"ნაცმოძრაობამ" უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობამ" უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად"

"გვარამია იყო "მოსმენების მამა" - ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს "მოსმენების მამას"

"ქართველს სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია, განსაკუთრებით ისინი ფიქრობენ, ჩამორჩენილად არ გამოჩნდნენ, ვისაც ეს რეალურად ემუქრება"

საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, კარზე მოგვადგა, შესაბამისად, წინასაარჩევნო ვითარება მეტად დინამიკური და დაძაბულია, თუმცა, თუ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდს შევადარებთ, აშკარად ბევრად მშვიდია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინათ იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და არეულობის მცდელობაზე, რომლის სავარაუდო ინიციატორადაც "ნაციონალური მოძრაობა" სახელდება. ფაქტია, რომ ბოლო ხანს შედარებით გახშირდა მცირე დაპირისპირებები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლის "მთავარი მოქმედი გმირები" არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესებს პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად შევაფასებთ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. მას თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ დიდი იტალიელი პოეტის, ჯაკომო ლეოპარდის სახელობის პირველი პრემია - ოქროს მედალი გადასცა.

- რიგითი ამომრჩევლის გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პროცესებს და რას მიიჩნევთ მის მთავარ ნაკლად?

- ჩემი აზრით, ასეთ წინასაარჩევნო გარემოში ქართველი საზოგადოება პირველად არის, გარემოში, სადაც საარჩევნო უფლებები სისტემურად აღარ ილახება. ვფიქრობ, ხელისუფლებას ღირსეულად უჭირავს თავი და მნიშვნელოვან შეცდომებს არ უშვებს. არა მხოლოდ საარჩევნოდ, არამედ ზოგადადაც ნორმალური ვითარება გვაქვს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლად თუ ოდნავ მოშორებით. ცეცხლი ბევრგანაა გაჩაღებული, საფრთხეებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველო დღეს არის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კუნძული. ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში პირველად შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მთავრობა გვყავს. მოქალაქე არჩევანის გაკეთებისას თავისუფალია, საარჩევნო სუბიექტიც ბევრია, თუმცა ცხადად ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს, ამ პროცესის ყველა დანარჩენი მონაწილე კი ერთმანეთის კონკურენტია.

- ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური ჯგუფი მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და მათი და მათი მხარდამჭერების უფლებები ხშირად ირღვევა.

- არა მაქვს ილუზია, რომ საარჩევნო პროცესი უხარვეზოდ ჩაივლის, მაგრამ აშკარაა, რომ ამას არა აქვს მასშტაბური და სისტემური ხასიათი, რასაც წინა ხელისუფლებების დროს ვხვდებოდით. როგორც უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, ისე არ არსებობს სახელმწიფო, სადაც კანონი არ ირღვევა, მაგრამ, ვიმეორებ, ამას არ უნდა ჰქონდეს დიდი მასშტაბი. საარჩევნო ხარვეზები არ უნდა იყოს ისეთი, რომ ამან შედეგზე იქონიოს გავლენა.

- თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ჯერ მმართველი პარტიის წარმომადგენლების, შემდეგ კი უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები. მათი მტკიცებით, საარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" არეულობის ინსპირირებას შეეცდება.

- რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი ამას ამბობს, ალბათ, საფუძველიც აქვს. საერთოდ რომ არც არაფერი ეთქვათ, ხომ ყველამ მოვისმინეთ, ოდესის გუბერნატორი რას ეუბნებოდა "რუსთავი 2"-ის დირექტორს, როგორ ასწავლიდა "დიდი მასწავლებელი" ოდესიდან თავის "შეგირდს" არეულობის დაგეგმვას. უარყო ეს ვინმემ? თქვეს, ჩვენ არ ვყოფილვართო?! –ფაქტობრივად, ორივემ დაადასტურა იმ საუბრის ავთენტურობა. რა თქმა უნდა, "ნაციონალებს" არეულობის მოწყობის უსუსური მცდელობები ექნებათ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

ეს ხალხი ისტორიულმა შემთხვევითობამ მოახვედრა ხელისუფლებაში და მიიჩნიეს, რომ ეს კანონზომიერი იყო. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით არ მოსულან და ახლა, როდესაც იოანე საბანისძის ნათქვამის მსგავსად "მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი" აღდგა საქართველოში, ესენი ხელისუფლების გარეშე დარჩნენ და ამით აღშფოთებული არიან, თუმცა

არეულობის მოწყობის არანაირ რესურსს, ალბათ, არ ფლობენ, გარდა ფულისა. მათ რაღაც საოცარი სინთეზი მოახდინეს სექსუალური რევოლუციისა და "შავლეგოსი" და ახლაც ვითომ ორივეს ერთდროულად ერთგულებენ. "ნაციონალებმა" ოდესის საბაჟო რუსეთთან ომის სანაცვლოდ საჩუქრად მიიღეს. ვინმეს უნახავს, რომ თავის ქვეყანაში არჩევნებში დამარცხებული, გაბითურებული და სისტემურ დანაშაულში მხილებული ხელისუფლების წარმომადგენლები წაეყვანოთ სხვა ქვეყანაში და არჩევნების გარეშე დაენიშნოთ ხელისუფლებაში?! - ეს მოხდა უკრაინაში. "ნაციონალებმა" თავიანთი ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში, ამისთვის კი ჯილდოდ ოდესის საბაჟო მიიღეს. მაგათ არც აზრი მოეკითხებათ, არც ნიჭი და გონიერება აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ უნიადაგო ამბიცია და ერთიც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად, თან ისე, რომ ამ უტიფრობით აღტაცებულიც კი არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში სიტუაციის არევის რესურსი არც "ნაციონალებს" და არც ვინმე სხვას არა აქვს.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას და წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს?

- იმის გათვალისწინებით, რა სულიერებასა და განათლებასთან გვაქვს ქვეყანაში საქმე, როგორია ჩვენი ინტელექტუალური მდგომარეობა, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური სია წარმოადგინა "ქართულმა ოცნებამ". სხვა ქვეყნებიდან, და მით უფრო მთვარიდან, ვერავის ჩამოიყვანდნენ. რა თქმა უნდა, ეს იდეალური სია არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ნორმალურია. მე ხელისუფლებისგან არ ვითხოვ ნიჭიერების აფეთქებას, ვითხოვ ნორმალურობას და საპროტესტო განწყობა მიჩნდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება არანორმალურად იწყებს მოქცევას. ბუნებრივია, როგორც ერთ რიგით ამომრჩეველს, მე უკეთესი მინდა.

- "მე ვარ იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება", - ამ სიტყვებით შემოვიდა ექსპირველი ლედი, სანდრა რულოვსი პოლიტიკურ ასპარეზზე. ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის, რომ ძალადობას აღარ გაიმეორებენ, ეს განწყობა, შეიძლება ითქვას, ლაიტმოტივად გასდევს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას. როგორ ფიქრობთ, დაუჯერებს მათ ამომრჩეველი?

- რაღა დაგიმალოთ და, ჩემს თვალსაწიერში საერთოდ არ არსებობს სანდრა რულოვსი, არც პოლიტიკოსის, არც რამ სხვა სტატუსით. რომ ვთქვი, უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი, ამის გამოვლინებაა სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაც. ჯერ ერთი, თუ იცოდი, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოძალადე იყო, მისი სიით როგორ იყრი კენჭს?! ეს ხალხი ადამიანების სისტემურ წამებაშია მხილებული, მაგრამ ეს მხოლოდ სანდრა რულოვსის პრობლემა არ არის, ეს მთლიანად ამ სექტის პრობლემაა თავისი ლიდერებითა და მხარდამჭერებით.

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო!

ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე, ასე მოვიდნენ სოციალ-დემოკრატებიც და არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალებიც". ერთი რამ აერთიანებთ პროგრესის სახელით მოსარგებლეებს, მოდიან თუ არა, მაშინვე 10 მცნების რევიზიას იწყებენ.

2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება უკვე ამაზრზენი იყო. ის, რომ ერთ ადამიანს მოესურვა და 30 წელი თავის ჭკუაზე ატარა ქვეყანა, უნდა დასრულებულიყო და თანაც ისე, რომ არ მისცემოდა დამსახურებულ პენსიაზე მშვიდად გასვლის საშუალება. ამიტომაც არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რა საშინელებაც მოჰყვა ამას. რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანი რომ გამიცოცხლონ, უარს ვიტყვი ამ მონაწილეობაზე, მაგრამ ასე არ ხდება. ეს ხალხი მერე უცებ თავს დაესხა თავის სამშობლოს და მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ამას ამბობენ ხოლმე, მაგრამ მათ საქციელში არ ჩანს ეს პასუხისმგებლობა, მე კი ჩემი პოზიციით დავამტკიცე ეს და 9 წელი ქუჩაში ვიდექი. ამპარტავნებად არ ჩამითვალოთ და, არაერთი მოწვევა მქონდა სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტიდან, მაგრამ არსად წავსულვარ.

მოკლედ, ეს ხალხი ამ ათი მცნების რევიზიას რომ იწყებს, ეს ჰგონიათ სიახლე. მე კიდევ მჯერა, რომ "ახალ აღთქმაზე" უფრო ახალი არაფერი არსებობს სამყაროში, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივისმცემელი ვარ სხვა აღმსარებლობებისა და მათთან თანაცხოვრების კულტურა გენეტიკურ მეხსიერებაში მაქვს. ჩემი პირადი სულიერი ცხოვრებაც ტოლერანტულია ყველას მიმართ, გარდა უსამშობლოო, უჯიშ-ჯილაგო, ურწმუნო, ათი მცნების "რევიზორებისა", რომლებიც მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში.

ამ ხალხს ეცოტავა ეს ჩვენი ქვეყანა, ეპატარავა სამშობლო და ეშვილნენ დიდ ქვეყნებს - ზოგი ჩრდილოეთით, ზოგიც დასავლეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ინტერესებს კი არ იცავენ იმ დიდ ქვეყნებში, არამედ იმათ ინტერესებს იცავენ ჩვენს ქვეყანაში და მერე კონფლიქტში შედიან ერთმანეთთან, რადგან ამ იმპერიების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენს ქვეყანაში და გვარწმუნებენ, რომ ან იქით უნდა მივემხროთ, ან აქეთ, ოღონდ საერთოდ არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ასე არ გაითვალისწინეს ჩვენი ინტერესები რუსეთ-საქართველოს ომში, რომლის დროსაც, საქართველოს გარდა, ყველას ინტერესები დაკმაყოფილდა.

ამ ძველ თუ ახალ "პროგრესისტებს" ისიც აერთიანებთ, რომ მათი სამიზნე ყოველთვის იყო საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი. ჯერ სოციალ-დემოკრატების თავდასხმის ობიექტი არისტოკრატია იყო. გიგლა ბერბიჭაშვილი დადიოდა კარდაკარ და ითხოვდა, ისეთი მავნებელი მოვაცილე ქვეყანას, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო და უნდა მომიმატოთ პენსიაო. ასე დაარწმუნეს იმ დემაგოგებმა, რომ თურმე ილიას გზა მოძველებული იყო, ახალი გზა კი გადიოდა სოციალ-დემოკრატიაზე, რომელიც მერე ბოლშევიზმის სახით მოევლინა ქვეყანას. ასე იყო ეროვნული მოძრაობის დროსაც, როდესაც სამიზნედ იქცა ინტელიგენცია. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელსაც მაინცდამაინც კარგად ვერ ეჭირა თავი და თუ ისე მოხდა, რომ ამ შურიანი "პროგრესისტების" მხარეს ცოტა სიმართლე მაინც აღმოჩნდა, მაშინ ეს ზვავდება და იქცევა იმად, რასაც ბატონი რეზო თაბუკაშვილი "აგრესიულ პროვინციალიზმს" ეძახდა. მაშინ ეს ძალა მზად არის წალეკოს ქვეყნის მთელი ინტელექტუალური შრე. მე დღეს სხვა იმედით ვარ, ბევრი ვიწვალეთ და ვიჯახირეთ, მაგრამ დღევანდელ ვითარებას რომ ვუყურებ, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია. არ დავიღალეთ სამართლიანობისთვის ბრძოლით და დღეს ამის პოზიტიური შედეგების კონტურებს ვხედავ.

აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ოპოზიცია, ბოლოს და ბოლოს, შედგება ამ ქვეყანაში, კვალიფიციური ოპონირება საზოგადოების განვითარების საშუალებაა. ძლიერი, გონიერი და არა ჩასაფრებული ოპოზიცია სწორედ ამისთვისაა საჭირო.

- ხედავთ ამგვარი ოპოზიციის კონტურებს?

- ჯერჯერობით, გამიჭირდება თქმა, ვფიქრობ, ამას მომავალი არჩევნები გამოაჩენს. აშკარად შესამჩნევია, რომ სხვადასხვა პარტიაში გაბნეულია ინტელექტუალური ძალები, რომლებმაც შეიძლება თავი მოიყარონ პარლამენტში.

- ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერი, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა. ოპონენტები ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს თვალთვალი და ფარული მოსმენები.

- ეს ჩანაწერი არც მომისმენია და არც მოვუსმენ, არ მაინტერესებს. სხვათა შორის, ამ საკითხზე ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამირეკეს, არადა, წინადღეს ილიას მკვლელობის დღე იყო და მე და ჩემი მეგობრები, ახალგაზრდებთან ერთად, წიწამურში, შემდეგ ილიას სახლ-მუზეუმში, საგურამოში ავედით, ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ ჟურნალისტს, რომელმაც მკითხა, რას ფიქრობთ ბურჭულაძე-გვარამიას ჩანაწერზეო, ვუპასუხე, ილია ჭავჭავაძეზე არაფერი გიკითხავთ და გვარამია-ბურჭულაძის საუბარი რაში მაინტერესებს-მეთქი.

გვარამია იყო "მოსმენების მამა" - ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს "მოსმენების მამას". ხომ ვთქვი, უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი. ჩემი აზრით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ ამ ჩანაწერის წარმომავლობა, ისიც, როგორ მოხვდა ის საჯარო სივრცეში და აღკვეთონ დროულად მსგავსი შემთხვევები. საქართველოში ხვალინდელი დღე მოსმენებისა და დასმენების გარეშე უნდა გათენდეს!

"ნაციონალურმა მოძრაობამ" უკანონობისა და უზნეობის ისეთი მასშტაბური სისტემა შექმნა, რომ ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის დაყენება რთულია და, როგორც ჩანს, ზოგიერთ სამსახურში კვლავაც დარჩნენ იმ რეჟიმის ნარჩენები. გადაცდომები მომავალშიც იქნება, ალბათ, თუმცა დროულად რეაგირებაა ამაზე საჭირო. "ნაციონალებმა" განსაკუთრებით სამართალდამცავებს იმდენი მავნებლობა ასწავლეს 4 წელიწადში, ამის ამოძირკვა ძნელი იქნებოდა.

- დიდი რეზონანსი მოჰყვა გიორგი ხაინდრავას ფილმს "ჰეროკრატია". საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია ფილმით, მით უფრო, მისი წინსაარჩევნო ჩვენებით.

- არ მესმის ამ აღშფოთების, თან თუ დააკვირდებით, ის ხალხია აღშფოთებული, ვინც იმ ცხრა წლის განმავლობაში, ანუ რეალურად როცა ხდებოდა ეს უბედურება, არ აღშფოთებულა. დაბმული ადამიანების ცემა, გაუპატიურება, ათასი უზნეობა... ფილმისთვის კი არ გამოიგონეს, მართლა ხდებოდა ეს ყველაფრი, "ნაციონალებმა" 21-ე საუკუნეში მოხერხეს თავი ქართული კულტურის ისტორიას. მე ფილმის გადაღებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვფიქრობ, მომხდარის მიჩქმალვისა და დამალვის უფლება არც გვაქვს. გაიხსენეთ გერმანიის მაგალითი, გერმანელმა ხალხმა არ დამალა ის საშინელება, რაც მოხდა და ამით გადარჩა, განიწმინდა ცოდვისგან და დღეს ღირსეულად გამოიყურება გერმანელი ხალხიც და სახელმწიფოც.

- მმართველ პარტიას ჩვენში ხშირად პიარს უწუნებენ.

- სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლების ღირსება მგონია, რომ იმ ქათამივით არ იქცევა, კვერცხს რომ დადებს და მერე კაკანებს.

ვისაც რაიმეს გაგება უნდა, გაიგებს, უმადური ადამიანი კი მაინც არაფერს შეუშვებს ყურში, რამდენიც უნდა ელაპარაკო. არ ვიცი, ჯანდაცვაში გატარებული რეფორმით გადარჩენილი უამრავი ადამიანი, C-ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ათასობით მოქალაქე, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები თუ ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, მათ რა პიარი უშველის?!

ერთსაც ვიტყვი - ქართველს სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია, განსაკუთრებით ისინი ფიქრობენ, ჩამორჩენილად არ გამოჩნდნენ, ვისაც ეს რეალურად ემუქრება, ამიტომაც სულ რაღაც პოლიტკონიუნქტურაში ეტენებიან. ამისთვის კი მაღლა უნდა იდგნენ იმაზე, რაც ხდება, სიკვდილ-სიცოცხლესა და ღმერთზეც კი მაღლა... ამიტომაც პოზა აქვთ ასეთი, არაფერი მოსწონთ, თან ისე იქცევიან, თითქოს უდიდესი ღვაწლი აქვთ გაწეული ქვეყნის მშენებლობაში და უკმაყოფილო არიან, რომ ამ ნაღვაწის შედეგს ვერ ხედავენ. უმადურობას გამოხატავენ ადამიანები, ვისაც თითი თითზე არ დაუკარებიათ ცხოვრებაში. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, ეს გამუქთახორებული ბალასტი, საერთაშორისო მოდურ პოლიტკონიუნქტურაშია შეყუჟული და იქიდან გვიკიჟინებს. ზოგადადაც, ჩვენი ეპოქა ხასიათდება პოლიტკორექტული დიქტატურით ლიტერატურაშიც, ცხოვრებაშიც და, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც.

ჩვენი დროის კიდევ ერთი "ტრენდია" ის, რომ ყველაფრისგან გათავისუფლება მოინდომა ადამიანმა, უფრო სწორად, უკარნახეს, რომ ესაა ახლა მოდური ტენდენცია. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, როდესაც თავშეკავების ისტორია კულტურის ისტორიად გადაიქცა, თურმე უნდა დავივიწყოთ. თურმე ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ზნეობისგან, იმისგან, რამაც ის ადამიანად აქცია. ილიას მკვლელობის დღეს საგურამოში ვთქვი, რომ ეს "ქართული წითელი პარასკევი" უნდა ვეცადოთ და ვაქციოთ ილიას უკვდავების დღესასწაულად. დღეს უნდა გამძაფრდეს განცდა იმ ტრიადის, რაც ილიამ ფარზე აიტანა: "მამული, ენა, სარწმუნოება". ილია უნდა შემოდიოდეს ჩვენს ცნობიერებაში, ოჯახებში, სასწავლო კაბინეტებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, ესაა ჩვენი გზა. თავისუფლებისგან არ უნდა გავთავისუფლდეთ და უნდა დავრჩეთ თავისუფალ ადამიანებად!

ნათია დოლიძე