"ევროპის ინტელექტუალური გარემო ისე გაიტაცა ექსტრემისტულმა ლიბერალურმა თამაშებმა, რომ საერთოდ დაავიწყდათ ადამიანი" - კვირის პალიტრა

"ევროპის ინტელექტუალური გარემო ისე გაიტაცა ექსტრემისტულმა ლიბერალურმა თამაშებმა, რომ საერთოდ დაავიწყდათ ადამიანი"

"კვირიკაშვილის პიროვნება ბევრ ოპონენტს უქმნის უხერხულობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის არ ჰგავს ადამიანს, ვინც უსიტყვოდ დაექვემდებარება ვინმეს"

"რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ძლიერ ამერიკაზე? - ბუნებრივია, არა იმას, რომ აშშ სადმე გეოპოლიტიკური გავლენის დათმობას აპირებს"

მთავრობა უკვე დაკომპლექტებულია, ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას ახალი პარლამენტითა და განახლებული მთავრობით, რომელთაც როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში არაერთ გამოწვევაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. რამდენად მზად არის ხელისუფლება არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მით უფრო მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ცვლილებების გათვალისწინებით? ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ინტერვიუ ახალი პარლამენტის შეფასებით დავიწყეთ:

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი დეპუტაციები საკანონმდებლო ორგანოში ბევრად სახიერია, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში იყო. ის მაინც ერთგვარად პოსტრევოლუციური პარლამენტი გახლდათ, შედეგად, "ქართული ოცნების" შემადგენლობაში ბევრი შემთხვევითი პირი მოხვდა. დღეს ასეთები ნაკლებად ჩანან. "ქართულმა ოცნებამ", როგორც ჩანს, მოახერხა და თავი დააღწია პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალური დაპირისპირების რეჟიმს. ამასთან, ამ პარლამენტს აქვს ერთი სერიოზული პრობლემა - საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი ძალის ხელშია. ეს არ არის ნაკლი. ესაა პრობლემა, რომელიც პირველ რიგში თავად მმართველ ძალას ურთულებს საქმეს.

მას უკვე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მაგრამ სწორედ ეს აქცევს მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხში. "ქართული ოცნება" ვეღარავისკენ გაიშვერს ხელს, გაუჭირდება ადრინდელივით "ნაციონალების" საწინააღმდეგო რიტორიკით პრობლემების დაფარვა.

პერსონალიებზე გამიჭირდება ლაპარაკი, ირაკლი კობახიძეზე მსმენია, რომ განათლება გერმანიაში მიიღო და კვალიფიციური კონსტიტუციონალისტია. ძალიან კარგი, თუ ასეა და ის ევროპული პოლიტიკის ენაზე მეტყველებს, თუმცა საქმეში ჯერ არ გამოგვიცდია.

ერთი კია, მას ძალზე გაუჭირდება თავმჯდომარეობა დავით უსუფაშვილის შემდეგ. ამ უკანასკნელს, თუ შეიძლება ითქვას, ერთგვარი საპარლამენტო ქარიზმა ჰქონდა. მისი სრულფასოვანი ჩანაცვლება ძნელი იქნება.

"ქართული ოცნების" სადეპუტატო სიის დადებითი მხარე ის არის, რომ მისი დაკომპლექტებისას აშკარად გამოჩნდა გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური გემოვნების გავლენა. როდესაც ჯერი მიდგება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, დიდი იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებებს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ მიიღებენ. ამასთან, "ქართული ოცნება" დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ტოტალურად არ იკისროს პასუხისმგებლობა და ეს უკანასკნელი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს გადაუნაწილოს.

- უკვე ცნობილია მთავრობის ახალი შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა აცხადებს, ახალი მინისტრთა კაბინეტი უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. საპარლამენტო განხილვისას "ნაციონალური მოძრაობა" ზეკრიტიკულიც კი იყო და ზოგჯერ ეთიკის ნორმებსაც არღვევდა. საინტერესოა, რას ფიქრობთ ცვლილებებზე და იმ დაპირებების შესრულებას, რაც გაიცა წინასაარჩევნოდ, მოახერხებს კი ეს გუნდი?

- გამიჭირდება პერსონალიებზე რაიმეს თქმა... სამწუხაროდ, გრძელდება ტრადიცია, რაც ჩვენს მთავრობებს აქამდეც ახასიათებდა, ანუ მინისტრთა კაბინეტის არა პოლიტიკოსებით, არამედ მენეჯერებით დაკომპლექტება. როგორც ჩანს, "ოცნების" თავკაცებს ცუდად ესმით, რას ნიშნავს მინისტრის თანამდებობა და რომ ეს უპირველესად პოლიტიკური პოსტია.

მენეჯერი და აღმასრულებელი სამინისტროში, რა თქმა უნდა, უნდა გყავდეს მინისტრის მოადგილეების თუ დეპარტამენტის უფროსების სახით, მაგრამ თავად მინისტრმა უნდა შეძლოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაც კეთდება, პროგრესისა და კეთილდღეობისკენ არის მიმართული. მან რიგით მოქალაქეს უნდა დაანახოს, რომ კონკრეტული სამინისტროდან მოდის პოზიტიური ცვლილებების სურვილი, ენთუზიაზმი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენში ეს მომენტი უგულებელყოფილია. პოლიტიკური ფუნქციის შესრულებისას მინისტრები ზედმეტად პასიურები არიან, ეს კი მთავრობის შემადგენლობისადმი წინასწარვე აჩენს სკეპტიციზმსა და უიმედობის განცდას.

ეს ჩემამდეც თქვეს და გავიმეორებ: განცხადება, რომ ფინანსთა სამინისტრო აღარ გამოეკიდება ლარს და ნაკლებად იზრუნებს მის სტაბილურობაზე, მაფიქრებინებს, რომ ის, ვინც ამას ამბობს, პოლიტიკოსი არ არის. ლარის დევალვაცია უამრავი მოქალაქის ცხოვრებას ეხება. ბევრ მოქალაქეს ამგვარი განცხადებებით, ერთი მხრივ, უიმედობა ეუფლება, მეორე მხრივ კი მმართველი ძალისადმი უჩნდება აგრესია.

- "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სალაპარაკო თემა კვლავაც არაფორმალური მმართველობაა. თქვენი აზრით, მოახერხებს კი გიორგი კვირიკაშვილი ამ გუნდთან ერთად ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას და ამაში საზოგადოების დარწმუნებას?

- ეს გიორგი კვირიკაშვილს კი არა, ნებისმიერს, ბევრი მიზეზის გამო, ძალიან გაუჭირდება. საქმე ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა აიღო ტოტალური ძალაუფლება და ქვეყნის კულუარული მართვა, მთავარი ისაა, რომ განმეორდა ჩვენი უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელი მანკიერება: საზოგადოებამ თავადაც გადააბარა მას ძალაუფლება. შესაბამისად, ასეთი საზოგადოება ძნელად გაუგებს ნებისმიერ იმ ლიდერს, რომელიც ივანიშვილს გაემიჯნება. გაიხსენეთ გიორგი მარგველაშვილის ივანიშვილისგან დისტანცირების მცდელობა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან ცუდად მიიღო. მარგველაშვილი სწორედ იმას შეეცადა, რომ ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსულიყო, მაგრამ ჩვენში ეს აშკარად არ მიიღეს.

თუმცა ისიც აშკარაა, რომ კვირიკაშვილის პიროვნება ბევრ ოპონენტს უქმნის უხერხულობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის არ ჰგავს ადამიანს, ვინც უსიტყვოდ დაექვემდებარება ვინმეს. ამასთან, მას აქვს ის უნარი, რომელიც არ ჰქონდა მის ბევრ წინამორბედს: ნებისმიერთან, მათ შორის, ოპონენტებთან თანამშრომლობის სურვილი და უნარი. თავად

"ოცნებაშიც" გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც შეეცდებიან გიორგი კვირიკაშვილი მომგებიან ფასადად აქციონ. თუ ბატონი გიორგი არ დათანხმდება ამ როლს, პირველები სწორედ ისინი ატეხენ ერთ ამბავს.

ესეც გვინახავს: ძლიერი ლიდერის გარშემო იყრიდნენ თავს, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველი პირები, რომლებიც მისი სახელით სარგებლობდნენ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. როგორც წესი, ასეთები ახერხებენ და მძევლის მდგომარეობაში აყენებენ ხოლმე ლიდერს. ამგვარი საფრთხე ჯერჯერობით თითქოს სააშკარაოდ არ ჩანს, მაგრამ, ვფიქრობ, მალე იჩენს თავს.

- რას ფიქრობთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე? ცხადად ჩანს, რომ პარტიის ნაწილი ნელ-ნელა ემიჯნება ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს...

- აშკარაა, რომ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურად დამარცხდა. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ ეს მარცხი რევოლუციურ ტალღად აქციოს, ის უკრაინელებისთვის მაინც აუტსაიდერად რჩება და შინაურად არ აღიქმება.¸თავის მხრივ, სააკაშვილი ცდილობს, სადღაც მაინც მოახერხოს სერიოზული პოლიტიკური საყრდენის შენარჩუნება. ის მისთვის ჩვეული ზეაქტიურობის რეჟიმში ამყოფებს უკრაინის პოლიტიკას. უკრაინულ პრესაში ბოლო ხანს ბევრს წერენ მის კორუფციულ კავშირებზე. ეს შეიძლება არც იყოს მართალი, მაგრამ ამის მუდმივი ხაზგასმა გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", წინასაარჩევნოდ სააკაშვილის აქტიურობამ მას ზარალის მეტი არაფერი მოუტანა. მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში პოზიტიური როლის შესრულება უკვე ნაკლებად შეუძლია. დღეს ხელსაც კი უშლის, რომ ახალ ვითარებასთან ადაპტირება მოახდინოს. შესაბამისად, აუცილებლად გამოჩნდება გუნდი, რომელიც მოინდომებს მისი გავლენისგან სრულად გათავისუფლებას. თუმცა პარტიაში იქნებიან მისი ერთგულებიც.

- "რუსთავი 2"-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ ერევა, მაგრამ ოპონენტებს მისი არ სჯერათ.

- ნამდვილად ცუდად ვერკვევი ამ საქმის სამართლებრივ ნიუანსებში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ხელისუფლებისთვის ეს პოლიტიკურად წამგებიანი თემაა როგორც საგარეო, ასევე პერსპექტივაში საშინაო პოლიტიკისთვისაც.

ცუდია, რომ "რუსთავი 2" თავადაც პოლიტიკურ სუბიექტად იქცა. ეს ფსიქოლოგიურად უკიდურესად აძნელებს მის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას.

- რას ფიქრობთ "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში მოხვედრასა და "ქართული ოცნების" დახმარებით "მრეწველების" ერთი დეპუტატის მიერ ფრაქციის შექმნაზე, რისი წყალობითაც ეს პარტია სოლიდურ დაფინანსებასაც მიიღებს და ადგილსაც საარჩევნო კომისიაში?

- ეს უსამართლობაა. არ მინდა, ჩემი გადასახადებიდან ფინანსდებოდეს პარტია, რომელსაც ჰყავს ერთადერთი მაჟორიტარი და მანაც, საეჭვოა, რომ წარმატებას თავისი ძალისხმევით მიაღწია. არ მესმის, რატომ უნდა ვუხადოთ პარტიის დანარჩენ წევრებს ფული?

"პატრიოტთა ალიანსს" რაც შეეხება, ერთი მხრივ, ბევრს უკვირს, როგორ აღმოჩნდა ეს პარტია პარლამენტში. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებები უკვე, ალბათ, იმ 5%-საც გვარიანად ეუხერხულება, ვინც მხარი დაუჭირა ამ პარტიას. მეორე მხრივ, სულ ორიოდე წლის წინ სოციალურ კვლევებში პუტინის მიმართ სიმპათიას გამოკითხულთა 31%-მდე გამოხატავდა. მახსოვს, როგორი პანიკა იყო ამის გამო ჩვენში, ამ დროს კი "პატრიოტთა ალიანსმა" ძლივს გადალახა 5%-იანი ბარიერი. ეს ჩემში ოპტიმიზმს აღძრავს და არა პესიმიზმს.

- მსოფლიოში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმენი ვართ, რასაც ვინ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისად, ვინ კიდევ კონსერვატორულ კონტრრევოლუციად აფასებს. ბრექსიტის გაგრძელებად მიიჩნევენ ტრამპის გამარჯვებას, ასევე ვნახეთ, რომ მოლდავეთსა და ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტმა ლიდერებმა გაიმარჯვეს.

- ვფიქრობ, მცდარ ინტელექტუალურ ვითარებაში აღმოვჩნდებით, თუ ლიბერალური დემოკრატიის მარცხზე ან კონსერვატიულ კონტრრევოლუციაზე ვილაპარაკებთ. ლიბერალური კონსენსუსი, ვფიქრობ, არ ყოფილა მითური მსოფლიო ლიბერალური რევოლუციის პროდუქტი. ის თავად ცხოვრებამ და დასავლელთა ისტორიულმა გამოცდილებამ მოიტანა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც სურთ, ყველაფერი ეს რევოლუციისა თუ სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახების ტერმინებით აღიწერებოდეს.

ლიბერალური დემოკრატია არ არის აბსტრაქტული რამ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სახით ვლინდება. მისი ის მოდელი, რომელიც ბოლო ხანს მუშაობდა ევროპაში, აშკარად ასცდა რეალობას და ამას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა ევროპული იდენტობის თვალსაზრისით.

2010-2011 წლებში ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დევიდ კემერონი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ, რომ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მიაქციეთ ყურადღება, ეს იყო 5-6 წლის წინათ. უკვე მაშინ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ბრექსიტი მოსალოდნელი იყო. თუ არა ბრიტანეთში, ეს მოხდებოდა საფრანგეთში ან სადმე სხვაგან. ის მოდელი, რითაც დაიწყო ევროპამ ცხოვრება, აშკარად ნაკლოვანი, ზერელე იყო და ახლაც არის მისი რაობის წინააღმდეგ მიმართული.

ევროპა კონკრეტული კულტურული ტრადიციების სივრცეა. ლიბერალური დემოკრატიაც ამ კულტურული ტრადიციების ნაყოფია, მაგრამ როდესაც შენ გადააბიჯებ ამას და შეეცდები, ეს კულტურული ტრადიციები ექსტრემისტულად ეგალიტარული (ეგალიტარიზმი - კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს თანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შესაძლებლობების მქონე საზოგადოების შექმნას) სივრცით ჩაანაცვლო, მიიღებ იმას, რაც მიიღეს. ამბობენ, რომ კონსერვატორული კონტრრევოლუცია დაიწყო. არ მესმის, რატომ ჰქვია ამას კონტრრევოლუცია. ეს არის კონსერვატიული ბალანსის მოთხოვნის სრულიად ჯანსაღი პროცესი. ბევრმა ევროპელმა იგრძნო, რომ ბალანსი ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის დაირღვა. არადა, გლობალურ სამყაროში თავის შესანარჩუნებლად სწორედ ამგვარი ბალანსის წერტილის მოძებნაა აუცილებელი. ეს ჩვენც გვეხება.

გავიხსენოთ, რა ამბავი მოჰყვა მადრიდში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას. მილიონამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში. იგივე ხდებოდა იტალიაში, საფრანგეთში... მაგრამ ამ ადამიანების აზრს არავინ მიაქცია ყურადღება. როდესაც ყურს არ დაუგდებ შენს საზოგადოებას, უნდა ელოდო, რომ მალე საზოგადოება გამოსავლის ძებნას დაიწყებს და ყველაფერი ეს პოლიტიკურ შედეგებად გაფორმდება.

არა ვარ ფრანგი კონსერვატორი ლიდერებით აღტაცებული, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბალანსის დარღვევით წარმოშობილი საფრთხე დაინახეს, სხვა ვერავინ ნახეს, ვინც მათ აზრსა და გრძნობებს გაიზიარებდა. ევროპელმა ლიბერალებმა ხომ თავად იზრუნეს, რომ კონსერვატიული აზრის მარგინალიზება მომხდარიყო? ევროპის ინტელექტუალური გარემო ისე გაიტაცა ამ ექსტრემისტულმა ლიბერალურმა თამაშებმა, რომ საერთოდ დაავიწყდათ ადამიანი თავისი განცდით, არქეტიპებით, ცხოვრების ტრადიციული ფორმებით და ა.შ. დაავიწყდათ, როგორ აღიქვამდა ეს უბრალო ადამიანი მათ ზერელე და ექსტრემისტულ თამაშებს. დღეს კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...

- ფიქრობთ, რომ ეს კონსერვატიზმის აღორძინების ტალღა გაგრძელდება?

- დიახ, თუმცა არ ველი, რომ ეს რაიმე მძიმე შედეგს მოიტანს. უმალ ველი, რომ დამყარდება ბალანსი კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის და სწორედ ეს გადაარჩენს ევროპას...

აშშ-ის არჩევნებმა აჩვენა ერთი მნიშვნელოვანი რამ - თურმე რიგით ადამიანს კარგად შეუძლია საკუთარი განცდებისა და მოსაზრების შენიღბვა, მან დაარღვია ყოველგვარი სოციოლოგიური სტატისტიკა. მასმედიამ, რომელმაც დაუფარავად იკისრა საზოგადოებრივი აზრის ინჟინერიის ფუნქცია, თურმე გავლენა დაკარგა. ამიტომაც არის, რომ აშშ-ში ერთ მხარეს აღმოჩნდა მასმედია და სოციოლოგიური კვლევები, მეორე მხარეს კი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები.

რაც შეეხება ტრამპს, დემოკრატები შეეცადნენ, მისგან შეექმნათ ურჩხული, გამოეყვანათ პუტინის მიერ დასმულ არაადეკვატურ ადამიანად, რომელიც მსოფლიოს პოლიტიკურ ბალანსს დაარღვევდა და ა.შ. რიგითი ამერიკელების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ვერსია. ცხოვრების იმ მოდელის გაგრძელებას, რომელსაც დემოკრატები სთავაზობდნენ, მან არაპროგნოზირებადი ტრამპი არჩია.

ამერიკელებმა კარგად იციან, რა ძალა აქვს ეკონომიკას გლობალურ დაპირისპირებაში. ის, რაც ვერ შეძლეს დემოკრატებმა, სწორედ ტრამპი აპირებს. სანქციები რომც არ გამკაცრდეს, მორატორიუმის მოხსნა აშშ-ის გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე, უკვე უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის.

- შექმნილ ვითარებაში სად ხედავთ საქართველოს როლს და ხომ არ იზრდება ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გეგმაზომიერად ცდილობს გავლენის სფეროების გაფართოებას?

- ეჭვი მეპარება, რომ საფრთხეები გაიზარდოს. ტრამპი თუ რამეს საყვედურობს ევროპელებს, ისაა, ნუ ცდილობთ, რუსეთიდან და მუსლიმანური რადიკალიზმიდან მომდინარე საფრთხეებს მხოლოდ ჩვენი ხელით ებრძოლოთო. ამ ვითარებაში არა მგონია, ვინმემ დათმოს საქართველო. მეტიც, ვფიქრობ, ჩვენი როლი იზრდება. რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ძლიერ ამერიკაზე? - ბუნებრივია, არა იმას, რომ აშშ სადმე გეოპოლიტიკური გავლენის დათმობას აპირებს.

ცხადია, მოსალოდნელია, რომ რუსებიც და სხვებიც შეეცდებიან ტრამპის ტესტირებას ამა თუ იმ მკვეთრი მოქმედებით: სირიაში, ავღანეთში, უკრაინაში ან სადმე სხვაგან. ტრამპმა ეს, ცხადია, იცის. მის პასუხზე იქნება დამოკიდებული, რა სცენარით წარიმართება საერთაშორისო ცხოვრება მისი პრეზიდენტობის დროს.

რაც შეეხება ევროპელ კონსერვატორებს, შემიძლია ვივარაუდო, რომ თუ აქამდე პუტინი მათი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო და მასთან საერთო ენას ადვილად პოულობდნენ, ახლა მათ გამოუჩნდათ სხვა მოკავშირე ტრამპის სახით - გაცილებით უფრო რესპექტაბელური და მისაღები. ამდენად, ტრამპის გამარჯვება პუტინისთვის ამ თვალსაზრისითაც მარცხია. სწორედ ამის გამო აფრთხილებდა ამ ორიოდე დღის წინ ლუკაშენკოც რუს პოლიტიკოსებს.

ყველა შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა სწორედ ის შფოთი შემოიტანა საერთაშორისო ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი ელოდა. მის გამოჩენამდე არსებულ სიტუაციაში ჩვენ ყველანი რუსული ნეოიმპერიული რევანშიზმის გალაღებას ვუცქერდით, რომელსაც დასავლეთმა ქმედითი ვერაფერი დაუპირისპირა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს იგი.

ნათია დოლიძე