"შესაძლო პროვოკაციის სცენარი ასეთია..."
26-09-2016
"შესაძლო პროვოკაციის სცენარი ასეთია..."
"ბიძინა ივანიშვილმა შოკური თერაპია ჩაუტარა პოლიტიკურ კომაში ჩავარდნილ დავით უსუფაშვილს"

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სახელმწიფოს კუჭის წყლულია, "კოლექტიური მურუსიძე" ავთვისებიანი სიმსივნეა"


"ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია. შეიძლება იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის თაობაზე ჩვენი პოზიცია გავაცანით მთავრობას. ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც", - განაცხადა ჩვენში მიმდინარე საარჩევნო პროცესების შეფასებისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. სხვა დამკვირვებელთა უმრავლესობაც თანხმდება, რომ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობითა და კონკურენტული საარჩევნო გარემოთი გამორჩეულია. აშშ-ის ელჩის განცხადება ჩვენში ბევრმა მიიჩნია გზავნილად მათთვის, ვინც, შესაძლოა, ქვეყანაში არეულობის ინსპირირებას სწორედ არჩევნების არადემოკრატიულობაზე აპელირებით გეგმავს. დღე არ გავა, მმართველმა პარტიამ ამგვარ სურვილებში "ნაციონალური მოძრაობა" არ დაადანაშაულოს.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში
პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილი ვითარება პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისად შეაფასა. რას გულისხმობდა ბატონი გია ამ შეფასებისას? ამას მისი ინტერვიუდან შევიტყობთ:

- ამის თქმის საფუძველს მაძლევს წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული კვლევები, რომელთა მიხედვით, ამომრჩევლის ლამის 60% არ ახდენს იდენტიფიცირებას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, წავა თუ არა არჩევნებზე და ისიც, ვისაც წასვლა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია. ეს მიანიშნებს, რომ პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ამომრჩეველთან კომუნიკაციას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია.

ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ პარტიებს პოზიტიური გზავნილები, ფაქტობრივად, არ აქვთ. ისინი კონცენტრირებული არიან ნეგატივზე, ანუ ერთმანეთის განქიქებაზე. მათი გზავნილი ამომრჩევლისადმი არის, რომ მან გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.
არავინ ამტკიცებს, რომ ის საუკეთესოა. მათი გზავნილი ასეთია: სხვა ჩემზე უარესია! არადა, ამომრჩეველს აქვს კონკრეტული პრობლემები და პარტიებისგან ამ სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პრობლემების გადაჭრას ელოდება. ჩემი თვალთახედვით, პოლიტიკური ელიტის ქმედებებსა და ამომრჩევლის სურვილებს შორის ღრმა უფსკრულია.

- თუმცა წინა საპარლამენტო არჩევნებს­ თუ გავიხსენებთ, დღეს ვითარება უფრო დემოკრატიული და კონკურენტულია...
- ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დღეს საარჩევნო გარემო უფრო თავისუფალია, იმასთან შედარებით, რაც იყო. ვხედავთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მაქსიმალურად დისტანცირებულია საარჩევნო პროცესისგან, მედიასივრცეშიც უფრო კონკურენტული გარემოა, თუმცა
არა იმიტომ, რომ მედია პოლიტიკური გემოვნების მიხედვით განაწილებული არ არის, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ალტერნატივა, რაც აბალანსებს ვითარებას. არის კითხვის ნიშნებიც. ვფიქრობ, რომ ეგზიტპოლის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით ოთხი ტელევიზია უცნაურად დაჯგუფდა, თანაც ვნახეთ, როგორ გადაიცა მმართველი პარტიის პროგრამის პრეზენტაცია ოთხივეს ეთერში, მათ შორის - "საზოგადოებრივ მაუწყებელზეც", რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ამ ტელევიზიებს პოლიტიკური სიმპათია აერთიანებს. ასეც რომ იყოს, რადგან არსებობს "რუსთავი 2", რომელიც ალტერნატიულ პოლიტიკურ ჯგუფთან არის აფილირებული, მედიასივრცეში კონკურენტუნარიანი ვითარება შენარჩუნებულია. გვახსოვს, რომ "ნაციონალების" მმართველობისას მთელი სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ და მხოლოდ მცირე დაფარვის ტელეარხები ცდილობდნენ საზოგადოებამდე ალტერნატიული აზრის მიტანას. დღეს განსხვავებული ვითარებაა - გაჩნდა ახალი ტელეარხები და ინფორმაციის დისტრიბუციის ახალი საშუალებები. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზების ხარისხი დღეს უფრო დაბალია, რაც ძალიან კარგია. დიახ, წინასაარჩევნო გარემო უკეთესია, მაგრამ აქ გამოჩნდა მეორე პრობლემა - პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს შექმნილ ვითარებას, ვერ იყენებს ამ თავისუფლებას და ვერ ეხმიანება იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შედარებით დალაგებულ საარჩევნო ვითარებას პოლიტიკურმა ძალებმა ვერ აუღეს ალღო და კვლავაც ძველებური, ნეგატივზე აგებული ხერხებით ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებას...
- აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გაიზარდა, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე დაფიქრდა, გაუჩნდა პოზიტივის მოთხოვნილება, პოლიტიკური ელიტა დარჩა იქ, სადაც იყო.
აშკარად არის იდეების დეფიციტი. დასაბუთებული იდეები მაქვს მხედველობაში, თორემ ვირტუალური კეთილდღეობის დაპირება ყველას შეუძლია. სამწუხაროდ, ეს შეეხება არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, არამედ ხელისუფლებასაც.

- დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" დაემსგავსა...
- არ მინდა "ქართული ოცნება" შევადარო "ნაციონალურ მოძრაობას". ბევრი ასპექტით ეს ორი ძალა ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. "ოცნება" უფრო ჰუმანური და დემოკრატიული პოლიტიკური ძალაა, თუმცა ზოგიერთი ტენდენცია შემაშფოთებელია.
ამ კონკრეტულ საკითხში, ვფიქრობ, უსუფაშვილის ეს განმარტება ახლოს არის რეალობასთან.

ყველაზე მეტად არ მომწონს განმარტებები იმის თაობაზე, თუ ვინ გათავისუფლდა "ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან და ვინ - არა. ბიძინა ივანიშვილი გათავისუფლებულს ეძახის იმას, ვინც არ აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას და იმ ბანაკიდან ამ ბანაკში უხმაუროდ ისკუპა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანაკიდან ბანაკში გადასული ადამიანი არ არის თავისუფალი, მან მხოლოდ პატრონი შეიცვალა. ამიტომ არის მისთვის მისაღები მურუსიძე თუ დეპუტატობის ის კანდიდატები, რომლებმაც 2012 წელს, ცოცხების ფონზე, მე-5 ნომრით იყარეს კენჭი, ახლა კი 41-ე ნომრით მონაწილეობენ არჩევნებში....

ესენი არიან ადამიანები, ვინც ქმნიან "კოლექტიურ მურუსიძეს" და პოლიტიკურად გარყვნილები ერთი ხელისუფლებიდან მეორის რიგებში დაუფიქრებლად გადადიან. ისინი ქმნიან მანკიერ სისტემას, რაც რყვნის ხელისუფლებას.
დღეს "კოლექტიური მურუსიძე" უფრო საშიშია ხელისუფლებისთვის, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" თანამიმდევრული მხარდამჭერები. სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სახელმწიფოს კუჭის წყლულია, "კოლექტიური მურუსიძე" ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მთელ სახელმწიფოებრივ სხეულს აზიანებს და მისი განკურნება ცოტა ხანში შეუძლებელი იქნება... თუ დღეს ხელისუფლება "კოლექტიური მურუსიძის" მძევალია, ხვალ მსხვერპლად იქცევა.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ დავით უსუფაშვილმა კვირიკაშვილისა და ივანიშვილისადმი მიწერილი წერილი გამოაქვეყნა...
- ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, არ ვაპირებ რესპუბლიკურ პარტიაზე ლაპარაკს, მხოლოდ დავით უსუფაშვილზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. არ მიმაჩნია, რომ მასზე ივანიშვილის შეტევა სამართლიანი იყო. უსუფაშვილის მიმართ შეიძლება გვქონდეს ბევრი პრეტენზია, მაგრამ მას ვერ წავართმევთ იმას, რომ აქვს სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი, მაღალი კვალიფიკაცია და მისი დონის პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებაში" ძნელად საპოვნელია. ჩემი აზრით, ის დიდ კომფორტს უქმნიდა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილსაც, ამიტომ ასეთი აგრესიული შეტევა, ჩემი აზრით, სამართლიანი არ იყო. ვერ გავამტყუნებ უსუფაშვილს, რომ ისიც კი - მშვიდი, წყნარი ადამიანი, გამოვიდა წყობიდან და პოლემიკაში ჩაერთო.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა რესპუბლიკური პარტიის სასიკეთოდ იმუშავა. ბიძინა ივანიშვილმა შოკური თერაპია ჩაუტარა პოლიტიკურ კომაში ჩავარდნილ დავით უსუფაშვილს.

წინასაარჩევნოდ რესპუბლიკურ პარტიას პულსი არ ესინჯებოდა და აი, შოკიდან გამოყვანის უნივერსალური საშუალება გამოიძებნა.
ჩემი აზრით, რესპუბლიკურმა პარტიამ პოლიტიკურად მხოლოდ მოიგო. სხვათა შორის, ასეთი რამ აქამდეც მომხდარა - ივანიშვილის შეცდომა სახელმწიფოსთვის პოზიტივის მომტანად ქცეულა. შესაძლოა, ახლაც რაღაც ასეთთან გვქონდეს საქმე...

- როგორ შეაფასებთ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებას? მან პოზიტიურად შეაფასა წინასაარჩევნო კამპანია. აშშ-ის ელჩის განცხადება ბევრმა მიიჩნია გზავნილად მათთვისაც, ვინც, შესაძლოა, ქვეყანაში არეულობის ინსპირირებას სწორედ არჩევნების არადემოკრატიულობაზე აპელირებით გეგმავს...
- შესაძლოა, იყოს ამაში ლოგიკა, თუმცა მე ასე შორს არ წავიდოდი. ბატონმა ელჩმა თქვა ის, რაც რეალობაა. სიმწვავე, ზღვარგადასული დაპირისპირება, სოციალური ბაზა პროცესების დაძაბვისთვის დღესდღეობით არ ჩანს. როდესაც ადამიანი გვერდიდან უყურებს ამ ყველაფერს, ბუნებრივია, პროცესი მოსწონს და მოეწონა ბატონ კელისაც. ყველაფერი ცივილიზებულად მიდის, კრიზისი არ შეიმჩნევა, პაექრობა მედიასივრცეშია და არა - ქუჩაში...

საარჩევნო პროცესშია ჩართული ამერიკაც და იქ ვითარება ძალიან დაძაბულია, შესაბამისად, მგონი, ჩვენთან მართლაც უფრო ცივილიზებული ვითარებაა, ვიდრე ტრამპისა და კლინტონის დაპირისპირების შემთხვევაში, ოღონდ - ჯერჯერობით...
სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის პრობლემა, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ იჩინოს თავი. საქმე ის არის, რომ
ამომრჩევლის ასეთი ნიჰილისტური განწყობის გამო შეიძლება ჩვენ მივიღოთ დაბალი ლეგიტიმაციის, ანუ ამომრჩევლის უმცირესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, რაც, შესაძლოა, პოსტსაარჩევნო რისკის შემცველი გახდეს.

- რა ტიპის რისკს გულისხმობთ? თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" პოსტსაარჩევნოდ არეულობის ინსპირირებას გეგმავდეს?
- რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არეულობის ინსპირირებას, რაზეც "ქართული ოცნება" აპელირებს, მინდა, ისინი დავამშვიდო - შეუძლებელია, ერთმა პარტიამ მოახერხოს სერიოზული კრიზისის შექმნა, თუ მას საზოგადოების უმრავლესობა არ უჭერს მხარს.
რევოლუციის ფორმირება ხდება მოქალაქეთა უკმაყოფილების ზღვარზე. პოლიტიკური პარტიები ამას მხოლოდ მიმართულებას აძლევენ. დღევანდელი მდგო­მარეობით, "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის ინსპირირების შესაძლებლობა და რესურსი არა აქვს, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს არ სურთ.
თუ რამე ამის მსგავსი მოხდა, ამის მიზეზი ხელისუფლებამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

თუ "ქართულ ოცნებას" სურს, კრიზისი თავიდან აიცილოს, მგელი, მგელიო, კი არ უნდა იძახოს, ის სოციალური რისკები უნდა დააზღვიოს, რაც არსებობს, საზოგადოების პრობლემებზე იფიქროს და ილაპარაკოს და არა - შეთქმულების თეორიებზე.

შეცდომა მგონია, ივანიშვილიც და ხელისუფლებაც ისევ შუას გაკრეფას რომ ცდილობენ და უნდათ, საარჩევნო პროცესი ისევ ორპოლუსიანად აქციონ. ეს, შესაძლოა, მათთვის ფატალური აღმოჩნდეს...

როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზეა ლაპარაკი, მე პროცესების განვითარების ასეთ სცენარს ვხედავ:
პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყება, თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, გაატარა ორპოლუსიანი პოლიტიკა და ამის შედეგად მხოლოდ ორი პარტია მოხვდა პარლამენტში. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი გამარჯვება კი არ არის, არამედ ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შეცვლაა, მან შესაძლოა, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას არჩევნების ტოტალური გაყალბების მომიზეზებით. ამ აზრს აუცილებლად გაიზიარებენ სხვა პარტიებიც, რომლებიც, ბუნებრივია, შედეგით იქნებიან უკმაყოფილო. თუ პროცესების ქუჩაში გადატანა მოახერხეს, მათ აუცილებლად შეუერთდებიან როგორც მომხრეები, ასევე ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ წავა და პარლამენტს თავის არჩეულად არ მიიჩნევს... ამ ყველაფრის მართვა "ნაციონალებს" რომ შეუძლიათ, ვიცით. ისინი ხელისუფლებას დატოვებენ პოლიტიკურ იზოლაციასა და ჩიხში, საიდანაც გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება. ვიმეორებ, თუ "ნაციონალებისგან" რამე პროვოკაციას ველოდები, სწორედ ამგვარს... "ნაციონალური მოძრაობა" ამაზე წამსვლელი რომ არის, ეჭვიც არ მეპარება.

ხელისუფლება, რომელიც ამგვარ რისკებს არ ითვლის, ცდება. სამწუხაროდ, მე ისე ვხედავ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ამას არ ითვლიან. ასე რომ არ იყოს, მაშინ პოლიტიკურ ელიტაში პარტნიორების ძებნას ეცდებოდნენ და მათ ლანძღვას არ დაიწყებდნენ.

სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, ნებისმიერ ფასად მოახერხონ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორება. ამას მოწმობს სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, თუმცა მე სკეპტიკურად ვუყურებ მათ რესურსს, თუ ისევ ხელისუფლებამ არ დაუშვა შეცდომები. პროცესის განვითარების სახიფათო სცენარზე უკვე ვილაპარაკე, თუმცა იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ვარაუდად დარჩება...

- ახლახან გამოქვეყნდა ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის, Wilson Perkins Allen Research -ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", 16% - "პატრიოტთა ალიანსს", 12% კი - "ნაციონალურ მოძრაობას..."
- ეს შედეგები ჩემთვის არადამაჯერებელია, უპირველესად იმიტომ, რომ კვლევის ავტორები ამტკიცებენ, კვლევა არავის დაკვეთით არ ჩაგვიტარებიაო. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ძნელია, ირწმუნო, რომ ამერიკაში ვიღაცას უცებ მოუნდა, ჩამოვიდა საქართველოში, დახარჯა ფული და ჩაატარა კვლევა. ამას ხომ ბავშვიც არ დაიჯერებს! ეს საქმე ამგვარი კომპანიებისთვის არის ბიზნესი და როგორც წესი, თავისი ინიციატივით არავინ არაფერს იკვლევს. გარდა ამისა, ყველა ბოლოდროინდელ კვლევასთან შედარებით ამ კვლევის შედეგები აცდენილია იმ რეალურ ტენდენციებს, რაც ჩვენში იკვეთება. მეტს ამ კვლევაზე არაფერს ვიტყვი.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრების გამოქვეყნებას და ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წაყენებას. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს უფრო საარჩევნოდ გათვლილი ნაბიჯი იყო, ვიდრე - რეალურად სამართლიანობის აღდგენის მცდელობა...
- გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს მაინცდამაინც არჩევნებისთვის და პოლიტიკური მიზნით მოხდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს დანაშაული ჩვენ პირდაპირი ეთერით ვნახეთ და მის გამოძიებას ამდენი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. მაქვს კითხვები. პირველი: რატომ ხდება, რომ, ფაქტობრივად, არც ერთი ახალი ფიგურანტი არ გამოჩნდა ამ საქმეში? ასამართლებენ ან იმათ, ვინც უკვე ციხეშია, ანაც ქვეყნიდან არის გაქცეული... ეს ყველაფერი ამიტომაც ტოვებს ფარსის შთაბეჭდილებას.
ჩემი მეორე კითხვა სულხან მოლაშვილის ტრაგედიას ეხება. ვინ გაასამართლა თავის დროზე ეს ადამიანი და რატომ არ დაისაჯა აქამდე?!
კითხვის პირველ ნაწილზე მე გიპასუხებთ: ეს ისევ და ისევ მურუსიძეა. მეორე ნაწილს კი ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი...

- საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ის საკმაოდ მკაცრი იყო რუსეთის მიმართ. თავისი სიტყვის დიდი ნაწილი მან სწორედ ოკუპაციაზე ლაპარაკს დაუთმო...
- ვფიქრობ, ეს გამოსვლა რომ არ ყოფილიყო წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, პრემიერის რიტორიკა ცოტა სხვაგვარი ყოფილიყო. მოგეხსენებათ,
დღევანდელი ხელისუფლება უფრო დაბალანსებულ პოლიტიკასა და რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული და რუსეთთან აგრესიულ კონფრონტაციას ერიდება, რაც მე სწორი მგონია. თუმცა წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების გასაგონად, როგორც ჩანს, ასეთი სიტყვის წარმოთქმა უფრო სასარგებლოდ მიიჩნია კვირიკაშვილმა.
ერთიცაა - დღეს მსოფლიო ისეთ ცეცხლშია გახვეული და იმგვარი ტრანსფორმაციის პროცესშია, სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემებისთვის არავის სცალია...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით