"სასაცილოა, "კარუსელების" სპეციალისტები დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ"
31-10-2016
"სასაცილოა, "კარუსელების" სპეციალისტები დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ"
"იმედია, კრემლსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას შორის მომავალ მოლაპარაკებებში საქართველო არ დახურდავდება"

"ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფორმალური მონაწილეობის ნიშნებს მე უფრო სააკაშვილის მოქმედებაში ვხედავ"


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა საქართველოში მცირე დაძაბულობით, თუმცა მასშტაბური დარღვევების გარეშე ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტოდ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში გახდა მეორე ტურის დანიშვნა საჭირო, რომელშიც ერთმანეთს, ძირითადად, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წ
არმომადგენლები დაუპირისპირდნენ. "სწორედ მეორე ტურის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვალერი გორგილაძესთან:

- კენჭისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა, არ ყოფილა მასობრივი არეულობა ან დაპირისპირება, თუმცა დაძაბულობა მეორე ტურს ახლდა, რაც მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ოლქების უმეტესობაში ერთმანეთს ორი პარტიის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. იყო მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდებოდა პროცესების პროვოცირებას, "ქართული ოცნება" კი მობილიზებული იყო, რომ ამის საშუალება არ მიეცა.
შეიძლება ითქვას, მმართველმა ძალამ მიზნად დაისახა, რომ არც ერთი მანდატი არ აღმოჩენილიყო მეორე ტურის შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ხელში...

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს დარღვევებზე, საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თუნდაც ე.წ. კარუსელებზე... მე, მაგალითად, შესაძლოა, არც გამოვრიცხო, რომ გარკვეული დარღვევები, განსაკუთრებით რეგიონებში, ხდებოდა, რადგან ჩვენ ნამდვილად არა ვართ იდეალური დემოკრატიის ქვეყანა, მაგრამ ამას როდესაც "ნაციონალური მოძრაობისგან" ისმენ, გეკარგება ამ ყველაფრის კრიტიკულად გააზრების სურვილი, რადგან სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა უპრეცედენტო დარღვევები. ეგენი არიან "კარუსელების" სპეციალისტები... სასაცილოა "კარუსელების" სპეციალისტები დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ასევე დააფიქსირეს დარღვევები, ამბობენ, რომ მათი ხასიათი და მასშტაბი ისეთი არ ყოფილა, რომ ამან შედეგზე გავლენა მოახდინოს. ჩემი აზრით, ძალიან ნორმალური იყო ამომრჩევლის აქტივობაც, 37% ხშირ შემთხვევაში პირველი ტურისთვისაც კი დამაკმაყოფილებელია ხოლმე, ზოგადად კი ცნობილია, რომ მეორე ტურში აქტივობა იკლებს, თუნდაც იმიტომ, რომ დამარცხებული პარტიების მხარდამჭერები აღარ მიდიან არჩევნებზე...

რაც შეეხება ყბადაღებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩემი აზრით, საფრთხე იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ავტორიტარიზმისკენ წაუცდება ხელი, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა მრავალფეროვანია, იქ არის სხვადასხვა ჯგუფი, რომელთაც ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვთ. ვფიქრობ, მოახერხებენ პროცესების დაბალანსებულად წარმართვას და სწორედ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველი იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, რომელმაც საკუთარი ვიწრო ინტერესების მიხედვით ჭრა და კერა ქვეყნის ძირითადი კანონი.
დღეს ჩვენი კონსტიტუცია ისეა დამახინჯებული, ერთი-ორი ცვლილების შეტანა კი არა, მისი ძირეული შეცვლაა საჭირო.
უკეთესი იქნება, თუ სრულიად ახალი რედაქციით შემუშავდება კონსტიტუცია.

- ჯერჯერობით ორი სავარაუდო საკონსტიტუციო ცვლილება ანონსდება: პარლამენტის დედაქალაქში დაფუძნება და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა.

- დიდი შეუსაბამობაა პრეზიდენტის უკიდურესად შეზღუდულ უფლებებსა და მის დიდ ლეგიტიმაციას შორის. ის დღეს ლამის ყველაზე ლეგიტიმურად არჩეული პირია, თუმცა არ გააჩნია ის უფლება-მოვალეობები, რაც ლეგიტიმაციის ადეკვატური იქნებოდა. ასევე შეუსაბამოა ის ხარჯიც, რაც ქვეყანას მისი შენახვა უჯდება. თავად მართვის ის მოდელი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, შესაცვლელია. თავის დროზე ის სააკაშვილმა პირად ინტერესებს მოარგო. საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ მთავრობას და პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს. ამ ტიპის სისტემებში პრეზიდენტი თამაშობს ნომინალურ როლს და იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ჩვენთან კი სრული გაურკვევლობაა, ამიტომაც ეს შეუსაბამობა უნდა გასწორდეს.

რაც შეეხება პარლამენტის გადმოტანას თბილისში, მეც მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება მისაღებია. თბილისი არის პოლიტიკური ცენტრი, სადაც მთავარი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და თავის დროზე პარლამენტის ქუთაისში გადატანას დეცენტრალიზაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. დეცენტრალიზაცია გულისხმობს თვითმმართველობის განვითარებას, სწორედ მის დეცენტრალიზაციას და არა პოლიტიკური მიზნით მიღებულ ერთჯერად გადაწყვეტილებებს, რაც ვერაფერს ცვლის ზოგად ვითარებაში. თუ მიიღებენ, ორივე გადაწყვეტილებას მივესალმები. თუმცა მიმაჩნია, რომ ერთიც და მეორეც ნაკლებად მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, რომ ქვეყანაში აუცილებელია თვისებრივად ახალი კანონის მიღება, რომელიც უპასუხებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროც კი არის.

- "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, გასულ კვირას განაცხადეთ, რომ ელით რღვევას როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში. რას ეფუძნება თქვენი მოლოდინი?

- "ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად იქნება რღვევა. პარტიაში მწიფდება კონფლიქტი ე. წ. ორთოდოქს-რადიკალებსა და პროგრესისტებს შორის. ერთი მხრივ, ესენი არიან წევრები, რომლებიც სააკაშვილს წარმოადგენენ, მეორე მხრივ კი, არის ბოკერიას ჯგუფი. ჯერჯერობით, პირობითია ამ ჯგუფების კონფიგურაცია და ისე ჩანს, რომ სააკაშვილის მომხრეები უმცირესობაში არიან. მოკლედ, არაერთი სიმპტომი ჩანს უკვე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ პარტიაში რღვევა გარდაუვალია. რაც შეეხება "ქართულ ოცნებასა" და მის მომავალ საპარლამენტო უმრავლესობას, აქ მთლად რღვევა, ალბათ, არ მოხდება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რაც უფრო დიდია უმრავლესობა, მით ძნელია მისი კონსოლიდაცია საერთო მიზნების ირგვლივ.

გამიჭირდება ვთქვა, რომ ამ უმრავლესობას რაიმე დაემუქრება უახლოესი 2 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ის მოახერხებს მთავარი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, თუმცა შიდა დაპირისპირებისა და უკმაყოფილების ცალკეული შემთხვევა, ალბათ, იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობაში ჩამოყალიბდეს ფრაქციები, რომელთაც განსხვავებული ხედვები ექნებათ მიმდინარე თუ მომავლის პროცესებზე.

- თქვენი აზრით, რა როლი ექნება პოლიტიკურ პროცესებში მომავალი 4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს და არაფორმალური მმართველობის ჩრდილს თუ გაექცევა "ქართული ოცნება"?

- მაინც რას ნიშნავს ეს ყბადაღებული არაფორმალური მმართველობა? ვფიქრობ, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი არ მონაწილეობდა "ქართული ოცნების" სიის ფორმირებაში, ერთი-ორის გარდა, პრაქტიკულად, არ ჰყავდა საკუთარი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში.

ვხედავთ იმასაც, რომ ის ყოველდღიურად არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და დარწმუნებული ვარ, არც მთავრობის ფორმირებაში ჩაერევა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის გავლენა რომ დიდია "ქართულ ოცნებაზე", ესეც ცხადია და ეს არც არის გასაკვირი. ამხელა მორალური, პოლიტიკური, ფინანსური კაპიტალის პატრონს, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელია, შეუძლებელია, არ ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ასე რომ, ამ საკითხზე გაუთავებელი ლაპარაკი აბსოლუტურად უსარგებლო მგონია. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფორმალური მონაწილეობის ნიშნებს მე უფრო სააკაშვილის მოქმედებაში ვხედავ. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მეტიც, არის სხვა სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, ყოველდღიურად ერევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ერევა, არამედ პროცესების მართვასაც კი ცდილობს. ჩემი აზრით, ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე ივანიშვილის გავლენა. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი შემაკავებელი და დამბალანსებელი ძალა "ქართულ ოცნებაში". ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ავტორიტარული ტენდენციების განვითარებაზე ლაპარაკი უსაფუძვლო მგონია.

- მთავრობის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ იგეგმება მინისტრთა კაბინეტის ოპტიმიზაცია. სახელდება სავარაუდო სამინისტროებიც, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმებიან. მეტიც, კვირიკაშვილის თქმით, უკვე გადაწყვეტილია დიასპორის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმება და მისი აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება.

- მე ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირების მომხრე ვარ. ვფიქრობ, ბევრი სამინისტროს არსებობა ეფექტიან მართვაზე სულაც არ მეტყველებს. საჭიროა ოპტიმიზაცია და მართვის მოქნილი სისტემის შექმნა. თუ დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგებს, ეს სწორი იქნება. არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხში იმდენად, რომ კონკრეტული რჩევები მივცე, რომელი სამინისტრო რას უნდა შეერწყას, მაგრამ არის რიგი სამინისტროებისა, რომელთა ფუნქციონირების აზრს ვერ ვხედავ. არა მგონია, საჭირო იყოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკმარისი იქნებოდა დეპარტამენტიც, რომელიც, მაგალითად, რეგიონულ საკითხთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარებოდა.

- როგორ შეაფასებთ დავით უსუფაშვილის წასვლას რესპუბლიკური პარტიიდან და მომავალში მის შანსებს?

- უსუფაშვილი, რა თქმა უნდა, არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მიმაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტია ზღუდავდა მის შესაძლებლობებს. ახლა უკვე გასაგებია, რას გულისხმობდა უსუფაშვილი, როდესაც წინასაარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის სლოგანად აარჩია სიტყვა "გავთავისუფლდეთ"... ქვეცნობიერად, როგორც ჩანს, ეს უკავშირდება სწორედ მის გათავისუფლებას რესპუბლიკური პარტიისგან.

ვფიქრობ, ეს შეძლება იქცეს მიზიდულობის ცენტრად სხვა პოლიტიკოსების თუ პარტიებისთვის, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თავად უსუფაშვილი დააწესებს მაღალი ხარისხის ფილტრს. ის დიდი სიფრთხილით მოეკიდება პოლიტიკური რესურსის შერჩევას. სავარაუდოდ, წევრთა ნაწილი დატოვებს რესპუბლიკურ პარტიას და გაჰყვება უსუფაშვილს, რადგან მას იქ ჰყავდა მომხრეები. მოკლედ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მცდელობას და, ჩემი აზრით, დავით უსუფაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მისი კონსტრუირება. ეს ყველაფერი კიდევ ერთ დამატებით ინტრიგას შესძენს პოსტსაარჩევნო პროცესს.
მან გამორიცხა სამთავრობო და საჯარო სტრუქტურებში მისი გამოჩენა და როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი ამას ამბობს, ეს სარწმუნოა. მას ჰქონდა შეთავაზებები არჩევნებამდე მმართველი გუნდისგან, რაც არ მიიღო და საერთოდაც, ამ ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდა. მან დატოვა რესპუბლიკური პარტია მაშინ, როდესაც დასრულდა საარჩევნო კამპანია. უსუფაშვილს არ გამოუტანია საჯაროდ ის წინააღმდეგობები, რაც ხვდებოდა პარტიაში, სადაც ძმებ ბერძენიშვილების გავლენა უზარმაზარია - ფაქტობრივად, პარტია მათი საკუთრებაა. უსუფაშვილის წასვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის მომავალი ძალიან მძიმე და ბუნდოვანი ჩანს. მისი ისედაც მცირე რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება და ძალიან გაუჭირდება დრეიფი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

- ნატო შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას რომ გეგმავს, კარგა ხანია ვიცით, თუმცა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამაზე უფრო კონკრეტულად ილაპარაკა... ფაქტია, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება და დაპირისპირების ერთ-ერთი ხაზი შავი ზღვის რეგიონზე გადის.

- გეთანხმებით, ბოლო პერიოდში ვაკვირდებით დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების პერმანენტულ ზრდას. ეს არის ფრონტალური დაპირისპირება და ბევრ რეგიონსა და საკითხს მოიცავს. ნატომ უკვე გააძლიერა სამხედრო დაჯგუფებები ბალტიისპირეთში, ახლა ჯერი შავი ზღვის აუზზეა. როდესაც სამხედრო ძალების გაზრდაზეა ლაპარაკი, უდავოდ იგულისხმება ამ აუზის ის სამი ქვეყანაც, რომლებიც უკვე ნატოს წევრები არიან და ძნელად წარმოსადგენია, ეს რამენაირად შეეხოს საქართველოს ან უკრაინას, რადგან ეს იქნება რუსეთის აშკარა პროვოცირება, თუმცა, ბუნებრივია, ზოგადი პროცესი აუცილებლად მოახდენს ჩვენზე გავლენას.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის შეფასებისას ბოლო ხანს ხშირად ამბობენ, რომ დაწყებულია "ცივი ომი". ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ეს შეიძლება "ცხელ ფაზაშიც" გადაიზარდოს. ვხედავთ სირიაში რა ხდება, ალეპოზე თავდასხმებითა და ბაშარ ასადის გაძლიერებით რუსეთი აშკარად დაუპირისპირდა აშშ-სა და საზოგადოდ, დასავლეთს. რთული ვითარებაა უკრაინაშიც, სადაც თითქოს კონფლიქტი დაკონსერვდა, თუმცა არ არის გამორიცხული, პროცესები იქაც გამწვავდეს.
ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირება როგორ გაგრძელდება, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, 8 ნოემბერს აშშ-ის მოსახლეობა ვის აირჩევს პრეზიდენტად. ვფიქრობ, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია შეეცდება კრემლთან მოლაპარაკებას და ახალი შეთანხმების მიღწევას.იმედია, კრემლსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას შორის მომავალ მოლაპარაკებებში საქართველო არ დახურდავდება.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით