭირო. იმჟამინდელ ხელისუფლებას ჰქონდა არჩევანის საშუალება, თუ რას მიიღებდა ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთისგან. საქართველოს ხელისუფლებამ აარჩია ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემავალი ტვირთების მონიტორინგს შვეიცარიული კომპანიის საშუალებით. ცოტა გაუგებარია, საერთოდ, რატომ მოაწერეს ამ დოკუმენტს ხელი, მაგრამ, ფაქტია, მოწერილია და ეს შეეხება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასაც, თუმცა ეს დოკუმენტი ჯერაც არ ამოქმედებულა. დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო სომხეთმა მართლაც დიდი ზარალი ნახა, პრაქტიკულად, გარგარის მოსავლის დიდი ნაწილი გაუფუჭდა. სწორედ ამიტომ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას წინადადებით, განეხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გზის ამოქმედების ვარიანტი.

ჩემი ინფორმაციით, მოლაპარაკება არც გამართულა და საქართველომ უარყო ეს წინადადება, იმიტომ, რომ თვითონ სომხური მხარის წარმოდგენილ მოთხოვნაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსი მოხსენიებული იყო ისე, როგორც რუსეთს აწყობდა. აქ რომ ყოფილიყო ლაპარაკი არა სახელმწიფო სამხრეთ ოსეთზე, არამედ ტერიტორიაზე, რომელზეც შეიძლება ფორსმაჟორისას გაევლო ტვირთებს, ამაზე მოლაპარაკების დაწყება, ალბათ, შეიძლებოდა...

- გასულ კვირას ორი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ერთი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა. მეორე კვლევა "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარდა და მისი შედეგების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი, "ქართულ ოცნებას" კი 35%-იანი რეიტინგი აქვს.

- როგორც აღმოჩნდა, "რუსთავი 2"-მა კვლევა დაუკვეთა ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ყირიმში ჩატარებულ იმ კვლევებში, რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა, როდესაც ეს ტერიტორია მიიტაცა. ამიტომ ამ ორგანიზაციის არაფერი მჯერა, შესაბამისად, მის კვლევას არ მივიჩნევ განხილვის ღირსად. რაც შეეხება "ქართული ოცნების" დაკვეთილ კვლევას, აქაც ვერაფრით გამოვრიცხავთ ტენდენციურობას. სიმართლე გითხრათ, არ მჭირდება არანაირი კვლევა იმისთვის, რომ ვივარაუდო მომავალი პარლამენტის კონტურები. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს მაჟორიტარების არჩევნები და ამ მიმართულებით "ქართულ ოცნებას" კონკურენტები ნაკლებად ეყოლება.

ჩემი ვარაუდით, მაჟორიტარული მანდატების 60-65%-ს სწორედ "ქართული ოცნება" აიღებს. ჩემი აზრით, 5-6 პარტიას აქვს შანსი, რომ პარლამენტში მოხვდეს. სავარაუდოდ, მეორე-მესამე ადგილისთვის სერიოზული ბრძოლა გაიმართება. თუ "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე გავიდა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად დააყენებს არჩევნების გაყალბების საკითხს, მიუხედავად იმისა, რეალურად გაყალბდება თუ არა, და ამ ტალღაზე შეეცდება არეულობის ინსპირირებას. თუ მოახერხებს ამ საქმეში სხვა ოპოზიციური პარტიების მიმხრობას, მაშინ მოახერხებს აურზაურის მოწყობასაც, თუ ვერ მოახერხებს, მაშინ არაფერი გამოუვა. აქ მნიშვნელოვანი იქნება, რამდენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ურნებთან. ეს ცალკე საკითხია კიდევ. ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი, ცხადია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს ურნებთან.

- "ნაციონალური მოძრაობა" ვახსენეთ და, ამ რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ოდესის გუბერნატორმა უკრაინაში ჩაიყვანა და როგორც ამბობენ, მომავალი არჩევნებისთვის ინსტრუქციები ჩამოურიგა. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესში სერიოზულ მონაწილეობას აპირებს.

- დიახ და მას ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ექნება. ის არის ფიგურა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აერთიანებს, მის გარეშე ეს ორგანიზაცია კარგა ხანია მარტივ მამრავლებად დაიშლებოდა. როგორც ჩანს, ის არჩევნებამდე, არჩევნებისას და მის მომდევნო პერიოდშიც ცენტრალური ფიგურა იქნება.

ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ის არის, რომ უკვე ცხადად ჩანს, სააკაშვილის წყალობით უკრაინის ხელისუფლება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აშკარად როგორ ერთვება.

მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკი სხვა ქვეყნის საარჩევნო მოვლენებში თავიდან ბოლომდეა ჩართული და აწყობს უზარმაზარ შეხვედრებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ამბავში სწორედ უკრაინის ხელისუფლებაა ჩართული. არ ვიცი, რას ფიქრობენ პოროშენკო და მისი მთავრობა?!

- ამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა, ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლთა სიმბოლოდ სიცოცხლეშივე იქცა. მისმა გარდაცვალებამ ჩვენში კიდევ ერთხელ გაააქტიურა კითხვა, რამდენად ადეკვატური და კანონიერი პასუხი მიიღო წინა ხელისუფლებამ მოლაშვილისა და სხვათა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საპასუხოდ?

- ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმს არანაირი ადეკვატური პასუხი არ მიუღია. ვწუხვარ სულხან მოლაშვილის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თუმცა სულხან მოლაშვილისთვის სიცოცხლე დასრულდა მაშინ, როდესაც ციხეში მოხვდა. პერიოდი მისი დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. მომეცა საშუალება, მელაპარაკა იმ პატიმრებთან, რომლებიც ციხეში მასთან ერთად იყვნენ. მათგან ვიცი, როგორ შესვეს მოლაშვილი წამალზე, როგორ აწამებდნენ... პატიმრები მიყვებოდნენ, ჩვენთან სიგარეტი დაჭრილი შემოდიოდა, რომ არაფერი შემოეპარებინათ, მასთან კამერაში კი წამალი განუსაზღვრელი რაოდენობით შედიოდაო. თავიდან გვეგონა, ამას იმიტომ უკეთებდნენ, რომ მისი გატეხა უნდოდათ, მერე მივხვდით, რომ

მიზანმიმართულად სიკვდილისკენ მიჰყავდათო... გაანადგურეს, მოსპეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პირადი ჯიბრი ჰქონდათ. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა. ის პირადად ასახელებდა სამ პირს, ვინც მის წამებას ორგანიზატორობდნენ და ესწრებოდნენ კიდეც, მათ შორის ბოკერიასაც. აგო ვინმემ პასუხი?! ახლა მერაბიშვილი ლამის პოლიტიკურ პატიმრად გამოიყვანონ. პოლიტიკური კონიუნქტურა გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც მორალური კრიტერიუმი?!

სულხან მოლაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" სინდისზეა. სულხან მოლაშვილს იარაღი რომ აეღო და დაეხოცა თავისი მწამებლები, სისხლის სამართლის დამნაშავე იქნებოდა. ისე მოკვდა, სამართალი ვერ იპოვა.

- კიდევ ერთი საზარელი ტერაქტი მოხდა თურქეთში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ორგანიზატორი, შესაძლოა, აჰმედ ჩატაევი იყო. "ისლამურ სახელმწიფოს" შეერთებული ჩეჩენი ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა ქართული ციხიდან, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ხშირად იხსენებს და საყვედურობს ხელისუფლებას.

- "ნაციონალური მოძრაობის" ეს ლაპარაკი არის პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა. თვითონ არ ჩამოიყვანეს 2010 წელს აქ?!

2010 წელს, როდესაც ჩატაევი უკრაინაში იარაღის ტარებისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის უკრაინიდან გამოეყვანა.

დიახ, საქართველოში ჩამოსული ჩატაევი ჩვენს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რასაც თავადაც ამბობდა. მაშინდელი ხელისუფლება მას ისე იყენებდა, როგორც უნდოდა. გაგახსენებთ, იმ პერიოდში ევროპიდან საქართველოში ჩამოჰყავდათ ჩეჩენი ახალგაზრდები, სწორედ ამას უწევდა ორგანიზებას ჩატაევი. როცა მოხდა ლაფანყურის მოვლენები, ის ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად სწორედ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გაგზავნა.

ჩატაევთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ხელისუფლებისა და უშუალოდ წულუკიანის მიმართ, მას შემდეგ შეიძლება მოვუსმინოთ, რაც მათი მისამართით დასმულ შეკითხვებს გასცემენ პასუხს: რატომ ჩამოიყვანეს ჩატაევი უკრაინიდან? რატომ დაავალეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩეჩენი ახალგაზრდების საქართველოში ჩამოყვანა? რატომ მისცეს მოქალაქეობა? გვიპასუხონ ამ კითხვებზე ""ნაციონალური მოძრაობის"" წარმომადგენლებმა და მერე დაადანაშაულონ სხვები.

რა თქმა უნდა, ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული შეცდომები დაუშვა, მით უფრო მოსვლისთანავე მიღებული გადაწყვეტილებებისას. თუ არ ვცდები, ჩატაევი 2012 წლის დეკემბერში გაუშვეს. ეს საკითხი უფრო მეტად პროკურატურის საქმე იყო, მას ევალებოდა ზედმიწევნით კარგად შეესწავლა, თუმცა იმჟამად პროკურატურა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ამიტომაც გარკვეული გავლენა მიღებულ გადაწყვეტილებაზე აუცილებლად ექნებოდა თეა წულუკიანსაც.

ნათია დოლიძე