"ეს თვითმფრინავი გასულ წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა"(!) - კვირის პალიტრა

"ეს თვითმფრინავი გასულ წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა"(!)

"ბაკიევმა ფეხი იმავე ფოცხს დააბიჯა, რაზეც მისმა წინამორბედმა"

გასულ კვირას, მსოფლიო სმოლენსკის ოლქში მომხდარმა ავიაკატასტროფამ შეძრა. როდესაც სახელმწიფოს ლიდერისა და პრაქტიკულად, ქვეყნის მმართველი ელიტის დიდი ნაწილის დაღუპვაზეა ლაპარაკი, ცხადია, კითხვის ნიშანი ყოველთვის იქნება. მით უმეტეს, როდესაც ეს ლიდერი ლეხ კაჩინსკია, პოლიტიკოსი, რომელიც მძაფრი ანტირუსული განწყობით გამოირჩეოდა და ამ კონტექსტში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გამორჩეული მეგობარი იყო.

ცხადია, რაიმე დასკვნის წინასწარ გაკეთება შეუძლებელია, თუმცა ამ ტრაგედიაში ბევრი საბედისწერო და უცნაური დამთხვევა არსებობს: ბოლო პერიოდში კაჩინსკი დაჟინებით მოითხოვდა თვითმფრინავის შეცვლას, თუმცა პრორუსულად განწყობილმა მისმა ოპოზიციონერმა პრემიერმა ტუსკიმ ყველანაირად დაბლოკა ეს საკითხი, რაც ეკონომიკური მოტივაციით გაამართლა.

კატინის ტრაგედია პოლონეთისთვის ზოგადეროვნულ მნიშვნელობას ატარებს და ის პირდაპირ კავშირშია რუსულ-პოლონურ ურთიერთობებთან. საგულისხმოა, რომ პუტინმა თებერვალში დიდი პომპეზურობით ჩაატარა კატინის მსხვერპლთა გახსენების ცერემონია, თუმცა სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის ნაცვლად, მისი იდეური და პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ზემოთ ხსენებული პრემიერი ტუსკი მიიწვია. გასაგებია, რომ ამის შემდეგ, მთელი პოლონური ანტირუსულად განწყობილი ელიტა, კაჩინსკისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარს იტყოდა რუსების მოწყობილ ცერემონიაში ტუსკისთან ერთად მონაწილეობაზე.

ისიც იმთავითვე ნათელი იყო, რომ ემოციური კაჩინსკი პირადი თავმოყვარეობის საკითხად ჩათვლიდა, კატინში ჩასულიყო თავის თანამოაზრეებთან ერთად და გმირი წინაპრებისთვის პატივი მიეგო. სხვათა შორის, მას ასეთი რამ უკვე გაკეთებული ჰქონდა - 2007 წელს ის ვარშავიდან პირდაპირ სმოლენსკში ჩაფრინდა და მოსკოვთან შეთანხმების გარეშე, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ პოლონელ სამხედროთა საძმო საფლავი გვირგვინით შეამკო. ეს იყო კაჩინსკის პირველი ვიზიტი, რამაც პუტინ-მედვედევის ტანდემის დიდი აღშფოთება გამოიწვია, რაკიღა ეს ჟესტი რუსეთის ხელისუფლებისთვის აშკარად დამამცირებელი იყო. ნიშანდობლივია, რომ ავიაკატასტროფამდე მთელი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა კაჩინსკის გამაღიზიანებელი თუ "ამგდები" კამპანია - პუტინმა სტალინის სისასტიკეზე ისაუბრა და მისი ბრალეულობაც აღიარა.

რუსეთის ფედერალურ არხებზე გავიდა დოკუმენტური ფილმი კატინში მოწყობილ სასაკლაოზე. საგულისხმო დეტალია, რომ სმოლენსკის სამხედრო აეროდრომი "სევერნაია", რომლის მახლობლადაც ტრაგედია მოხდა, ათ აპრილამდე რამდენიმე დღით დახურული იყო(!) საგულისხმოა ისიც, რომ ძლიერი ნისლის გამო, რუსი სამხედროების განცხადებით, კაჩინსკის თვითმფრინავს სათადარიგოდ მინსკის ან მოსკოვის აეროპორტი შესთავაზეს.

მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მოსკოვის გვერდის ავლით, კატინში მიმავალი პუტინის მოძულე კაჩინსკი იძულების წესით, ჯერ მოსკოვში დამჯდარიყო, აღარაფერს ვამბობთ, მინსკსა და მისთვის ესოდენ "სასიქადულო" ლუკაშენკოსთან "ჩახუტებაზე". ტრაგედიის დეტალებს რომ თავი დავანებოთ, დღეს უკვე აღარავინ უარყოფს - ობამას ლოიალური პოლიტიკის პირობებში პუტინის რუსეთმა რომ ფრთები გაშალა.

საქართველოს უკრაინა მოჰყვა, უკრაინას -  ყირგიზეთი. კაჩინსკისა და მასთან ერთად, ანტირუსულად განწყობილი მთელი პოლიტიკური ელიტის დაღუპვა ლოგიკურად ჯდება იმ ჯაჭვში, რასაც საბჭოთა გავლენის სფეროების აღდგენა ჰქვია - იმისდა მიუხედავად, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ ინსპირირებული განზრახვა. სხვათა შორის,  არაერთხელ გვითქვამს, რომ აგვისტოს მოვლენების წინაც, რუსებმა სააკაშვილის იმპულსურობითა და ემოციურობით ისარგებლეს, როდესაც ინტენსიურ ცეცხლსა და პროვოკაციებზე პასუხი აიძულეს. თბილისის პასუხს კი მოსკოვიდან ტოტალური და "არაადეკვატური" პასუხი მოჰყვა, როგორც ამას ზრდილობიანი ევროპელები ამბობდნენ.

იმავე ყირგიზეთში, ბაკიევი პუტინს თავში ჩაქუჩის ცემით არ გაუგდია - მანამდე, "ტიტების რევოლუციით" თავბრუდახვეული ბაკიევი და მისი გარემოცვა ელიტურ კორუფციაში ჩაეფლნენ, ერთიმეორის მიყოლებით დახურეს გადაცემები და გაზეთები, დამძიმდა სოციალური ფონი და რევოლუციის გზით მოსულ მთავრობას მხოლოდ "ხელის წაშველება" სჭირდებოდა, რევოლუციის გზითვე რომ დამხობილიყო -  სოფლებიდან ხალხი რა სახსრებით ჩამოიყვანეს, ან კრიალა "კალაშნიკოვები" ეგზალტირებულ ბრბოს ვინ დაურიგა, დროებითი მთავრობა ამაზე მორცხვად დუმს. სამაგიეროდ, თამამად საუბრობენ, რომ მანასის ამერიკული ბაზა ყირგიზეთში უნდა დაიხუროს და რომ სიტუაციას მხოლოდ რუსი მშვიდობისმყოფელები თუ განმუხტავენ. თუ ვინ იქნება შემდეგი პოსტსაბჭოურ გამბიტში, რომელსაც პუტინი ათამაშებს, ან თავად ამ პოლიტსაჭადრაკო პარტიის დეტალები რაში მდგომარეობს, ვესაუბრებით ექსპერტს ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში ბადრი ნაჭყებიას :

- ბატონო ბადრი, საინტერესოა, აქამდე თუ ყოფილა ინციდენტი "ბორტ ნომერ ერთთან" დაკავშირებით, ზოგადად, მსოფლიო საავიაციო პრაქტიკაში?

- ყოფილა და თანაც არაერთი: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტებმა თვითმფრინავებით დაიწყეს მგზავრობა, პრობლემებიც გაჩნდა. ამ პრობლემის სათავე იწყება 1961 წლიდან, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი დაკ ჰამერშილდი კონგოში დაიღუპა. იქ მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. გენერალურ მდივანთან ერთად დაიღუპა გაეროს მთელი დელეგაცია. რამდენიმე წლის შემდეგ, სამოციანი წლების ბოლოს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა ბოლივიის პრეზიდენტი რენიე ურტიუნიო.

დღეს უკვე არც ერთ მკვლევარს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ავიაკატასტროფას შეეწირა მეორე ფიგურა ჩინეთის ნომენკლატურაში - ლინ ბიაო. როგორც ამბობენ, 1971 წელს ის მოსკოვში გაფრინდა, რათა მაოს შესახებ საბჭოთა კავშირისთვის ინფორმაცია გადაეცა, მაგრამ მონღოლეთს ვერ გასცდა. უფრო ახალი ფაქტებიდან შემიძლია გავიხსენო 2004 წელს მაკედონიის პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის დაღუპვა.

ერთი წლის შემდეგ ვერტმფრენით მგზავრობისას დაიღუპა სუდანის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კაროლტი. ჩამოთვლილ შემთხვევებში იყო ისეთი ფაქტები, რომელთაც თავიდანვე ტერაქტის კლასიფიკაცია მიეცა. იყო კატასტროფები, რომელთა შემთხვევითობაშიც თავის დროზე ეჭვი არავის შეჰპარვია, მაგრამ წლების შემდეგ ამოტივტივებულმა დეტალებმა ცხადი გახადა, რომ მომხდარი არა ტექნიკური გაუმართაობის ან უბედური შემთხვევის, არამედ წინასწარ გამიზნული სპეცოპერაციის შედეგი იყო.

მაგალითად, 1980 წლის 21 დეკემბერს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი საკარ ნეირუ და თავდაცვის მინისტრი ამატო დე კოშტა. 2004 წელს, ე.ი. ოცდაოთხი წლის შემდეგ, პორტუგალიის საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღიარა, რომ მან ხელმძღვანელობის დავალებით ჩადო ბომბი ამ თვითმფრინავში, ანუ ეს იყო შედეგი კლასიკური სპეცოპერაციისა. თუმცა მანამდე მხოლოდ ტექნიკურ გაუმართაობაზე ლაპარაკობდნენ.

- ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ კატინის ავიაკატასტროფა, თავისი მასშტაბებიდან და დელეგაციის შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ მაინც უპრეცედენტოა.

- ნამდვილად ასეა - არ მახსენდება არც ერთი ავიაკატასტროფა, სადაც ქვეყნის ყველა მთავარი სფეროს პირველი პირები დაღუპულიყვნენ. პოლონეთის შემთხვევაში კი საქმე ძალზე სერიოზულად არის: ლეხ კაჩინსკის დელეგაციაში იყვნენ პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯარების ხელმძღვანელი, სახმელეთო ძალების სარდალი, გენერალური შტაბის უფროსი, ქვეყნის უშიშროების ბიუროს დირექტორი, ვიცე-ადმირალი... კაჩინსკის თითქმის მთელი პოლიტიკური გუნდი პოლონეთის პარლამენტიდან, ორივე ვიცე-სპიკერი, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი... კატინის ტრაგედიას პოლონეთისთვის ზენაციონალური მნიშვნელობა აქვს, თან წელს სამოცდაათი წელი შესრულდა ამ ამბიდან.

ცხადი იყო, კაჩინსკი თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებოდა სმოლენსკში ჩასვლას და ამიტომაც მოხვდა  ამდენი მნიშვნელოვანი ფიგურა ერთ თვითმფრინავში, თანაც, თვითმფრინავიც არის და თვითმფრინავიც - "ტუ 154"-ზე თვით აეროფლოტმა  და "სიბირიამაც" თქვა უარი, აღარაფერს ვამბობ ავიაციის ევროზონაზე, სადაც ამ მოდელის საფრენი აპარატის გამოყენება აკრძალულია. საინტერესოა ისიც, რომ თავად კაჩინსკის არაერთი სახიფათო ინციდენტი ჰქონდა ამავე თვითმფრინავთან დაკავშირებით.

ორი წლის წინ, კაჩინსკი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მონღოლეთში და მომსახურე პერსონალმა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავის შეკეთება. ამის შემდეგ კაჩინსკის ჩვეულებრივი თვითმფრინავით მოუწია ტოკიომდე გზის გაგრძელებამ და საერთაშორისო სამიტზე რვა საათით დაიგვიანა. იყო სხვა შემთხვევებიც,  რის გამოც პრეზიდენტი ავიაპარკის განახლებას მოითხოვდა, რაზეც დონალდ ტუსკიმ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა მისმა აქტიურმა ოპოზიციონერმა, საჯარო განცხადებით უპასუხა, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, პრეზიდენტი ფეშენებელური და ძვირფასი თვითმფრინავით გადაადგილდებოდესო... გასაოცარია, რომ  ამ დებატების შემდეგ ევროპის არცთუ პატარა და არცთუ ღარიბი ქვეყნის პირველი პირი მორალურად და ტექნიკურად მოძველებული "ტუ-154"-ის ამარა დატოვეს. თანაც, ეს თვითმფრინავი გასულ წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც კაპიტალური შეკეთება ჩაუტარეს(!)

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ასეთი რამ სპეცსამსახურების ჩარევითა და ზეგავლენით მომხდარიყო? რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სამხედრო აეროდრომთან ძლიერმა ნისლმა გამოიწვია. თუ არის შესაძლებელი ნისლის ხელოვნურად გამოწვევა?

- ძალიან რთული შეკითხვაა... თვითმფრინავი მიფრინავდა რუსეთის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, ეს ბორტი თავიდან ბოლომდე რუსების ხელში იყო. როდესაც რაღაც ხდება, პირველ რიგში ის უნდა დამტკიცდეს, მიზანმიმართულ თუ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქ არის სხვადასხვა გარემოება: ერთი მხარეა ბუნებრივი და მეტეოროლოგიური პირობები, მეორე - ტექნიკური გაუმართაობა და ადამიანური ფაქტორები, საეჭვო გარემოებები. მას შემდეგ, როცა ყველაფერს დეტალურად შეისწავლიან და ასე ვთქვათ, ყველა გარემოება სასწორის პინებზე დაიდება, შეიძლება ითქვას, რომელი გადაწონის და რა უფრო სარწმუნოა.

კარგია, რომ ამ პროცესში პოლონელებიც ჩაერთვებიან. ერთი რამ ფაქტია - რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის ტრიუმვირატი სააკაშვილისგან, იუშჩენკოსგან და კაჩინსკისგან შედგებოდა. იუშჩენკო არჩევნების შედეგად პოლიტიკურ ასპარეზს გამოეთიშა და ძალიან  საეჭვოა, წარსული ძლიერების დაბრუნება შეძლოს; კაჩინსკი ცოცხალი აღარ არის... ასეთ პირობებში, ცხადია, დაინტერესებული ქვეყნები ეცდებიან, მომხდარი თავიანთი გეოსტრატეგიული მიზნებისთვის გამოიყენონ.

აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომელიც რადიო "პალიტრის" ეთერში, თქვენს გადაცემაში მოვისმინე: "ინოსმი რუ" ძალზე რესპექტაბელური ვებგვერდია. მისი ფორუმი არაერთი კომპეტენტური მოდერატორის მიერ კონტროლდება და ასეთი ველური აღტაცების კომენტარები აქ არ უნდა გაეჩერებინათ:

...За уничтожение большой группы, высокопоставленных врагов Русского народа. Предлагаю, присвоить польским пилотам звание героев России, посмертно...

... Ющ или Саака, кто следующий? Делайте ставки, господа...

...Похоже Бог сложил все тухлые яйса в одну корзину, а потом... ну, вы поняли...

ვფიქრობ, ასეთი ცინიზმის კომენტარი ზედმეტია... არ გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში საკმაოდ სერიოზული საინფორმაციო კამპანია დაიწყოს ამა თუ იმ ვერსიის ჩამოყალიბება-განმტკიცებისთვის. არ გამოვრიცხავ პოლონური ჟურნალისტიკის გააქტიურებას ამ მიმართულებით - პოლონეთში, გვინდა თუ არა, მომხდარის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყება. როგორი იქნება ეს ეტაპი, დრო გვიჩვენებს და ამაზე იქნება დამოკიდებული ის ძირითადი ვერსიაც - თუ ვის აძლევდა ხელს ხორცშესხმა ტრაგედიისა, რომელიც ალბათ ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე მასშტაბურად და ამასთან, ყველაზე ბურუსით მოცულად დარჩება...

- სმოლენსკის ტრაგედიას წინ უძღოდა მოვლენათა დრამატული განვითარება ყირგიზეთში. ალბათ ძნელია ხელაღებით იმის მტკიცება, ვისი ხელი ურევია ბიშკეკის სისხლიან გადატრიალებაში. ერთი კი ფაქტია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დროებითი მთავრობა მანასის ამერიკული ბაზის მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა...

- რა მოხდა ყირგიზეთში? იმ ჯგუფმა, რომელმაც ხუთი წლის წინ "ტიტების რევოლუცია" მოახდინა - ფერადი რევოლუციის ერთ-ერთი ნაირსახეობა პოსტსაბჭოურ სივრცეში - ფაქტობრივად სერიოზული რეგრესი განიცადა.

ნაწილი ამ ჯგუფისა მასშტაბურ კორუფციაში ჩაეფლო, ტოტალურად შეზღუდა მედიის თავისუფლება - ბოლო პერიოდში გაზეთები და გადაცემები ყირგიზეთში ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა. იყო შიდასახელისუფლებო ურთიერთდაპირისპირებაც გავლენისა და ქონების გადანაწილებისთვის. გარდა ამისა, დღევანდელი დროებითი მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლამის ბოლო წუთამდე დევნილი პრეზიდენტის, ბაკიევის გუნდში იყო. ეს კი ძალზე საეჭვო ფაქტორია.

შექმნილ სიტუაციაში დაძაბულობის ესკალაციას ბევრი არაფერი სჭირდებოდა. ანალიტიკოსების აზრით და მე მათ აზრს ვეთანხმები, ბაკიევმა არ შეასრულა რუსებისთვის მიცემული პირობა და ყირგიზეთიდან ამერიკული ბაზა არ გაიყვანა. არადა, ამისთვის რუსეთმა ოფიციალურ ბიშკეკს სოლიდური თანხაც გადაუხადა - 150 მილიონი დოლარი და შეღავათიანი ორმილიარდიანი კრედიტიც გამოუყო. ამის მიუხედავად, ბაკიევმა აღმოსავლური ცბიერება გამოიჩინა, ამერიკელებს ბაზის არენდა ერთი-ორად გააზრდევინა და ბაზას მხოლოდ სახელი გამოუცვალა - დროებითი სატრანზიტო პუნქტი დაარქვა.

როგორც ჩანს, პუტინ-მედვედევის ტანდემმა ეს არ აპატია და ბაკიევის შიდასახელისუფლებო ხარვეზები მოხერხებულად, თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. ცნობილია, რომ ყირგიზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა უპირატესად, ავიაძალებით არის დაკომპლექტებული. იქ ქვეითი ჯარები არ არიან. მხოლოდ ბიშკეკში შეტაკებების შემდეგ გადასხეს რუსებმა 150-კაციანი დესანტი, მათივე განმარტებით, რუს სამხედროთა და მათი ოჯახების დასაცავად. თუმცა ახლა უკვე გააქტიურდა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ დროებითმა მთავრობამ რუსეთს შესაძლოა მშვიდობისმყოფელების მისიით ყირგიზეთში ჯარის შეყვანა სთხოვოს.

შეგახსენებთ მედვედევის სიტყვებსაც - ბაკიევმა ფეხი იმავე ფოცხს დააბიჯა, რაზეც მისმა წინამორბედმა აკაევმაო... აქვე ისიც დასძინა, რომ ხელისუფლების შეცვლას აღიარებს და ბაკიევის დაცვას არ აპირებს...

- საინტერესოა, მოვლენათა განვითარების ასეთ ჯაჭვში საქართველოს რა მოელის? თუმცა, იმასაც ამბობენ, მეტი რაღა უნდა მოგვივიდეს, რუსეთს რაც უნდოდა საქართველოსგან, ტერიტორიების სახით, უკვე წაიღოო...

- არა მგონია... მიმაჩნია, რომ აგვისტოს მოვლენებში პრეზიდენტ ბუშისა და ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების დახმარებით  საქართველოს  სუვერენიტეტის შენარჩუნება მოხერხდა. ვნახოთ, რა სიტუაციაა შუა აზიაში. ძირითადი სიმდიდრე აქ ენერგომატარებლებია, რითაც რუსეთი ახდენს მანიპულირებას და ზემოქმედებას ევროპაზე.  გასასვლელი ერთი მხრიდან ჩინეთზეა, სადაც გეოგრაფიული პირობების გამო დიდი ტვირთების გადატანა გამორიცხულია.

მეორე კი ამიერკავკასიაზე, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია. თუ რუსეთი ამ გზის ჩაკეტვას მოახერხებს, მას ექნება სრული ექსკლუზივი ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებაზე. ამ მიზნის განსახორციელებლად მას საქართველოს ტერიტორიის დაკავება თუ არა, მინიმუმ, მმართველი რეჟიმის შეცვლა მაინც სჭირდება. რა გზას აირჩევს ამის განხორციელებისთვის რუსეთი, ძნელი სათქმელია - აგვისტოს ტიპის ტოტალურ ომს გამოვრიცხავ, თუმცა ცალკეული პროვოკაციები მოსალოდნელია...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი