"რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად" - კვირის პალიტრა

"რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად"

"ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება"

"როდესაც პოლიტიკა ცდილობს, "მიჯირყნოს" ეკონომიკა, იქ შფოთი უსასრულოდ გრძელდება"

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის პარამეტრებს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში, თუმცა ხელისუფლების მტკიცებით, ეს დოკუმენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ასახავს და სრულიად რეალისტურია. ამასობაში კი 2016 წელი მიიწურა, შესაბამისად, ბევრი რამის გაანალიზებისა და შეფასებების დროც დადგა. რამდენად წარმატებული იყო ეს წელი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, იყო მნიშვნელოვანი წინსვლა თუ ქვეყანა სტაგნაციის რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას? ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან:

- მრავალასპექტიანი საკითხია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს მართლაც გაუჩნდა განცდა, რომ ბევრ სფეროში ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის, თუმცა ბევრი რამ ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. 2016 წელს მნიშვნელოვან წარმატებებს ველოდით საერთაშორისო სივრცეში. ჯერ კიდევ 2008 წელს ნატოს მიერ საქართველოსთვის გაღებული კარი კვლავაც ღიად რჩება, თუმცა ამ გზაზე ძალიან ნელა გვიწევს სვლა... ასევე გვეგონა, რომ უკვე წლევანდელ ზაფხულს ევროპაში უვიზოდ მოვახერხებდით მოგზაურობას, რაც ვერ მოხერხდა. შეიძლება ჩვენი მოლოდინი გადამეტებული იყო, რამაც გული დაგვწყვიტა, თუმცა წლის ბოლოს ამ მიმართულებით ევროპიდან აშკარად დადებით გზავნილებს ვიღებთ და სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე ნამდვილად მოვახერხებთ შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას, რაც აჩვენებს, რომ პროცესი, დაგვიანების მიუხედავად, 2016 წელს პოზიტიურად გრძელდებოდა. ვფიქრობ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც გვაქვს წარმატებები, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ, თუმცა აქაც აშკარად შენელებულია ტემპი.

ახლა მთავარია, როგორ შევასრულებთ ვალდებულებებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს, რომელთაც გვთავაზობს ევროკავშირთან გაფორმებული სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წლევანდელი მონაცემები მხოლოდ საწყისი ეტაპია და ეს ყოველწლიურად გაიზრდება. ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ტურიზმი არ არის ერთადერთი სფერო, სადაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ტურიზმის განვითარებაზე მთავრობა ასე ზრუნავს.

ევროპულ სივრცესთან ჩვენი ურთიერთობის ინტელექტუალური შემადგენელი უნდა იყოს უფრო დახვეწილი და შედეგიც უკეთესი გვექნება. 2016 წელს იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელთა გადაჭრა განახლებულ მთავრობას მომავალ წელს მოუწევს...

- მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, რაც არჩევნების შემდეგ პერმანენტულ პროცესად გვექცა. სწორედ ამ ფონზე მოუხდა მთავრობას პარლამენტისთვის 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენა. განხილვა ხმაურიანი გამოდგა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა თქმით, ეს ბიუჯეტი ქვეყნის მოსახლეობას უფრო გააღარიბებს...

- ის შფოთი, რაც სუფევს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მდგომარეობის გამო, სრულიად საფუძვლიანია, მაგრამ თუ არ განვაცალკევეთ ბიუჯეტის თემა ლარის თემისგან, დავრწმუნდებით, რომ არც ერთს და არც მეორეს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს... არ შეიძლება ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცეს, ჩვენ კი მოწმენი ვართ, არჩევნების მეორე დღიდანვე როგორ ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობა" ახალ წინასაარჩევნო კამპანიაში - მუდმივი კრიტიკით და იმ ყველაფრის მიუღებლობით, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. მიჩვეულნი კი ვართ მათგან ამგვარ უპასუხისმგებლო ქცევას, მაგრამ ის, რომ მომავალი ოთხწლეულიც ასე უნდა გავატაროთ, რასაკვირველია, პესიმისტურად განგვაწყობს.

მართალია, ქალბატონი კლინტონი ვერ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ეს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სულაც არ აკნინებს და იქნებ, მოვისმინოთ და გავიზიაროთ მისი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება: "დემოკრატიაში დგება ხოლმე დრო, როდესაც პოლიტიკა უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა." მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება ეს გამონათქვამი. მართლაც, დროა, დაიწყოს სახელმწიფოს მართვა და ეს უნდა გაიგოს მთავრობამაც და ოპოზიციამაც.

მთავრობის შედეგიან მართვაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუ მას არ მიეცა მოქმედების დრო და საშუალება. ვიდრე დავამუნათებთ მთავრობას, მას უნდა მივცეთ მუშაობის რამდენიმეთვიანი ვადა მაინც. ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით გვქონდეს, მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას პოლიტიკური ინტერესები ჭარბობს ეკონომიკურ შემადგენელს, რასაკვირველია, წარმატებამდე გზა უფრო გრძელდება.

ერთადერთი, რაც პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ ამ პროცესში, გასული კვირის პარასკევს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმცირესობასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილის სტუმრობაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული შენიშვნებიც და დამაჯერებელი პასუხებიც იყო სრულიად ადეკვატური.

არავის აქვს იმედი, რომ საქართველოს საკუთარი ერჰარდი მოევლინება - ასეთი საუკუნეში ერთი თუ ჩნდება, მაგრამ ის მაინც ხომ ვიცით, ერჰარდმა როგორ დააყენა ფეხზე მიწასთან გასწორებული გერმანია და აქცია ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომისტების დიდ ნაწილს ეს ამბავი არაერთხელ აქვს წაკითხული, მაგრამ როდესაც პოლიტიკა ცდილობს, "მიჯირყნოს" ეკონომიკა, იქ შფოთი უსასრულოდ გრძელდება.

დიახ, ეკონომიკური მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. ნიშნები იმისა, როგორ გაართმევს ამას თავს ხელისუფლება, დაახლოებით ერთი კვარტალის თავზე გამოჩნდება, მაგრამ ყოველივეზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ამომრჩეველსაც, რომელმაც საკონსტიტუციო უმრავლესობა "აჩუქა" "ქართულ ოცნებას". ნურავის ეგონება, რომ ყველაფერზე - კარგზეც და ცუდზეც, რაც მოხდება უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, საკუთარ პასუხისმგებლობას მოიხსნის. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ბატალიები, რასაც დიდი სიხარულით ელოდება ჩვენი მედიასივრცის დიდი ნაწილი. უნდა მოვძებნოთ თემები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება და აკადემიური მსჯელობისკენ ვუბიძგოთ ხელისუფლებას და მის ოპონენტებს, რათა საზოგადოებამ საერთოდ არ შეაქციოს ზურგი პოლიტიკურ პროცესს.

- მოდი, მომავალი წლის ბიუჯეტის პოლიტიკური ასპექტები დავივიწყოთ და მის პარამეტრებზე ისე ვიმსჯელოთ. თქვენი აზრით, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა რეალისტური პროგნოზია?

- ვფიქრობ, ბიუჯეტი განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა მისი გაბიაბრუების მიზეზიც არ გვაქვს. აშკარაა, რომ მასში მთავრობის კეთილი სურვილები უფრო ჭარბობს, ვიდრე მისი განხორციელების შესაბამისი რეგულაციები.

თუმცა, ერთი რამ უდავოა - ეს პროფესიონალების შემუშავებული დოკუმენტია, მაგრამ ისმის კითხვა: ეს გუნდი დამოუკიდებელი იყო მასზე მუშაობისას, თუ რაიმე ტიპის ვალდებულებები ეკისრებოდა?! ვიმეორებ, ერთი კვარტალის თავზე ბევრი რამ გამოჩნდება და ალბათ, უმჯობესი იქნება, მოვლენები მაშინ შევაფასოთ. ძნელად წარმომიდგენია, რომ "ოცნების" ეს ნაოცნებარი ბიუჯეტი უმწიკვლოდ შესრულდეს, მაგრამ წინასწარ არ ვაპირებ მის კრიტიკას...

- ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც მთავრობა ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას გეგმავს, გარკვეულ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდაა, რაც, ბევრის აზრით, უფრო გააძვირებს ცხოვრებას, რიგით მოქალაქეს კი გააღარიბებს...

- უპირველესად, მგონია, რომ ამ ინფორმაციის გახმაურებისასაც მთავრობისა და ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა გამოჩნდა. არანაირი პიარტექნოლოგია არ შველის ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს, რომლებითაც საგონებელში ჩააგდეს ისედაც გულგახეთქილი საზოგადოება. ისეთი რიხიანი შემოთავაზება იყო აქციზის ფასის ზრდის თაობაზე, თითქოს რაღაც უნიკალური აღმოჩენა გაეკეთებინოთ. შესაბამისად, საზოგადოებაც უფრო დაიზაფრა.

ამას ამძაფრებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განსხვავებული განცხადებებიც. თუ მოსახლეობას ეუბნები, რომ პროდუქცია მნიშვნელოვნად არ გაძვირდება, მაშინ დაწვრილებით უნდა აუხსნა, როგორ და რა გზით აპირებ ამის თავიდან აცილებას. თუ არ აპირებ და ფიქრობ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალია, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა თქვა და ისიც მოაყოლო, რატომ გახდა ეს აუცილებელი.

თავის მხრივ, საზოგადოების ნაწილიც სცოდავს. მაგალითად, როდესაც ონლაინსესხების შესახებ თავისი პოზიცია გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა, ისეთი უკმაყოფილო ჟივილ-ხივილი ატყდა, თითქოს ყველანი ვართ მფლობელი ამ სისტემის და სრულიად გავღატაკდებით, თუ ამ ონლაინსესხების პარპაში მომავალშიც არ გაგრძელდა. არადა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა იმსხვერპლა ონლაინსესხებმა, არაერთი ოჯახი გააუბედურა. თითქოს ყველა წინააღმდეგი იყო მათი საქმიანობის, თუმცა მერე იმდენი დამცველი გამოჩნდა, გაოცებული დავრჩი...

დიდი შეცდომა იყო განცხადებები, რომ ხელისუფლება, თურმე, ლარს არ გამოეკიდება და ქვეყანა დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული... ეს უფრო ცინიზმით გაჟღენთილ განცხადებებს ჰგავდა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დოლარი თვითონ გვეწებება და თავს ესხმის ლარს, რაც, რასაკვირველია, ასე არ გახლავთ.

ლართან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული ზომების მიღების დროც დადგება და ეს შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს ჩვენი საზოგადოებისთვის...

- მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის კიდევ ერთი გზაა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა 10%-ით...

- სიმართლე გითხრათ, ცოტა ბუნდოვანი ჩანს ჩემთვის ეს გადაწყვეტილება. მაინტერესებს, თუ საჯარო მოსამსახურეთა 10% უსამსახუროდ დარჩა, დანარჩენ 90%-ს მაინც ექნება ისეთი პრემიები და დანამატები, რასაც აქამდე იღებდნენ?!

როდესაც არ არსებობს საჯარო მოხელეთათვის პრემიებისა და სახელფასო დანამატის მინიჭების კონკრეტული საკანონმდებლო საფუძველი, რასაკვირველია, მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება სუბიექტური იქნება და ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, კვლავაც აღმოჩნდება კრიტიკის ქარცეცხლში.

- გასული კვირის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო კომისია და მისი დაკომპლექტების თაობაზე პარლამენტის მიღებული დებულება გახლდათ. მოგეხსენებათ, კომისიაში იმ ფორმატით მონაწილეობაზე, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ შესთავაზა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციაც კომისიას ბოიკოტს უცხადებენ...

- ჩემი აზრით, კონსტიტუციის თემა ქართული დემოკრატიისთვის მთავარი საკითხია. ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ წარმატებებზე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული დემოკრატია არის ტკბილი სიზმარი, რომელიც ზოგჯერ ხდება, უფრო ხშირად კი - არა.

როდესაც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არსებობს საფრთხე, რომ ნანატრი ტკბილი სიზმარი ვერ ახდეს.

ამის საფუძველს მაძლევს არჩევნების დასრულებისთანვე ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარის სულწასული განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის უნდა აირჩიოს პარლამენტმა. დამაჯერებლობისთვის მოჰყავთ საქართველოსგან ძალიან შორს წასული დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები, ჩვენი რეალობა კი სრულიად განსხვავებულია.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო რესპუბლიკური პარტიის ინიციატივის, რომ პრეზიდენტი სწორედ პარლამენტს აერჩია. იგი გვარწმუნებდა, რომ აუცილებელი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება და მეტი ლეგიტიმაცია, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, მთავრობასა და პარლამენტს შორს ნებისმიერი გაუგებრობა დაებალანსებინა. მაშინ შევთანხმდით ამ საკითხზე, მაგრამ გამოხდა ხანი და რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ამჟამინდელი პრეზიდენტის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ პრივატიზება, ამ საკითხისადმი მიდგომაც შეიცვალა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის "რიგითი მოქალაქისთვის" და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამან განაპირობა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე "ქართული ოცნება" ამ ცვლილების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

- თუმცა კონსტიტუციონალისტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა, რომელიც გვარიანადაა დასალაგებელი და სწორედ ამას უნდა მიხედოს საკონსტიტუციო კომისიამ...

- დიახ, დღევანდელი კონსტიტუცია აქამდე სულ სხვა ინტერესების გამთვალისწინებელი დოკუმენტი იყო. რასაკვირველია, ახლა არის მისი დახვეწისა და მოწესრიგების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ როდესაც კონსტიტუციის ხსენება იწყება პრეზიდენტით და მისი არჩევის წესით, ეს ბევრ რამეს საეჭვოს ხდის. ვფიქრობ, ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი უნდა ჩაერთოს და გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღონ.

ვფიქრობ, არც ის იქნება მიუღებელი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფარგლებში პარალელურად ამოქმედდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცვლილებების საკუთარ ვერსიას მოამზადებს და შესთავაზებს საზოგადოებას. შესაძლოა, მესამე ვერსია სხვა ჯგუფში მომზადდეს და ეს იქნება ჯანსაღი პროცესი. მოკლედ, რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს მსჯელობა და პროცესის დაჩქარება კარგს არაფერს მოგვიტანს. ყველაფერს ერთი ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გასწვდება. მას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა როგორ შეძლებს ის ამ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას, ძნელად წარმოსადგენია...

- მსოფლიო კიდევ ერთხელ შეძრა სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა. ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციური ძალები აკონტროლებდნენ, ასადის ჯარებმა რუსული ავიაციის დახმარებით აიღეს და ადგილობრივებს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები... რას ფიქრობთ მომხდარზე? ფაქტია, რუსეთი "ძლევამოსილ" სვლას განაგრძობს...

- დიახ, რუსეთი აგრძელებს სამყაროს მოპატიჟებას მესამე მსოფლიო ომში ჩასართავად. რუსეთის "ჰუმანისტი" პრეზიდენტი სულ უფრო და უფრო აშკარად ხდება სადიზმის სიმბოლო. ფაქტია, რომ რუსეთს არ აინტერესებს და აღარც აქვს თავდაცვის სამინისტრო, ეს უწყება გადააკეთეს თავდასხმის სამინისტროდ... ასეთ ვითარებაში გონიერება გვმართებს, რომ არ წამოვკრათ ფეხი იმ ნაღმებს, რომლებიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს განლაგებული.

მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმით, რაც დატრიალდა ალეპოსა და მთელ რეგიონში. როდესაც იქიდან გავრცელებულ შემაძრწუნებელ კადრებს ხედავ, მიმდინარე პროცესების შესაფასებლად კვლევების ჩატარება საჭირო აღარ არის. ამასთან, ვხედავთ სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების კმაყოფილ სახეებს. უკვე აშშ-დანაც გვესმის შეულამაზებელი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ, რაც, ჩემი აზრით, ყოველგვარ საფუძველს უსპობს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისა და კრემლის მოსალოდნელ კოაბიტაციას თუნდაც სირიის თემაზე და უფრო აძლიერებს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს.

ნათია დოლიძე