"ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას"
05-09-2016
"ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას"
"სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა აკმაყოფილებს ზნეობრივი და პოლიტიკური ქმედებების ევროპულ მოთხოვნებს"

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ამჯერად კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია JPM-მა ჩაატარა. გამოკითხულთა 32% აპირებს ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს, ხოლო 16% - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. ამ მონაცემებით ბარიერის გადალახვას სწორედ ეს ორი ძალა ახერხებს. "თავისუფალ დემოკრატებსა" და ლეიბორისტულ პარტიას მხარს გამოკითხულთა 4-4% უჭერს, პაატა ბურჭულაძის მოძრაობას
"სახელმწიფო ხალხისათვის" - 3%, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" კი - 2-2%. წინა კვლევების მსგავსად, კვლავაც მაღალია იმ ამომრჩევლის რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია (34%). სწორედ ამ მონაცემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- სიმართლე გითხრათ, ჩვენში სოციოლოგიურ კვლევებს სახელი ისე აქვს გატეხილი,
მიჭირს მათი შედეგების შეფასება, თუმცა ზოგადი ტენდენციები მეტ-ნაკლებად ჩანს. რას ვიზამთ, რეალობა ასეთია. საარჩევნო ასპარეზზე ისევ ორი მთავარი პოლიტიკური ძალაა - თუ წარსულში გინდა დაბრუნება, ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მისცე, თუ მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში გსურს ცხოვრება, "ქართულ ოცნებას". არადა, ამ ორი პოლიტიკური ძალის მოქმედებით ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კმაყოფილი არ არის, სწორედ ამით მგონია განპირობებული, რომ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა, ვის მისცეს ხმა. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდამჭერთა ზრდის პოტენციალი ნაკლებად აქვს, მეეჭვება ჯერაც გაურკვეველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმხროს. ამაში ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძესა და მასთან ალიანსში შესულ "ნაცმოძრაობის" სატელიტებსაც. ამათ, ყველამ ერთად, დაახლოებით 20%-ს შეიძლება მოუყარონ თავი. მათგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა, ვფიქრობ, მოიმატებს.

ამ კვლევით ისე ჩანს, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ბარიერის გადალახვის პრობლემა ყველა სხვა ძალას აქვს.
მე მაინც მგონია, რომ მომავალ პარლამენტში ორზე მეტი სუბიექტი შევა. ჩემი აზრით, ბარიერს გადალახავს როგორც "თავისუფალი დემოკრატები", ასევე "პატრიოტთა ალიანსი". გულდასაწყვეტია, რომ მომავალ პარლამენტში, დიდი ალბათობით, ვერ მოხვდებიან რესპუბლიკელები.

- მიუხედავად იმისა, რომ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად აღარ არიან პოლიტიკურ არენაზე, ისე ჩანს, რომ ეს არჩევნებიც მათი დაპირისპირების ასპარეზად იქცევა. ისინი რომ კვლავაც მთავარ ფიგურებად ცდილობენ დარჩენას, მათი სატელევიზიო აქტიურობითაც ჩანს - ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ახალი ტელეპროექტი დაიწყო GDS-ზე, მიხეილ სააკაშვილი კი, ფაქტობრივად, არ ჩამოდის "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან.

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და რეალური ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი - მიხეილ სააკაშვილი. ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის კი დიდი მსოფლმხედველობრივი სხვაობაა. თქვენ თუ შეადარებთ 2012 წლისა და წლევანდელ საარჩევნო კამპანიებს, დიდ სხვაობას დაინახავთ. სისტემური ძალადობა, ხალხის დაშინება, სარეკლამო სივრცის მონოპოლიზება და ა.შ. რაც ახასიათებდა ოთხი წლის წინანდელ წინასაარჩევნო პროცესს, დღეს აღარ ჩანს. აბსოლუტურად სხვაგვარ გარემოში, გაცილებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, გადაცდომები და დარღვევები არის, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. დღეს გარემო გაცილებით თავისუფალია და ამომრჩეველსაც არჩევნის გაკეთება გაცილებით თავისუფლად უწევს. შეიძლება ბევრი საყვედური ვუთხრათ ამჟამინდელ ხელისუფლებას, დიახ, იყო ბევრი შეცდომა, გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ ოთხ წელიწადში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მთავარ იმპერატივად რომ იქცა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ეს ცხადზე ცხადია. დიახ, ბიძინა ივანიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში, მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა:
მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მაღალჩინოსანია, შესაბამისად, აშკარად ოდიოზური ვითარებაა - სააკაშვილს უნდა უკრაინაშიც პირველი პირი იყოს, აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც, ივანიშვილი კი ძალაუფლებისკენ არ ილტვის. ის იძულებით შემოვიდა პოლიტიკაში და დღემდე იძულებით რჩება.

- რას ფიქრობთ ახალ სატელევიზიო პროექტზე, სადაც სწორედ ივანიშვილია მთავარი გმირი. ის სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამან "ქართულ ოცნებას"?
- ვფიქრობ, ივანიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას განვლილ ოთხ წელზე და ცდილობს ამგვარი ფორმით ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას. ამასთან, ეს ერთგვარი წინასაარჩევნო გათვლაა, თუმცა, ძნელია თქმა, ამომრჩეველზე მისი საუბარი რა გავლენას მოახდენს. საქართველოს მოსახლეობა არ არის ჰომოგენური, ჩვენში დიდი მსოფლმხედველობრივი განსხვავებებია... ჩემი აზრით, იმათზე, ვინც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, გავლენის მოხდენა გაჭირდება, თუმცა, ალბათ, სატელევიზიო ფორმატის გათვლა სწორედ იმ ამომრჩეველზეა, ვინც ჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის უნდა მისცეს ხმა.
ჩემი აზრით, ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას, ანუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოვა, მოახერხებს ქვეყნის სწორად მართვას.

- კიდევ ერთ სატელევიზიო პროექტზე უნდა გკითხოთ. ვგულისხმობ, გოგა ხაინდრავას მარავალსერიიან ფილმს, რომელიც სწორედ არჩევნების წინ გამოვა ეკრანებზე და ასახავს სააკაშვილის 9-წლიან ძალადობრივ მმართველობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება", ნაცვლად იმისა, ამომრჩეველს გასული 4 წლის მმართველობის შედეგებს აცნობდეს და მომავალზე ელაპარაკებოდეს, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკითა და ციხის კადრების უკვე მხატვრული ვერსიით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.
- არა მგონია, ეს შეფასება სამართლიანი იყოს. როგორც ვიცი, ამ ფილმის გადაღება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს და მეეჭვება, წინასწარ სცოდნოდათ, საარჩევნოდ მოესწრებოდა თუ არა. ფილმში დიდი ფულია გადახდილი და, ბუნებრივია, ვინც გადაიხადა, ეცდება, მისგან გარკვეული დივიდენდები მიიღოს, მათ შორის, პოლიტიკური, და ამაში ვერავის გავამტყუნებთ. მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ აზრს, რომ მხოლოდ ამ ფილმით და "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკით ცდილობენ ფონს გასვლას. მე ვხედავ, რომ მთავრობა გამუდმებით ლაპარაკობს როგორც მიღწევებზე, ასევე გეგმებზეც, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთს სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" აკრიტიკებენ. ეს შემთხვევითი არ არის, თავშივე ვთქვით, რომ ეს ორი ძალაა ამ არჩევნების მთავარი გმირი.
"ქართული ოცნების" მნიშვნელოვან ნაწილს სურს დისკურსის პოზიტიურ სივრცეში გადატანა, მაგრამ ამის საშუალებას დიდწილად სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" არ აძლევს.

- საქართველოში რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი" შემოვიდა, რასაც ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა გაირკვა, რომ "იანდექსის" რუკაზე საქართველო წარმოდგენილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

- მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის მეც, ამგვარი კომპანიების საქართველოში გამოჩენა ნამდვილად გვაღიზიანებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართული ეკონომიკური კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია. თქვენც შეგიძლიათ ტაქსის ნიშანი დაადგათ თქვენს მანქანას და იმუშაოთ ისე, რომ არც გადასახადი გადაიხადოთ და არც რაიმე ნებართვა აიღოთ. ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო საშუალება, რომ ამ კომპანიას ლიცენზია გაუუქმდეს. ახსენეს "ოკუპაციის შესახებ" კანონი, მაგრამ, როგორც იურისტები განმარტავენ, ამ კანონის მოქმედება ვერ არეგულირებს მსგავსი კომპანიების საქმიანობას.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც რიგით მოქალაქეებს შეგვიძლია, ის არის, რომ ამ ტაქსიში არ ჩავსხდეთ, რასაც პირადად მე ვაპირებ.
როგორც გვითხრეს, 2017 წლიდან შემოვა ტაქსების ლიცენზირება და იმედია, ეს კომპანია ვერ მიიღებს ნებართვას. ამ სფეროს რეგულირება რომ აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მთავრობას ესმის, უბრალოდ, ეს საკითხიც, ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვა, არჩევნებს შეეწირა. ხელისუფლებას ისევ არჩევნების შიშმა გადაადებინა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

- აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ "ფეისბუკში" გაავრცელა ფოტოები, სადაც ყარაბაღში ჩასულ არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც არის გადაღებული...

- ვიდრე ამაზე დავიწყებ ლაპარაკს, ისიც გავიხსენოთ, რომ ორიოდე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ექსტრადიცია მოხდა მოლდავეთიდან. ოფიციალურად ამ ხალხს სარგსიანიც არ შეხვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაოფიციალურად კონიაკით ხელში გაესაუბრა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა აკმაყოფილებს ზნეობრივი და პოლიტიკური ქმედებების ევროპულ მოთხოვნებს.

- ორიოდე დღის წინ თბილისის ცენტრში, დღისით, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ვერსიით, ეს კრიმინალური გარჩევის შედეგია... ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, კრიმინალების ასეთი გათავხედება არასწორი პოლიტიკის ბრალია...
- ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა გამოძიების დასრულებამდე, ალბათ, ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რომ ეს მაინცდამაინც კრიმინალური გარჩევა იყო. გინახავთ ქვეყანა, სადაც კრიმინალური სამყარო არ არსებობს? მე არ მინახავს. ასეთი რამ საფრანგეთშიც ხდება, აშშ-შიც, გერმანიაშიც და ა.შ. ვერც იმას ვიტყვი, რომ აქ კრიმინალური სამყარო წახალისებულია, რადგან ვხედავთ, რომ დანაშაულები სწრაფად იხსნება, ამჯერადაც მკვლელობაში ბრალდებული, მგონი, ერთ საათში დააკავეს.

- მოკლული სოსო ჯოხაძე ამ რამდენიმე ხნის წინ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ხელისუფლების ოპონენტებმა მისი და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ფოტო გამოაქვეყნეს. მაშინ წულუკიანს კრიმინალებთან მეგობრობას აბრალებდნენ, დღეს კი ისეთი აზრიც გაჩნდა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გავლენების მოსაპოვებლად შესაძლოა კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს...

- როგორც ვხვდები, ამას ამბობს ის ხალხი, ვინც თავის დროზე თვითონ ცდილობდა კრიმინალების გამოყენებას. ჩემი აზრით, ამგვარი ბრალდება სრულიად აბსურდულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი რესურსი იმდენად მცირეა, რომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ძალიან მეეჭვება "ქართული ოცნების" რეალურ ლიდერს, ივანიშვილს, და პრემიერ კვირიკაშვილს ამგვარ გეგმაზე საერთოდ ეფიქრათ. ეს არის ხელმოცარული ოპოზიციის უსაფუძვლო განცხადებები.

- გონიოში ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების მოძებნა დღემდე ვერ მოხერხდა. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, ინსტრუქტორებს, ვინც ამ ბიჭებს ახლდნენ, ლიცენზია არ ჰქონდათ, რაც არ დაადასტურა გენშტაბის უფროსმა. იზორიას განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელიც...
- დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობ, აქ რაღაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, ჰქონდათ თუ არა ინსტრუქტორებს ლიცენზია და ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

რა მოხდა იქ, მართლაც გაუგებარია. როგორც წესი, დაღუპულთა გვამები ამოტივტივდება ხოლმე წყლის ზედაპირზე, არადა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა თურქულმა გემმა მათ კვალს ვერ მიაგნო. ვშიშობ, ყველაფერი ისე დასრულდება, რომ ვერ გავიგებთ, რა მოხდა. ვიმეორებ, შემაშფოთებელია თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების შეუთანხმებელი განცხადებები. იზორია შეცდა, როდესაც ინსტრუქტორების თაობაზე საჯაროდ გააკეთა განცხადება. ეს პოლიტიკურად არასწორი იყო. მაინცდამაინც არც ხიდაშელის განცხადებები ბრწყინავდა, მისი ლაპარაკი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ლაპარაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე პოლიტიკური ლიდერისას.

- როგორ შეაფასებთ დედაქალაქის მერიის გარშემო შექმნილ ვითარებას?

- სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა, რომ თბილისის მერია თვითონ ქმნის პრობლემებს, მერე კი გმირულად ძლევს მათ. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა თბილისის ახალ მერს, უნდა შეექმნა ქალაქის განვითარების სტრატეგია, მათ შორის იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რასაც ქალაქის გამწვანება და ეკოლოგია ჰქვია. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ დაბინძურებულ ქალაქში და მთელი ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს როგორმე დავძლიოთ. ამის მაგივრად კი ვხედავთ ისევ ხეების მოჭრას, უსისტემო განაშენიანებას და ა.შ. ქალაქი სულ სხვა მეთოდებით უნდა იმართებოდეს!

პროტესტი და მოთხოვნა, რომ ქალაქის მართვაში ჩაერთონ არასამთავრობო სექტორისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები, ნიშნავს, რომ საზოგადოება არ ენდობა ქალაქის ხელმძღვანელობას და ცდილობს მისი ადგილის დაკავებას, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქალაქში სასაცილო ამბავი იქნებოდა.
როგორც ყველა სფეროში, აქაც კომპეტენციის პრობლემაა. იმ ხალხმა, ვინც თბილისის სათავეშია, არ იცის, როგორ უნდა მართოს ქალაქი.

- ივანიშვილის განცხადებით, ნარმანია ნორმალური მერია, რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს, მისი პრობლემა მხოლოდ საზოგადოებასთან არასწორი ურთიერთობაა.

- ვიცნობ ბატონ დათოს, ის პროფესიონალი ეკონომისტია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქალაქი რომ სწორად მართო, ბოლოს და ბოლოს, მის პრობლემებში უნდა დაიბადო და გაიზარდო. ბატონმა დავით ნარმანიამ კი, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქუჩის მდებარეობაც არ იცის. ნარმანიას არჩევა ივანიშვილის შეცდომა კი არა, ჩვენი, ამ ქალაქის მცხოვრებთა შეცდომაა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენ ავირჩიეთ და ახლა უნდა ვცეთ პატივი ჩვენივე არჩევანს და დაველოდოთ მომავალ არჩევნებს, სადაც ახალ მერს ავირჩევთ.

- გასული კვირის სენსაციად იქცა მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა მორიგი გამოცდები, რომლის შედეგებითაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის 80%-მა ვერ გადალახა...

- ეს არის დიდი ხნის სისტემური პრობლემა, რომლის დაძლევა ვერა და ვერ მოხერხდა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მასწავლებლებად მიდიან ხელმოცარული ადამიანები, რომელთაც სხვა სფეროებში არ გაუმართლათ და ვისი კომპეტენცია და პროფესიული თვისებები ძალიან დაბალია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახეთ, რა დაბალია მასწავლებლის ხელფასი, რატომ მოუნდება მაღალი კომპეტენციის პროფესიონალს ამ ხელფასზე მუშაობა? არადა, ვითარება მართლაც კატასტროფულია. ჩემი აზრით, ქვეყანაში ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი, პრობლემა, რომელსაც დროულად სჭირდება მოვლა-პატრონობა, ვინაიდან სასკოლო განათლება ქმნის ქვეყნის განვითარების იმედს. არ გვეყოლება განათლებული ახალგაზრდობა, არ გვექნება სახელმწიფო.

ნათია დოლიძე
Xuleli zirikli nodara
14 სექტემბერი 2016 02:20
Qocebo amodit xuloshi tkveni dapirebebi mogvikevit. Xalxs moenatra tkveni zgaprebi. Zgaprebs bagnobashi gvikvebodnen uprosebi axla tkven mogvikevit. Dabechdili versiac camoiget.
Xuleli zirikli nodara
12 სექტემბერი 2016 01:29
Mteli ojaxit xuloshi velodebit qocebs kaimagis sajmelad. Arhaaaaaaaaaaaaa.......
Xuleli nodara
12 სექტემბერი 2016 01:26
Bizo miaceki mteli xulo shentanaa. Xulelebs gvevasebi.sheni dapirebebi zepirad vicit.vcavlobt da vizutxavt.

რედაქტორის რჩევით