"ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა!" - კვირის პალიტრა

"ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა!"

"ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს"

"თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ"

"გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოეკიდებიან ლარს, დიდი შეცდომაა"

ეროვნული ვალუტის გაუფასურება პერმანენტულ პროცესად იქცა, თუმცა გასულ კვირას, 2 დეკემბერს, ლარის დევალვაციამ ყველა რეკორდი მოხსნა. კურსის ვარდნა დილიდან დაიწყო. დღის განმავლობაში კერძო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასმა 2.73 ლარსაც კი მიაღწია. ეროვნული ბანკის განცხადებამ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესებით არ იყო გამოწვეული, ვითარება ცოტა ჩააწყნარა, თუმცა დღის ბოლოს ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსიც არ იყო სახარბიელო - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა. მომდევნო დღეს ვითარება უფრო განიმუხტა და ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდა.

რა მოხდა, რა იყოს ლარის ერთდღიანი გაუფასურების მიზეზი? ამ კითხვაზე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განმარტებით, რაც 1-ლ დეკემბერს მოხდა, დიდწილად საზოგადოებაში გაჩენილი მოლოდინით განპირობებული აჟიოტაჟის შედეგი იყო, რასაც წინ უძღოდა აშშ დოლარის კურსის ზრდა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტის გაუფასურება.

იყო თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის დაანონსებული ცვლილებები? გვენეტაძეს ამ კითხვაზე არ უპასუხია, თუმცა განაცხადა, რომ საზოგადოების მოლოდინების ფაქტორთა სპექტრიდან რთულია ერთი კონკრეტულის გამოყოფა. ექსპერტთა ნაწილი კი კერძო ბანკების სპეკულაციურ ქმედებებზე ლაპარაკობს და კონკრეტულ ბანკებსაც ასახელებს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

- როდესაც მედიამ გასული კვირის ხუთშაბათს "ლარის შავი ხუთშაბათი" დაარქვა, ჩემი აზრით, გვარიანად გადაამეტა. არ მიწყინოთ, მაგრამ თქვენს კოლეგებს უყვართ ამა თუ იმ ვითარების გამუქება. ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა.

ეს იყო საბანკო სპეკულაციები - ჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, მერე კი მალევე დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. ეს ბაზარზე ლარის ხელოვნური სიჭარბით მოახერხეს. მიმაჩნია, რომ სერიოზული ეკონომიკური საფუძველი ამას არ ჰქონია, თუმცა ამ სპეკულაციურ მანევრებთან დაკავშირებით თავისთავად ისმის კითხვები.

- ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა დავით დუნდუამ მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულა ორი კომერციული ბანკი და თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასეთ ვითარებაში როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პოზიცია და ხომ არ დადგა დრო, გაამკაცროს მან საბანკო სექტორზე ზედამხედველობა?

- ჩემი აზრით, ბატონმა დუნდუამ შეფასებისას გადააჭარბა. ნებისმიერ ბანკს შეუძლია იმუშაოს კანონმდებლობის ფარგლებში. ჩემი აზრით, 2 დეკემბერს კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, პასუხისგებაზე ლაპარაკი ვერ იქნება. მაგრამ თქვენი კითხვის მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია - გადასახედია საბანკო რეგულაციები.

- მოგეხსენებათ, მომხდარს წინ უსწრებდა მთავრობის მიერ ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე - იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდის დაანონსება. ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ლარის გაუფასურება სწორედ ამ განცხადებას დაუკავშირა. მისი ვარაუდით, იმპორტიორებმა პროდუქციის მომარაგება გადაწყვიტეს, რისთვისაც დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყეს.

- არა მგონია, ეს მნიშვნელოვანი მიზეზი იყოს. მეეჭვება, იმპორტიორებს ჰქონდეთ ამდენი თავისუფალი ფული. თუ აქვთ, ალბათ, უცხოურ ბანკებში ინახავენ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, მთავრობა უშვებს დიდ შეცდომას. თქვენ იცით, რომ მომწონს პრემიერ-მინისტრი და მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია, აუცილებლად ვილაპარაკებ და იმედია, ამას მტრობად არ მიიჩნევენ.

შეცდომა ის არის, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩია ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი სუსტი ეროვნული ვალუტის ფონზე - ეს ჩემთვის ცხადია, თუმცა ხმამაღლა არ გამოუცხადებიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ გააძლიერეს ლარი, მერე დაიწყო მისი ხავერდოვანი შესუსტების პოლიტიკა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ არჩეულია სუსტი ლარის სტრატეგია. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე ძალიან ბევრი რამ არის დაწერილი და ჩემი თუ არ სჯერათ, წაიკითხონ ცნობილი ეკონომისტების მონოგრაფიები, სადაც კარგად ჩანს, სადამდე მიჰყავს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას მსოფლიო. სხვათა შორის, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე. მას შემდეგ აშშ-შიც კი, სადაც ნეოლიბერალური მიდგომა ვრცელდება ვაჭრობაზე, ნავთობზე, სანედლეულო ბაზრებზე და ა.შ. ეს გახდა ძალიან ხისტი რეგულაციის საგანი. მოგეხსენებათ,

ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს ხელისუფლების მაქსიმალურ დისტანცირებას ეკონომიკური პროცესებისგან და, ამავდროულად, ეკონომიკაში საბანკო სექტორის უდიდეს როლს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის არასწორი მგონია.

ამას რომ თავი დავანებოთ, სუსტი ეროვნული ვალუტის პოლიტიკა არის არა მაკრო ან მიკროეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური სტრატეგია, რასაც შეიძლება მიმართოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც ხელთ აქვს, ვთქვათ, აშშ დოლარი - ვალუტა, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ფინანსურ და სანედლეულო ბაზრებს და დოლარის კურსზე დამოკიდებულია ნავთობის ფასები მსოფლიოში. შესაბამისად, დოლარის დასუსტებით თუ გაძლიერებით აშშ საკუთარ ინტერესებს ადვილად ახორციელებს. მეორე შემთხვევა, როდესაც სუსტი ვალუტის სტრატეგიას იყენებენ, არის ე.წ. დახურული ქვეყნები, სადაც ძალიან ძლიერია ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და არის ორიენტირებული ექსპორტზე. ვთქვათ, ირანი, რომელმაც სანქციების პერიოდში ეკონომიკური განვითარება სწორედ უსუსტესი ეროვნული ვალუტის ფონზე მოახერხა, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი ყიდის ნავთობს, ის ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა.

როდესაც სუსტი ვალუტა გაქვს, მაგრამ ექსპორტის მაჩვენებელი იმპორტზე მაღალია, მაშინ კონკურენტუნარიანი ხდები საერთაშორისო ბაზარზე და დიდ მოგებას ნახულობ, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც იმპორტი ლამის 5-ჯერ ჭარბობს ექსპორტს. აქ ეროვნული ვალუტის შესუსტება იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები აიწევს. თუ არ აიწევს, მაშინ მთავრობას მოუწევს ამ განსხვავების დაფარვა და ასეთ პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ასე რომ, ეს პოლიტიკა არასწორია, აუცილებლად უნდა გააძლიერონ ლარი, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს.

- თუმცა, როდესაც ლარის დასუსტებაზეა ლაპარაკი, ამის მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და სწორედ ექსპორტის გაზრდას ასახელებენ...

- როცა პროდუქციას მთლიანად შიდა რესურსებით, შიდა ნედლეულით აწარმოებ და ექსპორტზე გაგაქვს, მაშინ შენი პროდუქცია კონკურენტულია და სუსტ ეროვნულ ვალუტასაც აქვს გამართლება, მაგრამ როდესაც წარმოების ამუშავებისას ნედლეული, ძირითადად, იმპორტირებულია, მაშინ სუსტი ეროვნული ვალუტა კარგავს აზრს. იმპორტირებული ნედლეული ბუნებრივად სწევს წარმოებული პროდუქციის ფასს, მის თვითღირებულებას.

- მაშ, რა არის ჩვენი მთავრობის მიზანი?

- რა გითხრათ... როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობის წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა აშშ-ის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში მოსმენილი ლექციები, საჭიროა მეტი გამჭრიახობა და სიბრძნე. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა სპეციალისტების გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოეკიდებიან ლარს, დიდი შეცდომაა. ეროვნული ვალუტით თამაში სახიფათოა! სუსტი ლარის ტვირთი მთლიანად მოსახლეობას დააწვება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ ენერგორესურსების იმპორტს, რაზეც დასუსტებული ლარის პირობებში ფასები აუცილებლად გაიზრდება. ამას მოჰყვება სამომხმარებლო ფასების ზრდა და ინფლაცია. ჩვენ ხომ ვერ მოვახერხებთ ინფლაციის შესაბამისად პენსიებისა და ხელფასების ზრდას! საქართველო არც საფრანგეთია და არც - გერმანია.

- თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ლარის გამყარების პერსპექტივაზეც ლაპარაკობს და "ეროვნულ ბანკთან" ერთად ე.წ. დედოლარიზაციის გეგმით ლარზე ზეწოლის მოხსნას გეგმავს... თუმცა ექსპერტთა ნაწილის თქმით, ამ საკითხზე გაკეთებული გაუაზრებელი განცხადებაც შეიძლება გამხდარიყო 1-ლ დეკემბერს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი...

- ჩემი აზრით, ეს სულ სხვა თემაა, არ უკავშირდება ლარის სიძლიერეს ან სისუსტეს და თუ ვინმე უკავშირებს, ცდება. ეკონომიკურ განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე - მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის, ეროვნული და უცხოური ვალუტების, თანაფარდობაზე. აქ უნდა მოინახოს ოქროს კვეთა. შესამუშავებელია ლარის მართვის მექანიზმები, რაც არც კომერციულ ბანკებს მისცემს სპეკულაციების უფლებას და არც მთლად ნეოლიბერალური იქნება.

ჩემი აზრით, ეროვნული ვალუტის ეკონომიკური მართვა ხისტად უნდა განხორციელდეს! რაც შეეხება ე.წ. დედოლარიზაციას, ამას მივესალმები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეროვნული ვალუტა ჩემი სიამაყეა. კონსტიტუციურად ჩვენი ვალუტა ლარია და ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, გარიგება, ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს ლარით. როდესაც კრედიტებს, რაღაც განაკვეთებს, ბინის იპოთეკურ სესხს გიფორმებენ დოლარში, არასწორია! ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და უნდობლობა ეროვნული ვალუტისადმი, რაც უნდა აიკრძალოს. რამდენად შეუმსუბუქებს ეს მდგომარეობას იმას, ვისაც უკვე აქვს სესხი, ვერ გეტყვით... ისე, დარწმუნებული ვარ, თუ ბანკებს ლარით მოუწევთ სესხის გაცემა, თვითონვე იქნებიან დაინტერესებული, რომ მისი გაუფასურება არ მოხდეს და სპეკულაციებზეც აღარ წავლენ, ჩვენ კი ლარის გაცვლითი კურსი მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლისას უნდა გვახსენდებოდეს!

როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: რამდენად სწორია მოგების გადასახადის მოხსნა და აქციზის გაზრდა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებს? მოგების გადასახადი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, აქციზის გადასახადი კი მოქმედებს მოქალაქეებზე. რა გამოდის, ჩვენი მთავრობა აპირებს, ბიზნესს მხარი დაუჭიროს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე?! ეს არა მხოლოდ სამწუხარო, დანაშაულიც კია.

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, აქციზი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ორ რამეზე: თამბაქოზე, მიუხედავად იმისა, რომ მწეველი ვარ, და ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ არამც და არამც - ნავთობპროდუქტებზე. ეს აუცილებლად გამოიწვევს ლარის დევალვაციასაც და ინფლაციასაც. რაც შეეხება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდას, მიდგომა აქაც დიფერენცირებული უნდა იყოს.

მივესალმები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე არა მხოლოდ აქციზის გაზრდას, არამედ მათ საერთოდ აკრძალვას. ასევე მაღალი უნდა იყოს აქციზი ძველ და ელიტურ - ძვირად ღირებულ მანქანებზე, ხოლო დანარჩენი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს სააქციზო გადასახადისგან.

- პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მოვისმინეთ, თითქოს ხელისუფლება ონლაინსესხების გაუქმებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მხოლოდ შეზღუდვა იგეგმება...

- რატომღაც მგონია, რომ მართლაც სურდათ აკრძალვა, რასაც მივესალმებოდი, ისევე, როგორც ონლაინკაზინოების შეზღუდვას, თუმცა რატომღაც ეს ვერ გაიტანეს. სამწუხაროდ, ეს ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს - ერთს ართმევენ, მეორეს ასესხებენ და ა.შ. ერთ დღეს ეს ხუხულა, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოინგრევა. ისეთი ბიზნესი, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, ჩემი აზრით, მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. ამ სფეროზე კონტროლი უნდა დაწესდეს!

- ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობა იპოთეკურ სესხს 33 ათას ადამიანს დაუფინანსებს და ამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში გაიწერება. დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად ვისი იპოთეკური სესხები დაიფარება? ექსპერტ ლადო პაპავას განცხადებით, ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელიც პატიოსანი გადამხდელია, სულაც არ არის ვალდებული, ვიღაცას საკუთარი ჯიბიდან დაუფაროს სესხი...

- კი, წავიკითხე ბატონი ლადოს განცხადება. ამ საკითხში მართლაც იმდენი რამ არის ბუნდოვანი, მიჭირს კომენტარის გაკეთება. კარგი იქნება, თუ გაგვარკვევს ხელისუფლება, კონკრეტულად რომელ კატეგორიას ან რა პროდუქტს შეეხება მათი ინიციატივა... უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება ინიციატივებს მაშინ გაახმაურებს, როდესაც ყველაფერი გაანალიზებული და კარგად დაგეგმილი ექნება და ამას საზოგადოებასაც კარგად აუხსნის.

ვემხრობი პრემიერის პათოსს, რომ სახელმწიფო სწრაფად უნდა განვითარდეს, შედეგად კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ორნიშნა რიცხვით აისახოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ფინანსურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, რითაც მას ამ შედეგის მიღწევა სურს. განვითარების წარმოდგენილი თეზისები მოსაწონია, მაგრამ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არ ჩანს... თუმცა მივცეთ მთავრობას 100-დღიანი ვადა და მერე უფრო კრიტიკულად შევაფასოთ მათი საქმიანობა.

- რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გაყიდვას გეგმავს... ამგვარი ინიციატივა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასაც, რაც ვერ განახორციელა. ამ იდეას დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის არაჯანსაღი ინტერესების გამო ამგვარი გადაწყვეტილება სახიფათოა...

- 25%-ის გასხვისებაში საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ შეიცვლებოდა კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, და ისე, როგორც არის მთელ მსოფლიოში, ბუნებრივი მონოპოლიები გადაიქცეოდა სააქციო საზოგადოებებად, მათი აქციების ყიდვა კი შეეძლებოდათ არა კომპანიებს, არამედ - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

- არჩევნების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ 2017 წლამდე მოხერხდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ დაიგვიანებს...

- ევროპის შენგენის ვიზა 17 მარტს მიმთავრდება და ვფიქრობ, რომ ვიზის გაგრძელება აღარ დამჭირდება. ამ პროცესს იმედით ვუყურებ, თუმცა ცხადად გამოჩნდა, რა შენელებულად მუშაობს ევროპული ბიუროკრატიული მანქანა. ოპტიმისტი ვარ, ღმერთმა არ ქნას, ვცდებოდე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მისწრაფებები, გეზი კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს...

ნათია დოლიძე