"კვირიკაშვილი არ უნდა გაჰყვეს უსუფაშვილის გამოწვევას!.." - კვირის პალიტრა

"კვირიკაშვილი არ უნდა გაჰყვეს უსუფაშვილის გამოწვევას!.."

"ვშიშობ, ამ მაჟორიტარობის კანდიდატების გადამკიდე, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მინორულ ნოტზე არ დაასრულოს"

"საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად განიცდის ზეწოლას, მაგრამ არა ხელისუფლებისგან, არამედ "ნაციონალური მოძრაობისგან"

საქართველო-რუსეთის ომიდან უკვე 8 წელიწადი გავიდა. ხუთდღიანმა ომმა 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ათასობით ჩვენი მოქალაქე სამშობლოში დევნილად აქცია, საქართველომ დამატებით დაკარგა ახალგორის რაიონი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები, კოდორის ხეობა. რუსეთმა აღიარა ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა, დააბრუნა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე და დღემდე განაგრძობს პროვოკაციებს. უამრავი განცხადებისა და სიტყვიერი შეფასების მიუხედავად, იმ ტრაგიკული პროცესების საფუძვლიანი ანალიზი და სამართლებრივი შეფასება დღემდე ვერ მოხერხდა. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ:

- ომის კვლევასა და საფუძვლიან ანალიზს ხშირად ათწლეულები სჭირდება. ეს, ალბათ, უფრო მომავალი თაობების შესასწავლი და შესაფასებელია. დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში რვა წლის წინ, სამწუხაროდ, ჩვენივე უგუნურებით. რუსეთს ომი ვერც ნაპოლეონმა მოუგო, ვერც ჰიტლერმა და ვერც ჩვენ მოვუგეთ. ამ ავანტიურაში გახვევა დიდი სისულელე იყო. კარგად მახსოვს, იმ წლებში ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვიყავით. აშკარად ჩანდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ტერიტორიების დაბრუნებას ძალისმიერი მეთოდებით აპირებდა, რაც კარგად გამოიყენა რუსეთმა თავისი ინტერესებისთვის და პირველივე პროვოკაციაზე წამოგვაგო.

- ჩემთვის ომი თითქოს გუშინ იყო, თუმცა ჩვენში გამოჩნდა ხალხი, რომელსაც ძალზე ცუდი მეხსიერება აღმოაჩნდა. შედეგად კი, ვხედავთ, როგორ მრავლდებიან ჩვენში პრორუსულად განწყობილი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციები. ქვეყანაში აშკარად შესამჩნევია რუსული პროპაგანდის გაძლიერება...

- გეთანხმებით, თუმცა თქვენ ოდესმე მისცემთ ხმას ვალერი კვარაცხელიას? ხომ არა? არც მე მივცემ. ეს ხალხი თავის დავალებას ასრულებს, ფულს აგროვებს, ოჯახს არჩენს, მაგრამ ვერასდროს მოიპოვებენ პოლიტიკურ გავლენას. აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დადებული რუსული ფსონი აბსოლუტურად წამგებიანია. ასე რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩემი აზრით, მომავალ არჩევნებში ვერც ერთი პრორუსული პარტია 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავს.

- არ ცხრება სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ. ჯერ იყო და, მისმა თავმჯდომარემ ხელისუფლება ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლაში დაადანაშაულა, თუმცა დღემდე ვერ დაასაბუთა ეს ბრალდება. შემდეგ კი, უკვე ერთ-ერთმა მოსამართლემ, მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების უკანონოდ შეცვლაზე დაიწყო ლაპარაკი.

- ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად განიცდის ზეწოლას, მაგრამ არა ხელისუფლებისგან, არამედ "ნაციონალური მოძრაობისგან". სწორედ ამ ძალისა და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი ბასტიონია ეს სასამართლო საქართველოში. ჩვენთან ყოველთვის ჩანდა ინტერესები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამას განსაკუთრებით კარგად ახერხებდა "ნაციონალური მოძრაობა", სხვათა შორის, ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგაც. გადახედეთ ბოლო 2-3 წელს, რამდენი გადაწყვეტილება მიიღო ამ სასამართლომ ისეთი, რაც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს პასუხობდა... მე თუ მკითხავთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არაჯანსაღი პროცესი ვითარდება, რაც დასრულდება მაშინ, როდესაც პაპუაშვილს ამოეწურება ვადა და ქვეყნის მთავარ მოსამართლედ აპოლიტიკურ პირს დანიშნავენ. პაპუაშვილი რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და არის, მგონი, ეჭვი არც არავის ეპარება.

რაც შეეხება ტურავას განცხადებას, იურისტი არ გახლავართ და გამიჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ რამ უკანონო ხდებოდა, ამაზე დროულად გაკეთებულიყო განცხადებები და არა ახლა. შესაძლოა, მართლაც იყო რაიმე მცირედი დარღვევა, მაგრამ არა მგონია, მნიშვნელოვან უკანონობასთან გვქონდეს საქმე. მნიშვნელოვანი ის უფრო მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირდაპირ პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო, თანაც ვერაფერს ამტკიცებს. გამოდის, მთელი ეს დავიდარაბა წმინდა წყლის პოლიტიკური ავანტიურა იყო. ხელისუფლების სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები აშკარად არ ჩანს. შესაძლოა, ამ ხელისუფლებიდან ვინმე დიპლიპიტომ სუფრაზე ნანახ მოსამართლეს რამე უთხრა, მაგრამ ეს არ შეიძლება მთელი ხელისუფლების პოზიციად ჩაითვალოს. პაპუაშვილი ცდილობს, საკუთარი მნიშვნელობა წარმოაჩინოს, მით უფრო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს პროცესი პაპუაშვილმა წამოიწყო მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავდა. ვგულისხმობ, წინა ხელისუფლების დროს ბათუმელი ოჯახისთვის წართმეულ ბინას, რომელიც მერე სიმბოლურ ფასად მიჰყიდეს ბატონ პაპუაშვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მე იურიდიულ დეტალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ მორალური მხარე ხომ აქვს ამ საკითხს?

განა ეთიკურია, ნებისმიერი მოქალაქე და მით უფრო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სხვისთვის წართმეულ ბინაში ისე დასახლდეს, სინდისის ქენჯნამაც არ შეაწუხოს?

დავუშვათ, თავდაპირველად არ იცოდნენ ეს ბინა როგორ მოხვდა სახელმწიფოს ხელში, რაც დაუჯერებელი მგონია, მაგრამ როდესაც გაიგო, მერე როგორ მოიქცა? კბილებით ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს... ჩემი აზრით, პაპუაშვილის ეს განცხადებები ზეწოლაზე საკუთარი ინტერესების დასაცავი კამპანია იყო.

- არცთუ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა თავდაცვის მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის აწ უკვე ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას დანიშვნას. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, "იზორიას დანიშვნით სისტემურად არასწორი ნაბიჯი გადაიდგა". თავის მხრივ, ლევან იზორიამ მოადგილეებად სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და პოლიციის აკადემიის რექტორი დაასახელა... თქვენი აზრით, მოახერხებს იზორია არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში ამ პოსტის შენარჩუნებას, ან რამდენად მოიწონებენ ამ არჩევანს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხოლმე თავდაცვის მინისტრის შერჩევისადმი?

- არა მგონია, იზორიას დანიშვნას დასავლეთისგან ნეგატიური შეფასება მოჰყვეს. ვერც მე ვხედავ დიდ პრობლემას მის დანიშვნაში, რაც შეეხება მოადგილეებს, რა ვიცი, შეარჩია, ალბათ, ის ხალხი ვისაც იცნობდა და ვისი იმედიც აქვს. არის თუ არა ის საუკეთესო კანდიდატურა? არ ვიცი, რადგან მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცნობ. ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" თუ გაიმარჯვა არჩევნებში, უფრო მეტად დაფიქრდება მთავრობის დაკომპლექტებისას.

ამ გარდამავალ ეტაპზე იზორიას დანიშვნა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამ პოსტს არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს. ვნახოთ, როგორ წაიყვანს ამ ორ თვეში საქმეს. თუ გაამართლა, ხომ კარგი, თუ არადა, შეუცვლელი არავინ არის.

- ბოლო ხანს აშკარად ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერისადმი ჯერ მცირედ, მაგრამ მაინც კრიტიკულია, მან კვირიკაშვილს დებატებში მონაწილეობაც შესთავაზა...

- ვფიქრობ, კვირიკაშვილი არ უნდა გაჰყვეს უსუფაშვილის გამოწვევას. არა მგონია, ნორმალური იყოს, ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სახალხოდ მართავდნენ დებატებს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებულია და უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერია, ის რჩება პარლამენტის თავმჯდომარედ და ვფიქრობ, მოზომილი განცხადებების კეთება მართებს.

აქამდე უსუფაშვილსა და პრემიერს შორის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ვხედავდით, იმედია, ეს მყისიერად მტრობად არ იქცევა, რაც ზოგადად პოლიტიკას ახასიათებს ხოლმე.

- დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ზოგიერთ კანდიდატზე. საოცარია, რომ ზოგიერთი ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატი "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობისგან" ლამის უცვლელად გადმოიბარა...

- სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ძალიან მწირი ადამიანური რესურსია საქართველოში. როგორც "ქართული ოცნების", ისე სხვა პარტიების კანდიდატთა დიდი ნაწილი ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხია. არ ვიცი, საიდან მოჰყავთ ეს ადამიანები. გვარ-სახელების ხსენება არ მინდა, მაგრამ იმ ხალხის ნაწილი, ვინც მაჟორიტარობის კანდიდატებად დაასახელეს, მართლაც უკვე მერამდენე წრეზე მიდის... პარტიაში გათვლა, ალბათ, იმაზე აქვთ, რომ ამ ხალხს იმ რეგიონებში იცნობენ და გამარჯვებისთვის გარკვეული რესურსიც აქვთ. ვიმეორებ, ქართული პოლიტიკის დიდი თავსატეხია, რომ არ არსებობს საკადრო რესურსი. ჩვენში პირდაპირ კასტა ჩამოყალიბდა ადამიანებისა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში პეპლებივით დაფრინავენ. ამ ხალხს არანაირი პოლიტიკური დოქტრინა არა აქვს, მათთვის მთავარია, იყვნენ დეპუტატები და პატარა ძალაუფლება მაინც ჰქონდეთ, მაგრამ რას გააკეთებენ, სულ არ აინტერესებთ. ეს უპრინციპო ხალხი ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემაა...

- კულუარული ინფორმაციით, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში, ასევე მაჟორიტარების შერჩევისას მთავარი სიტყვა კახა კალაძეს ეკუთვნოდა და კვირიკაშვილი ამ პროცესისგან დისტანცირებული იყო...

- მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ჩემი აზრით, კვირიკაშვილი პრემიერია, ძალიან ბევრი საქმე აქვს და, ალბათ, ამისთვის ვერ იცლის, კახა კალაძე კი პარტიის გენმდივანია და ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესი მგონია. თუმცა,

როგორც მე ვიცი, ახალი სახეების შერჩევისას სწორედ კვირიკაშვილმა თქვა საბოლოო სიტყვა.

- თქვენ ნორმალური პოლიტიკური პროცესი ახსენეთ, თუმცა ჩვენში ყველაფერი ასე "ნორმალურად" სულაც არ ხდება ხოლმე. როგორც წესი, პარტიის იერარქიის უმაღლესი პირები მუდმივად ცდილობენ საარჩევნო სიაში მათთვის მისაღები რაც შეიძლება ბევრი ადამიანის შეყვანას, რაც გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტზე გავლენის მოსაპოვებლად სჭირდებათ.

- დიახ, ასე ხდება საქართველოში, მაგრამ, ჩემი აზრით, კვირიკაშვილი სწორედ ამის შეცვლას და უფრო ცივილიზებული მეთოდებით მოქმედებას ცდილობს. ვნახოთ, რა გამოუვა. პირადად მე მისი ეს მცდელობა მომწონს.

- დღეს უკვე მეტ-ნაკლებად ვიცით, რომელი პოლიტიკური ძალა რა ადამიანური რესურსით აპირებს საარჩევნო ბრძოლას. ამ გადასახედიდან რა შანსი აქვს მმართველ პარტიას?

- ვფიქრობ, გამარჯვების მეტი შანსი აქვს, არა იმიტომ, რომ კარგი კანდიდატები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მისი ოპონენტებიც ვერ ბრწყინავენ ამ თვალსაზრისით. იმის თქმა მინდა, რომ "ქართულ ოცნებას" აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ დანარჩენები გაცილებით უარესად წარმოაჩენენ თავს. მოკლედ, კონკურენტები ჰყავს სუსტი, რაც მის შანსს ზრდის, მაგრამ ამას სჭირდება კარგად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ძალიან მოიკოჭლებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პიარი, არ ვიცი, დარჩენილ დროში რის გაკეთებას მოახერხებენ.

- ამ რამდენიმე დღის წინ ახალი საარჩევნო ბლოკი შეიქმნა, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული "გირჩი" და "ახალი საქართველო" "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანდნენ...

- ეს მხოლოდ და მხოლოდ "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურ არაეთიკურობაზე მიუთითებს. "ახალი მემარჯვენეები" ამტკიცებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტები იყვნენ, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა.

- ბოლო რამდენიმე დღეა, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მსჯელობენ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზე. საქმე ეხება სანდრო ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, რეფერენდუმი შემდეგი კითხვით უნდა ჩატარდეს: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის"?" ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გაუგზავნა. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა...

- ჩემი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი. უკვე მერამდენედ რაღაც იდიოტობიდან ვქმნით პოლიტიკურ თემას, რაც, ჩემი აზრით, ყოვლად გაუმართლებელი სისულელეა. ცხადზე ცხადია, რომ ქართველი ხალხი ერთსქესიან ქორწინებას მხარს არ დაუჭერს. ამის კონსტიტუციაში ჩაწერა აბსოლუტური სიბეცეა. რეფერენდუმი იქნება ტყუილად ფულის ხარჯვა, ამიტომ არც უნდა ჩატარდეს.

ნათია დოლიძე