"დღეს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს!.."
12-09-2016
"დღეს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს!.."
"სააკაშვილს აქ ჩამოსვლა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს..."

"დასავლეთი გვაფრთხილებს, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენა არ უნდა გაიზარდოს"


საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება და წინასაარჩევნო ბატალიებიც ნელ-ნელა უახლოვდება კულმინაციას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მარათონში არაერთი სუბიექტია ჩართული, კარგად ჩანს, რომ მთავარი ბრძოლა კვლავინდებურად "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიმდინარეობს."

გასულ კვირას საარჩევნო სუბიექტებმა პროპორციული წესით არჩევნებისთვის საკუთარი სიები წარადგინეს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან:

- სიმართლე გითხრათ,
განსაკუთრებული მოულოდნელობა სიების გასაჯაროებისას არ ყოფილა. მეტ-ნაკლებად უკვე ვიცოდით, ვინ რა პრინციპით დაალაგებდა საარჩევნო სიას. მმართველმა პარტიამ კარგა ხანია, დააანონსა, რომ მისი რიგები გადახალისდებოდა, რაც ყველაზე მეტად სწორედ სიის პირველ ათეულში ჩანს. საგულისხმოა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა ნაწილი სიაში ვერ მოხვდა, ნაწილმა კი სიის
ბოლოს გადაინაცვლა, რაც მიუთითებს, რომ ამ კანდიდატებს ზურგს სია არ უმაგრებს და მათ მომავალ პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად თვითონ უნდა იბრძოლონ. ამ ძალას რომ გადახალისება სჭირდება, ცხადად ჩანს რეიტინგებითაც. მართალია, მმართველი პარტია ყველა გამოკითხვაში ლიდერობს, მაგრამ 2012 წელთან შედარებით მას ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს. ასეთ დროს პარტიამ რაღაც უნდა შეცვალოს - ან ახალი პრინციპები წამოაყენოს, ან ახალი ადამიანები დაიყენოს გვერდით და ა.შ. საკმარისი იქნება თუ არა საარჩევნოდ ამგვარი განახლება, ამას მალე დავინახავთ, თუმცა "ქართული ოცნების" ყველაზე საყურადღებო სიახლე არის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ ავანსცენაზე ახალი პოლიტიკური ლიდერის შემოსვლით დაიწყო განახლება პარტიაში. მან იოლად მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება.

ის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, რომელსაც, ფაქტობრივად, ჯერ შეცდომა არ დაუშვია. გარდა ამისა, ის ახერხებს და ყალიბდება დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად, შესაბამისად, მის წარმოდგენილ გუნდსაც უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის იმედი. ვფიქრობ, ახალი ლიდერი, მისი მოყვანილი ადამიანები და უკვე გაკეთებულ საქმეებზე დაფუძნებული დაპირებები ის სამი კომპონენტია, რაც ამ ძალის წარმატების საფუძველი შეიძლება გახდეს. მე ჯერ ვერ ვხედავ სხვა პარტიას, რომელსაც ანალოგიური შესაძლებლობები აქვს.

- სიის პირველი ათეულის მიხედვით, განახლებას ცდილობს "ნაციონალური მოძრაობაც".

- ეს ძალა ე.წ. რებრენდინგს 2012 წლიდან მოყოლებული ცდილობს, თუმცა რა გამოსდით, ეს სხვა საკითხია. მათ განახლება ძალიან უჭირდათ აქამდეც და უჭირთ ახლაც. აშკარად ვხედავთ, რომ ახალი გვარ-სახელების წამოწევას ცდილობენ, თუმცა ბაქრაძისა და რულოვსის უკან ისევ ძველი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის ჩრდილი ჩანს.

"ნაციონალებს" არ ახასიათებთ სიღრმისეული შეცვლა, აი, ზედაპირზე კი საკმაოდ მობილურები არიან და ადვილად იცვლიან გარეგნულ სახეს იმის მიხედვით, ვინ და რა სჭირდებათ კონკრეტულ მომენტში. ამ პარტიის ზეობის ხანაშიც იყო არაერთი ფიგურა, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებულად აღიზიანებდნენ. პარტია მაშინაც ცდილობდა საზოგადოების განწყობის გათვალისწინებას და ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ, გადამალავდნენ ხოლმე. მათ ადგილას ჩნდებოდნენ თითქოს ახალი სახეები, თუმცა მალევე ისინიც იმ გადამალულებს ემსგავსებოდნენ. ცოტა რომ დაფიქრდნენ და სტილი და სტრატეგია შეცვალონ, იქნებ პოლიტიკოსების შეცვლა აღარც დასჭირდეთ. ვფიქრობ, სწორედ ამ მოტივით ვერ მოხვდნენ სიაში გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გივი თარგამაძე და სხვანი, თუმცა, არა მგონია, ამით პარტიამ დიდი დანაკლისი განიცადოს. როგორც უკვე აღვნიშნე, "ნაციონალთა" ტრადიციის მიხედვით, ვითომ ახალი სახეებიც ნელ-ნელა ძველს დაემსგავსებიან. ესეც რომ არ იყოს, ფაქტია, რომ ამ პარტიის პოლიტიკას სწორედ ძველი სახეები განსაზღვრავენ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სიაში რულოვსის მეორე ნომრად ჩასმა სააკაშვილის ნიშანია, მეც მანდ ვარო... თუ მიშა აქ არის, დანარჩენებიც შორს არ წავლენ. უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ამომრჩეველს აფრთხობს, დროებით მოაშორეს ჩვენს თვალსაწიერს.

- სიების წარდგენისას სკანდალს ვერ ასცდა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ხმაურით დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ...

- ერთ-ერთმა პირველმა ხმამაღლა გამოვთქვი ეჭვი, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდა.
მახსოვს, მაშინ ბურჭულაძის პარტიიდან ერთმა ახლობელმა დამირეკა და მისაყვედურა, მაგ იარლიყს რატომ გვაწებებო... თუმცა მალევე შედგა გაერთიანება "გირჩთან" და ვაშაძესთან და იმ ადამიანმაც, რომელმაც დამირეკა, ბურჭულაძის პარტია დატოვა. სიმართლე გითხრათ, ახლა რა ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა. ადამიანები, რომლებიც მის შექმნაში მონაწილეობდნენ, მიდიან. ამ გაერთიანების სიაც სრულიად გაუგებარია...

გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს "ნაციონალების" სცენარი იყო და სწორედ მათ ლიბრეტოს ასრულებს ბურჭულაძე, რთულია, რადგან არსებობს ამის კონტრარგუმენტებიც, მაგალითად, მიშა მაჭავარიანმა გამოჩენის დღიდან შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ ბურჭულაძემ მისგან თავი შორს დაიჭირა. თუ მათი გაძლიერება იყო მისი მისია, მაშინ ეს უარი გაუგებარია. ვფიქრობ, ბურჭულაძეს რომელიმე პოლიტიკური ძალის კონკრეტული სცენარით არ უმოქმედია. ის პოლიტიკაში მოვიდა სრულიად მოუმზადებელი. როგორც ჩანს, არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებდა თვალს და არც მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური გემოვნებით უფრო "ნაციონალი" იყო და ასე მოხვდა ამ გაუგებრობაში. მგონი, ახლა თვითონაც არ იცის, რა უნდა.

დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების სიებზე გამიჭირდება რამის თქმა. "თავისუფალი დემოკრატების" პირველი ათეული ყველასთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული; საკმაოდ ეკლექტიკურია "პატრიოტთა ალიანსის" სია. გარდა ამისა, ამომრჩევლისთვის ჯერჯერობით ამოუხსნელი რჩება, რა არის ამ პოლიტიკური ძალის საპროგრამო განაცხადი - ძირითადი გზავნილი. ლაპარაკით ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიას ერთი კონკრეტული გზავნილი სჭირდება. მათგან განსხვავებით,
ბურჯანაძის პარტიის გზავნილი მკაფიოა. ვგულისხმობ უბლოკო სტატუსზე აპელირებას, თუმცა, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს საზოგადოებამ არ მიიღო.

ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ამგვარი სტატუსი არაფრის მომცემი არ იქნება. ვერც ერთ პრობლემას, მით უფრო, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ქვეყანას ვერ გადაუჭრის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ძალებმა ამომრჩევლის ნაწილი მიიმხრონ რუსეთზე აქცენტის გაკეთებითა და პატრიოტიზმზე გაუთავებელი ლაპარაკით, თუმცა, საკითხავია, ეს საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ბარიერის გადასალახავად...

- ბოლო ხანს ისმის "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის მოწყობას გეგმავს.

- ასეთი განცხადებები, კარგა ხანია, ისმის. გახსოვთ, ალბათ, ე.წ. უკრაინულ ჩანაწერებშიც ფიგურირებდა ეგ თემა. არის თუ არა ეს ჩანაწერები ნამდვილი, ძნელი სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ ამგვარი განცხადებები ჩვენში არავის აკვირვებს. ჩვენში იმას კი არ კითხულობენ, გადადგამს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ ნაბიჯს, არამედ კითხულობენ, აქვს თუ არა მას ამის რესურსი, ანუ ამ ძალისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელიან, რასაც საფუძველი ნამდვილად აქვს. "ნაციონალები"­ ხელისუფლებაში მოვიდნენ რევოლუციით, მათ ამის გემო იციან. განსხავავება ის არის, რომ მაშინ ამ რევოლუციაში მათ მხარს უჭერდა ერთი მხრივ აშშ და მეორე მხრივ - რუსეთი. ჩვენ გვახსოვს რევოლუციურ პროცესებში ჩართული აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი მაილზი და რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ივანოვი. იმჟამად მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც ხელს აძლევდათ შევარდნაძის სააკაშვილით შეცვლა. ამგვარ პირობებში რევოლუციის მოწყობა ადვილი იყო, დღეს კი სხვა ვითარებაა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სპეციალური რეზოლუცია მიიღო და მოვისმინეთ კონგრესმენთა განცხადებები, რომლებშიც ცალსახად იყო ნათქვამი, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ის აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ
დასავლეთი დღევანდელი საქართველოთი კმაყოფილია. ვნახეთ ხელისუფლებისადმი გამოცხადებული მხარდაჭერა, მოვისმინეთ საქებარი სიტყვებიც... ეს ნიშანი უნდა იყოს რევოლუციის მსურველთათვის! ცხადად ჩანს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია დასავლეთისთვის მიუღებელია. სტაბილური საქართველო მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, დესტაბილიზაციის პირობებში კი აქ გააქტიურდება რუსეთი.
დასავლეთი, რომელიც ისედაც შეშფოთებულია მსოფლიოში რუსეთის გავლენის ზრდით,­ ხედავს ამ საფრთხეს და ამიტომაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სტაბილურობას და განვითარების კურსს, რაც მოვისმინეთ სტოლტენბერგისგანაც. მათ კარგად იციან, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში აქ რუსეთის შემოჭრის უფრო მყარი საფუძველი შეიქმნება.
დღევანდელ პირობებში დასავლეთი გვაფრთხილებს, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენა არ უნდა გაიზარდოს და ამისთვის­ უზარმაზარ თანხებს გამოყოფს.

როდესაც "ნაციონალური მოძ­რაო­ბის" რევოლუციურ რესურსზე ლაპარაკობენ, უპირველეს ყოვლისა, ასაწონია საგარეო რესურსი, რაც 2003 წელს გადამწყვეტი იყო და დღეს არც ერთ ძალას არა აქვს, მათ შორის, არც - "ნაციონალურ მოძრაობას". რაც შეეხება საშინაო რესურსს, ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ძალამ ერთი ისეთი მიტინგი ვერ მოაწყო, როგორიც უნდოდა... მოკლედ, შეიძლება სცადონ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ რევოლუციის მოწყობა. ასეთ ვითარებაში "ნაციონალებს" ისღა დარჩებათ, როგორმე კადრში ბევრი ადამიანი მოახვედრონ და მერე უცხოელებს უმტკიცონ, არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში საპროტეტო განწყობააო. ამისთვის ქმნიან საფუძველს NDI -ის და IRI - ის კვლევებით და ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს ამ ორ პარტიას ერთნაირი რეიტინგი აქვს, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია. "ქართულ ოცნებას" უნიათობას აბრალებენ, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ ეს ძალა ადამიანებს­ ხოცავს და დამნაშავეა. დანაშაულის გამოა, რომ არ იმატებს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, მიუხედავად "ქართული ოცნებისადმი"" კრიტიკული დამოკიდებულებისა. შესაბამისად, პერსპექტივა, რომ ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს.

- შესაძლებელია, რომ არეულობის ინსპირირება სწორედ რუსეთმა დაგეგმოს და განახორციელოს?

- ძნელია დაბეჯითებით მტკიცება, რომ რუსეთს ასეთი გეგმა აქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ აქ დესტაბილიზაცია მოხდება, ამით რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს.

- ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო ხანს ბევრს იქადნება, რომ წელს საქართველოში დაბრუნდება. გამოითქვა ვარაუდიც, რომ მან, შესაძლოა, დესტაბილიზაციის მცირე კერაც კი გამოიყენოს და აქ დაბრუნებით პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბოს...

- ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა ეს გაბედოს. ის უკრაინაში მოქმედი და თანაც თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, აქვს უკრაინული ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით აშკარად მოსწონს. მეეჭვება, გარისკოს და ამ ყველაფერზე უარი თქვას სრულიად გაუგებარი პერსპექტივის გამო. ვერ ვიტყვით, რომ მას რისკი არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც წესი, არ უყვარს ბრმა რისკი. მან მშვენივრად იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ - ამჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა არც ექნება... სააკაშვილი ამას არ ჩაიდენს.
ოდესის გუბერნატორმა ისიც კარგად იცის, რომ თუ ქვეყანაში პროტესტი გამწვავდა, მისი ობიექტი თვითონაც იქნება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აკრიტიკებს, რომ სათანადოდ არ მოსთხოვა წინა ხელისუფლებას პასუხი. სააკაშვილს აქ ჩამოსვლა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს...

- ოპოზიციური ძალები ბევრს ლაპარაკობენ საარჩევნო პროცესში დარღვევებზე, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ. გამოქვეყნდა "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში, რომელშიც არაერთი ფაქტია მოყვანილი...

- დიახ, თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ 2012 წელთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია. დარღვევებს ბევრი სუბიექტი შეიძლება ჰყავდეს, არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ სხვებიც, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია ერთი რამ - ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი, რაც შედეგებზე აისახება. ჯერჯერობით სისტემურ დარღვევებზე არავინ ლაპარაკობს, თუმცა, ვფიქრობ, ცალკეული შემთხვევები, რაც ვნებათაღელვას გამოიწვევს, არჩევნებამდე კიდევ არაერთი იქნება. სწორედ ამ შემთხვევების გამოყენებას ეცდება""ნაციონალური მოძრაობა". არ გამოვრიცხავ, თვითონაც იყვნენ ამის ინიციატორები. დღეს ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან სწორედ მას ევალება, დაიცვას კანონი და არ დაუშვას წესრიგის დარღვევა. თუ ამან სისტემური ხასიათი მიიღო, ეს ყველაზე მეტად მმართველ ძალას დააზარალებს, რომელმაც ოთხი წლის თავზე, როგორც იქნა, მოახერხა და დასავლელი პარტნიორების ნდობა დაიმსახურა.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ. ისინი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულნი, შესაბამისად, მათ ადგილზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკვე წარადგინა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე...

- ვფიქრობ, კარგი არჩევანია და ეს მისცემს საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლოს, კონფლიქტები კი არ გააჩაღოს, არამედ მათი ჩაწყნარებისთვის იზრუნოს. ამ ორგანოს გარშემო ასეთი არაჯანსაღი ვითარების შექმნა უპირველესად საკონსტიტუციო სასამართლოს ბრალია, რომელიც პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული და თვითონ ამწვავებდა პროცესებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება და დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურად განსჯის ნებისმიერ სარჩელს.

ნათია დოლიძე
საღი აზრი
22 სექტემბერი 2016 07:54
ეს ,,ექსპერტი'' 2005 წელს სამ სხვასთან ერთად წინა ხელისუფლების მრჩევლებიდან დაითხოვეს..მას შემდეგ არ განელებია წყენა!!
ტოტოს
21 სექტემბერი 2016 17:07
ყველაფერში გეთანხმები, განსაკუთრებულად იმაში რომ კომუნიზმში დარჩენილი „ანალიტიკოსია“, მაგრამ იცი რაა? მე მინდა, რომ ისევ ოცნება მოვიდეს ხელისუფლებაში და იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს
ტოტო
21 სექტემბერი 2016 15:07
ის ვინც ამ "ექსპერტს"არ იცნობს, ვერ გაიგებს რა უნდა მასა! სახელის გარდა სახრავიც უნდა!სახრავს ოცნება აძლევს!სახელს ეს მისი"ანალიტიკური"წერილები და საჯარო გამოსვლები. 70წელს მიხწეული ანალიტიკოსი ჩვეულებრივი კომუნისტურ წყობაში ჩარჩენილი ფსიქოლოგია!იგი ვერ იტანს თავისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკოსს,მისი საყვარელი პოლიტიკური ფიგურა შევარდნაძე იყო!ეხლა მას ჩაენაცვლა ივანიშვილი!(მისი ფულები)მას პირადი ტრაგედია აქვს,გენეტიკური კოდი,მისი მამა ტარიელ საყვარელიძე მარჯანიშვილის მსახიობი გახლდათ,საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იგი ლენინს ანსახიერებდა,სხვათა შორის ამავე სპეკტაკლში სტალინს ოცნების ასევე ერთერთი გამორჩეული და ივანიშვილის ფავორიტის ტრიპოლსკის მამა სტასლინს ანსახიერებდა სპექტაკლის ბოლოს ისინი ეხვეოდნენ ერთმანეთს შეიძლება ყველაფერს ეშველოს, გენეტიკური კოდი,განუკურნე ბელია!

რედაქტორის რჩევით