"დღევანდელი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლი სამეგრელოა, საიდანაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების ინიცირება" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლი სამეგრელოა, საიდანაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების ინიცირება"

"ნარმანიასთვის მერობა ერთი ხანგრძლივი კოშმარია..."

საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპს უახლოვდება, თუმცა ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკურ ძალებს ელექტორატისთვის ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას უწუნებს. მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: "არჩევნები დასკვნით ფაზაში შედის ვადების თვალსაზრისით, მაგრამ ბრძოლას და მით უმეტეს - ელექტორატისთვის ბრძოლას, ვერ ვამჩნევ. საარჩევნოდ პარტიების არჩეული სტრატეგიები და ტაქტიკა უფრო წააგავს მეთოდებს ჯერ არარსებული სახელმძღვანელოდან" როგორ დავკარგოთ ამომრჩეველი". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გასულია საკონსტიტუციო სივრციდან და რაღაც პარალელურ სამყაროში მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში". სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ვეთანხმები ბატონ სოსოს, თუმცა რამე რომ დაკარგო, ჯერ უნდა მოიპოვო. ჩვენი პოლიტიკური ძალები კი ჯერაც არ მისულან ამომრჩეველთან და არც მათი ხმების მოპოვებისთვის დაუწყიათ ზრუნვა. იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც ჯერაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, კრიტიკულ ზღვარს მიღმაა და ეს სერიოზული პრობლემაა.

წარმოგიდგენიათ? ბოლო გამოკითხვებით, პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ამომრჩევლის რაოდენობა, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პარტიები კი, იმის ნაცვლად, რომ ამ ამომრჩევლისკენ გზის პოვნას ცდილობდნენ, ერთმანეთით არიან "შეპყრობილი",

ანუ მათ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პროცესის შედეგი მხოლოდ მათ შორის პოლემიკითა და ნეგატიური დაპირისპირებებით მიიღწევა. თითქოს ჩაკეტილები არიან სივრცეში, სადაც, ძირითადად, ერთმანეთის განქიქებას უნდებიან.

ამ პოლიტიკური უცნაურობის შიგნით კიდევ ერთი, სხვა დონის დაპირისპირებაც ჩანს ორ ძირითად საარჩევნო სუბიექტს - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" - შორის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ორი ძალა არც ამომრჩეველს ამჩნევს და არც - სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს.

მხოლოდ იმაზე არიან გამეცადინებული, როგორ "გააშავონ" ერთმანეთი. "ქართული ოცნება" თავის პროპაგანდას ნეგატიურ გზავნილზე აწყობს; გვეუბნება, მე თუ არ დავრჩები ხელისუფლებაში, დაბრუნდებიან "ნაციონალები" და დაბრუნდება ძალადობაო, "ნაციონალური მოძრაობა" კი საარჩევნო პროპაგანდისას ამტკიცებს, რომ ამ ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, უნიათოა და ა.შ. იმას არავინ გვეუბნება, რის გაკეთებას აპირებენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, წარმოდგენა არა აქვთ, რისთვის უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა.

გიორგი კვირიკაშვილი დროდადრო ცდილობს, ამ პოლიტიკური ვითარებისთვის შეუფერებელი პოზიტიური გზავნილები გაახმიანოს. მაგალითად, ის აცხადებს, მოდი, ყველამ ვიმეგობროთო, რაც არ შეესაბამება თუნდაც "ქართული ოცნების" ელიტის აგრესიულ განცხადებებს. აი, ასეთი რამდენიმედონიანი პოლიტიკური პარანოიის სტადიაშია საარჩევნო პროცესი. პოლიტიკური პარანოია დამახასიათებელია ჩვენი არჩევნებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ამან უფრო უცნაური - პაროდიის ფორმა მიიღო. ქვეყანაში რეალურად მწვავე კერები არ ჩანს, მაგრამ ვიღაცები ცდილობენ, ვითარება ხელოვნურად გაამწვავონ. ერთნი შეთქმულების თეორიას ავითარებენ და ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ბართლომეს ღამის" მოწყობას აპირებს 9 ოქტომბერს, ეს უკანასკნელი კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას გეგმავს. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ არც ამ ხელისუფლებას აქვს არჩევნების ტოტალურად გაყალბების თავი და არც "ნაციონალურ მოძრაობას" - პოსტსაარჩევნო კრიზისის ინიცირების რესურსი. მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ვერც ერთი ძალა არეულობის ინსპირირებას ვერ შეძლებს, თუ ასეთი განწყობა საზოგადოებაში არ არის.

- პრემიერი კვირიკაშვილი თითქოს ლიდერობს "ქართულ ოცნებას", თუმცა, ფაქტობრივად, ის საერთო სურათიდან ამოვარდნილი ჩანს...

- ეს ხდება იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიმღებთა ვერტიკალი დალაგებული არ არის. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ძალის ცენტრი არის პოლიტიკურ სარბიელს მიღმა. აშკარაა, რომ ივანიშვილი ყველა წვრილმანში ჩართული არ არის და პროცესებს უფრო სისტემურად უდგება, ქვედა რგოლის ფსევდოლიდერები კი ძალიან სუსტად გამოიყურებიან. "ქართული ოცნების" ელიტაში პოლიტიკური ლიდერები, ფაქტობრივად, არ არსებობენ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი გაზრდა, რაც იმის მაჩვენებელიც არის, რომ პარტია ვერ განვითარდა. იქ, ბუნებრივია, არის დაპირისპირება, ცდილობენ, გავლენის სფეროები გაიყონ. კვირიკაშვილის გავლენა გამოჩნდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი კონცეფციისა და ახალი სახეების წარდგენისას. ვფიქრობ, ეს იყო კვირიკაშვილის კეთილი სურვილები, რაც, ჩემი აზრით, კეთილ სურვილებადვე დარჩა. მერე კი ვიხილეთ მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენა სხვადასხვა რეგიონში, რაც სრულიად არ შეესაბამებოდა კვირიკაშვილის კეთილ სურვილებს.

კალაძეც, ჩემი აზრით, დროებით ფსევდოლიდერად გვევლინება. ერთადერთი ადამიანი ისევ ივანიშვილია, ვისაც შეუძლია მოუყაროს თავი და ერთიან კონცეფციაში ჩასვას საარჩევნო პროცესი.

ივანიშვილი ცდილობს, ამ ადამიანებმა თვითონ ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მაგრამ არ გამოსდით, რადგან ეს ოთხი წელი პარტიული განვითარების თვალსაზრისით წყალში გადაყარეს და ყველა კრიტიკული სიტუაციისას გარედან უწევთ ხალხის მოყვანა.

ჩვენ ვნახეთ, პოლიტსაბჭოში, ფაქტობრივად, ქუჩიდან როგორ მიიყვანეს ცხრა ადამიანი, რითაც აღიარეს, რომ ამ ოთხმა წელმა პარტიის მშენებლობისთვის ფუჭად ჩაიარა.

დღეს "ქართული ოცნება" დგას სამ საარჩევნო ვეშაპზე: პირველი ბიძინა ივანიშვილის სახელი და რესურსია; მეორე - ანტინაციონალური განწყობა ანუ ამომრჩეველი, რომელიც კრიტიკულად აფასებს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ვერ იტანს "ნაციონალურ მოძრაობას" და მესამე - მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე ადამიანები, ე.წ. რაიონების მაყურებლები, რომლებიც შევარდნაძიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლებასთან ახერხებენ გარიგებას.

"ქართული ოცნებისგან", რომელიც მუდმივად ლაპარაკობს განვლილ ცხრა წელსა და სააკაშვილის რეჟიმზე, ძალიან უხერხულია გარიგება იმ ადამიანებთან, ვინც 2012 წელს, ცოცხების ფონზე, 5 ნომრით იყარეს კენჭი. ეს მათ რიტორიკას ფარსად აქცევს, ისევე, როგორც ფარსად აქცევს სასამართლოსა და მთელ საჯარო სექტორში გამეფებული კოლექტიური მურუსიძე.

- რადგან წინასაარჩევნო ამბებს მიმოვიხილავთ, ორიოდე სიტყვით შევეხოთ სანდრა რულოვსის პოლიტიკურ გააქტიურებას...

- ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ქალბატონს მორალური უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი გამოჩენა ძალადობის ცხრა წელთან ასოცირდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მე არა მგონია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამით პოლიტტექნოლოგიური შეცდომა დაუშვა. ამ პარტიას ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, რომელსაც, მართალია, ზრდის პერსპექტივა არა აქვს, მაგრამ პარტია წლიდან წლამდე მის შენარჩუნებას ახერხებს. ამ ხალხისთვის ძალის ცენტრი კვლავაც მიხეილ სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ყოველი მხრიდან არაერთი ძალა ფაფხურობს, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რეალურად დღემდე ორი ფიგურა თამაშობს: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ყველა სხვა პაიკია. სწორედ მათ ირგვლივ ვითარდება ეს პოლიტიკური დრამა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრა რულოვსისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ნეგატიური განწყობა ჭარბობს, ამ ძალის ელექტორატი მაინც მიბმულია მიხეილ სააკაშვილზე. "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს საშუალება, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური ბრძოლა გამართოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ისინი ეყრდნობიან კონკრეტულ რეგიონებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლი სამეგრელოა, საიდანაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების ინიცირება. სანდრა რულოვსის გამოჩენით საკუთარ ელექტორატს მიანიშნეს, მიხეილ სააკაშვილის სული აქ ტრიალებსო! საქმეში ჩახედული ხალხისთვის რულოვსის პოლიტიკაში მონაწილეობა მიუღებელია, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ პოლიტიკურ პროცესებში ღრმად გარკვევას.

- ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს ისეთი პირი უჩანს, ესეც პოლიტიკური პროცესის ნაწილად იქცევა, თუმცა საბოლოოდ ხეებიც და ეკოლოგიის პრობლემებიც, მგონი, ყველას დაავიწყა თბილისის მერის, დავით ნარმანიას, სრულიად მოულოდნელმა სალანძღავმა გამონათქვამმა...

- ჩვენში უმნიშვნელოვანესი ამბები არაერთხელ გადაფარულა მეათეხარისხოვნით, თუმცა გეთანხმებით, რომ რაც ხდება, ნამდვილად პოლიტიკური პროცესია. გამიჭირდება მტყუან-მართლის გარჩევა, ნარმანიაზე კი ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ლაპარაკი, რომ ის ძირს უთხრის "ქართულ ოცნებას", ან ამ გამონათქვამის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს, გადაჭარბებული მგონია, თუმცა ერთი რამ ცხადია: ნარმანიას მერობა თავიდანვე შეცდომა იყო. მას ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ პატიოსანი და კარგი ადამიანია, რომელმაც კარგად იცის ეკონომიკა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თბილისის კარგი მერობისთვის. საქმე ისაა, რომ ის თავიდანვე არ იყო ამ ქალაქის ორგანული ნაწილი. რაც მას კარგი ჰქონდა და რაც დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილისთვის მის მხარდასაჭერად საკმარისი აღმოჩნდა, სხვა მნიშვნელოვან მიზეზთან ერთად, მისი სიმშვიდე და მოკრძალება იყო, თუმცა ამ ნათქვამით ესეც გააცამტვერა. სწორედ ამიტომ მოჰყვა ამდენი ამბავი მის ნათქვამს. სხვას რომ ეთქვა ასეთი რამ, არა მგონია, ასეთი რეზონანსი გამოეწვია. ყველაზე კურიოზული ამ ამბავში ის არის, რომ ნარმანიამ, როგორც ჩანს, თავის ყველაზე დიდ ნაკლად სწორედ ის მიიჩნია, უზრდელი და აგრესიული რომ არ არის. ასეთი არაადეკვატური ქცევა დამახასიათებელია იმ ადამიანისთვის, ვინც არაბუნებრივ გარემოში ხვდება. ასე მგონია, ნარმანიასთვის მერობა ერთი ხანგრძლივი კოშმარია... არც არავის აქვს ილუზია, რომ ის მართავს ქალაქს. ნარმანიამ ვერაფერი გააწყო, თუნდაც წინამორბედისგან დატოვებულ პრობლემებთან. "სიტი პარკთან" დაკავშირებით, ეს სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმავეს ვიტყვი მონოპოლიებზეც, ყველაზე მნიშვნელოვანი ქაოსური მშენებლობების საკითხია, მაგრამ ეს უფრო სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია, ვიდრე უშუალოდ ნარმანიასი.

- ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მან ვადაზე ადრე დატოვოს თანამდებობა...

- "ქართულ ოცნებაში" ამ რამდენიმე თვის წინ ნამდვილად განიხილებოდა ნარმანიას წასვლისა და საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მერის არჩევნების ჩატარების საკითხი, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარი რეიტინგის გათვალისწინებით, ასეთ რისკზე ვეღარ წავიდა. დედაქალაქის მერის არჩევნების ახლა ჩატარება შეიძლებოდა ფატალური აღმოჩენილიყო ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება მომავალს, მისი ვადის ამოწურვამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და არა მგონია, რამე შეიცვალოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება, როგორ მხარდაჭერას მოიპოვებს "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში და როგორი იქნება მისი ლეგიტიმაციის ხარისხი.

- სუს-ის ინფორმაციით, ამ სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტი აღკვეთა, რომელიც რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქებას ისახავდა მიზნად. სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე რამის მტკიცება გაჭირდება, მაგრამ თუ ეს მართლაც იგეგმებოდა, ვის უნდა აძლევდეს ხელს ამგვარი დესტრუქცია საქართველოში?

- სამწუხაროდ, ბევრ ვინმეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. თუ ვიღაცას მართლაც უნდოდა მაგისტრალური გაზსადენის აფეთქება, ცხადია, ეს გამოიწვევდა რუსულ-ქართული და ქართულ-სომხური ურთიერთობების ესკალაციას, მაგრამ არ არის შეუძლებელი, ამგვარი მეთოდით არეულობის ინსპირირებაში რუსული კვალი გამოირიცხოს. აშკარაა, რომ ეს ქვეყანა დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ჩვენში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და ალბათ, რაღაც ჩანაფიქრიც აქვს, რომლის განსახორციელებლად, შესაძლოა, თავისი გეგმაც ჰქონდეს. არ გამოვრიცხავ, მათაც ეცადათ აქ პოლიტიკური ვითარების არევა. უმნიშვნელოვანესია, რომ სპეცსამსახურები არ დაკმაყოფილდნენ დაკავებული ადამიანებით. მათ უნდა მოახერხონ და დაინახონ მთელი სურათი - ვინ იყო დამკვეთი და როგორი იყო აფეთქების შემდგომი გეგმა. ეს არ უნდა ჰგავდეს შეთქმულების თეორიას და უნდა იყოს კარგად იდენტიფიცირებული საფრთხე. თუ გამოიკვეთება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი, არ არის აუცილებელი, ეს გახმაურდეს, რადგან ცხოვრება და პოლიტიკური ურთიერთობები მაინც გრძელდება და ხანმოკლე კონფრონტაცია საჭირო არ არის. ახსენეს უკრაინაც. ძნელია, რამე გამოვრიცხოთ, მაგრამ ხმამაღლა რომელიმე ქვეყანაზე მინიშნება სახელმწიფოებრივად არასწორი მგონია, მით უფრო, ჯერ არაფერია გარკვეული.

გასათვალისწინებელია ისიც, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ჩვენ მოწმენი ვართ, როგორ იცვლება მსოფლიო. რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დიდი გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წახნაგია. ის სისტემა, რომელიც მსოფლიოში სტაბილურობასა და ბალანსის დაცვას ემსახურებოდა, ქმედითი აღარ არის, დასუსტდა. დასავლეთმა შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, რუსეთი კი ამ შეცდომების საპასუხოდ კონტრშეტევაზეა გადასული. ბუნებრივია, ეს საქართველოსაც ეხება და ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საფრთხე ემუქრება. ეს ყველაფერი კარგად არის გასაანალიზებელი შესაბამისი სამსახურებისა თუ პოლიტიკური ძალების მიერ.

ნათია დოლიძე