"ერთ მხარესაა ინფორმირებული ცინიკურობა, მეორე მხარეს კი - "ეროვნულ-სარწმუნოებრივი" ყმუილი... ორივე მხარეს აკლია განათლება"
"ერთ მხარესაა ინფორმირებული ცინიკურობა, მეორე მხარეს კი - "ეროვნულ-სარწმუნოებრივი" ყმუილი... ორივე მხარეს აკლია განათლება"
"ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, ისე სჭირდება კვალიფიციური ოპოზიცია"

ახალი 2017 წელი უკვე მობრძანდა, თუმცა ჯერაც გვაქვს დრო, გასული წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესები შევაფასოთ და მომავლის პერსპექტივებზეც დავფიქრდეთ. ჩვენი რუბრიკის მეკვლე წელს პოეტი დავით მაღრაძეა:

- ვისარგებლებ თქვენი გაზეთის მოცემული საშუალებით და თქვენს მკითხველს, მთელ ქვეყანას ვულოცავ ახალ წელს. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, გონიერებას და საინტერესო ცხოვრებას. სხვისი ცხოვრებით დაინტერესებას კი არა, საკუთარ შინაარსიან ცხოვრებას.
მუდმივად სხვის ცხოვრებაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკვირვებით, თვალთვალით, შეიძლება ადამიანს საკუთარი ცხოვრება გამორჩეს და მხოლოდ დამკვირვებლის როლის შესრულებამ მოუწიოს.

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, სიბრძნეს, მეტ პასუხისმგებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ბოლო 25-წლიანი წუთისოფელი უპასუხისმგებლობით იყო სავსე. ვინც პასუხისმგებლობისკენ ისწრაფოდა და შესაბამის პოსტებსაც იღებდა, როგორც წესი, ყველაზე უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. ვისურვებდი, თავისი ქვეყნის წინაშე მოვალეობა თითოეულ ქართველს ეგრძნოს და ნაკლებად ეკეკლუცოს აღტყინებული მასის გულის მოსაგებად.

- როგორ შეაფასებთ განვლილ 2016 წელს, რას მიიჩნევთ წარმატებად და რას - შეცდომად?

- რაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოშორდა, საქართველოში თავისუფლების წლები დგება. მანამდე გვქონდა ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც
არც ადამიანი, არც ბიზნესი და არც ერთი სხვა სფერო ქვეყანაში თავისუფალი არ იყო. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ იყო დაცული. ეს ყველაფერი რომ დასრულდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა
საპარლამენტო არჩევნები, რაც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ყველამ აღიარა ის თავისუფალი და კონკურენტული გარემო, რაც მას ახლდა. ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ახალმა პარლამენტმა გადადგა, ჩემი აზრით, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მან ჯერჯერობით მაღალი კლასი აჩვენა. რადგან არჩევნები არ გაყალბდა, ვფიქრობ, ეს პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის შეგნების ანარეკლი. ველოდები, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს საუკეთესო საკანონმდებლო ორგანო იქნება, თუმცა მწყდება ორ-სამ ადამიანზე გული, რომლებიც, ვფიქრობ, უნდა ყოფილიყვნენ პარლამენტში. მისი ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

- ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული 27%-იანი მხარდაჭერა...

- მეც მაგათ რიგში ვარ. აღარ მეგონა, რომ ასეთ მხარდაჭერას მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, განახევრებულია მათი მომხრეების რიგები, მაგრამ კიდევ რომ არსებობენ, თუნდაც ამ დოზით, ესეც მოულოდნელია.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს პარლამენტი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. მეტსაც გეტყვით - ასე მგონია, ის კლასით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. მინისტრთა კაბინეტშიც არიან საინტერესო და მაღალკვალიფიციური ადამიანები, მაგალითად: თეა წულუკიანი, კახი კახიშვილი, დავით სერგეენკო, კახი კალაძე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ვარსკვლავი არ შეიძლება იყოს უნიჭო. კალაძის სასარგებლოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როგორ გაბედა მან და ახსენა გირგვლიანი მიშას თანდასწრებით მაშინ, როცა სააკაშვილი მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდა. ასევე, როდესაც დემეტრაძეს გაუჭირდა და მას მთელი საფეხბურთო სამყარო განუდგა, კახა კალაძემ როგორ არ მიატოვა...
ჩემი აზრით, ეს ხალხი მთავრობის საყრდენია. უფრო მაღალჩინოსნებს რაც შეეხება, მათ ამ რანგში ვერ დავასახელებ - ამაში ხელს მიშლის პროექტი "ჩექინ ჯორჯია" და არა მხოლოდ ეს...

გაჭირვებულ ქვეყანაში ჯაზის ფესტივალს რომ პრიორიტეტად მიიჩნევ და ბიუჯეტიდან 30 მილიონს კონცერტების დასაფინანსებლად გაიტან, რაც მთავრობის დადგენილებით გადაწყდა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა.
პოსტფაქტუმ კი გამოდიოდნენ მთავრობის წევრები და გაიძახოდნენ, ახლა ეს ბიზნესმენი შემოგვიერთდა პროექტ "ჩექინ ჯორჯიას" განხორციელებაში და ახლა - ისო, რათა ბიუჯეტის ფული გადაეფარათ. ერთი ის აკლდათ, მერაბიშვილ-ადეიშვილის ნიღბები გაეკეთებინათ, დანარჩენი ლამის ისევე ხდებოდა. სიზმარში ნახეს ბიზნესმენებმა, რომ ფული ამ პროექტში ჩაედოთ?!

თავისით ვერაფერი მოიფიქრეს და ხელისუფლების მოფიქრებული დააფინანსეს?! ეს ხომ დადგმული სპექტაკლი იყო.
საერთოდაც, შოუბიზნესი არის ბიზნესი, რომელიც კვებავს ბიუჯეტს. მთავრობაში, როგორც ჩანს, აერიათ რაღაც და გადაწყვიტეს, ბიზნესი ბიუჯეტს გამოეკვება. თუმცა, შეცდომების მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ხელისუფლება მოახერხებს და გაუმკლავდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ გამოწვევებს. ახლა უკვე ვაძლევ თავს მთავრობის კრიტიკის უფლებას, რაშიც აქამდე ვზღუდავდი. საქმე ის არის, რომ აქამდე მუდმივად იყო საშიშროება, რაიმე რადიკალური მომხდარიყო და არ მინდოდა, ჩემდა უნებურად იმ სახელისუფლებო ამბიციებისთვის შემეწყო ხელი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ჰქონდა. ახლა ვინაიდან ეს საფრთხე სამუდამოდ ისტორიის კუთვნილება გახდა, მეც და ყველა ის ადამიანიც, ვინც უფრთხილდება საკუთარ ქვეყანას, უფრო თავისუფლები ვართ. ჩემი შენიშვნა და რჩევა მხოლოდ უკეთესი მომავლის სურვილითაა განპირობებული.

აუცილებელია აღინიშნოს რომის პაპის ჩამოსვლა საქართველოში. ეს იყო არა მხოლოდ გასული წლის, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი. დაუკვირდით ერთ რამეს - ჩვენი ფრაზეოლოგიიდან სიტყვა "ქრისტიანი" დაიკარგა, გაქრა, რომელსაც ჩაენაცვლა მართლმადიდებელი. ეს სიტყვა უნდა დაბრუნდეს. ჩემთვის პაპის ვიზიტი ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა. პირველივე გამოსვლისას პრეზიდენტის სასახლის წინ მან ახსენა საქართველოს ჰიმნის ტექსტი. დაახლოებით ასე თქვა - ჰიმნი ირეკლავს ქართული კულტურის სულისკვეთებასო. ვფიქრობ, მისი ვიზიტი ჩვენი კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

- რას ფიქრობთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე?

- რაც მალე დაიშლებიან, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერები მაინც აღმოაჩნდათ, მათი ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული უკიდურესად ნეგატიური აზრი. "ნაცმოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა უკეთესი იქნება იმითაც, რომ მათი არსებობა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, არადა, მათი ოპონირება, მათივე წარსულის გამო, მიუღებელია საზოგადოებისთვის.

არადა, ახლა ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, ისე სჭირდება ოპოზიცია. კვალიფიციური ოპოზიცია საზოგადოების განვითარების, წინსვლის გარანტია...
როდესაც ასეთი ოპოზიცია არ არსებობს და მის ადგილს იკავებს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენი, რომელსაც მხოლოდ ერთი აზრი აქვს ჩაბეჭდილი - როგორმე დაამხოს ამჟამინდელი ხელისუფლება და ამისთვის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, ეს ქვეყნის განვითარების გზაზე კიდევ ერთ ბარიერს ქმნის.
ძალიან მინდოდა არჩევნებზე გამოჩენილიყო ძლიერი და კვალიფიციური ოპოზიცია, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევდა ხელისუფლებას, მაგრამ იმ სახით, როგორითაც წარმომედგინა, ეს ვერ მოხერხდა... თუმცა, იმედს არ ვკარგავ, ვფიქრობ, მცირე ნიშანი მაინც გაჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში ყველა ერთნაირად დამნაშავე არ არის, იქაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, ვინც მთელ ცხოვრებას ბელადის მონობას არ მიუძღვნიან, გაითავისუფლებენ თავს და შეძლებენ, გამოადგნენ ქვეყანას.

- მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. უკვე ლამის ყველა აღიარებს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია.მაინც საით მიდის სამყარო, სად არის საქართველოს ადგილი?
- საქართველოს ადგილი საქართველოშია (იღიმის)...
ბევრის პრობლემა ის არის, რომ ჰგონია, ჩვენი ადგილი რუსეთ-საქართველო-ჩინეთის დაპირისპირების ეპიცენტრშია, თან ისე, რომ პროცესები ჩვენ უნდა ვმართოთ. ამ ზღვარგადასულმა, უპასუხისმგებლო ამბიციებმა მოგვიტანა მიწა-წყლის დაკარგვა...
ვფიქრობ, ტრამპის გამარჯვება მართლაც­ დიდი ცვლილებების ნიშანია. აშშ-ის საპრეზიდენტო ა2რჩევნებმა წარმოაჩინა ერთი ძალიან სერიოზული რამ - მედიის უკიდეგანო ფარისევლობა. ამიტომაც ტრამპმა მედიას აღარ მიაქცია ყურადღება და პირდაპირ ხალხს დაელაპარაკა. მთელი მართული მედია მის წინააღმდეგ იყო და ტრამპმა მოახერხა მისი დამარცხება, მთელი სისტემის დამარცხება, რომელიც ქმნის ტრენდს, რეცხავს ტვინს, სხვის სიმართლეს აქცევს ეპოქის გადმონაშთად და ა.შ. ხალხმა დაინახა, რომ ის რობოტი არ არის, ცოცხალი ძAალაა. პოლიტკონიუნქტურის დიქტატურის ეპოქა მთავრდება. ეს იგრძნო ადამიანმა, რომელიც არ არის ზომბად ქცეული კლიშეთი, რომლითაც ფიქრს აიძულებენ.
აშშ-ის მედია წინასაარჩევნოდ დაახლოებით ისე მუშაობდა, როგორც 2012 წელს მუშაობდა "კურიერი" და "მოამბე", რომლებიც დღესაც ისეთივე "ობიექტურები" არიან.... ის პრობლემები, რაც სამყაროს უდგას, რა თქმა უნდა, ლიბერალიზმის ბრალი არ არის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა ხშირად სამართლის სახელით კეთდებოდა. ინკვიზიცია ქრისტეს სახელს იყო ამოფარებული, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ამაში დამნაშავე ქრისტიანობაა. მეც მიმაჩნია, რომ ჯორჯ ვაშინგტონისა და ილია ჭავჭავაძის ლიბერალური შეხედულებები ძალიან განსხვავდება დღევანდელი ლიბერალიზმისა და პოლიტ­კონიუნქტურის დიქტატურისაგან.

ახალ მსოფლიოში მიმდინარეობს კულტურისა და კონტრკულტურის ბრძო­ლა.


კულტურაზე იდეოლოგიური შეტევა ხორციელდება პოლიტიკით, ბიზნესით, მედიით, მასკულტურით, იაფფასიანი გასართობებით. კულტურაზე შეტევა იწყება ხოლმე ათი მცნების რევიზიით. საზოგადოება იწყებს ათი მცნების გადაფასებას, რაც შეკვეთილი ტენდენციაა. მთელი საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში ასე ხდებოდა - ადამიანებს არწმუნებდნენ, თავშეკავება ჩათვლილიყო შემზღუდავ კომპლექსად და პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება წაექეზებინათ. მე კი მიმაჩნია, რომ კულტურის ისტორია არის თავშეკავების ისტორია ზნეობრივი ღირებულებების მსახურების ფონზე.

შეიძლება ადამიანმა არ იხელმძღვანელოს ათი მცნებით?

მაქსიმალური ყოფითი კომფორტის შექმნას დაარქვეს ღირებულება. თურმე შენი საზრუნავი აღარ უნდა იყოს მოხუცი მშობელი, არც შვილს უნდა შესთავაზო შენი კულტურა, რომელიც შენამდე წინაპარმა მოიტანა.
ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებთან მიყვანა - ეს იყო ამ გაუკუღმართებული ლიბერალიზმის მთავარი ტენდენცია.
როდესაც ერთხელ დაუდგა ევროპას ასეთი პრობლემა, გაიხსენა ათენი, ანტიკური კულტურა, პლატონი, არისტოტელე, პითაგორა და სხვა... და აღმოცენდა რენესანსი, რომლის წარმოშობის საფუძველი ანტიკური კულტურისა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზი იყო. დღესაც რენესანსის გზაზე შედგომა უწევს ევროპას.

- წელს საქართველო, ალბათ, უკვე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ჩვენი გზა ევროპისკენ ამ ცვლილებების პერიოდში რამდენად წარმატებული იქნება?

- ჩვენი პოლიტიკოსები იცნობენ ევროპელ პოლიტიკოსებს და მეტს არავის, მაგრამ ევროპაში არსებობს ხალხი, ვინც ქმნის სულიერებას. ევროპაში დღეს ქაოსია, მაგრამ ეს დროებითია.

გაგახსენებთ, როდესაც არატრადიციული ქორწინების თაობაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში შეჰქონდათ კანონპროექტები, ქუჩაში საპროტესტოდ მილიონობით ადამიანი გამოდიოდა. მათ ყური არ დაუგდეს, მაგრამ დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ვერანაირი პოლიტკორექტულობა ვერ აღუდგება წინ ბუნებრივ განწყობათა განვითარებას საზოგადოებაში.
დიუმა წერს, თბილისი ერთი კვირით თუ ჩამორჩება პარიზის მოდასო, რაც მხოლოდ ჩვენი ნიჭიერების აღმნიშვნელია, მაგრამ მაინც ხომ ჩამოვრჩებოდით მაშინაც და ჩამოვრჩებით ახლაც...

ევროპამ დაინახა, რომ ფსევდოღირებულებებმა მოჭამა თავისი დრო, ჩვენთან კი ახლა დაიწყეს ამ ფსევდოღირებულებებისთვის ბრძოლა... მაგრამ ეს არაფრის მომტანი ბრძოლაა. როდესაც მსოფლიომ დაინახა, რომ კულტურასა და სულიერებას საფრთხე დაემუქრა, მაშინვე ბუნებრივად დაიწყო მისი გადარჩენის პროცესი.

ვაჟა-ფშაველას გმირები რა ღირებულებებითაც ცხოვრობდნენ, ის ეპოქა ბრუნდება.
როცა არჩევანი დგება წესსა და ღმერთს შორის, ალუდა ქეთელაური ღმერთის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. ეს არის ზნეობრივი სივრცე. ყოველთვის მზად უნდა იყო სწორი არჩევანის გასაკეთებლად!

სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ფარისევლობამ შეიპყრო.

საზოგადოების ერთი ნაწილი მუდამ მზად არის სადღეგრძელოსთვის, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისთვის, მართლმადიდებლობისთვის გულზე მჯიღის საცემად, მეორე ნაწილი კი დასცინის სადღეგრძელოებსაც, მართლმადიდებლობასაც და ტრადიციებსაც ისე, რომ არც კი ესმის მათი აზრი... ეს ორი უკიდურესობა ერთმანეთს კვებავს, ებრძვის და ამ ბრძოლას არაფერი ურჩევნიათ.

მოკლედ, ერთ მხარესაა ინფორმირებული ცინიკურობა, მეორე მხარეს კი - "ეროვნულ-სარწმუნოებრივი" ყმუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ქართულ კულტურასთან და არც - ქრისტიანობასთან. ორივე მხარეს აკლია განათლება, მხოლოდ ინფორმაცია არ ნიშნავს განათლებას და თან, ამ ორი მხარის ფასეულობათა შორის დიდი განსხვავება არ არის. ერთმანეთზე გამარჯვება სწადიათ და საკუთარ თავზე გამარჯვება არ სურთ!

ჩვენში ამ ყველაფერს ემატება მცდე­ლობა, დაამკვიდრონ ტენდენცია, რომ საზოგადოების ნაწილს, ვინც ძალადობრივ რეჟიმს, რეპრესიებს არ შეუშინდა და თავისუფლებისთვის იბრძოლა, ეს ბრძოლა ბარიერად უქციონ. დღეს ამ ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი არიან მხარე და რომ მათი სამოღვაწეო ასპარეზი ამის გამო შეზღუდულია.

თან ეუბნება ის, ვინც შეუშინდა ძალადობრივ რეჟიმს, ცხრა წლის განმავლობაში გაისუსა, ჩირგვებში დაიმალა და შეეგუა ძალადობას. ამით, ჯვარი გვწერია, მაგრამ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქმნება - რომ მომავალში შეიძლება ისევ მობრუნდეს ძალადობა ჩვენს ქვეყანაში, ადამიანმა კი, "მხარედ მონათვლის" შიშით, მის წინააღმდეგ აღარ იბრძოლოს.

იმ ხალხს, ვინც სამართლიანობისთვის მებრძოლებს დღეს მხარედ მოიხსენიებს და, ამავდროულად, 1937 წელს რეპრესირებულებზე გულდათუთქული მოთქვამს, მინდა, ვკითხო: მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე მხარეს წარმოადგენენ თუ არა?!
ერთ მხარეს იყვნენ ორჯონიკიძე, ბერია, სტალინი და სხვანი, მეორე მხარეს კი ეს ადამიანები... ამათ, ვინც დღეს სხვებს მხარედ მოიხსენიებენ, ჯიბის სტალინის შეეშინდათ და ნამდვილი სტალინი რომ ენახათ, სად აღმოჩნდებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ... მათ გასაგონად მინდა, გავიმეორო: კარგია, როდესაც თანაგრძნობით ამბობ: "მე ვარ შარლი!" მაგრამ როდესაც, ფაქტობრივად, შენ თვალწინ მოკლეს სანდრო გირგვლიანი, კარგი იქნებოდა, წამოგცდენოდა: "მე ვარ სანდრო!"

ნათია დოლიძე
ვალერი
24 მარტი 2017 11:01
გაუნათლებელი რომ გგონია ხალხი იმიტომ ცდილობ მოტყუებას,არ გაგივა უკვე.თქვენნაირები ხალხმა ნაგავში უნდა მოისროლოს.განათლებული მატყუარა.
მარინა
11 იანვარი 2017 19:55
ბატონო დავით-ვერ დაგთანხვდებით ,ჩარლი ებდო არის მარაზმი ,რომელიც ყველა ფასეულობას (რელიგიურსაც)მასხრად იგდებს(ასე მგონია რომ პროვოკაციისთვის შეიქმნა)მას თავისი მისია აქვს შესასრულებელი,მავანის დაკვეთით,სტალინის ფენომენიც შესწავლილი არაა(ყოველ შემთხვევაში თქვენი განსახილველი არაა),რაც შეეხება ღირსეულ ოპოზიციას ,მაგაში დაგეთანხმებით,მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ რომ, ეროვნულ მთავრობას და ოპოზიციას მავანი არ დაუშვებს, ძლიერი საქართველო არცერთი სახელმწიფოს ინტერესებში არშედის,ვგონებ ეგ უნდა იცოდეთ
რუბრიკის სხვა სიახლეები