"შესაძლოა, არჩევნებმა სიურპრიზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, არჩევნებმა სიურპრიზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას"

"ეჭვის ლაქას კატინის ტრაგედიის გამო რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ მოიშორებს"

დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ რუსეთისგან საქართველოს დაჩაგვრამ განაპირობა

"პალიტრას" დაბადების დღე აქვს - ჩვენს გამოცემას თხუთმეტი წელი შეუსრულდა. სიტყვა "ჩვენში" კი მკითხველიც იგულისხმება და რედაქციაც და რომ ამ ფრაზაში არაფერია ეპატაჟური, ამას, სულ ცოტა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს. "კვირის პალიტრის" ლიდერობა, ალბათ, ერთ-ერთი საკითხია იმ მცირეთაგან, რაშიც ამ არცთუ მცირე დროის განმავლობაში "პოზიციაც" და ოპოზიციაც, "დასავლეთიც" და "ჩრდილოეთიც", საზოგადოება, რწმენისა და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ერთმანეთს უპირობოდ ეთანხმებოდნენ...

"პალიტრასთან" ათწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ტელევიზიის ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემებში მომიხდა მუშაობა და ყველგან ერთადერთი პირობით მივდიოდი - "კვირის პალიტრაში" წერისთვის თავი არ უნდა დამენებებინა. როგორც წესი, მთანხმდებოდნენ და დღეს ეს გადაცემები "ტელეისტორიის" საკუთრება გახდა, მე კი კვლავ "პალიტრაში" ვრჩები და ასეც გაგრძელდება, რადგან გულწრფელად გეტყვით იმას, რასაც გაოცებულ ტელეკოლეგებს ვპასუხობდი ამ ათი წლის განმავლობაში, როცა მეკითხებოდნენ, გაზეთში რატომღა რჩებიო: "პალიტრა" ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე გაზეთი.

ვფიქრობ, მკითხველისთვისაც ასეა - "პალიტრას" ხომ პუბლიკაციებთან ერთად ბევრი ორიგინალური პროექტიც უკავშირდება. მარტო სააღდგომოდ იერუსალიმიდან სანთლების ჩამოტანის ან "მომავლის გზავნილის" გახსენებაც კმარა... გახსენებაზე გამახსენდა და, ამ ხუთიოდე წლის წინ ამერიკაში გახლდით სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით. სხვებთან ერთად "ჰიუმან რაითს ვოჩის" სათავო ოფისის დირექტორსაც შევხვდი. რაღაცას ჰყვებოდა მიღწევებსა და პერსპექტივებზე, მე კი ჟურნალების მაგიდიდან ადამიანის უფლებათა დაცვის წლიურმა რეიტინგმა მომჭრა თვალი და თვალიერებისას შემთხვევით იმ ადგილას გადავფურცლე, სადაც ქართულ მედიაზე იყო ლაპარაკი. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "კვირის პალიტრის" ნდობის ვოტუმი არა მხოლოდ საქართველოში, საზოგადოდ, რეგიონის მედიაშიც პროცენტულად ყველაზე მაღალია.

მასპინძელმა უყურადღებობა შემამჩნია და მის გამოხედვას თავდაჯერებით შევაგებე, უკაცრავად, ჩემს გაზეთზე დაგიწერიათ და თვალი მომტაცა-მეთქი. ჯერ ბუკლეტს ჩახედა, მერე კი აღფრთოვანებულმა ჩამომართვა ხელი, თქვენი რეიტინგი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოაო(!)...

ისღა დამრჩენია, გულწრფელი მადლობა გითხრა, მკითხველო, ამ ნდობისთვის. აქვე ხუმრობანარევი სიამაყით დავძენ, რომ მადლიერების გრძნობა გამიორმაგდა, როდესაც გასულ წელს თქვენი მონა-მორჩილი წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეთ და ეს გრძნობა გამისამმაგდა, "პალიტრის" წიაღში კიდევ ერთი "პირადი" მიღწევის ამბავი რომ შევიტყვე, - რუბრიკებს შორის "კვირის მთავარი თემა" პირველ ადგილზე გასულა...

ახლა კი ჩვეულ საქმესაც მივხედოთ, თუმცა საუბარი არცთუ ჩვეულებრივ მოვლენებზე მოგვიწევს.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დატრიალებული კატინის ტრაგედია იმის შედეგი იყო, რომ პოლონეთი აგრესორების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. სიმბოლურია, რომ ამის შემდეგ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია კვლავ კატინს დაუკავშირდა... და, ალბათ, ერთგვარად სიმბოლურია ისიც, რომ კაჩინსკისა და მასთან ერთად დაღუპული პოლიტელიტის დაკრძალვაზეც პოლონეთი ისევ მარტო დარჩა - ამჯერად მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკრძალვაზე ჩასვლა სახელმწიფო მეთაურთა დიდმა უმრავლესობამ ვერ მოახერხა...

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ. ბატონმა რამაზმა ინტერვიუ იუბილარზე საუბრით დაიწყო:

- "კვირის პალიტრა" მაშინ გავიცანი, როდესაც არცთუ დიდი დრო იყო გასული პირველი ნომრის გამოსვლიდან. საინტერესოა, რომ გაცნობა რეიტინგების მეშვეობით მოხდა. მაშინ ყველას ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ახალგამოსულმა გაზეთმა იმდროინდელი ძალზე რეიტინგული გამოცემები მალევე ჩამოიტოვა უკან.

ეს ტენდენცია დღესაც ძალაშია და ძალაში რჩება კიდევ ერთი, ჩემი აზრით, არანაკლებ საინტერესო ტენდენცია: "კვირის პალიტრა" მკითხველს ბეჭდვითი მედიისთვის დამახასიათებელი, ჩვეული ხერხებით არ იზიდავს - ანუ, მისი რეიტინგი არ არის დამოკიდებული ჰოროსკოპებზე, მყვირალა და სკანდალურ სათაურებსა და სტატიებზე; მისი რეიტინგი არც ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რაკიღა გაზეთი ყოველკვირეულია.

ასე რომ, იმ გასაღების პოვნა თუ გამოცნობა, რომლის მეშვეობითაც "პალიტრამ" მკითხველის გული მოინადირა, ძალიან ძნელია. რთული სისტემა, რომელიც "კვირის პალიტრამ" მკითხველს შესთავაზა, ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს აკადემიურობასაც, ყოფითი ამბების თხრობასაც, გართობასაც. რაც მთავარია, რედაქცია ყველა ამ მიმართულებით კარგად ახერხებს მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს... წინსვლასა და კიდევ უფრო განვითარებას გისურვებთ...

- "კომპეტენტური შექებისთვის" დიდი მადლობა, ახლა კი ჩვეულ ამპლუას დავუბრუნდეთ. გასულ კვირას მედვედევის განცხადებამ, ყირგიზეთის სცენარის სხვა ქვეყნებში შესაძლო განვითარების თაობაზე, ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი დააეჭვა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს მუქარანარევი პროგნოზი საქართველოს უკავშირდებოდეს?

- ალბათ, გამორიცხვა იმისა, რომ საქართველოს გულისხმობდნენ, ძნელია, მით უმეტეს, რუსულ-ქართული ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმც მაინც მეეჭვება, ამ შემთხვევაში საქართველო ყოფილიყო სამიზნე. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი დემაგოგიური იყო, რაც რუსეთისგან კარგა ხანია აღარ გვიკვირს და რომლის ხელისუფალთა ლექსიკა მხოლოდ აქეთ არის მიმართული, მაშინ ეს იყო ქართველ მოსახლეობაში შიშისა და საფრთხის არასასიამოვნო ასოციაციის შექმნის კიდევ ერთი ცდა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯიბრით ითქვა; მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მედვედევის ნათქვამს პირდაპირი ადრესატი ჰყავდა, მაშინ არა მგონია, მაინცდამაინც საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ამ პერსპექტივით ლაპარაკი და ურთიერთობა გაუვა, უფრო სწორად, აზრიანი და შედეგიანი პროცესის წარმართვას შეძლებს. რუსეთმა ჩვენზე კარგად იცის, რომ მიუხედავად მრავალი მიტინგისა და გამოსვლისა საქართველოში,  ამ პროცესში მონაწილე არც ერთი პოლიტიკოსი რუსეთს არ ამართლებს.

აკრიტიკებენ ხელისუფლებას ცუდად დაგეგმილი თუ განვითარებული პროცესების გამო, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ აგვისტოს ომში რუსეთი მართალი იყო და საქართველო - მტყუანი, როგორც რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამტკიცებს. ასე რომ, ვეჭვობ, ასეთი განზრახვის შემთხვევაშიც კი მისი ხორცშესხმის რეალური საფუძველი და ნიადაგი არსებობდეს...

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს მოსკოვთან დამეგობრებულ ქართველ პოლიტიკოსებს  სულ უფრო ხშირად მოჰყავთ არგუმენტად ქართველი ხალხის აზრი ნატოში გაწევრებაზე, რაც რუსეთის სასარგებლოდ არის შეცვლილი...

- თუ სოციოლოგებს დავეკითხებით, ნატოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ნამდვილად არის, ოღონდ არა რუსეთIზე პოზიტიური აზრის გაჩენის ხარჯზე. ანუ, ნატოს გაკრიტიკებამ იმიტომაც იმძლავრა, რომ ქართველმა დასავლეთის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით თავი დაცულად ვერ იგრძნო. სიტყვა დარჩა სიტყვად და საქართველოს დამარცხებული ქვეყნის ბედი ერგო, შესაბამისი შედეგებითა და დანაკარგით. ცხადია, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მოსახლეობას დასავლეთის იმედი გასცრუებოდა.

თუმც ძალიან მეეჭვება ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ რუსეთის გავლენა და ძალა საქართველოში გაიზარდა. პირიქით, როგორც გითხარით, დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ რუსეთისგან საქართველოს დაჩაგვრამ განაპირობა და შესაძლოა, შემცირდა ის ავტომატური ნდობაც, რაც ხალხში არსებობდა, რომ დასავლეთი ყოველთვის შეძლებდა ჩვენს დაცვას.  სწორედ შეძლებაზეა აქ ლაპარაკი და არა მონდომებაზე...

დასავლეთს რომ ჩვენი დაცვა უნდა, ამაზე არ კამათობენ. საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა ჩვენს დაცვას რუსული აგრესიისგან ნატო და საზოგადოდ, დასავლეთი. ესაა და ეს. სხვაგვარი მსჯელობა, რომ რუსეთი მართალია და ნატო არაფერში გვჭირდება, რუსეთზე ავიღოთ ორიენტაცია და ბედნიერად ვიცხოვრებთო, მხოლოდ უსაფუძვლო დემაგოგიაა. თუმცაღა, არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას აქვს ასეთი მიდგომა და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს.

- რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უახლოეს მომავალში. სოციოლოგები ამბობდნენ, რომ თუ ოპოზიცია კოორდინირებასა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ასეთი ტემპით გააგრძელებდა, ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად გაყალბება აღარ დასჭირდებოდა. როგორ ფიქრობთ, განმტკიცდა ეს მოსაზრება თუ ვითარება შეიცვალა?

- მეც ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც მიაჩნდა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება სავსებით მშვიდობიანად მიაღწიოს მიზანს, არჩევნებში გაიმარჯვოს, იმდენად მაღალია უგულავას რეიტინგი-მეთქი. ამას ყველა, ოპოზიციური თუ სახელისუფლებო გამოკვლევაც ადასტურებს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდხანს შერჩა სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ეს არის ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს. თუ ეს ნაწილი ძალიან დიდხანს იქნა ამომრჩეველთა ერთი მეოთხედის ტოლი ან მასზე მეტი, შესაძლოა, არჩევნებმა სიურპირზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც, რადგან ეს მერყევი ნაწილი საით გადაიხრება, არავინ იცის.

- ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება არავის სასარგებლოდ არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, გაჩეჩილაძემ ნათლად თქვა, რომ არჩევნებში არც ერთY პოლიტიკურ ძალას არ მიემხრობა.

- მე, მაგალითად, სავსებით გონივრულად მეჩვენება მისი პოზიცია, რომ  არავის მიემხრობა, რადგან ოპოზიციურ კანდიდატებში, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, ბევრია ისეთი, ვისაც გაჩეჩილაძე პატივს სცემს და მეგობრობს. ამიტომაც მისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, არჩეულიყო საერთო კანდიდატი.

რაკიღა ეს ვერ მოხერხდა, ყველაზე ადამიანური იქნებოდა, თუ უარს იტყოდა ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებაზე, რადგან ეს სხვა, მეორე პოლიტიკოსის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. თუმც, მაინც მგონია, გაჩეჩილაძე ბოლო მომენტამდე ელოდა, რომ მოახერხებდა ან ალასანიას კანდიდატურაზე ყველას დაყოლიებას, ან თავისი კანდიდატურის შეთავაზებას, რადგან მიაჩნია და აქვს კიდეც საფუძველი იფიქროს, რომ თავად, როგორც კანდიდატი, უფრო არსებით შედეგს მიიღებდა, ვიდრე სხვები.

რახან ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, განზე გადგომა გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ ეს არ ნიშნავს პოლიტიკისგან განდგომას - კიდევ ბევრი რამ მოხდება მნიშვნელოვანი და გაჩეჩილაძის სიტყვაც და საქმეც კიდევ ბევრჯერ იქნება საჭიროც და წონიანიც. ასეა თუ ისე, ამ ყველაფერში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თანაც არჩევნებს საკმაოდ წონიანი ძალებიც გაემიჯნენ: ლეიბორისტები, "ფორუმი", ბურჯანაძის მოძრაობა...

- ლეხ კაჩინსკის დაღუპვის თაობაზე პოლონეთის პრესა წერდა, ახლა გლოვის დროა, ცოტა ხანში კი რუსეთისთვის მწვავე კითხვების დასმის დროც დადგებაო. ისიც ფაქტია, რომ პოლონელმა დეპუტატმა და კაჩინსკის თანამოაზრემ რუსეთზე გამოთქმული ბრალდებები არა მხოლოდ უკან წაიღო, დიდი ბოდიშიც მოიხადა... ფაქტია ისიც, რომ "იუთუბის" ვებგვერდზე დადებული ვიდეომასალა, სადაც სმოლენსკში პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვების მცდელობა ჩანდა (და არსად ჩანდა ნისლი) სერვერიდან უკვალოდ გაქრა. როგორ ფიქრობთ, ყოველივე ეს არის ეჭვის საფუძველი?

- ჯერჯერობით ძნელია დასკვნის გამოტანა, მით უმეტეს, რომ ამას დანამდვილებითა და დაზუსტებით ის პირებიც ვერ ახერხებენ, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართული და უშუალოდ ეცნობიან საქმის მასალებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ ზოგადი ლოგიკა შეიძლება მოვიშველიოთ, რაკიღა ძნელია, ფაქტობრივ მასალაში შევეჯიბროთ თუნდაც რუს ექსპერტებს.

აი, ამ ზოგადი ლოგიკის თვალსაზრისით კი მაეჭვებს ვერსია, არიქა, ამ ტრაგედიაში რუსეთი მონაწილეობდაო. და არა იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი ამორალური ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდებოდა. ამგვარი არაერთი, საპირისპირო მაგალითია ცნობილი - ამგვარი და ამაზე მასშტაბური დანაშაულებისაც. მე მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვხელმძღვანელობ, რომ, როგორც ჩანს, ორი ერთნაირი სისხლის წვეთი ერთი წონის არ არის. ერთია - ლიტვინენკოს მკვლელობა და მეორე - როდესაც სხვა სახელმწიფოს ლიდერზე აღმართავ ხელს.

რუსეთს პოლიტიკური სკანდალები ისედაც არ აკლია. ახლა მას ყველაზე მეტად დასავლეთის ნდობა აკლია და მისი მოპოვება მილიარდები უჯდება. და რაკიღა დღევანდელი რუსეთი ფულს ძალიან  ყურადღებით ითვლის, არა მგონია, ამ ტრაგედიაში რუსეთის ინტერესები მოტივირებული ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, რისი გაკეთება შეეძლო კაჩინსკის კატინში? - გამოეხატა მძაფრი რეაქცია პუტინის რუსეთზე. ამ შეფასებასაც, დიდი-დიდი, ერთი თვე ეტრიალა მსოფლიოს გაზეთებში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს რუსული თუ პოლონური კომისია, იმ ეჭვის ლაქას, რომელიც ამ ტრაგედიის გამო საერთაშორისო ურთიერთობაში დააჩნდა, რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ მოიშორებს.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი