"დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში პატარა, მაგრამ მაინც კოზირად მივიჩნევით" - კვირის პალიტრა

"დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში პატარა, მაგრამ მაინც კოზირად მივიჩნევით"

"რესპუბლიკურ პარტიას აქვს დაუძლეველი სურვილი, გააგრძელოს პარაზიტობა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე"

"რისკი იმისა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენ შეიძლება დაგვახურდაონ, ჯერ კიდევ მაღალია"

გასული კვირა საგარეო პოლიტიკის მხრივ მართლაც დატვირთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ჯერ იყო და, თბილისმა ხუთი დღის განმავლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლა, შემდეგ საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია, 8-9 ივლისს კი ნატოს სამიტზე ვარშავაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა, დრო დაეთმო საქართველოსთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობას და როგორც ერთობლივი დეკლარაციიდან ირკვევა, საინტერესო გადაწყვეტილებებიც მიიღეს. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ა.წ. ნოემბერში ჩატარდება ნატო-საქართველოს მომდევნო წვრთნა და მოკავშირეები ჩვენს ქვეყანას დაეხმარებიან როგორც სამხედრო განათლებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. საქართველო შემოდგომაზე უმასპინძლებს ნატოს საბჭოს. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ნატოს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გაძლიერების საკითხზე და ამ პროცესშიც საქართველოს აქტიურად ჩაბმა იგეგმება.

მოკლედ, ოფიციალური თბილისი ვარშავიდან კმაყოფილი დაბრუნდა, მაგრამ ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები კარგია, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის - არასაკმარისი.

- მიუხედავად ოფიციალური თბილისის კმაყოფილებისა, სამწუხაროდ, საქართველოს თაობაზე მიღებულ დეკლარაციაში ვერ დავინახე სისტემური მიდგომის ნიშნები, ანუ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუქცევადს გახდიდა.

საქმე ის არის, რომ დღევანდელი სამყარო პრაგმატულია და ამა თუ იმ პროცესს შეუქცევადი სახე თუ არ ექნება, ის შეიძლება არათუ შეჩერდეს, არამედ უკანაც დაიხიოს. ამგვარი რისკი ყოველთვის არსებობს, შეუქცევადს კი ამ პროცესს გახდიდა, ალბათ, ისევ და ისევ მაპ-ი. ვიდრე საქართველოს თაობაზე ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მანამდე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე ყოველთვის შეიძლება პატარა ქვეყნები დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების სავაჭრო დახლზე აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ამ დახლიდან ჩამოსვლა და გლობალურ პროცესებში საკუთარი ადგილისა და როლის გარკვევა. რისკი იმისა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენ შეიძლება დაგვახურდაონ, ჯერ კიდევ მაღალია. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და ეს ტენდენცია ძალიან სახიფათოა. ასეთ ვითარებაში გადაჭარბებული ოპტიმიზმი სწორი არ იქნებოდა.

დღეს რუსეთს აქვს დიდი ამბიციები, ასევე მოწმენი ვართ ამ ქვეყანასა და დასავლეთს შორის ესკალაციისა. ისიც ცხადია, რომ ეს მხარეები ოდესღაც რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. როგორც წესი, შეთანხმება ხდება ხოლმე პერიფერიულ საკითხებზე, ანუ იმაზე, რაც შეუძლიათ ერთმანეთს შედარებით ადვილად დაუთმონ. არ მინდა, რომ სწორედ საქართველო აღმოჩნდეს ეს სავაჭრო თემა. მე ახლა ვლაპარაკობ პროცესის განვითარების უკიდურეს ვარიანტზე, თუმცა საგარეო პოლიტიკის წარმოებისას არ შეიძლება, ხელისუფლებამ ეს ვარიანტი გამორიცხოს.

- თუმცა აშკარაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ახლა დგას ეტაპი, როდესაც დასავლეთი საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. გაგახსენებთ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, როდესაც, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი მემორანდუმები გაფორმდა თუნდაც თავდაცვის სფეროში, მოვისმინეთ მხარდამჭერი განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უფრო, ნატოს სამიტის წინ.

- დიახ, ეს ინტერესი აშკარად შესამჩნევია, მით უფრო, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვიმეორებ, დღეს რუსეთის ამბიციები გაზრდილია. აშკარაა,

კრემლი გაჩერებას არ აპირებს და წარმატებასაც აღწევს, მაგალითად, სირიაში. ურთიერთობის ტემპერატურაც აწეულია და დასავლეთი საკუთარი ძალებისა და მხარდამჭერების მობილიზაციას ცდილობს. ასეთ მხარდამჭერად მიიჩნევა საქართველოც, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. ვგულისხმობ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს. დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში ჩვენ მივიჩნევით, შესაძლოა, პატარა, მაგრამ მაინც კოზირად.

მაგრამ რაკი შესაძლოა, ეს დაპირისპირებული მხარეები მომავალში რაღაცაზე შეთანხმდნენ, ჩვენ გვჭირდება გარანტია დასავლეთისგან, რომ საქართველო არ იქნება რუსეთთან ვაჭრობის თემა. აქ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე და კარგად გათვლილი ნაბიჯები.

რაც შეეხება საკუთრივ კერის ვიზიტს...ეს იყო მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და გლობალური გამოწვევების ჭრილში განსახილველი ვიზიტი. ეს არ ყოფილა ექსკლუზიური ვიზიტი საქართველოში - ის აქედან წავიდა უკრაინაში და ბოლოს ჩავიდა ვარშავაში, ნატოს სამიტზე დასასწრებად. ზოგიერთმა კერის საქართველოში ჩამოსვლა მომავალ არჩევნებსაც კი დაუკავშირა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კერის ჰქონდა ევროპული ტურნე აშშ-ის ინტერესების ე.წ. ბუფერულ ზონაში, რითაც დადასტურდა, რომ ჩვენ ვრჩებით აშშ-ის ინტერესების სფეროში.

ვაშინგტონში კვლავაც გვთვლიან პარტნიორებად და მხარს გვიჭერენ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველო უფრო დაცულია. არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაფორმებული მემორანდუმი, ჯობს, ამაზე თავდაცვის ექსპერტებმა ილაპარაკონ.

დღეს აშშ-ისა და მთელი დასავლეთის მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროსკეპტიკური განწყობა ძლიერდება, მიგრანტების კრიზისსაც არ უჩანს ბოლო, ბოლო დროს ევროპას ურთიერთობა თურქეთთანაც გაურთულდა... მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, შესაბამისად, ნატო და დასავლეთი ზედმეტი პრობლემების წამოკიდებას აშკარად უფრთხიან. ნატო გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, შესაძლოა მეტსაც, ვიდრე ზოგიერთი წევრი ქვეყანა. მასშტაბურ მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო მისიებში, რისთვისაც მუდმივად გვიხდიან მადლობას, მაგრამ ისმის კითხვა: თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, რატომ არ წავიწიეთ წინ და ბოლოს და ბოლოს, რატომ არ მივიღეთ მაპ-ი მაინც? მართალია, ნატოს მაღალჩინოსნები ამას არ აღიარებენ, მაგრამ გამოდის, რომ მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ამ ეტაპზე ალიანსს ეშინია, უფრო დიდ თავის ტკივილად არ ვექცეთ.

- ცხადია, ამ თავის ტკივილის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ რუსეთი შეიძლება იყოს, რომელიც ნატოს სამიტზე, "ისლამური სახელმწიფოსა" და ტერორიზმის მსგავსად, დიდ საფრთხედ განიხილებოდა. შეგახსენებთ, სწორედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პრევენციისთვის ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთში სამხედრო ძალებს მნიშვნელოვნად ზრდის...

- ნატოს მოქმედებაში პრაგმატული გათვლა ჩანს. არა მგონია, რუსეთიდან ნატოს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდეს, მაგრამ ნატომ დაიწყო გეოგრაფიული ფრონტის ხაზის გატარება, რომელიც სწორედ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გადის. გარდა იმისა, რომ ეს ძალის დემონსტრირებაა და რუსეთის მზარდი ამბიციების მოთოკვაზეა გათვლილი, ეს არის მცდელობაც, ევროინტეგრაციისადმი სკეპტიკური განწყობების ფონზე, საკუთარი ძალების მეტი მობილიზებისთვის მტრის ხატი გამოკვეთონ. კეთილდღეობის პირობებში მობილიზაცია რთულია. ასეთ გლობალურ საფრთხედ რუსეთის დახატვა ევროსკეპტიციზმის პრევენციაცაა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, რაზეც დაიწყო კიდეც მსჯელობა.

ეს მსჯელობა შემოდგომაზე გაგრძელდება, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ესწრაფვის ევროინტეგრაციას, თუმცა ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არა აქვს.

- ის მხარდაჭერა და თანამშრომლობის პაკეტები, რასაც ამ ეტაპზე აშშ-ისა და ნატოსგან მივიღებთ, რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისთვის?

- ცხადია, ეს ყველაფერი რუსეთს არ ესიამოვნებოდა და შესაძლოა, ადეკვატურ ზომებზეც იფიქროს, რაც არ იქნება გასაკვირი.

უნდა გვესმოდეს, რომ რაც მეტად გაძლიერდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, მით მეტი საწინააღმდეგო ზომის მიღებას ეცდება რუსეთი. ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს...

- როგორც კერის ვიზიტისას, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაშიც გამოკვეთილად არის აღნიშნული, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.

- ვეჭვობ, ევროპაში მიიღონ გადაწყვეტილება და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოგვცენ ვიზალიბერალიზაცია. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს საკითხი ჩვენში არა სახელმწიფოებრივი განვითარების, არამედ პოლიტიკური იწილო-ბიწილოს თემად იქცა. ხელისუფლება ცდილობს, ვიზალიბერალიზაცია აქციოს კიდევ ერთ არგუმენტად საარჩევნო მხარდაჭერისთვის. ოპოზიცია, განსაკუთრებით კი - "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, როგორმე მოახერხოს და ეს პროცესი არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადასწიოს.

ეს არის დადასტურება იმისა, რაოდენ არასახელმწიფოებრივად აზროვნებს ჩვენი პოლიტიკური ელიტა. ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას. არადა, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებში რომელიმე პარტიის გამარჯვება. ის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრივად აზროვნება ძალიან უჭირთ, არაერთი მაგალითით ჩანს. გაგახსენებთ სულ ახლახან ახმედ ჩატაევის თაობაზე ატეხილ ხმაურს, როდესაც ჩვენში პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს პოლემიკა იმაზე, თურქეთში როგორ განახორციელა ტერაქტი ჩატაევმა, არადა, თურქეთს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

საქართველოში ერთი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ ჩატაევი სააკაშვილის აგენტი იყო, მეორე მხარე კი ამტკიცებდა, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რადგან ამ ხელისუფლებამ ჩატაევი გაუშვა. არ დაგავიწყდეთ, ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია ტერაქტში ჩატაევის მონაწილეობა. არადა, დასავლეთში არავის აინტერესებს, ჩატაევი სააკაშვილის ლობირებით მოქმედებდა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზარალებდა. რიგით პოლიტიკოსებზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტა, რომელსაც არ ესმის, სად გადის ზღვარი სახელმწიფო და ვიწროპარტიულ ინტერესებს შორის.

- პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკელი მინისტრების საკითხი ნატოს სამიტის შემდეგ გაირკვეოდა. რას ფიქრობთ, სამთავრობო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, რესპუბლიკელი მინისტრები უნდა წავიდნენ. ეს, ჩემი აზრით, აქამდეც უნდა მომხდარიყო. აგერ, თავდაცვის მინისტრმა უკვე მოახერხა უცნაური გადაწყვეტილების მიღება სამხედრო-სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით. ეს იდეა შესაძლოა, სწორიც არის, მაგრამ ეს იმგვარი ფორმით გაცხადდა, რომ მხოლოდ დამაზარალებელი აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდება, რადგან ჩვენში პროცესები ყოველთვის არ ექვემდებარება პოლიტიკურ ლოგიკას. მით უფრო, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქვს დაუძლეველი სურვილი, გააგრძელოს პარაზიტობა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან ამ პარაზიტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. გიორგი კვირიკაშვილი კი, რომელიც კარგად გამოიყურება და რომელსაც მეც ვგულშემატკივრობ, ეტყობა, ვერ არის საკმარისად პრინციპული, ან არ ესმის, რა საფრთხეს უქმნის საკუთარი პარტიის მობილიზაციის უნარს.

- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ხარვეზებზე ისაუბრა და პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის განხორციელება და კანონპროექტის მიღების აუცილებლობა შეახსენა. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მოსამართლეებად შეუფერებელი კადრები შეირჩნენ, რასაც პასუხი გასცა იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ...

- ფაქტია, რომ სასამართლო სისტემაში გვაქვს ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა. სასამართლო ინსტიტუცია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დისკრედიტირებულია. ამის გამოსასწორებლად აუცილებელია განხორციელდეს მასშტაბური და ყოვლისმომცველი რეფორმა. ანა დოლიძე მართალია, მაგრამ ის ოდნავ ჩქარობს. დღევანდელი პარლამენტი, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა და იქ რაიმე ტიპის დისკუსიის ინიცირება არაფრის მომცემია. ლამაზი სიტყვებისთვის, არა მგონია, სწორი იყოს ამ ეტაპზე ამგვარი ინიციატივებით გამოსვლა. რაც შეეხება მურუსიძის გააქტიურებას, მას ჰყოფნის თავხედობა, სასამართლოს სახელით ილაპარაკოს და ტელეეკრანებზე გამოჩნდეს, თან ეს გააკეთოს ტრაგედიისას - მხედველობაში მაქვს სულხან მოლაშვილის გარდაცვალება, რომელიც იმ სისტემამ იმსხვერპლა, რომლის თანამზრახველიც იყო მურუსიძე. მურუსიძე მსხვერპლი არ არის, მსხვერპლი არის მოლაშვილი... ვინც მურუსიძეს და მისნაირებს მსხვერპლად მიიჩნევს, დიდ შეცდომას უშვებს. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა კი ამ ხელისუფლებას წინას დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს.

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შედეგით ირკვევა, რომ დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დუშეთისა და მცხეთის გამგებლებისა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და მისი მოადგილის მიერ 2015 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე მოხმარებული საწვავით დედამიწისთვის შემოვლაა შესაძლებელი, ზოგ შემთხვევაში - თითქმის ორჯერაც.

- ეს არის ვითარება, როდესაც მართვის ვერტიკალი შესუსტებულია, კორუფციის მდგენელი კი - დაბალი. ამ სიტუაციაში თანამდებობებზე მოკალათებული პატარა ადამიანები გამოსავალს პოულობენ და გამორჩენისთვის იაფფასიან ანუ ისეთ ხრიკებს მიმართავენ, სადაც პირდაპირ კორუფცია არ იკვეთება.

სწორედ ამგვარი ხრიკია საწვავის ტალონები, სამივლინებო ხარჯები და ა.შ. ამ ტენდენციის გამოსავლენად საია-ს კვლევა მართლაც სამაგალითოა. ასევე ამა თუ იმ კვლევის შედეგად იკვეთება დარღვევები ტენდერების ჩატარებისას, მაგალითად, ძალიან გახშირდა და შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯა ერთ კონკრეტულ პირზე მორგებული ტენდერების რიცხვმა, ამიტომ ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მართვის ვერტიკალი უფრო გაძლიერდეს.

ნათია დოლიძე