"პოლიტიკური კარიერა ქალბატონ რულოვსს ბოდიშით უნდა დაეწყო!" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური კარიერა ქალბატონ რულოვსს ბოდიშით უნდა დაეწყო!"

"მაჟორიტართა სიაში აშკარად ჩანს სამტრედიელი ფეხბურთელის კვალი"

"ჩვენ დოყლაპიებივით არ უნდა დავსხდეთ და დაველოდოთ, რა დაგვატყდება თავს. ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯი რუსული გეგმის ნაწილია"

ალბათ, ბევრისთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მერვე წლისთავზე ვინმე გაბედავდა და ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას 400-ლარიანი რუსული პენსიითა და საოკუპაციო ჯარის დაკანონებით შეეცდებოდა, მაგრამ ესეც მოხდა. პოლიტიკურმა ორგანიზაცია "ცენტრისტებმა" სწორედ ამგვარი შინაარსის საარჩევნო კლიპით შოკში ჩააგდო ქართველი საზოგადოება. მართალია, ამ ორგანიზაციას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მაგრამ საკმარისი კია ეს ქვეყანაში ისედაც გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე?! მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას აღწევს და ქვეყანაში არეულობის წახალისებით შესაძლოა ბევრი ცდილობდეს წყლის ამღვრევას. მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება თბილისში კანდიდატების წარდგენით დაასრულა და კიდევ ერთხელ გააოცა მხარდამჭერები. საქმე ის არის, რომ მათში საკმაოდ ბევრი არაპოლიტიკოსია, განსაკუთრებით თვალსაჩინოა სპორტსმენთა სიმრავლე. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან:

- "ქართული ოცნების" თბილისში წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია მიგვანიშნებს, რომ ეს თბილისელის მიერ არ უნდა იყოს შედგენილი. ველოდით, რომ გაცილებით კვალიფიციურ და მაღალი ავტორიტეტის ადამიანებს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ თბილისელ ამომრჩეველს მოლოდინი აშკარად გაუცრუვდა. თუ გავითვალისწინებთ, რა პროფესიის ადამიანები ჭარბობენ მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში, აშკარად ჩანს მასში სამტრედიელი ფეხბურთელის კვალი. კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი არ მინდა, იქ ბევრია ღირსეული და საკუთარ პროფესიულ კარიერაში წარმატებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კანონმდებლებად ივარგებენ. მარტო თბილისის კი არა, საზოგადოდ სახელისუფლებო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდად არ ბრწყინავენ, არ ვიცი, მათი წარმატებისთვის მხოლოდ "ქართული ოცნების" ქოლგა თუ იქნება საკმარისი.

- როდესაც "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ათეული გააცნო საზოგადოებას, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პროპორციული თუ მაჟორიტართა სიის შედგენაში პრემიერი კვირიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების სია აშკარად სხვაზე მეტყველებს.

- ახალი სახეების წარდგენა საგურამოში აშკარად გვაძლევდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ამ სიის ავტორი თუ არა, თანაავტორი მაინც კვირიკაშვილი იყო, მაგრამ თანდათან სხვა სურათი მივიღეთ. ძნელი ასახსნელია, რა ხდება, აშკარაა, რომ კადრების დეფიციტი აქვს "ქართულ ოცნებას", შიდა დაპირისპირების კონტურებიც შეიძლება შევნიშნოთ. ჩანს, რომ იმისთვის, ვინც მაჟორიტარი კანდიდატები შეარჩია, მეცნიერება უცხო ხილია.

მაინცდამაინც ტრუსებში მორბენალი პროფესიონალები შეიყვანეს სიაში. შედეგად კი ისინი, ვინც წლების განმავლობაში ჩვენს ტაშს იმსახურებდნენ, შეიძლება მალე დიდი კრიტიკის ობიექტად იქცნენ, რადგან იწყებენ ისეთ საქმიანობას, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მათ სპორტულ მიღწევებთან.

- საარჩევნოდ კალაძის ასეთმა აქტიურობამ ბევრს აფიქრებინა, რომ შესაძლოა სწორედ ის გეგმავდეს პრემიერობას, თუ მმართველმა პარტიამ მომავალ პარლამენტშიც შეძლო უმრავლესობით შესვლა...

- ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ პროცესების ასეთ განვითარებას. ასეთი რამ შესაძლოა რეალობად იქცეს, თუ ივანიშვილის ნდობა კვირიკაშვილმა რაიმე მიზეზით დაკარგა. აშკარაა, რომ ივანიშვილი მისივე ნებით გაპოლიტიკოსებულ ფეხბურთელს ძალიან სწყალობს. უცნაურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადეპუტატების სურვილიც, რაც აშკარად არასწორი ნაბიჯია.

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარ კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წარადგინა. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლამის ყოველდღიურად ავრცელებს მიმართვებს, არ ეშვება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს...

- ნამდვილად ასეა, თუმცა ქალბატონი რულოვსის წარდგენა, მით უფრო ზუგდიდში, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან მისი კონკურენტები, რაც მეტი ადამიანი იყრის კენჭს ამ ოლქში, მით მეტად გაიზრდება ქალბატონი სანდრას წარმატების შანსი. რომც გაიმარჯვოს, არა მგონია, ეს საკითხი თავში ხელის საცემი იყოს, მაგრამ ფაქტია, ეს გასცდება ქართვEელი საზოგადოებIისა და მედიის სივრცეს და უცხოეთში რეზონანსსაც გამოიწვევს.

რაც შეეხება მის განცხადებას, რომ თურმე მეტად აღარ იძალადებს "ნაციონალური მოძრაობა", ძალიან არადამაჯერებელია. ეს შეიძლება გვერწმუნა, თუ ამას ქალბატონი სანდრა იტყოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ან მას მერე მოკლე ხანში. ცხადად ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს, ისევე, როგორც მისი მეუღლე, შესაბამისად, ბოდიშიც არ მოუხდიათ, არადა, პოლიტიკური კარიერა სწორედ ბოდიშით უნდა დაეწყო ქალბატონ რულოვსს. მოკლედ, აშკარაა, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ფრაზა, რაც დაუწერეს, სულ ეს არის...

- პაატა ბურჭულაძის გიორგი ვაშაძის ორგანიზაციასთან, ასევე "გირჩსა" და "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანება ბევრმა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" ფარული ალიანსის ლუსტრაციად შეაფასა...

- მე ასე არ ვიტყოდი, რადგან თქვენს ბევრ მკითხველზე ბევრად ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ პაატასთან, რაც ჩვენი ნაცნობობის 30 წელს ეფუძნება. რასაკვირველია, ნებისმიერი ვერსია შეიძლება არსებობდეს ამ ნაბიჯის შეფასებისას, რადგან წინასწარ არც საზოგადოება შეუმზადებიათ ამგვარი გაერთიანებისთვის და, როგორც ჩანს, არც საკუთარი პარტიის წევრები. სწორედ ამითაა განპირობებული ნაწილობრივ მისი პარტიიდან ხალხის წასვლა. ეს შეცდომაა, რაც პოლიტიკური გამოუცდელობის მიზეზით უნდა მომხდარიყო. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო არა ბურჭულაძის არჩევანი, არამედ გამოსავალი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი "მიჭირხვნის" პროცესი მთელი ძალით ამოქმედდა ქვეყანაში: ეს იყო უსინდისო ცილისწამებები, ასევე ფინანსური წყაროების გადაკეტვა, და მას სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მიეღო ეს შეთავაზება და კოალიციურ რეჟიმში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. სამწუხაროდ, მას ყველა სივრცე, საიდანაც ფინანსებს იღებდა, გადაუკეტეს, სწორედ ფინანსური პრობლემების გამო გადადგა მან ეს ნაბიჯი. ვფიქრობ, ცოტა გაუჭირდება მხარდამჭერებისთვის ამის ახსნა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენში უკვე არჩევენ, ვის რა როლი აქვს ნათამაშები ქვეყნის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. არ შეიძლება ერთ ქვაბში მოვხარშოთ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე წევრები და ისინი, რომლებსაც არ ეყოთ თავის დროზე იქიდან წამოსვლის გამბედაობა, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ. მით უფრო საკუთარ შეცდომებსაც თუ აღიარებენ.

- ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა "ცენტრისტების" საარჩევნო კლიპმა...

- რამდენიმე წელია, რაც სრულიად თვალსაჩინოა რუსული რბილი და ხისტი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. სამწუხაროდ, აქამდე ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. მეტიც, ყურადღების მიღმა დარჩა ძალიან სანდო და კვალიფიციური კვლევა სწორედ ამ თემაზე, რომელიც მოამზადა ლიბერალურმა აკადემია "თბილისმა", რომელშიც ზედმიწევნით არის ნაჩვენები, რა ხდება ჩვენს თავს. ყველაზე გამაოგნებელია ის პროცესები, რაც ხდება არასამთავრობო სექტორში. ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური საწყისი აშკარად რუსულია. მათი აქტივისტები მოედვნენ ჩვენს ტერიტორიას და ამომრჩეველს გონებას უმღვრევენ. როგორც ვიცი, განსაკუთრებით დევნილთა ჩასახლებებში აქტიურობენ და ცდილობენ ეს ადამიანები დააჯერონ, რომ თუ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, რუსეთი მომენტალურად დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, რაც სიცრუეა. თუმცა სახელმწიფო არც ამაზე რეაგირებს.

მივედით იქამდე, რომ საკუთარ თავს ცენტრისტებად მოიხსენიებენ დაცენტრილი ადამიანები, რომლებიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან.

ჯერჯერობით, რა სამართლებრივი ნაბიჯებიც გადაიდგა, შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით, ეს მოღალატეები საქართველოს მტრები, უფრო შესაბამისად უნდა ისჯებოდნენ.

ჩვენი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვანი ამბებიდან რომ მეათეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ, რუსული თითიდან გამოწოვეს თემა ქორწინების განმარტების თაობაზე. საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმ ძალებისკენ, რომლებიც ვნებენ და მტრობენ ჩვენს ქვეყანას, და არა იმისკენ, რა ეწეროს კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით. თითქოს ეს თემა არჩევნებამდე ვერ მოითმენდა. ეს არ იყო შფოთის შემცველი ერთადერთი თემა, რომელიც შემოაგდეს და რაც რუსულ ინტერესებს ემსახურება. ამგვარი პროვოკაციული თემებით კიდევ ეცდებიან ვითარების დაძაბვას.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველ წუთს შეგვახსენებენ, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რამდენად მშვიდ გარემოში და სამართლიანად ჩაივლის. რუსეთში კი აშკარად საწინააღმდეგო სურვილი აქვთ. საქართველოს დისტანცირება სჭირდებათ ევროატლანტიკური სივრცისგან, რათა 8 ოქტომბრის არჩევნები არ იქნეს ლეგიტიმურად ცნობილი. ჩვენ დოყლაპიებივით არ უნდა დავსხდეთ და დაველოდოთ, რა დაგვატყდება თავს. ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯი რუსული გეგმის ნაწილია. ყველა, ვინც ახლა აქ არეულობის ატეხას შეეცდება, სწორედ კრემლის წისქვილზე დაასხამს წყალს. მზად უნდა ვიყოთ მათთვის არათუ პასუხის გასაცემად, არამედ იზოლირებაც კი უნდა მოვახდინოთ იმათი, ვინც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს. ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ სამარცხვინო "მეციხოვნეებსა" და დრომოჭმულ პოლიციელებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია იმისა, რომ თავი ვინმეს პოლიტიკოსებად მოაჩვენონ, როდესაც მათი ერთადერთი მიზანი ფულია, თანაც უბინძურესი. სამშობლოს ღალატის განმარტება უნდა მოვიძიოთ ჩვენს კანონმდებლობაში და იმაზე კი არ ვიკამათოთ, სხვის საწოლში, საბნის ქვეშ ვინ არის და რას აკეთებს.

- ამ ორიოდე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის რამდენიმე კვირაში უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ეს საკითხი არჩევნებამდე შეიძლება გადაწყდეს?

- არა მგონია, თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორედ არჩევნების შემდეგ მიიღებენ. საეჭვოა პოროშენკოს ოპტიმიზმი, რადგან რამდენიმე წყაროსგან ვიცი, რომ ეს პროცესი შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს უკრაინისთვის, რადგან საფრთხე იქ კვლავ დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს მინსკის ხელშეკრულებებს. ამას მოჰყვა ანგელა მერკელის მყისიერი განცხადება, რომ გერმანია მზად არის რუსეთს მოუხსნას სანქციები, თუ ის შეასრულებს მინსკის ხელშეკრულებებს, თუმცა ამის საპასუხოდ რუსეთმა ყირიმში მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. როგორ ასრულებს საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტებს რუსეთი, აქედანაც კარგად ჩანს და საქართველოში რუსეთის მოიმედედ მყოფ ხალხს ვურჩევ, ეს გაითვალისწინოს.

ვიმეორებ, უმნიშვნელოვანესია მოვახერხოთ და არჩევნებამდე ექსცესების გარეშე მივიდეთ. ჩვენი უპირველესი საფიქრალი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება. აქვე ერთ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, რაც ჩვენში ყველა ხელისუფალს ახასიათებდა, კერძოდ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა შესაძლოა არაპოპულარული გადაწყვეტილებების გადადება არჩევნების შიშით. ჩემთვის გამაოგნებელი იყო გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ თურმე მასწავლებლები წამებულები არიან და მათი სერტიფიცირება და პროფესიული დონის შეფასება მიუღებელია. როგორ შეიძლება უბიძგო მასწავლებლებს იმისკენ, რომ საკუთარ განვითარებზე არ იზრუნონ?! ჯერ ისედაც რა დონე გვაქვს და ამგვარი გადაწყვეტილებები რას გამოიწვევს, ხომ წარმოგიდგენიათ?! ამას აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნოდ მასწავლებლების გული მოიგონ. ზუსტად ამავე მიზეზით წლიდან წლამდე იდება მანქანების ტექდათვალიერების საკითხი, ვინაიდან მძღოლები ბევრნი არიან და ჩვენ კი ყოველ წელს არჩევნები გვაქვს, შესაბამისად, მათ განაწყენებას ერიდებიან და ხან როდის დააანონსებენ და ხან როდის, გადაწყვეტილებას კი არა და არ იღებენ. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლოა სახიფათო პოლიტიკური არითმეტიკის წინაშე დადგეს - "ნაციონალურ მოძრაობას" გამოვაკლოთ ციხე და ცოცხი, უდრის "ქართულ ოცნებას".

ისევ სიმშვიდის შენარჩუნებას მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო ჩვენი პატრიარქის ამ რამდენიმე თვის წინანდელი ქადაგება, რომელშიც ბრძანა: "სადაც არ არის სიმშვიდე, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს!"

ნათია დოლიძე