"სირცხვილია, პრეზიდენტი ჩიოდეს, ზეწოლის მსხვერპლი ვარო" - კვირის პალიტრა

"სირცხვილია, პრეზიდენტი ჩიოდეს, ზეწოლის მსხვერპლი ვარო"

"მარგველაშვილი ხშირად უფრო ამწვავებს ამა თუ იმ პრობლემას, რათა მერე მისი გადაწყვეტა თავის თავზე აიღოს"

"პაპუაშვილის საქციელი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ სტილში ჯდება"

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პაპუაშვილის ბრალდებები მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რადგანაც ეს "საშიში ტენდენცია"მის ოჯახსაც შეეხო და სამართალდამცავთა ჩართვით ზეწოლის მცდელობას მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიმართაც ჰქონდა ადგილი". როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლაპარაკი იყო პრეზიდენტის სიძეზე, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მეუღლეზე. შსს-ს განმარტებით, შემთხვევა ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე მოხდა. საქმე შეეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რის გამოც პრეზიდენტის სიძე და მისი ორი მეგობარი გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა პრეზიდენტის განცხადებაში ბევრმა მართლაც ხელისუფლების უკანონო ნება და ქვეყანაში არსებული საშიში ტენდენცია დაინახა, მავანთა შეფასებით კი, ეს მარგველაშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ამასობაში მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI). როგორც მისი შედეგებით ირკვევა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? - დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67%-მა გასცა, 33%-მა კი უარყოფითად უპასუხა. ამ და კვლევის სხვა შედეგების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან:

- დასაწყისშივე ვიტყვი, რომ NDI-სთან საქართველოში ბევრი პრეტენზია აქვთ. ხომ ფაქტია, რომ მისი კვლევებით 2012 წლის არჩევნები არ იყო სწორად პროგნოზირებული, შესაბამისად, ბევრი რამ მაეჭვებს ამ კვლევების სიზუსტეში და დარწმუნებული ვარ, სხვაც ბევრი იზიარებს ჩემს აზრს. თუმცა, ცხადია, რომ ეს კვლევა გარკვეულ ტენდენციებს აჩვენებს. ბოლო კვლევის შედეგები წინამორბედისგან იმითაც განსხვავდება, რომ აშკარად გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წავა, რაც ნამდვილად კარგია. ეს შეიძლება ავხსნათ იმით, რომ არჩევნების მოახლოება ბუნებრივად აღვივებს ინტერესს ამომრჩეველში და აიძულებს, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. არის მეორე მხარეც - ჩემი აზრით, ადამიანები უფრო მეტად გაერკვნენ საარჩევნო პროცესსა და იმ ადამიანებში, ვინც ახლახან გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. გარდა ამისა, პარტიების გააქტიურებაც აისახება ამომრჩევლის განწყობაზე. ჯერჯერობით ეს მცირე პოზიტიური ცვლილებაა, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.

- თუმცა საინტერესოა, გამოკითხულთა 57%-მა ჯერაც არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი, დამეთანხმებით, ალბათ, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია...

- იმედია, ეს ხალხი არჩევნებამდე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამისკენ უპირველესად პარტიებმა უნდა უბიძგონ. ჯერჯერობით პარტიულ სპექტრში მკვეთრი სურათი არ ჩანს, ვინ ვის თამაშს თამაშობს, ძნელი გასარკვევია და ერთგვარ იმედგაცრუებასთან ერთად, ესეც აბნევს ამომრჩეველს. თუ ჩავთვლით, რომ ეს მონაცემები რეალობას ასახავს, მაშინ ძალიან ძნელია ამგვარ კვლევებზე დაყრდნობით რაიმეს პროგნოზირება და იმისი თქმა, როგორ პარლამენტს მივიღებთ შემოდგომაზე, რაც თვითონ NDI-ს ხელმძღვანელმაც განაცხადა. არის კიდევ ერთი ფაქტორიც, რაც ამ შედეგზე ახდენს გავლენას - ამომრჩეველი მაინცდამაინც დიდი ხალისით არ თანხმდება ამგვარ გამოკითხვებს და ცდილობს საიდუმლოდ შეინახოს თავისი გადაწყვეტილება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის ისიც, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მისი პირადი საქმეა და არ უნდა გაასაჯაროოს, ვიღაცას დაპირებული ანონიმურობის არ სჯერა და ა.შ.

- ყველაზე დიდი გამოხმაურება, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების რეიტინგს აქვს ხოლმე. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას". დანარჩენი ხმები ასეა გადანაწილებული: "პატრიოტთა ალიანსი" - 7%, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" - 6%; სხვა პარტიები

- 11%; გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 2%-მა კი უპასუხა, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

- ყველა იმ გამოკვლევის შედეგებით, რაც აქამდე ჩატარებულა, პირველ ადგილზე მმართველი ძალაა, რომელსაც მცირედ ჩამორჩება "ნაციონალური მოძრაობა".

ამ გამოკვლევაში "ქართული ოცნების" უპირატესობა ცოტა გაზრდილია და, ჩემი აზრით, ამაზე გავლენა იქონია "ქართული ოცნების" შიდაპარტიული დანიშნულებით ჩატარებული გამოკვლევის შედეგების გასაჯაროებამ. ნებისმიერი სოციოლოგიური ჯგუფი ძალიან ოდიოზური შედეგის გამომზეურებას ერიდება, ისეთიც კი, როგორიც NDI-ა. მიუხედავად უპირატესობისა, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" ბევრ რამეზე დაფიქრება მოუწევს. თუ მივიჩნევთ, რომ ეს მაჩვენებლები რეალობასთან ოდნავ მაინც არის მიახლოებული, მაშინ "ქართული ოცნების" ლიდერობა უკვე პარლამენტში შესაძლოა ადვილად გაბათილდეს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" კოალიციას შექმნიან. ხომ აშკარად ჩანს, რომ ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ "ახლო ნათესავია", შესაბამისად, ეს სრულიად მოსალოდნელია. იმის თქმა მინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შიდასაპარლამენტო კოალიციების შექმნისას შესაძლოა ცალსახა უპირატესობა ვერც მოიპოვოს.

საკმარისია იკლოს ამომრჩევლის ნაკადმა საარჩევნო ყუთებთან და "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ძალიან კარგად ორგანიზებული ამომრჩეველი ჰყავს, მათი სრული მობილიზაციის გზით შეეცდება, რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვებას. მე ახლა "ქართული ოცნების" ამომრჩევლის გასაგონადაც ვლაპარაკობ, მეტი მობილიზაცია სჭირდება ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ 2012 წლის შედეგი, ანუ ხელისუფლებიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, გასაგრძელებელია. თუ ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" ძალაუფლება კიდევ უფრო შესამცირებელია, გულზე ხელს ნუ დაიკრეფს, რადგან ეს ძალა შესაძლოა მომავალ პარლამენტში იმაზე მეტი ძალაუფლების მქონე აღმოჩნდეს, ვიდრე დღეს აქვს. "ქართულ ოცნებას" ურჩევნია, ამ საფრთხეზე იფიქროს და საზოგადოებასაც კარგად დაანახოს, ნაცვლად იმისა, გამუდმებით გაიძახოდეს, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთო!

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ "ქართული ოცნება" იმედს მაჟორიტარული წესით არჩევნებზე ამყარებს...

- დიახ, ნამდვილად არსებობს საფუძველი ამგვარი ვარაუდისთვის. თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისასაც, როგორც ჩანს, გვარიანი პრობლემები შეექმნათ. ამგვარი საკადრო შერჩევებისას ბევრი წინააღმდეგობა ჩნდება ხოლმე, მაგალითად, თუ სრულიად ახალ ადამიანს მოიყვან, მასთან მუდმივად ექნებათ პრეტენზია ნაკლები ცნობადობისა და გამოცდილების გამო. "ოცნების" ახალ სახეებზე ასეთი რამ უკვე ითქვა, თუმცა, სადაც შედარებით ძველი პოლიტიკოსები წარადგინეს, იქ ნაფთალინის სუნი იგრძნო ზოგიერთმა. მოკლედ, ისეთი ვითარებაა, პეპელას რომ უმღერიან, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო...

ალბათ, ეს პრობლემა ყველა პარტიას აქვს, მაგრამ "ქართული ოცნებისა" განსაკუთრებულად ჩანს, რადგან მას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

- ბოლო დროს ხელისუფლების ზეწოლის თაობაზე არაერთი ბრალდება ისმის. ამ მარათონში პრეზიდენტიც ჩაერთო. მისი მტკიცებით, მისი ოჯახის წევრზე მიზანმიმართულად ახდენდნენ ზეწოლას. სამართლებრივ საკითხებზე ლაპარაკი, ალბათ, ძნელი იქნება, ამიტომაც, იქნებ ამ განცხადების პოლიტიკურ მხარეებს შევეხოთ. ბევრმა ეს პრეზიდენტის პოლიტიკური თამაშის ნაწილად მიიჩნია...

- ერთ-ერთ გადაცემაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა ის ოპოზიციაში, რაზეც უპასუხა, ვის ოპოზიციაში უნდა ვიყო, როდესაც მე თვითონ ვარ უმაღლესი ხელისუფალიო. ვფიქრობ, ის არ თვალთმაქცობდა და ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალიც არის. დავუშვათ, მარგველაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური თამაში, მაინც ვის მხარეზე უნდა ითამაშოს, როდესაც ის არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი? პოლიტიკა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ მას უკვე აქვს ამჟამად ეს ძალაუფლება, მაშ, რისთვის უნდა იბრძოდეს ახლა?

- დავუშვათ პოსტსაპრეზიდენტო პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ფაქტობრივად, მოახლოვდა უკვე პრეზიდენტის არჩევნებიც...

- კი ბატონო, არსებობს ამგვარი ვარაუდიც, თუმცა მე უსაფუძვლოდ მეჩვენება, ისევე როგორც მავანთაგან მისი გამუდმებული მიტმასნება "ნაციონალურ მოძრაობაზე". მან უკვე აჩვენა ამასთან დაკავშირებით საკუთარი, მეტად მკვეთრი პოზიცია. მას ბრძოლაც რომ მოუნდეს, მშვენივრად იცის, რომ "ნაციონალების" მხარდაჭერით ვერანაირ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს. ბოლო დროს ხშირად მიანიშნებენ, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოიკრიბა საკმაოდ კარგი გუნდი და ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა სწორედ მათთან ერთად აპირებდეს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას. მართლაც საინტერესო და გონიერი ადამიანები არიან პრეზიდენტის გარშემო, მაგრამ კარგი გუნდი სულაც არ ნიშნავს კარგ პოლიტიკურ გუნდს.

იმის თქმა მინდა, რომ პრეზიდენტის განცხადებაში რაიმე პოლიტიკურ პერსპექტივაზე გათვლას ვერ ვხედავ. თუ პრეზიდენტს მართლაც აქვს ამგვარი გათვლები, მაშინ უფრო აზრიანი მუშაობაა საჭირო და არ უნდა ჰქონდეს ის პრობლემა, რასაც ვხედავთ - დღეს პრეზიდენტს არასერიოზულად აღიქვამენ.

- დავუბრუნდეთ მისი სიძის ჩხრეკის ფაქტს. თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობა იყო, თქვენი აზრით, ეს შეიძლება ხელისუფლების დაკვეთა იყოს, თუ მისი რომელიმე ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვებას?

- როდესაც ვთქვი, რომ პრეზიდენტს არასერიოზულად აღიქვამენ-მეთქი, სწორედ მაგ ფაქტზე მის განცხადებას ვგულისხმობდი. თუ პოლიტიკურ ზეწოლაზე ვსაუბრობთ, დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის ხოლმე ამგვარი ზეწოლის მიზანი - ის, რომ ამისგან ვიღაცამ რაღაც დივიდენდი მიიღოს; ანუ, როგორც წესი, ზეწოლის ფასად რაიმეს დათმობას ითხოვენ ხოლმე. ისმის კითხვა, რისი დათმობა შეიძლება მოითხოვოს ვინმემ იმ პრეზიდენტისგან ან რა დივიდენდს უნდა ელოდოს, რომელსაც პრაქტიკულად რეალური ძალაუფლება არა აქვს. რომც იყოს ასეთი ზეწოლა, პრეზიდენტია ის პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ძალოვან სტრუქტურებზე და სირცხვილია ამაზე საჯარო განცხადების, თანაც ერთი თვის დაგვიანებით გაკეთება. სირცხვილია, პრეზიდენტი ჩიოდეს, ზეწოლის მსხვერპლი ვარო... პირველი, რომელმაც ამგვარი ზეწოლა უნდა აიცილოს მის ხელთ არსებული მექანიზმებით, არის პრეზიდენტი, ოღონდ ამ მექანიზმებში მედია არ შედის. მედიასთან გამოსვლა უკვე სასოწარკვეთილი ძახილია: "ხალხო, მიშველეთო!" ეს არ შეეფერება პრეზიდენტს, რომელიც უშიშროების საბჭოს კვირაში ერთხელ იწვევს. სწორედ ამ მხრივ ტოვებს ეს ისტორია არასერიოზულ შთაბეჭდილებას, თუმცა სამართლებრივად შესაძლოა იყო კიდეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე დარღვევა, რაც აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ.

- მაშ, რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს?

- ჩემი აზრით, ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი. საქმე ის არის, რომ მარგველაშვილს უნდა როგორმე გამოკვეთოს საპრეზიდენტო ხელისუფლების ფუნქცია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში ძალიან ბუნდოვანია. ამისთვის მარგველაშვილი ხშირად უფრო ამწვავებს ამა თუ იმ პრობლემას, რათა მერე მისი გადაწყვეტა თავის თავზე აიღოს, ამიტომაც ხშირად ჰგონიათ, რომ ის ოპოზიციის მხარეს იხრება. ოპოზიციის მხარეს კი არ იხრება, ზოგიერთი პრობლემის გამწვავებას ცდილობს, რადგან პრეზიდენტის სტატუსს ვერაფრით უპოვა მყარი ნიადაგი. ამ ფონზე გაკეთდა ეს განცხადებაც და არ გათვალა, თვითონ რა პრობლემები შეექმნებოდა. ეჭვი არ მეპარება, ხელახლა რომ უწევდეს ამ განცხადების გაკეთება, სხვანაირად მოიქცეოდა.

- გავიხსენოთ, რას მოჰყვა პრეზიდენტის ზემოხსენებული განცხადება. ის შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, რომელიც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობს მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობაზე... შედეგად, უპრეცედენტო მოვლენის მოწმენი გავხდით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პროკურატურაში დაიბარეს.

- მისი ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს ევალებათ რეალობის დროულად გარკვევა, შესაბამისად, მოსამართლეებმაც უნდა ითანამშრომლონ მათთან, თუმცა, როგორც ვიცი, უმეტესობა ამტკიცებს, რომ არაფერი იცის ზეწოლის შესახებ. ვფიქრობ, პაპუაშვილის განცხადებები განსხვავდება პრეზიდენტის შემთხვევისგან. ჩემი აზრით, პაპუაშვილთან ბევრი მოტივი ჩანს იმისა, რომ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. დავიწყოთ მისი პოლიტიკური ორიენტაციით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ აქტიური წევრი იყო. მას ამ მაღალ თანამდებობაზე პარტიული სიმპათია-ანტიპათიები გვერდზე უნდა გადაედო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა. არის კიდევ ერთი საკითხიც, რომელიც იმ ბინას უკავშირდება, თავის დროზე სხვას რომ წაართვეს და პაპუაშვილს გადასცეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის საკუთარი ინტერესებისთვისაც იბრძვის. დააკვირდით, ზუსტად "ნაციონალების" ხერხებს იყენებს ბატონი პაპუაშვილი. ისინიც ყველაფერს ზეწოლას ეძახიან, დაწყებული უგულავას საქმით და დამთავრებული იმ კაცის საქმით, ორი გვამი რომ სჭირდებოდა. მოგისმენიათ მათგან ოდესმე რომელიმე დანაშაულის აღიარება? ახლა პაპუაშვილმა ეს ხერხი თავის მოედანზე გადაიტანა და მისი საქციელი ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის. ის ჯდება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ სტილში. ჩემთვის პაპუაშვილის განცხადებები წმინდა წყლის პოლიტიკური ბრძოლაა და მასში იურიდიული საფუძველი არადამაკმაყოფილებელია.

ნათია დოლიძე