"არ რცხვენიათ იმის, რაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს... უნამუსობა ისეთ დონეზე აიყვანეს, აქეთ ილანძღებიან, რატომ არ დაგვიჭირე, გვცემე და გვაწამეო..."
07-11-2016
"არ რცხვენიათ იმის, რაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს... უნამუსობა ისეთ დონეზე აიყვანეს, აქეთ ილანძღებიან, რატომ არ დაგვიჭირე, გვცემე და გვაწამეო..."
"ცოტა ხნის წინ გახლდით აშშ-ში, სადაც არაერთი კოლეგა ვნახე, რომლებიც განცვიფრებული იყვნენ იმით, რომ არაფორმალურ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად გამოხატავდა იმედს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდებოდა"

"უსუფაშვილს წინ სხვა პერსპექტივა გაეხსნა, ალასანიამ კი პოლიტიკური მომავალი საკუთარი ხელით დაისამარა"


საქართველოში კვლავაც პოსტსაარჩევნო ვითარებაა, როდესაც ქვეყანა ახალი მთავრობის დაკომპლექტებას ელის. 8 ნოემბერს კი აშშ გახდება მთელი მსოფლიოს ყურადღების ობიექტი, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს პროფესორ ლადო პაპავასთან ერთად შევაფასებთ,
რომელთან ინტერვიუც საპარლამენტო არჩევნებზე საუბრით დავიწყეთ:

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა საარჩევნო კანონმდებლობის არასრულყოფილება - პარტიას, რომელმაც მიიღო ამომრჩეველთა 48%-იანი მხარდაჭერა, პარლამენტში ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა. კიდევ ერთხელ აქტუალურად წარმოჩნდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლისთვისაც შეინარჩუნებენ ამ სისტემას.
ჩემი პესიმიზმი გამოწვეულია იმ გამოცდილებით, რაც უკვე გვაქვს. როგორც წესი, პარტია, რომელიც ოპოზიციაშია, ითხოვს გაუქმებას, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოდის, ამას არ აკეთებს. "ქართულ ოცნებაში", მოგეხსენებათ, იყო ამაზე მსჯელობა, თითქოს გადაწყვიტეს კიდეც, რომ 2020 წლისთვის გააუქმებდნენ, თუმცა მეეჭვება, ეს გააკეთონ. თავისთავად

საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არ არის საფრთხე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს და განგაშს ტეხს - არიქა, "ქართული ოცნება" ამას ბოროტად გამოიყენებსო. არადა, თვითონ გამოიყენეს ბოროტად,
როდესაც შეიტანეს კონსტიტუციაში გაუგებარი ცვლილებები, თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტთან, ან პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით... ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც კონსტიტუცია წარმოშობს, "ნაციონალების" ნახელავია. თვითონ კარგად იციან, რა შეცდომები, დანაშაული და ბოროტება ჩაიდინეს, ახლა კი ამ ყველაფერს "ქართულ ოცნებას" აბრალებენ. ერთია, რომ "ნაციონალებს" ამაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვთ, მაგრამ მეორე - მართლაც როგორ გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას "ქართული ოცნება". ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია მე-2 ტურის წინ კვირიკაშვილის განცხადება, რომ თურმე არ აპირებენ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანას. თუ მართლაც ასე მოხდა, ეს დიდი შეცდომა იქნება. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და ზედმეტი ხარჯი. პარლამენტი რომ ქალაქს ავითარებდეს, ყველაზე კარგი მოდელი იქნებოდა, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ახალ ქალაქში გადაგვეტანა. ფოთმა, თელავმა ან გორმა რა დააშავა?! ვაპროწიალოთ ასე ეს პარლამენტი... მოკლედ, პარლამენტი უნდა იყოს ქმედუნარიანი და ნაკლებად ხარჯიანი, ამიტომ უნდა დააბრუნონ დედაქალაქში.

- რა შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" მასშტაბური ძალაუფლების შემაკავებელი, რათა მას ხელი არ წაუცდეს კონსტიტუციის იმგვარ ჭრა-კერვაზე, რაც ქვეყანას უფრო დააზარალებს? ექსპერტთა ნაწილის თქმით, ეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც იყოს...

- ჩემი აზრით, ამის ერთადერთი საპირწონე და შემაკავებელი ის საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომელთა წევრი ან უკვე ვართ, ანაც ვაპირებთ, გავხდეთ. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მან განაცხადა, რომ ის ჩამოსცილდა ხელისუფლებას. მართალია, ეს საზოგადოებამ არ დაიჯერა, მაგრამ ალბათ, მომავალ ოთხ წელს ის ხელისუფლებასა და პარტიას უფრო დაშორდება.

- რაც შეეხება საზოგადოებას... თქვენი აზრით, ჩვენში სამოქალაქო კულტურის ხარისხი იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ შეძლოს ხელისუფლების სრულფასოვანი კონტროლი?

- ამ თვალსაზრისით პროგრესი აშკარად შეიმჩნევა. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ პარტიები ვერ განვითარდნენ, ანუ პოლიტიკური მენიუ ქვეყანაში ძალიან მწირია. ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი. პარტიებში ისევ და ისევ დაქსაქსულობა, გაუგებარი გადაწყვეტილებები და უფულობაა... არ არის გამორიცხული, კორუფციასაც ჰქონდეს ადგილი, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება. საზოგადოება თანდათანობით ვითარდება, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის... ამ არჩევნებში მთავარი ფაქტორი ხომ სააკაშვილის დაბრუნებით შეშინება იყო... თვითონ სააკაშვილიც იმუქრებოდა, ჩამოვალო. ისე, გაუგებარი კია, უკრაინის მოქალაქე, ამხელა თანამდებობის პირი, ბოლოს და ბოლოს, სად არის? ფიგაროა, აქაც იყოს და იქაც?!

- მაჟორიტარულ არჩევნებს და პარტიების მწირ შეთავაზებებს დავუბრუნდეთ... ხაშურში გაიმარჯვა "მრეწველების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომელმაც სახელისუფლებო კანდიდატი, დიდი ფინანსების პატრონი ვალერი გელაშვილი დაამარცხა. ხომ არ არის პრობლემა მაჟორიტარული არჩევნებისას ისიც, რომ პარტიები სწორად ვერ ირჩევენ კანდიდატებს?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვინც ხაშურში გაიმარჯვა, უშიშროების სამსახურების ყოფილი წარმომადგენელია და ის უფრო სისტემის გაგრძელებად და მის გამარჯვებად შეიძლება მივიჩნიოთ.
გელაშვილმა კი ყველაფერი თავის თავს დააბრალოს. რამდენი ხანია, ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. ეტყობა, კარგი სახელი ვერ დატოვა და ამიტომაც არ მისცა ხალხმა ხმა... ერთი საკითხიც. ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, გორში მე-2 ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად გავიდა ირაკლი ალასანია, მაგრამ ადგა და ყველას უღალატა. მას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ გაუგებარი ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა.
ალასანიას განცხადება, ერთი კაცი ვერაფერს გავაკეთებო, აბსურდია. რა, ექვსკაციანი ფრაქციით რომ შესულიყო, რას გააკეთებდა?! როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდა წასვლა დაგეგმილი და ამომრჩეველი მოატყუა.

დავით უსუფაშვილის ნაბიჯი მესმის, მაგრამ ალასანიას და მისი ყოფილი პარტიის პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებები ჩემთვის გაუგებარია. უსუფაშვილის გადაწყვეტილება სულ სხვაა. მან დაინახა, რა გამოწვევებია ქვეყანაში, რას ელოდება ხალხი და რომ რესპუბლიკური პარტია ამას სრულიად აცდენილია. შესაბამისად, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და მოაზროვნე, სხვანაირად მიუდგა საქმეს და გადაწყვიტა, აღარ ყოფილიყო ამ პარტიაზე ჩამოკიდებული. უსუფაშვილი არსად წასულა, მან მიატოვა "რესპუბლიკელთა" პოლიტიკური კლუბი, მაგრამ არ მიუტოვებია ქვეყანა. უსუფაშვილს წინ სხვა პერსპექტივა გაეხსნა, ალასანიამ კი პოლიტიკური მომავალი საკუთარი ხელით დაისამარა.

- იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყავით, რომელმაც თავის დროზე ჩვენი კონსტიტუცია შეიმუშავა. საინტერესოა, რას ფიქრობთ პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე, უნდა შეიცვალოს ეს წესი თუ არა?

- დიახ, ვამაყობ, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი ხელმომწერი ვარ. ეს კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, ხელახლაა დასაწერი, რადგან იქ არეულ-დარეულია ყველაფერი. ჩვენ გვყავს ხალხის არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც იმდენი უფლება არ აქვს, რამდენიც პარლამენტის არჩეულ პრემიერ-მინისტრს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. თუმცა არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევენ, რომ საქართველო უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა. პირიქით, კარგად უნდა დავფიქრდეთ. თუ პრეზიდენტს ის ფუნქციები უნდა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს, სჯობს, მართლაც პარლამენტმა აირჩიოს გაფართოებული ფორმატით. თუ ხალხი აირჩევს, მაშინ პრეზიდენტს ფუნქციები უნდა გაეზარდოს. ერთი მითხარით, ხალხის მიერ ასეთი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი პატარა შენობაში რატომ შევა?!

- "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბრძანებთ: "ჩვენში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ივანიშვილმა საქართველოს სააკაშვილი მოაშორა, რაც სინამდვილეში სწორი არაა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს სააკაშვილი კი არ ჩამოაშორა, არამედ დააშორა. სინამდვილეში, სააკაშვილის ძალა - მისი მხარდამჭერები - სამთავრობო და სხვა სახელისუფლებო, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ბევრნი არიან". იქნებ, ამ საკითხზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...

- როდესაც 2012 წლის არჩევნები დასრულდა, ჯერ საბოლოო შედეგები არ იყო გამოცხადებული, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი ქვეყნიდან რომ გარბოდა. გიორგი არველაძემ კი "იმედი" სასამართლოს გარეშე დაუბრუნა პატარკაციშვილის ოჯახს. ანუ იცოდნენ, რა ბოროტებაც ჰქონდათ ჩადენილი და ამიტომაც გარბოდნენ. არც სააკაშვილმა დაასრულა საპრეზიდენტო ვადა საქართველოში - ქვეყნიდან პრეზიდენტად წავიდა და სხვა ქვეყანაში ამოეწურა პრეზიდენტობის ვადა. არ ვამბობ, რომ ნიურნბერგის პროცესი უნდა მოგვეწყო, რასაც "ჰეროკრატიაში" გვიჩვენებენ და უფრო მეტად გვაღიზიანებენ, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო იმ ხალხის პოლიტიკური შეფასება, ვინც ქვეყნიდან გაქცევით თვითონვე აღიარა დანაშაული?!

პარლამენტს ხომ უნდა შეეფასებინა "ნაციონალების" მმართველობის ცხრა წელი? არ შეაფასეს...
დღეს "ნაციონალები" "ქართულ ოცნებას" რომ აკრიტიკებენ, ყველაზე ხშირად უუნაროდ მოიხსენიებენ... ასე იმიტომ მიიჩნევენ, რომ არ დაიჭირეს და იგივე არ გაუკეთეს, რასაც თვითონ უკეთებდნენ ხალხს. უფრო მეტსაც ბედავენ. ხშირად ისეთ რამეს აბრალებენ "ქართულ ოცნებას", რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" რა ქნა ამის საწინააღმდეგოდ? არაფერი. კი ბატონო, მასობრივად არ უნდა გაეშვათ ხალხი სამსახურებიდან, მაგრამ თუ აშკარად ჩადენილია დანაშაული, დამნაშავე კადრებს კი მაინც ინარჩუნებ, ეს განა შეცდომა არ არის?
ასეთი კადრი განსაკუთრებით ბევრია ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის - უშიშროებაში. მეტიც - ეს ხალხი უკვე შეერწყა "ქართულ ოცნებას". კოაბიტაცია დასრულდა. ახლა სრული ინტეგრაციის მოწმენი ვართ.

ცოტა ხნის წინ გახლდით აშშ-ში, სადაც არაერთი კოლეგა ვნახე, რომლებიც განცვიფრებული იყვნენ იმით, რომ არაფორმალურ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად გამოხატავდა იმედს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდებოდა. ეს არ მიკვირს, რადგან ამ ხელისუფლებაში ბევრი თანამდებობის პირი სწორედ ძველი ხელისუფლებიდანაა. ამიტომაც ვთქვი, ივანიშვილს სააკაშვილი საქართველოსთვის არ ჩამოუცილებია, ის მხოლოდ დააშორა-მეთქი. 

- რას ფიქრობთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე? ლაპარაკია პარტიის შესაძლო დაშლაზე. წერილი გამოაქვეყნა გიგი უგულავამ, რომელშიც პარტიული ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს და წერს, რომ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე...

- რაღა დაგიმალოთ და არ მაინტერესებს, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". მე უფრო ის მაწუხებს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური სპექტრი დაკნინებულია, არაპროფესიონალიზმი ზეიმობს და ასეთი აგრესიაა. რაც უფრო მალე წავა პოლიტიკური სარბიელიდან "ნაციონალური მოძრაობა", მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ამ ხალხმა აჩვენა - ერთი, რომ არ რცხვენიათ იმის, რაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს და მეორე: ეს უნამუსობა ისეთ დონეზე აიყვანეს, აქეთ ილანძღებიან, რატომ არ დაგვიჭირე, გვცემე და გვაწამეო... "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათაც რომ ვუსმენ, თმა ყალყზე მიდგება...

- საინტერესო პროცესები გველოდება წინ - დასაკომპლექტებელი მთავრობა და საპარლამენტო თანამდებობები. თქვენი აზრით, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს მომავალ მინისტრთა კაბინეტში?

- ყველა არჩევნების შემდეგ აუცილებელიც კია ახალი სახეების გამოჩენა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩვენში დგას პრობლემური საკითხი - არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმისა და კრონიზმის საფრთხე. ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა ღარიბაშვილის პრემიერობისას, როდესაც თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ნათესავები, კვირიკაშვილის დროს კი გამოჩნდა კრონიზმის ნიშნები, ანუ თანამდებობებზე გამწესებული არიან მეგობრები. არის რამდენიმე მინისტრი, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერ პასუხობენ მოთხოვნებს, მაგრამ მისი მეგობრები არიან...

- თქვენი აზრით, ეკონომიკური მიმართულებით პირველად რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა მთავრობამ?

- მთავრობას აქვს ძალიან კარგი დოკუმენტი: "ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია 20/20". ცუდია, რომ ეს დოკუმენტი დაივიწყეს და თაროზე შემოდეს; ცუდია ისიც, რომ მისი პატრონები ოთხპუნქტიან გეგმაზე ლაპარაკობენ. ვუსურვებ მომავალ მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად განაახლოს ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე ყველა სამინისტრომ მოამზადოს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ.

- გასულ კვირას კვლავ უფასურდებოდა ეროვნული ვალუტა. რას მიიჩნევთ ამის მიზეზად?

- ერთ-ერთი შეცდომა, რაც ახასიათებს მთავრობას, განსაკუთრებით კი - ფინანსთა მინისტრსა და მის მოადგილეებს, არის ის, რომ გამოდიან და ლარის სტაბილურობაზე ლაპარაკობენ. მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ამაზე უნდა ლაპარაკობდეს და რომელსაც ეროვნულ ვალუტაზე მოეთხოვება პასუხი, ეროვნული ბანკია...

მედია, რომელიც მოწადინებულია, შექმნას ქვეყანაში პანიკური ვითარება, არის "რუსთავი 2". ის მშვენივრად აპიარებს ამას და ისე წარმოაჩენს, თითქოს ქვეყანა ინგრევა... კი, ეკონომიკურად რთული ვითარებაა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენს სამეზობლოს, იქ უარესი მდგომარეობაა. დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდება და ეს ობიექტური პროცესია ჩვენთვის. თუმცა ეროვნულ ბანკს სჭირდება გაძლიერება. ის უნდა იყოს ძლიერი ინსტიტუტი და არ უნდა დადიოდეს ერთი-ორი მსხვილი კომერციული ბანკის ჭკუაზე. ბოლო შესყიდვისას, როდესაც თიბისიმ იყიდა "რესპუბლიკა", ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა და მასთან შეთანხმებული გეგმით უნდა განეხორციელებინა თიბისის სავალუტო ბაზრიდან ვალუტის შესყიდვა.

დღეს არასასურველი სტრუქტურა ჩამოყალიბდა საბანკო სისტემაში. ორი უმსხვილესი ბანკი - თიბისი და "საქართველოს ბანკი" - განსაზღვრავენ საბანკო ამინდს და არა მხოლოდ განსაზღვრავენ, არამედ მთელ საფინანსო სფეროს უწევენ ზედამხედველობას. ამას სჭირდება სერიოზული რეფორმა, რაც ეროვნულმა ბანკმა თავის თავზე უნდა აიღოს, მით უფრო, რომ მას ახლა მართავს უდავოდ პროფესიონალი კობა გვენეტაძე. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს მაკონტროლებლის როლი, უფრო მკაცრად და თანაბარზომიერად წარმართოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

ლარის სიძლიერე ქართულ ეკონომიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ძლიერი არასდროს ყოფილა. მან განსაკუთრებული დარტყმა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, როდესაც ქვიშის ფეხებზე შენდებოდა ეკონომიკა. რა სისუსტეებიც დღეს გვაქვს ეკონომიკაში, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან მემკვიდრეობად მიღებული და მათ "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოუხერხა. მთავრობას სჭირდება აქტიურობა ინოვაციური ეკონომიკის შესაქმნელად და ამაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საპარტნიორო ფონდს, რომელმაც უნდა გააფართოოს თავისი მუშაობის მასშტაბიც.

ნათია დოლიძე
devi
26 ნოემბერი 2016 13:15
საპარტნიორო ფონდის დღევანდელი შეფი, თავის კომპეტენტურობით აუცილებლად გამოაცოცხლებს ქართულ ეკონომიკას.
თამაზი57
18 ნოემბერი 2016 12:09
ერთმანეთის ლანძღვით ქალაქი არ აშენდება. დაანებეთ თავი წარსულს, მითუმეტეს 5 წლის მერე. ყველამ თავისი საქმე აკეთოს კარგად. უფალი ყველას მიხედავს. მთავარია ქვეყანა ავაშენოთ
გიგო
17 ნოემბერი 2016 17:19
ნაცებს 2004 წელს ყავდათ 135 დეპუტატი პარლამენტში. 2008 წელს შეიყვანეს 119 დეპუტატი. მაშინ ხომ კარგი იყო რომ გულაობდნენ და იძახდნენ დემოკრატიის შუქურა ვართო. ახლა თურმე არადემოკრატიული ყოფილა 115 კაცი ოცნების პარლამენტში.

რედაქტორის რჩევით