"პარლამენტში "ოცნება" 100 კაცს გაიყვანს, "ნაციონალები" კი - 25-ს..." - კვირის პალიტრა

"პარლამენტში "ოცნება" 100 კაცს გაიყვანს, "ნაციონალები" კი - 25-ს..."

"როდესაც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი აქ არეულობას გეგმავს, პრევენციისთვის აუცილებელიც კია საეჭვო პირების მოსმენა"

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, პოლიტიკური დაპირისპირება პიკს აღწევს. გასული კვირა ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დესტაბილიზაციის მცდელობაზე გაკეთებული განცხადებების პარალელურად, ვისმენდით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რიგ შემთხვევაში ზღვარგადასულ, აგრესიით სავსე მუქარას ქვეყანაში დაბრუნებასა და არჩევნების შედეგების დაცვის შესახებ. იმავდროულად, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე, ჩანაწერში ისმის სისასტიკით სავსე ფრაზებიც. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადგენილა და არც ის, როგორ მოხვდა აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში. განვლილ წინასაარჩევნო პერიოდსა და პროცესების სავარაუდო განვითარების ვერსიებზე გვესაუბრება სოციოლოგი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე:

- წინა ხელისუფლებების დროს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით წელს საარჩევნო გარემო თვისებრივად განსხვავებული და შეუდარებლად უკეთესია. კონკურენციისა და ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნის ფუნდამენტური პრინციპი მეტ-ნაკლებად დაცულია. შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო საარჩევნო პროცესის მომსწრე ვართ, ვინაიდან პოლიტიკურ ძალებს - საარჩევნო სუბიექტებს სხვადასხვა რესურსი აქვთ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, რაც საერთოდ მთელ პროცესს კონკურენტუნარიანს ხდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხედოთ ქუჩაში და თუნდაც იმავე წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დიდ ვიზუალურ განსხვავებასაც დავინახავთ. უამრავ ბანერსა და პოსტერზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხედავთ და ის მავნე ტრადიცია, რომლის თანახმადაც აქამდე საუკეთესო ადგილებს, როგორც წესი, ითვისებდა მმართველი პარტია და ქუჩაში დიდწილად მხოლოდ მის სარეკლამო პროდუქციას ვხედავდით, დარღვეულია.

გაცილებით მაღალი ხარისხისაა პარტიების მედიაწვდომაც. 2012 წლის არჩევნებთან შედარებით აქაც დიდია განსხვავება.

- გასულ კვირას კომპანია JPM შტრატეგიც შოლუტიონს-მა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები "გორბიმ" ჩაატარა და მისი შედეგების მიხედვით კვლავაც ძალიან დიდია იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელმაც გადაწყვეტილება ჯერაც ვერ მიიღო ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე და 41%-ს შეადგენს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?

- ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოკითხულთა ამ რაოდენობაში გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული. როგორც წესი, ამგვარი გამოკითხვებისას ბევრი სხვადასხვა მოტივით მალავს თავის გადაწყვეტილებას, ნაწილი კი საბოლოო გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან იღებს. ერთ-ერთ გერმანელ სოციოლოგს ამგვარი თეორიაც კი აქვს, რომ ამომრჩევლის 5% არჩევანს არჩევნების დღეს აკეთებს.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამომრჩეველს ბევრ პოლიტიკურ პარტიას შორის უწევს არჩევანის გაკეთება და თავად პოლიტიკური პარტიებიც ვერ გამოიყურებიან მაინცდამაინც დამაჯერებლად.

პაატა ბურჭულაძის მოძრაობის მაგალითზე ეს ძალიან კარგად ჩანს. როგორ არ დაიბნევა ამომრჩეველი, როდესაც ხედავს, რომ სრულიად გაუგებარი პროცესები ხდება, ვიღაცები შედიან პარტიაში, მერე გამოდიან, გაერთიანება იქმნება და იქვე იშლება, მერე ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს...

- თქვენი აზრით, ამომრჩევლის დაბნეულობის მიზეზი პოლიტიკური პარტიების არასწორად შერჩეული გზავნილებიც ხომ არ არის?

- არასწორად შერჩეული კი არა, ზოგიერთს საერთოდ აქვს კი ჩამოყალიბებული გზავნილები? მაგალითად, რა არის ბურჭულაძის მოძრაობის მთავარი სათქმელი? - მე ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. ამ პოლიტიკური ძალისგან გვესმის მხოლოდ ფონური შეტყობინებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი ეროზიის პროცესის გამომხატველია. მე მათგან ჯერაც ვერ მოვისმინე რაიმე კონცეპტუალური დაპირება.

პოლიტიკური სუბიექტების დაპირებები ძალზე პრიმიტიულია, იმეორებენ იმას, რასაც ადრე ამბობდნენ.

კონკურენტული უპირატესობების დემონსტრირება ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ გააჩნია, როგორ აკეთებ ამას. სასურველია, საერთოდ არ ახსენო ოპონენტი შენს კამპანიაში და ყველაფერი პოზიტივზე ააგო. ამის ნაცვლად, მაგალითად, "ეროვნულმა ფორუმმა" რიცხვ 26-თან დაკავშირებული რაღაც დეპრესიული კლიპი გადაიღო, რაც ყოვლად გაუგებარია. პოლიტიკური პარტიები საკუთარი ლიდერების ფილოსოფიურ კონცეფციას კი არ უნდა ეყრდნობოდნენ, არამედ იმ მოთხოვნებს, რაც ბაზარზეა.

არც ერთ ქვეყანაში ამომრჩეველი ხმას არ აძლევს დეპრესიას, უიმედობასა და ისტორიის გააზრების ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებს. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, ვინ რა გზას სთავაზობს არსებული პრობლემების გადასაჭრელად... სამწუხაროდ, ამ შეთავაზებებში ჩვენთან პრიმიტივიზმი შეიმჩნევა, პოლიტიკური პარტიები პენსიის მატების იქით არ წასულან.

შედარებით გამორჩეულია "ქართული ოცნების" პროგრამა და შესაბამისად, დაპირებებიც, რომლებშიც ჩანს ქვეყნის სწრაფი განვითარების პერსპექტივები, მაგალითად, ეკონომიკური ლიბერალიზაციის გზით. "ოცნების" ეკონომიკური ნაწილის ავტორების აზრით, მოგების გადასახადის გაუქმებით გამოთავისუფლებული რესურსებით შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, დებენ პირობას, რომ განახორციელებენ გიგანტურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ გზითაც დასაქმდება ათასობით მოქალაქე. ქვეყანაში გააქტიურდა ტურიზმი და არ არის საფუძველს მოკლებული დაპირება, რომ ამ დარგში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მოკლედ, "ქართული ოცნების" შემთხვევაში, შეგვიძლია ლაპარაკი რაციონალურ და არაპოპულისტურ მიდგომებზე.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტიკური პარტიები ხშირად ავლენენ ხოლმე არა მხოლოდ თავის მისწრაფებას, არამედ კომპლექსებსაც. მაგალითად, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" კლიპები, სადაც ბაქრაძე თუ რატიანი ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ გააუქმებენ საჯარიმო სანქციებს, გაატარებენ ჰუმანურ და ლიბერალურ პოლიტიკას, რომ ბიზნესს გაათავისუფლებენ და ა.შ. შეცდომაა არჩევნების დროს ბოდიშების ხდა, ეს დამაჯერებლობას არავის შემატებს. ამას ემატება სანდრა რულოვსის ექსტრავაგანტური გამონათქვამები, რომ თურმე მიშას თვალებში ჩახედა და მიიღო დაპირება, რომ ეს აღარ განმეორდება და ა.შ. ეს რომ გაეკეთებინათ 3 წლის წინათ, დაეწყოთ კათარზისის პროცესი, ამას აზრი ექნებოდა, მაგრამ ახლა ასე კონიუნქტურულად ლაპარაკი, გვაპატიეთ და მეტს აღარ ვიზამთო, ძალიან არადამაჯერებელია.

- ეგზიტპოლების მოსალოდნელ ომზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ...

- რაც შეეხება ეგზიტპოლებს, არა მგონია, ამას რაიმე სერიოზული შფოთი მოჰყვეს. საქმე ის არის, რომ კომპანია GFK, რომელსაც "რუსთავი 2"-მა დაუკვეთა ეგზიტპოლი, დისკრედიტირებულია. ის აძლევს საშუალებას "ნაცმოძრაობას", მისი სახელით ისარგებლოს, BCG, რომელიც საველე სამუშაოებს ჩაატარებს ამ კომპანიისთვის, ისევე როგორც IPM, "ნაცმოძრაობის" მიერ დაფინანსებული და წახალისებულია. რაც შეეხება "გორბის", რომელიც ოთხი ტელევიზიის მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლის საველე სამუშაოს შეასრულებს, მისი რეპუტაცია სულ სხვაა, ის ამ ხნის განმავლობაში არ ეკარებოდა არც პოლიტიკურ და არც ბიზნესსუბიექტებს და ძირითადად კვლევებს უცხოელი პარტნიორების, ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით ატარებდა. მისი რეპუტაცია ბევრად უმწიკვლოა და ჩემ წინაშე არ დგას დილემა, რომელ კვლევას დავუჯერო და ვის ვერწმუნო. ისე კი, მთავარი საზომია არა რომელიმე კვლევა, არამედ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები.

- თუმცა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, სარწმუნო მხოლოდ "რუსთავი 2"-ის დაკვეთილი ეგზიტპოლი იქნება და თუ ის არ დაემთხვა ცესკოს შედეგს, ლამის წარღვნით იმუქრება...

- ნაცნობი სიმღერაა, რომ "რუსთავი 2" ღაღადებს სიმართლეს, მიხეილ სააკაშვილი კი ღმერთია და ა.შ. ამის სერიოზულად განხილვა არ შეიძლება. სააკაშვილი ახლა მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციების მოწყობითაა დაინტერესებული, ბოლო მოვლენები ამას ცხადყოფს. სულ არ მიკვირს მისი თავხედური მცდელობა, არიოს აქ ვითარება. გაიძახის, ჩამოვალ საქართველოშიო. სააკაშვილის ეს ბოდვა შიზოფრენიისა და პროვოკაციის ზღვარზეა, რისი კომენტირებაც საჭიროდ არ მიმაჩნია. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს არეულობის განცდის გაჩენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არანაირი დესტაბილიზაცია ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანას არ ემუქრება.

მიკვირს, საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომ არ უგზავნის საპროტესტო ნოტას უკრაინის მთავრობას, რომლის დიდმოხელე სხვა ქვეყნის საქმეებში ასე თავხედურად ერევა.

მოკლედ, პროვოკაციის მცდელობებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სერიოზულ ფორმას არ მიიღებს.

- რა ეგზიტპოლი შეიძლება გამოაქვეყნოს "რუსთავი 2"-მა, თქვენი აზრით, გაბედავენ და "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვებულად გამოაცხადებენ?

- თუ GFK-მ საერთოდ უარი თქვა საკუთარ პერსპექტივასა და რეპუტაციაზე, მაშინ, ალბათ, გაბედავენ, თუმცა მეეჭვება.

მე უფრო მგონია, გამოაგდებენ შედეგებს, სადაც "ქართული ოცნება" იქნება პირველი, მაგრამ "ნაცმოძრაობასთან" ძალიან მცირე სხვაობით, თუმცა, იმავდროულად, წინ წამოსწევენ იმ პოლიტჯგუფების პროცენტებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მუშაობენ,

მაგალითად, ლეიბორისტული პარტიისას, რომელიც დიდი ხანია გაყიდულია. შესაძლოა, საპროტესტო განწყობისკენ წააქეზონ სხვა ძალებიც, რომლებიც მათი ეგზიტპოლით გადალახავენ ბარიერს, რეალურად კი ვერა. "ნაციონალური მოძრაობა" ასე შეეცდება, ეს ძალები საკუთარ სიტუაციურ მოკავშირეებად აქციოს. ასეთი პოლიტიკური ვერაგობა უფროა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის სტილში.

- გასულ კვირას გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ ჩანაწერი მონტაჟია და ხელისუფლებამ გამოაქვეყნა. საინტერესოა, ვის შეიძლება აწყობდეს ამგვარი ჩანაწერებით მანიპულირება და თუ ეს ხელისუფლებაა, ამგვარი მოქმედებით "ნაციონალურ მოძრაობას" ხომ არ ემსგავსება?

- არა მგონია, ვინაიდან ჩანაწერის გამოქვეყნებას შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს. სულ არ არის გასაკვირი, რომ მისი გავრცელება გარკვეული დოზით სხვადასხვა ძალას აწყობდეს. მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც ჩანაწერის გავრცელებით შესაძლოა ცდილობს წარმოაჩინოს თავი ისე, რომ ის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ აქტორია და რაღაც პროცესების ინიცირება შეუძლია, აქვს გავლენა და დესტრუქციის რესურსი. "ოცნებასაც" აძლევს ხელს ამგვარი ჩანაწერის გამოქვეყნება. საქმე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციულ ძალად კარგა ხანია იდენტიფიცირებულია, არც ეს ჩანაწერებია პირველი... შესაბამისად, "ქართული ოცნება" ამგვარი ჩანაწერებით, შესაძლოა, ცდილობს თავი წარმოადგინოს როგორც სტაბილურობის შენარჩუნების გარანტმა.

დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მიუღებელი სწორედ დესტაბილიზაციაა, შესაბამისად, "ოცნებას" ამგვარი პოზიციონირება დაეხმარება საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასა და ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობაში. რაც შეეხება იმას, უნდა უსმენდეს თუ არა სახელმწიფო, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, დიახ, უნდა უსმენდეს, როცა საქმე ქვეყნის უშიშროებას ეხება, მაგრამ, თუ ეს ჩანაწერი უშიშროების სამსახურების ჩაწერილია, მაშინ მათი სახელით უნდა გამოქვეყნებულიყო და თქმულიყო, რომ ეს სრულიად კანონიერადაა ჩაწერილი და გამოქვეყნებული.

ვიმეორებ, წინა ხელისუფლების მსგავსად საძინებლებში არავის უნდა უთვალთვალონ, თორემ როდესაც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი აქ არეულობას გეგმავს, პრევენციისთვის აუცილებელიც კია საეჭვო პირების მოსმენა.

ვეჭვობ, ამ ცოტა ხნის წინ 26 მაისის დარბევის კადრები სწორედ წინასაარჩევნოდ ყოფილიყო შემონახული, რაც ასევე უსინდისობაა, მაგრამ გაცილებით ნაკლები უსინდისობა, ვიდრე ამას სჩადიოდა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ოპონენტებს აპატიმრებდა და აშანტაჟებდა.

- გასულ კვირასვე ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იარაღის საიდუმლო სამალავები იპოვეს, ითქვა ისიც, რომ ეს სამალავები წინა ხელისუფლების დროს იქნა მოწყობილი, როდესაც ამდენი ლაპარაკია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არეულობის შესაძლო მცდელობაზე, ეს იარაღიც ბუნებრივად ამ თემას მიება... თქვენ ხედავთ ამის რეალურ საფუძველს?

- რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" ყველაფერი მოსალოდნელია. არ გამოვრიცხავ არც ერთ დესტრუქციას დედამიწის ზურგზე, რომლის გამკეთებელიც არ არის "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამ საქმის გახმაურება გარკვეულწილად საინფორმაციო ომის ფარგლებში ჯდებოდეს და ამით "ოცნება" ისევ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტად არ წარმოაჩენდეს თავს.

- მომავალ ორშაბათს უკვე გვეცოდინება არჩევნების შედეგები. თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება ის და პარლამენტში მართლაც მხოლოდ ორ ძალას ვიხილავთ?

- არა, ასე არ უნდა მოხდეს და არც მოხდება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შევა 3, 4 ან 5 საარჩევნო სუბიექტი, 5%-იანი ბარიერის გადალახვას დაახლოებით 80 000 ხმა დასჭირდება. ამის მოპოვება არ არის შეუძლებელი, პოლიტიკურ პარტიებს ამისთვის საკმარისი რესურსი აქვთ. გარდა "ქართული ოცნებისა", რომელსაც ექნება სამმაგი ან ოთხმაგი უპირატესობა "ნაციონალურ მოძრაობასთან", პარლამენტში შეიძლება ვიხილოთ "თავისუფალი დემოკრატები". მიუხედავად სკანდალებისა, ინერციით პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ბურჭულაძის მოძრაობასაც, ასევე "პატრიოტთა ალიანსს".

შესაძლოა, ამ ბრძოლაში ჩაერთონ ბურჯანაძის პარტია და ლეიბორისტები. იქნება მეორე ტურები, საბოლოდ კი, ჩემი აზრით, საკანონმდებლო ორგანოში ასეთი პროპორცია გვექნება: პარლამენტში დაახლოებით 100 კაცს შეიყვანს "ქართული ოცნება", 25-ს - "ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენი მანდატები კი სხვა პარტიებზე განაწილდება.

- გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რომის პაპი ფრანცისკე იმყოფებოდა.

- რომის პაპის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყნაში უდიდესი მნიშვნელობისაა ხოლმე. მოგეხსენებათ, კათოლიკური ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქრისტიანული კონფესია, რომელიც წარმოადგენს დიდად გავლენიან რელიგიურ იერარქიას, მათ შორის აღსანიშნავია ვატიკანის დიდი პოლიტიკური გავლენები. გაგახსენებთ იოანე-პავლე II-ის მოღვაწეობას, ითვლება, რომ სწორედ მან შეიტანა უდიდესი წვლილი საბჭოთა კავშირის ნგრევაში. რომის პაპი და ვატიკანი გაიგივებულია ევროპულ ცივილიზაციასა და ევროატლანტიკურ სივრცესთან, შესაბამისად, რომის პაპის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ინტერესის სფეროს და ჩვენი ქვეყანა არის ქრისტიანული ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

ამდენად, შეუძლებელია მას მაღალი შეფასება არ მიეცეს.

ნათია დოლიძე