"აშშ-მა ზუსტად იცის, როგორ დაიჭიროს ორი კურდღელი" - კვირის პალიტრა

"აშშ-მა ზუსტად იცის, როგორ დაიჭიროს ორი კურდღელი"

"მუდმივი კინკლაობა და ყველა საკითხის პოლიტიზება საზოგადოებისთვის დამღლელია"

"ამ სენმა მთელი ჩვენი ბიზნესი გაჟღინთა, რაც  ეკონომიკის განვითარებას არაფერში წაადგება"

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახური აცხადებს, რომ ქართველ მოცეკვავე მამაკაცებს იაპონიაში ვისკი და ბანქოს დასტა მოუპარავთ; "აპსნიპრესის" ცნობით, ადლერის სამეცნიერო ინსტიტუტმა აფხაზეთის მხარეს 50 მაიმუნი გადასცა საჩუქრად; ზურაბ ნოღაიდელის თქმით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან (სულ, სამი რეისი!) მისი დამსახურებაა;

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო გუანტანამოელ პატიმრებს თავადვე აურჩევიათ, თანაც, ისინი პატიმრები კი არა, ინტეგრაციის პერიოდში მყოფი ბრალდაუდასტურებელი მოქალაქეები ყოფილან და საქართველოში თავისუფლად იცხოვრებენ.

მოკლედ, გასულ კვირას  მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაციებით ვიყავით განებივრებული. მაიმუნებზე და ნოღაიდელზე რომ არაფერი ვთქვა, ამ "კოლაჟიდან" მოცეკვავეებისა და გუანტანამოელი პატიმრების ამბავმა დამაბნია.

ერთი მხრივ, სასიამოვნოა, რომ აშშ-ს ყოფილი პატიმრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაბრუნებლად საქართველო საუკეთესო ადგილად მიაჩნია; მეორე მხრივ, რა უნდა ისწავლოს გუანტანამოელმა ტერორისტმა იმ ქვეყანაში, სადაც მოცეკვავეებიც კი ვისკის და ბანქოს დასტას იპარავენ? შესაძლებელია, ახალი მეთოდი იყოს - გაოცებით გამოსწორება!..

დეტალურად განვლილი კვირის ამბებსა და მომავლის პერსპექტივებზე ბატონ ალექსანდრე თვალჭრელიძეს ვესაუბრებით:

- ამჟამად საბერძნეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებით. რამდენადაც ცნობილია, ეს ქვეყანა დღეს დეფოლტის საფრთხის წინაშე იმყოფება, რადგან გერმანია უარს აცხადებდა მისთვის გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფაზე. რა მდგომარეობაა ამჟამად და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ ამ მაგალითიდან (საგარეო ვალები ჩვენც ხომ გვაქვს!)?

- დეფოლტის ცნება საბერძნეთში წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები "მხოლოდ" 4%-ით (8%-ის მაგივრად) მოიმატებს. ეს, რასაკვირველია, სასიამოვნო არ არის და გაფიცვებსა და სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს. საზოგადოება ყველა სფეროში ძალზე კონსოლიდირებულია. პარასკევს, მაგალითად, გაფიცული იყო ტრანსპორტის სექტორი და ქვეყანაში პრაქტიკულად, არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. ისე, უნდა ითქვას, რომ ამ დიდი პრობლემების მიუხედავად, ზოგადად, ქვეყანა ჩვეული რიტმით და ბერძენთათვის ჩვეული ოპტიმიზმით ცხოვრობს.

მთავარი ისაა, რომ საბერძნეთი  შიდარესურსებით ცდილობს სიძნელეთა დაძლევას და  სხვას არ შეჰყურებს ხელში. ეს არის ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი და სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ისე, მინდა დავამატო, რომ მე ევროპის ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სხდომაზე ვარ მოწვეული. სხვათა შორის, ამ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამჟამინდელი პრეზიდენტია მსოფლიოში თეთრი სახლიდან, ვიდრე ახალ ზელანდიამდე ცნობილი და უდიდესი ავტორიტეტის მქონე ქართველი მეცნიერი პაატა კერვალიშვილი, რომელსაც საქართველოში თითქმის არავინ იცნობს.

მართლაც რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს! აკადემიის სხდომაზე დეფოლტსა და ეკონომიკურ კრიზისზე კი არ ფიქრობდნენ თვალსაჩინო მეცნიერები, არამედ იმაზე, თუ როგორ მოახერხონ პატარა ერებმა გლობალიზებულ სამყაროში ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება. დამეთანხმებით, უდიდესი მნიშვნელობის საკითხია. სამწუხაროდ, საქართველოში  ამის შესახებ ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ და ზრუნავენ. არადა, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ეს საკითხი  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია - მსოფლიოს ძლიერებას თვალახვეული კი არ უნდა გაჰყვეს ჩვენი მთავრობა, არამედ რთულ, წინააღმდეგობრივ სამყაროში თავიანთი გზა ეძიოს.

- რუსეთის დუმამ სეპარატისტებთან "საზღვრების ერთობლივი დაცვის" შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. "არის ბევრი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ტრანსპორტის ნორმალურ ფუნქციონირებასთან, რკინიგზასთან, საავტობუსო მიმოსვლასთან და საზღვაო ტრანსპორტთან", - განაცხადა პუტინმა. ჩანს, რუსეთი უკვე ღიად აწარმოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების პოლიტიკას. რით შეიძლება ამ პროცესს წინ აღვუდგეთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით?

-  რასაკვირველია, რუსეთი ცდილობს თავის ქმედებებს კანონიერების ელფერი შესძინოს. რეალურად, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი ისევე დარჩება, როგორც დღეს არის. ამიხსენით, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ასეთ ქმედებებს ეკონომიკური თვალსაზრისით? რუსეთთან ვაჭრობას ემბარგო დავადოთ? ისედაც ხომ ეკონომიკური ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მეასედ ან მეათასედ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ვამხილოთ რუსეთი. საპროტესტო ნოტასაც კი ვერ ვაახლებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოსკოვთან ოფიციალურ თბილისს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვს.

- ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, კოდორსა და ახალგორში ქართველი მოსახლეობის დაბრუნების საკითხი შესაძლოა არჩევნებამდე გადაწყდეს. მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან სააღდგომოდ ფრენების აღდგენა მისი დამსახურებაა. უახლოეს მომავალში, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას იმედოვნებენ და ექსპრემიერი ალბათ, ამასაც თავის დამსახურებად გამოაცხადებს. რეალურად, რამდენად შესაძლებელია, ამ მასშტაბის პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები ორ ქვეყანას შორის ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უკავშირდებოდეს?

- საეჭვოდ მიმაჩნია ყოველივე.  რატომღაც ჩვენივე შეცდომებზე სწავლა არ გვიყვარს. გაიხსენეთ, რამდენჯერ დავაბრუნეთ მოსახლეობა თუნდაც გალის რაიონში და რით დასრულდა ეს? - ამ მოსახლეობის ხელახალი დაწიოკებით, აყრით, მძევლად აყვანით... მაინცდამაინც რატომ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლი გახდნენ ჩვენივე მრავალტანჯული თანამემამულეები? მხოლოდ მოსახლეობის დაბრუნება, თუნდაც ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდეს, ვითარებას არ შეცვლის.

პირიქით, გააუარესებს, თუკი კონფლიქტის ზონაში ახალი და ქმედითი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების ზომები არ იქნება მიღებული. ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს და შესაბამისად, ასეთ  ვითარებაში მოსახლეობის იქ დაბრუნება, თუკი საერთოდ ეს რეალურია, დანაშაულის ტოლფასი იქნება, - რადგან ოკუპანტებსა და სეპარატისტებს ჩაგვრისა და დაწიოკებისთვის ახალ მძევლებს "მივგვრით"...

მეორეც, ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. როგორ პატივსაც უნდა სცემდეს მას სხვა ქვეყნის ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, ელემენტარული ლოგიკის, სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ნოღაიდელთან მოლაპარაკება ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების ტოლფასი ვერ იქნება. ამის გარეშე კი, ყოველივე თქვენ მიერ თქმული არარეალურად და მხოლოდ მავანთა პოლიტიკურ პიარგანცხადებად მესახება.

- ხელისუფლება მედიასაშუალებათა ერთი ნაწილისთვის ფინანსური ამნისტიის გამოცხადებას აპირებს (ლაპარაკია ნაციონალურ არხებზე). ამავე დროს, ცნობილი გახდა ისიც, რომ  ფინანსური პოლიცია რამდენიმე სტამბაში შევიდა და გენერალური შემოწმება დაიწყო. ხომ არა გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტებთან?

- როგორი "ამაღლებული" მიზანი თუ საბაბიც უნდა არსებობდეს, ასეთი ტიპის ამნისტიასა და ქმედებებში ლოგიკას  ვერ ვხედავ. დემოკრატიულ ქვეყნებში კანონი ყველასთვის ერთია და გადასახადებიც ყველამ უნდა გადაიხადოს. თუკი შეღავათია დაწესებული რომელიმე სფეროში, ეს შეღავათი კანონით რეგულირდება და  ყველასთვის მოქმედებს - აბსოლუტურად გამჭვირვალედ და საჯაროდ. ჩვენთან კი პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული "გადამხდელები" არსებობენ და მერწმუნეთ, არა მარტო მედიაში.

ამ სენმა მთელი ჩვენი ბიზნესი გაჟღინთა, რაც  ეკონომიკის განვითარებას არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება: პრივილეგირებულნი პრივილეგირებულად დარჩებიან, ხოლო არაპრივილეგირებულნი იძულებული იქნებიან გადასახადები გადაიხადონ.

- მერის არჩევნები ახლოვდება, ოპოზიცია კი ჯერაც თვითგამორკვევისა და ერთმანეთთან საქმის გარჩევის პროცესშია. როგორ გესახებათ მომავალი არჩევნები?

- ჩვენს ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, ლიდერობის სინდრომი მოსვენებას არ აძლევს, რის გამოც უკვე მერამდენედ ვერ ხერხდება ერთიანი კანდიდატის შერჩევა. უკვე მერამდენედ, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის ქილიკზე მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ხელისუფლების კრიტიკაზე. ღმერთმა უწყის, უკვე მერამდენედ გამოიყენებს ამას ხელისუფლება. ვარდების რევოლუცია მხოლოდ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მის ლიდერთა შორის შედგა შეთანხმება. შექმნილ ვითარებაში კი ოპოზიციის ლიდერები სულ უფრო კარგავენ ხალხის ნდობას, მოსახლეობას კი უიმედობა და ნიჰილიზმი ეუფლება, რადგან მუდმივი კინკლაობა და ყველა საკითხის პოლიტიზება საზოგადოებისთვის დამღლელია.

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ აღნიშნული ვითარების გამო მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლების კანდიდატს რეალურ კონკურენციას გაუწევს მხოლოდ ის, ვინც პრინციპულად არაპოლიტიზებულ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს, ხელისუფლების ზოგადი ლანძღვის მაგივრად გულთან ახლოს მიიტანს მოსახლეობის უმძიმეს პრობლემებს და მათი გადაჭრის რეალურ გზებს დასახავს, რეალური და გონივრულად გააზრებული სამოქმედო პროგრამითა და გეგმებით.

- როგორც ცნობილი გახდა, გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში უკვე გადმოიყვანეს. რა დადებითი და უარყოფითი პერსპექტივების მქონე შეიძლება იყოს ეს ფაქტი?

- არა მგონია, რომ ამას, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ლოიალობის დაფიქსირების გარდა, ჰქონდეს რამე სხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან ეკონომიკური დატვირთვა.

- როიტერის ინფორმაციით, აშშ საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტის განთავსებას აპირებს. შესაბამისი ოფიციალური განცხადებით, პენტაგონის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესს უკვე მიმართეს. აღსანიშნავია, რომ პენტაგონის განცხადება მას შემდეგ გაისმა, რაც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს 8 აპრილს, პრაღაში მოაწერდნენ. რამდენად რეალურია ასეთი პერსპექტივა და რა გავლენას იქონიებს ყოველივე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?

- ადრე თუ გვიან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი საქართველოში მაინც განთავსდება. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი აქ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კარდინალური გადახედვა შეიძლება იყოს. არა მგონია, სტრატეგიული შეიარაღების შემცირება პირდაპირ კავშირში იყოს საქართველოში ამერიკული ბაზების დაარსებასთან, თუმცა, რა თქმა უნდა, პრაღის მოლაპარაკებებს გაართულებს. მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზუსტად იცის, რას აკეთებს და როგორ დაიჭიროს ერთდროულად ორი კურდღელი.

- როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ჩანს, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით. საქართველოში განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა თუ ქართველებს გვიყვარს განსაკუთრებულად უცხოეთში ცხოვრება?

- ქართველები, საერთოდ "მობილური" ხალხი ვართ... ისტორიულად ვმოგზაურობთ მთელ მსოფლიოში. მაგრამ სიბერის ჟამს მშობლიურ კერას ვუბრუნდებით.

ამიტომაც არის, რომ სომხებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ქვეყანაში მძლავრ დიასპორებს არ ვქმნით. თუ ამას მძიმე სოციალურ სიტუაციას და უბრალოდ, მომავალში  გაურკვევლობას თუ ომის საფრთხესთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მუდმივ დაშინებას დავუმატებთ, ემიგრაციის მასობრივი სურვილი გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი