"პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის"
15-08-2016
"პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის"
"ნაციონალების" მმართველობისას ბასიშვილი იყო "ზონდერების" ხელმძღვანელი და გორის რაიონში რაც კი ზეწოლა და უბედურება ტრიალებდა, მაგის ხელით კეთდებოდა. ახლა როგორ იღებ ხმას, არ ვიცი!"პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის"

9 აგვისტოს მოსკოვში გამართულმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, მათი ურთიერთობა პერმანენტულად ლაგდება, რაც გვარიან თავსატეხს უჩენს როგორც დასავლეთს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. ერდოღანმა პუტინს სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის
ხელისუფლებისთვის გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და მას რამდენჯერმე "ძვირფასი მეგობარი" უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეხვედრისას მიღებულ "გარკვეულ გადაწყვეტილებებს" უფრო მეტი კონკრეტულობა შესძინა და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთ-თურქეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებს სტრატეგიული საინვესტიციო სტატუსი მიანიჭოს. ამ პროცესებამდე კარგა ხნით ადრეც ამბობდნენ,
რომ პუტინი და ერდოღანი ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივეს მმართველობის სტილი ავტორიტარულია. ახლა ისე ჩანს, რომ ისინი შესაძლოა დასავლეთის სიძულვილმაც გააერთიანოს. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ თურქეთმა შეიძლება ნატოც კი დატოვოს. რამდენად შესაძლებელია მოვლენათა ასეთი განვითარება და რა შეიძლება შესთავაზოს რუსეთმა თურქეთს ევროკავშირსა და ნატოზე მეტი? - სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ:

- ამგვარი სცენარით პროცესების განვითარება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. თურქეთი ხომ დასავლეთის უბრალო პარტნიორი არ არის, ის ნატოს წევრია და ალიანსისგან ძალიან ბევრ დივიდენდს იღებს. ერთი ხელის მოსმით ამაზე უარის თქმა სრულიად წარმოუდგენელი მგონია, მით უფრო, რომ შეუძლებელია, თურქეთმა რუსეთისგან ნატოს მხარდაჭერაზე მეტი რამ მიიღოს.
საერთოდაც, თურქეთისა და რუსეთის გრძელვადიანი პერსპექტივით სტრატეგიული პარტნიორობა არარეალური მგონია­, იმდენი წინააღმდეგობა არსებობს მათ შორის, იმდენ რეგიონში იკვეთება მათი ინტერესები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მათ შეიძლება რაღაცაზე­ ხანმოკლე პერსპექტივითა და ტაქტიკურად მოილაპარაკონ, მაგრამ დანარჩენი ძალიან მეეჭვება.

დღეს თურქეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ვაჭრობს ყველასთან. მაგალითად, ის დასავლეთს ბოლო დროს იმით აშანტაჟებს, რომ მის ტერიტორიაზე მყოფ ორ მილიონ-ნახევარ დევნილს გზას ევროპისკენ გაუხსნის.

ახლა დაიწყო დასავლეთის შანტაჟი იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს პროექტის "სამხრეთის ნაკადის" რუსეთთან ერთად ამუშავებას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვიღაცები უკვე თურქეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრებაზე ლაპარაკობენ. ერდოღანი საერთოდ ცნობილია როგორც პიარის კარგი სპეციალისტი. ეს მისი თანდაყოლილი ნიჭია, ერთი ჩვენთვის კარგად ცნობილი კაცის მსგავსად... ახლა ის სარფიანი ვაჭრობისთვის ორმაგ პიარს ეწევა. თურქეთს აქვს უთანხმოება ლამის ყველა მეზობელთან - არაბულ სამყაროსთან, ირანთან, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთთანაც კონფრონტაციის რეჟიმში იყო, ამჟამად კი დასავლეთს უპირისპირდება... ამგვარი მანევრებით ცდილობს, როგორმე მიიღოს, რაც შეიძლება მეტი დივიდენდი. ძნელია იმის თქმა, რამდენად შორს წავა თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში. ვიმეორებ, მეეჭვება, რომ ეს სტრატეგიულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს.

- ჩვენ გვახსოვს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პუტინის მუქარა, რომ თურქეთს ამას არ აპატიებდა, თუმცა ეს საკმაოდ ადვილად დაივიწყა.
- ესეც პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ჩვენ გვახსოვს, რომ მაგ ინციდენტამდე ამ ორ ქვეყანას გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან ბევრ საკითხში თანამშრომლობდნენ. რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელია ერთი პოსტულატი - მოახერხოს და რაც შეიძლება შეავიწროოს დასავლეთი. ბუნებრივია, კრემლი მიიჩნევს, რომ ნატოს ერთ-ერთ არცთუ სუსტ წევრთან ამგვარი ურთიერთობა მისთვის მომგებიანია. ფიქრობენ, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობით მნიშვნელოვნად ავიწროებენ ნატოს, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი გეგმავს შავი ზღვის ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის გაფართოებას, რაც ძალიან აშფოთებს კრემლს. პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის.

- მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები?
- ჩვენ კარგა ხნის განმავლობაში ვხედავდით საკმაოდ კარგ ურთიერთობას რუსეთსა და თურქეთს შორის, ამით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, არც დადებითად და არც უარყოფითად, არაფერი დასტყობიათ...

- თუმცა ეს უფრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო და არა პოლიტიკური პარტნიორობა...
- დიდწილად კი, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისითაც ხშირად პოულობდნენ საკითხებს, რაზეც ახერხებდნენ შეთანხმებას, თუმცა თავშივე აღვნიშნე, რომ მე ვერ წარმომიდგენია ამ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა.

არის კიდევ ერთი საკითხი: ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, ორიენტირებულია კარნახზე ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ინიციატივიანი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით რეგიონული მიმართულებით. ჩვენი რეგიონული პოლიტიკა არ არის მკაფიო და არა გვაქვს ლიდერის პრეტენზია. როდესაც მუდმივად შენი პარტნიორისკენ იყურები და თვითონ არ იჩენ ინიციატივას, ძნელია, სათანადოდ ჩაერთო მიმდინარე პროცესებში.

რაც შეეხება ზოგადად კავკასიას, ვნახეთ, რომ აზერბაიჯანმა უკვე გამოიყენა შექმნილი ვითარება სათავისოდ და ირანსა და რუსეთთან ერთად მიიღო მონაწილეობა იმ კონსორციუმის შექმნაში, რომელსაც ჰქვია: "სარკინიგზო მაგისტრალი პეტერბურგიდან მუმბაიმდე". ახლა ვხვდები, რატომ იყო აზერბაიჯანი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის წინააღმდეგი, ზუსტად იმიტომ, რომ ეს გზა ზემოთ ხსენებული პროექტის ალტერნატივად განიხილებოდა, ანუ საქართველოსა და სომხეთის გავლით დაუკავშირდებოდა ირანს რუსეთი.

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ თურქეთმა დასავლეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა არ შეცვალა, შესაძლოა, დასავლეთი მეტად გააქტიურდეს საქართველოს მიმართულებით.
- ძალიან მეეჭვება - დასავლეთისთვის საქართველო თურქეთს ვერ შეცვლის. თუ თურქეთი არ გადაიქცევა ისლამისტურ სახელმწიფოდ, მისი ჩანაცვლება სხვა ქვეყნით არ მოხდება. აშშ ყველაფერს გააკეთებს თურქეთის გონზე მოსაყვანად. თურქეთს აქვს ისლამურ სამყაროში ლიდერობის ამბიცია და მის ამ ამბიციას ზურგს სწორედ ნატო უმაგრებს.

ნატოს გარეშე თურქეთს მომენტალურად გადაუვლის ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ირანი, რომელსაც არანაკლები ამბიცია აქვს, იყოს ისლამური სამყაროს ლიდერი,
აღარაფერს ვამბობ არაბულ სამყაროზე. თურქეთი ბევრს თამაშობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნატოსკენ მიბრუნდება.

- რამდენად რეალურია, რომ შეიქმნას რუსეთ-თურქეთ-ირანის კოალიცია?
- ასეთი ალიანსი თუ შეიქმნა, ეს იქნება თემატური და ხანმოკლე. ძალიან წინააღმდეგობრივია თურქეთისა და ირანის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ირანმა თუ მოინდომა, შეუძლია ძალიან მარტივად ჩაყლაპოს თურქეთის ეკონომიკური სივრცე. აქ მოკავშირედ თურქეთს რუსეთი არ გამოადგება, მისი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია. ზოგადად, რუსეთს ახასიათებს, რომ თავისი პარტნიორები ერთმანეთს მიუსიოს...

- მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაციის ზრდას. ვიცით, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთმა შეიარაღება შეიტანა, ასევე საჯარისო ფორმირებებია მობილიზებული უკრაინისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიების ახლოს. ევროპული მედია "ახალი ოლიმპიური ომის" საფრთხეზე წერს...
- რასაკვირველია, არსებობს იმის საფრთხე, რომ კონფრონტაციის უფრო დიდი კერა გაჩნდეს. რუსეთმა უკრაინას შეუტიოს როგორც ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ასევე როსტოვის ოლქიდან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჯერჯერობით ეს უფრო იარაღის ჟღარუნი და კუნთების თამაშია. რუსეთი მოქმედებს პრინციპით - რადგან გაუვიდა ერთხელ, ბოლომდე უნდა მიაწვეს. ჩემი აზრით, კრემლისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია უკრაინასთან ომი, მით უფრო, ეს არ სჭირდება უკრაინას, რომელიც დასავლეთისგან ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას. დღეს რუსეთისთვის მომგებიანი ვითარება იქმნება, რადგან დასავლეთში ერთი პირი არ არსებობს.

დასავლეთი ვერ ახერხებს რუსეთის სერიოზულად შევიწროებას, უფრო სწორად, არ აკეთებს ამას. ნამდვილად რომ უნდოდეს მისი შევიწროება, სხვანაირად მოიქცეოდა.
მაგალითად, გაუყინავდა ანგარიშებს რუს ოლიგარქებს, რომელთა ფინანსურ სიძლიერეზეც დგას ეს ქვეყანა დიდწილად, მათი ფული კი, ევროპულ ბანკებში ინახება. ასევე შეეძლოთ, გაეთიშათ საბანკო სისტემა. მართალია, ამით თვითონაც იზარალებდნენ, მაგრამ რუსეთი საერთოდ წელში გაწყდებოდა. მოკლედ, უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა და ომამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმას არ გარისკავს რუსეთი, ჯერჯერობით მაინც.

- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობის თაობაზე.
- ეს ძალიან სახიფათო თემაა. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ქვეყნის დასავლურ კურსს უჭერს მხარს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა არა მგონია რაიმე კონკრეტული, დადებითი შედეგის მომტანი იყოს. ყველა მოქმედებას თავისი მიზეზი აქვს. ვერ ვხვდები, ამ ეტაპზე ეს რას მოიტანს, მაშინ, როდესაც დასავლეთი, ნატო მუდმივად გვიყენებენ გარკვეულ მოთხოვნებს, მაგრამ სანაცვლოდ, ჯერჯერობით, რეალურს ვერაფერს გვთავაზობს.
ჩვენც პრაგმატულად უნდა მივიღოთ შექმნილი ვითარება, თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოს.

ზოგი პოლიტიკოსი იტყვის, რომ არანაირი სამხედრო ბლოკი არ გვინდა, სხვა საპირისპიროს დაამტკიცებს, მაგრამ ეს ყველაფერი კონსტიტუციაში არ უნდა იწერებოდეს. ჩვენ მანევრისთვის სივრცე უნდა გვქონდეს. კონსტიტუციაში თუ ჩავწერეთ, რა შეიცვლება ამით? - დასავლეთს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ამ გზის ერთგული ვართ? არადა, ეს ხომ არაერთგზის ვაჩვენეთ უკვე. უსუფაშვილის ინიციატივა, კარგი პოლიტიკური დემარშია, მაგრამ განუხორციელებელი...

ამან შეიძლება მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება გამოიწვიოს. ნუ შევასკდებით კედელს პირდაპირ, სჯობს პოლიტიკურ მანევრირებაში უკეთესად გავიწაფოთ.

- მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები დიდწილად უკვე დაასახელა. ბევრმა მათგანმა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა, რისი მიზეზიც თავის დროზე მათი "ნაციონალურ მოძრაობასთნ" თანამშრომლობაა...
- ღიად ვამბობ, ჩემი ადგილი არ მოინახა "ქართული ოცნების" მაჟორიტარულ კორპუსში, სადაც ის ხალხი აღმოჩნდა, ვისაც მე ვებრძოდი. ცივი გონებით თუ ვილაპარაკებთ, ამასაც აქვს ახსნა, განსაკუთრებით მაჟორიტარების შემთხვევაში, რომელთა უმრავლესობა ბიზნესმენები არიან. მათთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელ პარტიაში იქნებიან, მთავარია, საკუთარი ბიზნესის დაცვა მოახერხონ. ვიცი, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს მოუწოდეს კიდეც მონაწილეობისკენ, რადგან ეს ხალხი საკუთარ საარჩევნო კამპანიას თვითონ აფინანსებს. შესაბამისად, ბევრად იაფი უჯდება მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანია. თავის რიგებში რომ არ გაეწევრებინა ეს ხალხი, შესაძლოა, სხვა პარტიის რიგებში აღმოჩენილიყვნენ, არადა, გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც და აქტივისტებიც ზოგიერთი მათგანის "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებით უკმაყოფილოა.

- სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ისევ გრძელდება, გასულ კვირას პარლამენტარებმა, გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ, ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომლის ადრესატი, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსიც იყო და მასში ლაპარაკია საკონსტიტუციო სასამართლოზე "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებზე...
- ამ წერილზე ვერაფერს გეტყვით პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, თუმცა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია, მით უფრო, რომ გაცილებით მეტი რამ ვიცი პაპუაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეების საქმიანობასა და იმაზე, ეს ხალხი რა ზედმიწევნით ასრულებდა "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს.

- "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს გამუდმებით ამბობს, რომ მათ აქტივისტებზე ზეწოლაა, ვნახეთ ინციდენტი გორში, ბადრი ბასიშვილის თქმით...
- (მაწყვეტინებს) ბასიშვილის განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! "ნაციონალების" მმართველობისას ბასიშვილი იყო "ზონდერების" ხელმძღვანელი და გორის რაიონში რაც კი ზეწოლა და უბედურება ტრიალებდა, მაგის ხელით კეთდებოდა. ახლა როგორ იღებს ხმას, არ ვიცი! ან ვინ დაუჯერებს მაგას?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ ასეთი რამ ხდება, ცუდია. ეს უნდა გამოიძიონ და ყველაფერი გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად, ოღონდ ბასიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა ლაპარაკობდნენ ვინმეს შევიწროებაზე. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში შევარდნასა და მინების დალეწვას, რა ვთქვა, აბა, ერთი ძმა შეუვარდა მეორეს, იმიტომ, რომ არ უნდა თურმე, მისმა ძმამ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყაროს კენჭი, ანუ გოგლიძე შეუვარდა გოგლიძეს.. კომიკური უფროა ეს ყველაფერი...

- როგორც ჩანს, გორი დიდი საარჩევნო დაპირისპირების ცენტრად იქცევა. მოგეხსენებათ ორი ექსთავდაცვის მინისტრი იყრის იქ კენჭს. როგორია, თქვენი აზრით, ალასანიასა და ოქრუაშვილის შანსები?
- ორივე მძიმეწონიანი პოლიტიკოსია, გორში დაძაბული ბრძოლა იქნება. უფრო მნიშვნელოვანი კი, ის არის, რომ გორი ძალიან მისახედია! ამ ქალაქს ყურადღება დააკლდა, წინა წლებზე აღარფერს ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის გახსენებაც საკმარისია. ეს გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ ქალაქის მაჟორიტარობას აპირებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი აირის "ლევი" მილი გაიყვანა თავის პურის ქარხანაში და "სოკარის" გაზს ქაჩავდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონი შეჭამა? გარდა ამისა, გაუთავებლად ლაპარაკობენ პოლიციის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით იარაღით ვაჭრობენ. ეს ყველაფერი მისახედია!

- 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის კონკრეტულ პოლიციელს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს...
- ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ამბავია და იმ წერილის ყველა სიტყვის მჯერა. პოლიციელი სამსახურიდან წავიდაო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს საქმე საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უმკაცრესად დასაჯონ. ბევრ პოლიციელს რომ შერჩა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას თუ მას მერე ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სასწრაფოდ ჩაატაროს ყველა თანამშრომლის ტესტირება და გამოიკვლიოს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები.

ნათია დოლიძე
gio
24 აგვისტო 2016 12:32
პუტინი არის აღმოსავლეთ ევროპის რასაც ქვია ყოფილი ბიზანტიის იმპერია ამ სამყაროს პატრონი !!! თუ ებრძვი მაშინ შენ უნდა შეგეძლოს პატრონობა

რედაქტორის რჩევით