”პროცესები ისე მიდის, მეშინია, მათი მართვის სადავე ხელიდან არ გაუსხლტეს ერდოღანს”
25-07-2016
”პროცესები ისე მიდის, მეშინია, მათი მართვის სადავე ხელიდან არ გაუსხლტეს ერდოღანს”
”ერდოღანმა მოახერხა და გარეთ გამოუშვა ის ბნელი ძალები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და როგორც წესი, სარგებლობენ ამგვარი კატაკლიზმებით”

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ვითარება ჩვენს მეზობლად კვლავაც რთულია. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ბრძანებით, 21 ივლისიდან მთელ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. გრძელდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა სამართლებრივი დევნა. 15 ივლისის პუტჩის მცდელობაში მონაწილეობისთვის ოფიციალურად დასდეს ბრალი არმიის 99 გენერალს, რომლებიც თურქეთის სამხედრო ელიტის მესამედს შეადგენენ. სამხედრო
გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურებიდან დაითხოვეს 50 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სამხედრო პირები, პოლიციელები, მოსამართლეები, საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები... შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ არის: ”საით მიდის თურქეთი?!” საქართველოში, სადაც წინასაარჩევნო პროცესები ნელ-ნელა ძალას იკრებს, ბუნებრივია, შეშფოთებისა და განსჯის
თემად რჩება მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. რა გავლენას მოახდენს თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე და რა ახალი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა? ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- უპირველესად აღვნიშნოთ ის, რომ ჯარის ამბოხი თურქეთის ისტორიისთვის ლამის ტრადიციად არის ქცეული. ეს ბოლო ჯანყი ბევრი წინასგან განსხვავდებოდა თუნდაც იმით, რომ უხერხემლოდ იყო მომზადებული და განხორციელებული. ჩემი აზრით, ამბოხი ქვეყნის შიგნით გარკვეული პირებისა და შესაძლოა, უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩაფიქრებული იყო, მაგრამ განხორციელდა ნაჩქარევად და მოუმზადებლად, რაც, სავარაუდოდ, განაპირობა ინფორმაციის გაჟონვამ. მოკლედ, თურქეთის ხელისუფლებამ ეს ამბავი შეიტყო და ერდოღანი მოიქცა ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ჭეშმარიტი აღმოსავლელი მმართველები - მან მოვლენებს გარკვეულ ეტაპამდე განვითარების საშუალება მისცა და მერე ყველას დაასწრო. ვფიქრობ, სამხედროებიც მიხვდნენ, რომ მათი ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და აჩქარდნენ. არ ვემხრობი ვერსიას, რომ ერდოღანმა ეს ამბავი თვითონ დადგა, თუმცა, ვფიქრობ, შეიტყო რა ამგვარი სამზადისის თაობაზე, ეს სათავისოდ გამოიყენა.
ერდოღანმა ერთბაშად რამდენიმე კურდღელი დაიჭირა. პირველი - არმია ისე გატეხა წელში, დიდი დრო დასჭირდება იმ მუხტის აღდგენას, რაც არმიაში იყო; მეორე - ოპოზიცია გაანეიტრალა, ხმის ამოღების საშუალება აღარავის აქვს; მესამე - ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც საკუთარი იდეოლოგიის მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა, მოიშორა.

მას პოლიტიკურ ასპარეზზე, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე არ რჩება, რითაც ისარგებლებს და ისეთ კონსტიტუციას მიიღებს, როგორიც სურს, ანუ მისი ძალაუფლება იქნება აბსოლუტურად უკონტროლო. თუმცა, ჩემი აზრით, ერდოღანის ეს წარმატებები მოკლევადიანია. თუ დავაკვირდებით დღეს რა პროცესები ვითარდება თურქეთში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ამ ქვეყანას. უკვე დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის სამხედროები, პოლიციელები, საჯარო სამსახურის მაღალჩინოსნები, განათლების სისტემის მუშაკები და ა.შ. 400-ზე მეტი მოლაა დაპატიმრებული და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დაკავებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 250-ზე მეტი თანამშრომელი. ეს ძალიან მასშტაბური რეპრესიებია.

თქვენ უნდა ნახოთ, რა ხდება დღეს დიდი ქალაქების ქუჩებში! ერდოღანმა მოახერხა და გარეთ გამოუშვა ის ბნელი ძალები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და როგორც წესი, სარგებლობენ ამგვარი კატაკლიზმებით. ეს არის ხალხი, რომელიც ორიენტირებულია ანგარიშსწორებაზე.

დღეს ნებისმიერი მაწანწალას სავიზიტო ბარათად იქცა ერდოღანის დიდებაზე ლაპარაკი და სხვა ადამიანების დასმენა, მოღალატეობის სხვისთვის დაბრალება, ერთმანეთის ”ჩაშვება”! ეს სავალალო პროცესები თურქეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამძვინვარდა.
არ ვიცი, ამას ერდოღანი როგორ მოუვლის.

განსაკუთრებით გართულდა ვითარება მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დაიწყო სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. დღეს ვინც ქუჩაში აქტიურობს, გაიძახის, რომ სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს. თუ სიკვდილით დასჯა კვლავაც შემოიღეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასასჯელად, ეს სახელმწიფო სისტემის მოშლას და თურქეთის იზოლაციას გამოიწვევს. პროცესები ისე მიდის, მეშინია, მათი მართვის სადავე ხელიდან არ გაუსხლტეს ერდოღანს. ეს ვითარება თუ დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, დიდი დარტყმა მიადგეს ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც მართლაც საუკეთესო იყო ბოლო წლების განმავლობაში. იმ ხალხმა, რომელიც დღეს ქუჩაში ბობოქრობს, თუ მოახერხა და გაიმყარა პოზიციები, ჩვენს მეზობლად გაჩნდება ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარი ქვეყანა, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით და მყიფე საზოგადოებრივი სტრუქტურებით, რაც ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის.

- ბევრი ვარაუდობს, რომ პროცესები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ თურქეთმა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აირჩიოს და ნატოზე უარი თქვას, რაც ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ სურათს შეცვლის. გავიხსენოთ, რომ ერდოღანსა და პუტინს მმართველობის სტილის გამო აქამდეც ხშირად ადარებდნენ ერთმანეთს...

- ერდოღანის და პუტინის მართვის სტილს მართლაც აქვს რაღაც საერთო, მაგრამ დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერდოღანი უფრო დაემსგავსოს გასული საუკუნის 30-იანი წლების სტალინს. თუ ერდოღანმა დაუშვა იმ პროცესების განვითარება, რაც დღეს იკიდებს ფეხს თურქეთში, გამოდის, რომ ის აქამდე თავის რეალურ მიზნებსა და იდეებს ნიღბავდა.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეობას, 2014 წლამდე ეს ორი ქვეყანა ძალიან იყო ერთმანეთთან დაახლოებული, ჰქონდათ თითქმის 40-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა და არაერთ საკითხში კოჭსაც უგორებდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, ჩემი აზრით, ეს მაინც თვალთმაქცური კავშირია. როგორც მსოფლიო მედია წერს, სავარაუდოდ, სწორედ რუსი სამხედროები დაეხმარნენ ერდოღანს გადატრიალების მზადების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიღებაში, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან რეგიონში ამ ორი ქვეყნის ინტერესები მუდმივად იკვეთება და თანაც - ძალიან აგრესიულად. ვგულისხმობ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ კავკასიის რეგიონსაც. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ათათურქსაც დაეხმარა ბოლშევიკური რუსეთი, მაგრამ როგორც კი ათათურქი წელში გაიმართა, იმ წუთას ზურგი აქცია რუსეთს. ასე რომ, თურქეთის და რუსეთის დაახლოება შეიძლება, მაგრამ ეს იქნება თვალთმაქცური და დროებითი. მალევე აუცილებლად იჩენს თავს ისტორიულად განპირობებული წინააღმდეგობები, ამიტომაც მე არ მჯერა, ისინი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.

რაც შეეხება თურქეთის გასვლას ნატოდან, ესეც მეეჭვება. რა თქმა უნდა, თურქეთის წასვლა ნატოს ძალიან დააზარალებს, რადგან ეს ქვეყანა ალიანსის მთავარი დასაყრდენია ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ უფრო მეტად დაზარალდება თურქეთი. დღეს ამ ქვეყნის მდგომარეობა ასე თუ ისე მყარი რომ არის, დასავლეთის და ალიანსის დამსახურებაა. თურქეთს რეგიონში ჰყავს უაღრესად ძლიერი მოწინააღმდეგეები, უპირველესად - ირანი, რომელიც მისი ისტორიული მეტოქეა.
ირანთან კონკურენცია თურქეთს მხოლოდ სამხედრო ზურგით შეუძლია და ეს ზურგი ნატოა.

ძალიან მეეჭვება, თურქეთი ნატოდან გასვლას დათანხმდეს. გადატრიალების მცდელობის პირველ დღეებში დიდი ხმაური ატეხა თურქულმა მედიამ ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ბაზას ელექტროენერგია შეუწყვიტეს, რომ იქ რაღაც პროცესები მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი ბუზიც ვერ აუფრინეს... დააპატიმრეს თურქეთის მოქალაქე გენერალი, რომელიც ბაზის მმართველი იყო, სხვა ვერაფერი გაბედეს. ეს არის არა აშშ-ის, არამედ ნატოს ბაზა და იქ განლაგებულია არა მხოლოდ ალიანსის ავიაცია, არამედ ატომური იარაღი, რომლის ხელის ხლების უფლება თურქეთს არა აქვს. ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტა სახუმარო საქმე არ არის, უამრავი დივიდენდია, რასაც თურქეთი ნატოსგან იღებს და რასაც, მეეჭვება, შეელიოს...

- თურქეთმა შეაჩერა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მოქმედება საკუთარ ტერიტორიაზე. ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თქმით, არავის აზრს არ გაითვალისწინებენ სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით და ისე იმოქმედებენ, როგორც თურქ ხალხს სურს. ადამიანების დაპატიმრება კვლავაც გრძელდება... ყოველივე ამის გათვალისწინებით, რას მოიმოქმედებს დასავლეთი? იმის გამო, რომ ამ ეტაპზე თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, ყველაფერზე თვალს დახუჭავს?
- მიაქციეთ ყურადღება, რომ კონვენციის მოქმედება შეაჩერეს და არ გააუქმეს... ამიტომ ვფიქრობ, რომ ამბოხის პირველ დღეებში თურქეთის ხელისუფლების ეს აგრესიული მოქმედებები ნელ-ნელა დარეგულირდება. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, დასავლეთი ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, რადგან რეპრესიების მასშტაბი ძალიან დიდია. კი ბატონო, მსოფლიოში არსებობს ორმაგი სტანდარტი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მოვლენის მასშტაბს. თუ თურქეთის ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში მოახერხა და ზედმეტი აგრესიისა და რადიკალიზმის გარეშე გააგრძელა მოქმედება, შეიძლება, შედარებით მცირე დარღვევებზე დასავლეთმა ყურადღება არ გაამახვილოს...

- თუ პროცესები უფრო რადიკალური გახდა, რა ახალი გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს საქართველოს წინაშე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?

- თუ ბოთლიდან გამოშვებული ჯინი, რადიკალური ისლამიზმის სახით, გახდა თურქეთის რესპუბლიკის მთავარი იდეოლოგია, ეს იქნება საქართველოსთვის კატასტროფა. ერდოღანის ხელისუფლება ჯერჯერობით პოზიციონირებს, როგორც ზომიერი ისლამის მომხრე, თუმცა დღევანდელი ვითარებიდან ჩანს, რომ ნელ-ნელა ძალას იკრებენ ის ბნელი ძალები, რომლებიც ქადაგებენ ფუნდამენტალიზმს.

ჩვენ უაღრესად სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ძაფებით ვართ თურქეთთან დაკავშირებული. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველო და თურქეთი, აზერბაიჯანთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებად ვითვლებით. სხვათა შორის, თურქეთის ხელისუფლების ქმედებები ზოგჯერ რეგიონული სახელმწიფოებისთვის გაუგებარი რჩება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანში განლაგდება თურქული სამხედრო ბაზა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, უამრავი სპეციალისტი მსოფლიოს მასშტაბით სვამს კითხვას - ეს იქნება წმინდა თურქული ბაზა თუ ნატოს ძალებიც მიიღებენ მასში მონაწილეობას? ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ ჩანს, რაც რეგიონული მოთამაშეების გვარიან შეშფოთებას იწვევს.

- მოგეხსენებათ, თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ფეთჰულაჰ გიულენს ასახელებს. ამ რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში იასინ თემისქანიმ. მისი თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციას საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს, სადაც ბავშვები ტერორისტული იდეოლოგიით იზრდებიან... მან კონკრეტული სასწავლებელიც დაასახელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
- ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა, რომ გასულ წელს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით აზერბაიჯანში უამრავი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე დააპატიმრეს კიდეც სწორედ იმიტომ, რომ ისინი გიულენის მომხრეებად მიიჩნიეს. აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად დაიხურა გიულენის დაარსებული სასწავლო დაწესებულებებიც. საქართველოსაც არაერთხელ მომართეს თურქეთიდან, რომ ზოგიერთი დაწესებულება აქაც დახურულიყო. არ ვიცი, მუსლიმანურ ქვეყნებში ამგვარ სკოლებში სწავლება როგორ მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოში ის წარიმართება განათლების სამინისტროს დამტკიცებული პროგრამით. ექსცესები აქამდე არ მომხდარა და არც ამ სასწავლებლების რომელიმე კურსდამთავრებული ყოფილა ტერორიზმში შემჩნეული. როგორც ვიცი, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ზაზა ფაჩულიაა და არა მგონია, მის ტერორიზმთან კავშირზე ვინმეს რამე აეჭვებდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მოადუნოს. ვფიქრობ, ახალი შეტევა დაიწყება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიხუროს ეს სასწავლებლები. თავმოყვარე სახელმწიფომ - და იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ასეც მოიქცევა - უნდა მოითხოვოს ამ ბრალდებების არგუმენტირებული დასაბუთება და გადაწყვეტილება მერე მიიღოს.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ხელისუფლების ზეწოლა ხდება მათთვის სასურველი ვერდიქტის მიღების მიზნით...

- რასაკვირველია, ეს განცხადებები უნდა შემოწმდეს და შესაბამისმა სამსახურებმა გაარკვიონ სიმართლე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ გამოაჩინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ თემის წაყრუებას. პრემიერის თქმით, მან პაპუაშვილს პროკურატურასთან თანამშრომლობა ურჩია და შეხვედრაც შესთავაზა. ეს თემის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - თვითონ პაპუაშვილის საკითხი. ეს ის ადამიანია, რომელიც დღემდე ბლადაძეების ოჯახისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს; ის პიროვნებაა, რომლის სასამართლოსა და იუსტიციის სფეროში მუშაობისასაც უამრავი კანონდარღვევა ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა პაპუაშვილის პროტესტი არავის გაგვიგია... ზეწოლა კი არა, იმ პერიოდში სასამართლო ჯიბის სასამართლოდ იყო ქცეული, ამიტომაც პაპუაშვილის არ მჯერა! ის იმ რეჟიმის ნაწილი იყო, რომლის დროსაც უარესი ხდებოდა, მაგრამ მაშინ ხმა არ ამოუღია.

- ”ქართულმა ოცნებამ” დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი უკვე წარადგინა. თუ ახალ სახეებს ჩვენში პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნეს, მაჟორიტართა წარდგენისას ზოგიერთმა ნაფტალინის სუნი იგრძნო... განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურის დასახელებას...
- ახალ სახეებში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, საზოგადოებაც მხოლოდ დადებითად აფასებს მათ წარდგენას. ასეთია, მაგალითად, აკაკი ზოიძე... იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორისაც არიან ადამიანები, ვინც მომწონს, თუმცა მათ შორის ერთი ისეთი კანდიდატია, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და არა მგონია, ამომრჩეველიც დარჩენილიყო მისი დასახელებით კმაყოფილი... რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს... რა ნაფტალინის სუნი აუტყდა ზოგიერთს! საკუთარ საარჩევნო სიას გადახედონ, ჯობია. ადამიანის დისკრედიტაცია იმიტომ, რომ მან თავის დროზე მუნდირის ღირსება შეინარჩუნა და პრეზიდენტის ერთგული დარჩა, არ შეიძლება.

- დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას, რომ ინტერპოლმა იგორ გიორგაძის ძებნა შეწყვიტა...

- ჩემთვის უცნობია, როგორ მოხდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძის ძებნის შეწყვეტა. ახლა ”ნაციონალური მოძრაობა” რომ გაიძახის, გიორგაძემ დააქცია ქვეყანაო, ეს მაშინ არ ახსოვდათ, როდესაც "ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილმა მისგან საჩუქრად დაჯავშნული მანქანა მიიღო? ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თუ საქართველო სახელმწიფოა, არა მგონია, ერთი კაცი, თუნდაც იგორ გიორგაძე, განსაკუთრებული საფრთხე იყოს ქვეყნისთვის.

- 23 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმეც სწორედ გაფლანგვის ნაწილში გაერთიანდა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

- გამიჭირდება სამართლებივი საკითხების შეფასება და იმის მტკიცება, რომ კანონის ეს ნორმა კონსტიტუციურია თუ არა, ერთდაერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს ეცდება, რომ გიგი უგულავა როგორმე არჩევებამდე გამოყვანოს საპატიმროდან. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დანაშაულის დამამტკიცებელი სერიოზული არგუმენტები არსებობს, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოზე იქნება, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

ნათია დოლიძე
gia
30 ივლისი 2016 22:31
ბატონო მამუკა! დაწყნარდით,ნუ გეშინიათ,გეთაყვა,ერდოღანს ,,არ გაუსხლტება ხელიდან სადავე,,!

ჩვენ,ჩვენ გაუბედრულებლმა უპატრონო მათხოვრებმა ვიკითხოთ,თორემ ერდოღანს ისეთი უძლეველი მფარველი ყავს უკვე,როგორიც რუსეთია,და არც ერდოღანი გეგონოთ შიზოიდი მიშა სააკიანი,ანდა კარიკატურული ფილოსოფოსი და კიდევ უფრო კარიკატურული პრეზიდენტი მარგველაშვილი...

რედაქტორის რჩევით