"ახლა ძალაუფლების გაყოფა მიმდინარეობს..." - კვირის პალიტრა

"ახლა ძალაუფლების გაყოფა მიმდინარეობს..."

"ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ"

"გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება"

"პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგი - სულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში"

საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მართალია, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგები ვიცით, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იქნებიან პარლამენტში მნიშვნელოვნად წარმოდგენილი. საარჩევნო პროცესს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად ვაფასებთ:

- თუ მთელ საარჩევნო პროცესს გადავხედავთ, არაერთხელ ითქვა უკვე, რომ ის ბევრად თავისუფალი გახლდათ, თუმცა მთელი ამ პროცესის განმავლობაში შეიმჩნეოდა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისი ორპოლუსიანად გადაქცევის მცდელობა, რაც შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ეს ორი ძალა ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა და ცდილობს, ლამის მთელი სამყარო თვითონ შეავსოს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აკეთებდნენ ყველაფერს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ პოლიტიკურ სპექტრში, მათ გარდა, სხვა არავინ იყო. ამგვარ მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ამან აშკარად გზა გადაუკეტა სხვა პოლიტიკურ ძალებს.

ჩემთვის და ძალიან ბევრი მოქალაქისთვის მოულოდნელია "ნაცმოძრაობის" ასეთი მაღალი მხარდაჭერა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არჩევნების ამ შედეგში ლომის წილი შეიტანა "ქართულმა ოცნებამ".

- რას გულისხმობთ?

- თავი დავანებოთ იმას, რომ 2012 წლის მარცხის შემდეგ "ნაცმოძრაობა" რეანიმაციას "ქართულ ოცნებას" უნდა უმადლოდეს.

ვგულისხმობ საარჩევნო კამპანიის წარმართვას იმგვარად, რომ მთავარ ოპონენტად წარმოეჩინათ "ნაციონალური მოძრაობა" და შეექმნათ მისგან მტრის ხატი.

არადა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური სივრცის გახსნა, ანუ არანეგატიური კამპანიის წარმართვა და იმის მტკიცება ამომრჩევლისთვის, მე თუ არ ამირჩიე, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება და ყველას გაგისწორდებათო, არამედ ჯანსაღი პოლემიკა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტთან, ვინც რეალურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. "ქართულ ოცნებას" უნდა გაეხსნა მათთვის პოლიტიკური სივრცე იმ საჭირბოროტო საკითხებზე კამათისთვის, რაც რეალურად აქვს ქვეყნის მოსახლეობას. უნდა ეცადა, ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად კონკურენტული გარემო მიგვეღო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. გარკვეულწილად პროცესის ასეთი განვითარება მოსალოდნელიც იყო.

ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ახლაც მოახერხა და გაკრიფა შუა. პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგი - სულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში. "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც საარჩევნოდ არ იზრუნა პოლიტიკურ პარტნიორებზე. ეს აუცილებელი იყო. სხვათა შორის, წინასაარჩევნო პროცესის მიწურულს მიხვდნენ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობასა და გარკვეული გზავნილები გაახმაურეს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო "თავისუფალი დემოკრატების" ერთგვარი რეკლამირება, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო...

ისევ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის მაჩვენებელს რომ დავუბრუნდეთ, ეს განაპირობა იმანაც, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა მისი საქმიანობით იმედგაცრუებული ამომრჩევლის მობილიზება იმით მაინც, რომ საარჩევნო სივრცის გახსნით მათ მესამე არჩევანის საშუალება ჰქონოდათ და 8 ოქტომბერს შინ არ დარჩენილიყვნენ. სამაგიეროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო თავისი ამომრჩევლის მობილიზება.

- როგორ შეაფასებთ უშუალოდ არჩევნების დღეს და ხმის მიცემის პროცესს?

- თავად კენჭისყრის პროცესი ნორმალურად წარიმართა, არა გვაქვს საფუძველი, ვილაპარაკოთ ტოტალურ გაყალბებაზე, რასაც დამკვირვებლებიც ამბობენ. ხმის მიცემა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავთვლით მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას. ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი და სახიფათო ინციდენტი და არა მხოლოდ საარჩევნო დაპირისპირების ჭრილში. მოგეხსენებათ, ეს ინციდენტი მოხდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში, რაც შექმნილ კონფლიქტურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასეთი დაპირისპირებები შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, ამიტომ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს დიდი სიფრთხილე მართებთ. იმედია, პროცესი დასრულებულია და გაგრძელება არ მოჰყვება.

რაც შეეხება სხვა ლოკალურ კონფლიქტებს, უფრო უარესის მოლოდინიც იყო, რაც, საბედნიეროდ, არ გამართლდა, თუმცა ყველა ამრევი თუ დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. წინ მეორე ტურებია, ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია ზომების მიღება, რათა პროცესები კიდევ უფრო არ დაიძაბოს. ამ ინციდენტების მიუხედავად, ჩემი აზრით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არამართებულია, არ იყო ეს იმ მასშტაბის დარღვევები, მნიშვნელოვნად რომ ასახულიყო შედეგზე. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ახლა "ნაცმოძრაობას" ყველა კოზირი უჭირავს ხელში იმისთვის, რომ "ქართული ოცნებისგან" მაქსიმუმის მიღება სცადოს. ისინი ხმაურის ინსპირირებით შეეცდებიან არაერთი მიმართულებით გარანტიების მიღებას. თუ ვერ მიიღეს, ეს ძალა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზეც არის წამსვლელი.

"ნაცმოძრაობას" ჯერ კიდევ აქვს დიდი დიაპაზონი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ნაწილობრივ განსაზღვრა, რადგან წინასწარი მონაცემებით, სწორედ ეს ორი ძალა შედის პარლამენტში მნიშვნელოვანი დეპუტაციით...

რომც შევიდეს "პატრიოტთა ალიანსი", მათი წარმომადგენლობა ისეთი მცირე იქნება, რომ თუ "ქართული ოცნების" პარტნიორობა გადაწყვიტეს, ეს ბევრს არაფერს მისცემთ. არ დაგავიწყდეთ, რომ არც "პატრიოტთა ალიანსია" შედეგით კმაყოფილი და ისიც აქციებით იმუქრება. თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს, რომ თუ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" დარჩებოდნენ პარლამენტში პირისპირ, არ იყო გამორიცხული, "ნაცმოძრაობას" პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით მოეხდინა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ინიცირება. ამის საფრთხე ახლაც დიდია, თუმცა მაინც მგონია, ვითარება უკიდურესად არ გამწვავდება.

ახლა ძალაუფლების გაყოფა მიდის. ეს ორი პარტია იმ ფაზაში შედის, როდესაც სიძულვილი და დაპირისპირება განზე გადაიდება და გაიმართება პოლიტიკური ვაჭრობა, მით უფრო, რომ "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ყოფილი წევრია. სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" გარკვეულ დათმობაზე წავა და შედეგად, პარლამენტში ანტაგონისტური, მაგრამ ერთმანეთით მოსარგებლე ორი პარტია გვეყოლება.

ამასთან, თამაშგარე დარჩენილი პოლიტიკური ელიტა, ღრმა ჩასაფრებაში გადავა და აქედან გამომდინარე, შემდგომი 4 წელი საკმაოდ მძიმე იქნება, რადგან პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძალები შეეცდებიან, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა არჩევნების შედეგების, შესაბამისად, ხელისუფლების არაღიარების მტკიცებით წარმართონ.

- ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არჩევნებზე ამომრჩევლის 51%-ის მისვლა...

- თითქმის ყველა წინასწარი კვლევა აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება იმისა, თუ ვის მისცემდა ხმას, მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 38-39%-ს. მათ შორის ისეთი კვლევებიც ცხადყოფდა ამას, რომლებიც არ გასაჯაროებულა. ეს 51% მივიღეთ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისგან, რომლის ნაწილი შინ დარჩა, ნაწილი კი წავიდა არჩევნებზე. როგორც შედეგები აჩვენებს, ამ ნაწილმა არჩევანი სწორედ "ქართულ ოცნებაზე" შეაჩერა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებული კამპანიის შედეგია. ვგულისხმობ "ქართული ოცნების"" მტკიცებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც საშინელების" ჩადენას აპირებდა.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და იმის შიშით, მგელი არ მოსულიყო, ისევ "ქართულ ოცნებას" მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო.

- თქვენ კი ბრძანებთ, რომ ამგვარი კონფიგურაცია განაპირობა "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ერთგვარმა სიმბიოზმა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საარჩევნოდ პოლიტიკური თუ მედიასივრცე გახსნილი იყო და პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლამდე საკუთარი სათქმელის მიტანის პრობლემა არ ჰქონდათ...

- როდესაც ამ სიმბიოზზე ვლაპარაკობ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამ შედეგის ერთადერთი მიზეზი. სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიც არის. როდესაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ელიტა ჯანსაღად გამოიყურება. ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ. მიუხედავად იმისა, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ძალაუფლება ქუჩაში ეგდო და მას მხოლოდ ხელში აღება უნდოდა, პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა იმ მოთხოვნებზე ღირსეული პასუხის გაცემა, რაც ჰქონდა ამომრჩეველს, ვერ დაარწმუნა ისინი, რომ მათთვის ხმის მიცემა იყო ამომრჩევლისთვის სასარგებლო და ეს მათი პასუხისმგებლობის საქმეა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ბანაკად იყო გაყოფილი მედია. ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა, ვისაც გავლენის მოხდენა შეეძლო, ამ ორპოლუსიანი პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. მეტიც, მივიღეთ პოლიტიკურ ომში ჩართული სოციოლოგია, რომელიც დაპირისპირების იარაღად იქცა. ასეთი რამ აქამდე ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. შედეგად, ვიხილეთ, ეგზიტპოლის განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული მონაცემები.

- როგორც ჩანს, არაერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა აქვს დიაპაზონი და დროც იმისთვის, რომ დაგეგმოს პოლიტიკური ტაქტიკა ისე, რომ მაქსიმუმი მიიღოს. მას ექნება თავისი პირობები "ქართულ ოცნებასთან". გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამოცანა არ იყო იმდენად არჩევნებში გამარჯვება, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ, მათი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც არის "ქართული ოცნების" დამარცხება, რაც შესაძლებელია მხოლოდ კრიზისის ინიცირებით, ანუ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციით. მათ ეს მექანიზმი ჯერ კიდევ უჭირავთ ხელში. ზუსტად ეს მექანიზმია მათი მთავარი იარაღი.

წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და იმავდროულად, მთელი დანარჩენი პოლიტიკური ელიტა უკმაყოფილოა საარჩევნო შედეგით, არ აღიარებს მას და =აგრესიულია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლებელია გახდეს პოლიტიკური კრიზისი ინიცირების წინა პირობა, მით უფრო, გაითვალისწინეთ, რომ ამომრჩევლის 50%-ზე ცოტა ნაკლები არ მისულა არჩევნებზე და ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევს თავის არჩეულად. "ნაცმოძრაობას" ქუჩაში პოლიტიკური პროცესის გადატანისა და მართვის დიდი გამოცდილება აქვს.

არ გამოვრიცხავ, კულუარულად დაიწყონ კიდევაც კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რათა მოსალოდნელი კრიზისის პირობებში მოხდეს, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია.

თუმცა მე ახლა ყველაზე უკიდურეს ვერსიაზე ვლაპარაკობ და დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა.

ნათია დოლიძე