"თავმოკვეთილი თურქი ჯარისკაცი სიმბოლოა - კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია!" - კვირის პალიტრა

"თავმოკვეთილი თურქი ჯარისკაცი სიმბოლოა - კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია!"

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამ პროცესებში ჰქონდეს ტაქტიკური, მაგრამ თავშეკავებული პოზიცია"

"საფრთხეები იმდენად არის მომატებული, რომ როგორც ჩანს, სამართალდამცავთა პროფესიული ზრდა ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩება"

2016 წლის 16 ივლისი თურქეთის ისტორიაში ტრაგიკულ თარიღად უკვე ჩაიწერა. მეზობელ ქვეყანაში ერთი ღამის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაზანზარა ქვეყანა და დიდი ზარალი მიაყენა. სამხედრო გადატრიალება კრახით დასრულდა - ეს ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციაა, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კვლავაც მოდის თურქეთიდან. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 440 კი, დაშავდა. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა პირველივე დღეს 2 839 მეამბოხე დააკავეს. ექსპერტთა ნაწილი მომხდარის უკან დასავლეთის კვალს ხედავს, ნაწილი რუსეთის ინტერესებზე ლაპარაკობს. ასევე გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, მომხდარი რეიტინგდაკარგული პრეზიდენტის მიერ იმიტირებული გადატრიალების მცდელობაც არის. ჩვენს სამეზობლოსა თუ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:

- სამწუხარო პროცესები განვითარდა თურქეთში, რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაიღუპნენ ადამიანები. ამგვარი ძალადობრივი მოქმედებები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. ამიტომაც ვნახეთ რეგიონის ქვეყნების მყისიერი რეაქცია და საფრთხეების პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები. ჩვენთვის თურქეთის სტაბილურობა მნიშვნელოვანია ორმაგად, რადგან ეს ქვეყანა არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც არის. მომხდარის თაობაზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა, არაერთი ვერსია გავრცელდა, თუმცა დანამდვილებით, ჯერჯერობით, ჭირს სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება, მით უფრო, რომ თურქეთში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

ფაქტია, რომ უამისოდაც თურქეთს არ აკლდა შფოთი. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაძაბული იყო ვითარება. დღეს საქართველოს რაც შეუძლია, ის არის, რომ თურქეთის მოსახლეობას გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა, რომ როგორმე სიმშვიდემ დაისადგუროს ამ ქვეყანაში, რადგან არეულობა თურქეთში დიდი საფრთხეა ჩვენთვისაც. გადატრიალების მოსურნეთა ზუსტი მიზნები მკაფიოდ არ ჩანს, ძნელია იმის ვარაუდიც, თურქი საზოგადოების თუ სამხედრო მმართველობის რა ნაწილია ამბოხებაში ჩართული.

შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს გამოძახილია ერდოღანის პოლიტიკისა და იმ რეპრესიების, რაც მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავს დაატყდათ სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ.

სავარაუდოდ, რევანშის სურვილი კარგა ხანია მწიფდებოდა და, შესაძლოა, დღეს სწორედ ამ სურვილმა იფეთქა. თუმცა ანალიტიკოსები სხვა სცენარებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. ცნობილია, რომ ერდოღანის მმართველობა მაინცდამაინც არ მოსწონთ თურქეთში და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მის პოლიტიკას უპირისპირდება. შესაძლოა, სწორედ ესეც გამხდარიყო სამხედროებისთვის ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

ნუ გამოვრიცხავთ ნურც იმას, რომ შეუმდგარი ამბოხება წახალისებული იყოს თურქეთის ფარგლებს გარედანაც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამ პროცესებში ჰქონდეს ტაქტიკური, მაგრამ თავშეკავებული პოზიცია, ისეთი, რომ თურქულ-ქართულ ურთიერთობაში ბზარი არ გაჩნდეს. როცა გარშემო ასეთი უბედურება ხდება, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

- თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესები ამერიკიდან იმართება და მასში აქტიურადაა ჩართული თეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც, თავის დროზე, ერდოღანს უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ ქვეყნის დატოვებამ და აშშ-ში გადასახლებამ მოუწია. დღეს ის თურქეთის სამთავრობო წითელ ცირკულარში ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელად არის აღიარებული.

- ძალიან მეეჭვება, დღეს დასავლეთში ვინმეს აწყობდეს კიდევ ერთი შფოთის კერის გაჩენა ისედაც ურთულეს რეგიონში. მით უფრო, რომ მიუხედავად პატარ-პატარა დაძაბულობებისა, თურქეთი სწორედ დასავლეთის პარტნიორად რჩება. ის ნატოს წევრი ქვეყანა და აშშ-ის მთავარი დასაყრდენია. თუკი კვალი სცდება თურქეთის საზღვრებს, უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთისკენ მიდიოდეს. რაც შეეხება გიულენს, მისი გავლენა თურქი საზოგადოების ნაწილზე მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გადატრიალების მცდელობასთან მისი კავშირის დასასაბუთებლად თურქეთის ხელისუფლებას საფუძვლიანი მტკიცებულებების წარმოდგენა მოუწევს.

ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის გიულენის ექსტრადიციისთვის იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება დასაბუთება. რამდენიმე წლის წინ უკვე ჰქონდა თურქეთის ხელისუფლებას გიულენის ექსტრადიციის მცდელობა, თუმცა ეს არ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც უშედეგო იქნება მტკიცებულებების გარეშე.

- რადგან რუსეთი ახსენეთ, გავიხსენოთ ორიოდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადება, როდესაც მან უახლოეს მომავალში სირიის კრიზისის სამხრეთ კავკასიაში გამეორება არ გამორიცხა. "ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე", - განაცხადა შოიგუმ.

- ამგვარი საფრთხე არ უნდა გამოვრიცხოთ, თუ თავად შოიგუს სამინისტრო ამზადებს ამისთვის რაიმე საფუძველს. შოიგუს განცხადება მეტად საეჭვოდ მეჩვენება, მით უფრო ახლა, როდესაც თურქეთს ენიჭება განსაკუთრებული როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ნატოს სამიტზე აქტიურად განიხილებოდა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების ქმედითი სისტემების შექმნის გეგმა. ბუნებრივია, ეს ძალიან აღიზიანებს რუსეთს, რაც კრემლის წარმომადგენელთა განცხადებებშიც აისახა. აქედან გამომდინარეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ ვისთვის არის ხელსაყრელი ასეთი ესკალაცია თურქეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში. მართალია, ახლახან ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო ერდოღანმა რუსეთს მოუბოდიშა, მაგრამ გვახსოვს, მანამდე დაძაბულობის ხარისხი რა მაღალი იყო. ბუნებრივია, შოიგუს განცხადება შემთხვევითი არ არის და ის დაგეგმილია კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

- ბრძანეთ, რომ ერდოღანის მმართველობა მაინცდამაინც არ მოსწონთ თურქეთში და ბევრი ოპონენტიც ჰყავს. ფაქტია ისიც, რომ მმართველობის პირველ წლებში გატარებული რეფორმების შემდეგ მისი რეიტინგი ეცემა, თუმცა ძალაუფლების დათმობა არ სურს. მიუხედავად ნეგატიური განწყობებისა, ვნახეთ, რომ მისი მიმართვის შემდეგ უამრავი ადამიანი გავიდა ქუჩაში და, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დაუპირისპირდა ამბოხებულებს. რითი აიხსნება ეს და რამდენად საფუძვლიანია ეჭვი, რომ შესაძლოა, ერდოღანს გადატრიალების მცდელობის პროვოცირება აწყობდეს კიდეც ავტორიტარული მმართველობის დასამყარებლად?

- გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მომხდარში ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბუნდოვანი, ცოტა დრო უნდა გავიდეს, ვითარება დაწყნარდეს და ანალიზი ამის მერე გაკეთდეს. ერდოღანის მმართველობაში ავტორიტარიზმის ნიშნები აქამდეც მრავლად იყო, მაინც ძალიან საეჭვო მგონია, ამგვარი რამ დაეგეგმა, ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა. რაც შეეხება სამოქალაქო აქტიურობას, აშკარაა, რომ თურქი ხალხი ძალიან შეწუხებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით და დესტაბილიზაციის საფრთხე იმდენად აშფოთებს, რომ მზად არის, დაუპირისპირდეს არეულობის ყოველგვარ მცდელობას. ჩემი აზრით, მათი ქუჩაში გასვლა სწორედ სიმშვიდის სურვილით იყო ნაკარნახები, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, მომხდარის შემდეგ სიმშვიდის დამყარება ძალისმიერი ხერხების გამოყენების გარეშე შესაძლებელი იყოს... ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, თუ რა სისასტიკით უსწორდებოდნენ რიგითი მოქალაქეები მეამბოხე ჯარისკაცებს, რაც ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული გამოვლენა იყო ემოციებისა და ეს ვერაფრით ჩაითვლება სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მაჩვენებლად. ვნახეთ, რომ დანებებულ ჯარისკაცს ბოსფორის ხიდთან თავი როგორ მოჰკვეთეს. ბოსფორის ხიდთან თავმოკვეთილი თურქი ჯარისკაცი სიმბოლოა - კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია. შესაძლოა, თურქეთში სიკვდილით დასჯა აღადგინონ, რაც ასევე მცდარი ნაბიჯი იქნება. მოგეხსენებათ, მართლმსაჯულების აქსიომაა, რომ ახალმიღებულ კანონებს უკუქმედების ძალა არა აქვს და თუ ამ აქსიომას დაარღვევენ, ვფიქრობ, ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება თურქეთი.

- ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმის ობიექტად იქცა საფრანგეთი. ქალაქ ნიცაში მომხდარ ტრაგედიას 84 კაცი ემსხვერპლა.

- სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპაში უსაფრთხოების თემებზე ორიენტირებული ძალების კვალიფიკაცია არცთუ მაღალია. რა გითხრათ, საფრთხეები იმდენად არის მომატებული, რომ როგორც ჩანს, სამართალდამცავთა პროფესიული ზრდა ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. თუ გაგრძელდა ისეთი რყევები, როგორიც თურქული პუტჩი ან ნიცას ტერაქტია, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა საბოლოოდ ჩამოიშლება. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მედიით ვრცელდება, ჩნდება ვარაუდი, რომ ამ ტერაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა, სამართალდამცავებს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ. უცნაურია, რომ ტერორისტი 9 საათი იდგა სანაპიროზე, პოლიციელთა ყურადღებაც მიიქცია, მაგრამ მისი შემოწმება აზრადაც არ მოსვლიათ. არადა, ამ ორიოდე თვის წინ საფრანგეთის სპეცსამსახურები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტერორისტული თავდასხმები მოსალოდნელი იყო სწორედ საფრანგეთის ზღვისპირეთში... ნიცა აქამდე სიმშვიდის სიმბოლო გახლდათ არა მხოლოდ ფრანგებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიიტანეს მასზე ტერორისტებმა იერიში.

- გასულ კვირას "ქართულმა ოცნებამ" დეპუტატობის 15 კანდიდატი გააცნო საზოგადოებას. თქვენი აზრით, პოლიტიკაში გამოუცდელი პირებისგან არსებით ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- ჩემთვის ცოტა უცნაურია მხოლოდ 15 კაცზე დამყარებული ეს აჟიოტაჟი იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომლის დამფუძნებელიც აცხადებს, რომ არჩევნების გამარჯვების შემდეგ 95 მანდატი უნდა მოიპოვოს. თუმცა, იმავდროულად, ნამდვილად მისასალმებელია გაახალგაზრდავება იმ შემადგენლობისა, რომელსაც მაინცდამაინც დიდ კომფორტს ვერ უქმნიდა ასაკოვანი პარლამენტარების ნაწილი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სიის შემქმნელს რაღაც კომპლექსი აქვს საზღვარგარეთ განათლების ვერმიღების გამო, თუმცა ეს დასავლური დიპლომები მხოლოდ პოზიტიურად აფასებს კანდიდატებს. ანალიზისთვის კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა, ვინ არის რეკომენდატორი ამ ახალგაზრდებისა, თუმცა მათში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, არანაირი კითხვა არ ჩნდება ქალბატონი ჩუგოშვილის თაობაზე, მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან თავი დაგვამახსოვრა როგორც კომპეტენტურმა და პრინციპულმა პროფესიონალმა. ასევე ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვის მისაღებია მარიამ ჯაშის კანდიდატურა, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი არჩილ თალაკვაძეც, მაგრამ, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა, გვცნობოდა სამთო ბიზნესის წარმომადგენლის რეკომენდატორის ვინაობა და ის დამსახურება, რისთვისაც გამოარჩიეს სხვა ახალგაზრდებისგან. ბევრი მათ გამოუცდელობაზე ლაპარაკობს, თუმცა ახალი სახე თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიდი გამოცდილება პოლიტიკურ სივრცეში ვერ ექნება. როდის დაუშვებენ შეცდომას, ამაზე წინმსწრებად ლაპარაკი უადგილო მგონია. ამ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, კარგ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ. კარგი იქნება, მალევე გავიგოთ იმ დანარჩენი 80 პირის გვარ-სახელიც, ვისი პარლამენტში შესვლაც აქვს დაკვეთილი ბატონ ივანიშვილს. ნამდვილად საინტერესოა, ეს ახალგაზრდები როგორ გაართმევენ პასუხისმგებლობას თავს. გაცილებით საინტერესო იქნება მათი მოსმენა, ვიდრე მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტარებისა. აუცილებელი არ არის, ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე პარლამენტარი იყოს. კარგი იქნებოდა, არსებობდეს კანონი, რომელიც მხოლოდ სამგზის პარლამენტარობის შესაძლებლობას მისცემდა ადამიანს და დეპუტატობას პროფესიად არ აქცევდა.

- კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ სწორედ თამარ ჩუგოშვილს მოიაზრებს.

- ასეთი თანამდებობრივი ზრდა, ვფიქრობ, ქალბატონი თამარისთვის ნამდვილად სერიოზული დატვირთვა იქნება. წინდახედული პოლიტიკოსი და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი თვითონ იტყოდა ასეთ შეთავაზებაზე უარს.

დარწმუნებული ვარ, უაღრესად გაჭირდება მომავალ პარლამენტში დავით უსუფაშვილის სტანდარტის შემნარჩუნებელი სპიკერის მოიძიება. რესპუბლიკური პარტია, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ვინმესთვის, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ამდიდრებს და განურჩევლად იმისა, საპარლამენტო პარტია იქნება თუ არა, დარჩება სანდო და საინტერესო პარტნიორად ევროპული პოლიტიკური სივრცისთვის.

- გასულ კვირას საბოლოოდ გაიყარა კოალიციისა და რესპუბლიკური პარტიის გზები. ორმა რესპუბლიკელმა მინისტრმა მთავრობიდან წასვლა გადაწყვიტა, ხოლო გიგლა აგულაშვილმა პარტია დატოვა და თანამდებობა შეინარჩუნა... თუმცა ბევრი, მათ შორის "ქართულ ოცნებაში", ფიქრობდა, რომ რესპუბლიკელი მინისტრები აქამდეც უნდა გაეშვათ...

- სიმშვიდის მომგვრელია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც აუჩქარებლად და საქმიდან გამომდინარე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გაყრის პროცესი უმტკივნეულოდ და ქვეყნის ინტერესების დაუზარალებლად წარმართულიყო. ამაში წვლილი რესპუბლიკელებმაც შეიტანეს. ეს პროცესი იყო გარკვეული მზადება კოალიციური მთავრობისთვის, რომლის პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. რაც შეეხება აგულაშვილის გადაწყვეტილებას, ამ ფაქტზე მნიშვნელოვანი მგონია რესპუბლიკური პარტიის ლიდერების დამოკიდებულება - მათ აჩვენეს ყველას, რომ დიახ, მინისტრის თანამდებობაზე ადამიანის პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამა თუ იმ პარტიაში ყოფნა.

- გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ონლაინკაზინოების თაობაზე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა უამრავ ადამიანსა და ოჯახს ეხება, რატომღაც საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიებისთვის საინტერესო ვერა და ვერ აღმოჩნდა.

- პოლიტიკური პარტიებისთვის უპირველესი ინტერესის საგანია საკუთარი სავარძლები მომავალ პარლამენტში... ის, რომ ონლაინკაზინოების ძალიან მტკივნეული თემა რჩება ყურადღების მიღმა, ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და დამოკლეს მახვილი თითოეულ ადამიანსა და მათ ოჯახებზე, თუმცა არავინ ფიქრობს ამ საშინელებისგან საზოგადოების დაცვაზე.

ნათია დოლიძე