"ნაცმოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!.."
09-01-2017
"ნაცმოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!.."
თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, - გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ

"არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა..."


ახალი წლის პირველივე დღეებში საქართველოს ამერიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი სტუმრობდნენ. სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და
ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება. "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდგებით, ვლადიმირ პუტინის აგრესია გაგრძელდება", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

იმ დროს, როდესაც თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია რამდენიმე დღეში შეუდგება მუშაობას, თანაც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ
ტრამპის მმართველობისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს - უფრო კარჩაკეტილი და შიდა პრობლემებზე ორიენტირებული გახდეს, რას ნიშნავდა ეს ვიზიტი და რუსეთთან ხისტი მიდგომით გამორჩეული ჯონ მაკკეინის განცხადებები? - სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი:

- ვიდრე ამ ვიზიტს გავაანალიზებდეთ, ორიოდე სიტყვით უნდა გავიხსენოთ, რა პოლიტიკური ვითარებაა დღეს აშშ-ში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არა მხოლოდ აშშ-ის ისტებლიშმენტში, არამედ თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც კი სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის დასწრებაზე მუშაობს. ჩვენ ვიცით ტრამპის საჯაროდ გახმაურებული პოზიცია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს, თუმცა კონგრესის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. ვიცით ისიც, რომ კონგრესმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ტრამპის გეგმების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, რუსეთს გაუმკაცრა სანქციები. მართალია, ეს ობამას ინიცირებული იყო, მაგრამ მას მხარი დაუჭირა კონგრესმა, მათ შორის მისმა რესპუბლიკელმა წევრებმაც...
ვფიქრობ, ტრამპის გეგმებს არ უნდა ემსახურებოდეს მაკკეინის და კიდევ ორი სენატორის საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში ვიზიტი. ეს, ერთი მხრივ, არის დემონსტრაციული, მეორე მხრივ კი დამამშვიდებელი ნაბიჯი, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. როგორც ვიცი, შეხვედრებისას ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, ერთია, რას ამბობს ტრამპი და მეორე, რას ფიქრობს აშშ-ის პოლიტიკური ელიტაო.

რაც შეეხება საქართველოს, ზუსტად არ ვიცი, რაზე იყო ოფიციალურ შეხვედრებზე ლაპარაკი, მაგრამ გამამხნევებელი განცხადებების გარდა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები გაიმართა ზოგიერთ თემაზე და ამის შედეგია უგულავას გათავისუფლება.

- ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი ისევ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობას დავუბრუნდეთ. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნების პარტნიორობას თეთრი სახლის უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში? იქნება კი ეს თანამშრომლობა მაკკეინის განცხადებების შესაბამისი?
- კარგი კითხვაა. როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო. სამწუხაროდ, ჩვენი საელჩო თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებდა, რაც ძალიან ცუდია. ეს დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს უკვე მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შეუდგება მუშაობას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ არასწორი იყო თავის დროზე ლობისტურ ჯგუფებთან მუშაობაზე უარის თქმა. დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებთან მუშაობა ასეთი ჯგუფების გარეშე წარმოუდგენელია.

ასე რომ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეფერხდა მუშაობა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან და ა.შ.
ამის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუ რამდენად იაქტიურებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ამისთვის მზადყოფნა აშშ-ში არის და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრისთვის რესურსი საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რესურსია აშშ-ის ქართულ ემიგრაციაში, რასაც გამოყენება უნდა. ჩვენი ემიგრაციის არაერთი წარმომადგენელი დაახლოებულია აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასთან, მეტსაც გეტყვით, ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმათ შორისაა, ვისითაც დაკომპლექტდა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია. ამ რესურსის გამოყენება და ბევრად აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებაა საჭირო. იქ ჩვენი ახალი ელჩი ახლახან შეუდგა საქმეს, იმედია, დავით ბაქრაძეს აქვს შესაძლებლობა, ვითარება შეცვალოს, ვუსურვებდი მას, უფრო მეტად ენერგიული იყოს.

- თუ მართლაც მაკკეინის ვიზიტისას გადაწყდა უგულავას გათავისუფლება, რა გათვლა შეიძლება ჰქონდეთ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში უგულავასთან დაკავშირებით?

- არა მგონია, მაკკეინმა მაინცდამაინც უგულავას საკითხი დააყენა. "ნაციონალური მოძრაობა", მისი ხელმძღვანელობა მიიჩნევა არა მხოლოდ მოკავშირედ იმ ნეოკონსერვატორებისა, რომელთაც მაკკეინი წარმოადგენს, არამედ პირად მეგობრადაც. ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა კულუარული მოლაპარაკებებისას.
მაკკეინი ისეთი ბრიყვი არ არის, არ იცოდეს, რაში ედება ბრალი უგულავას და რომ ის პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა არაოფიციალური შეხვედრებისას სწორედ ასე დააყენებდა საკითხს, ოღონდ კრებსითად და არა მხოლოდ უგულავას თემას წამოსწევდა.

- უგულავა ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიური პოლიტიკური ლიდერი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველივე განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აპირებს...

- გავიხსენოთ ბოლო ხანს უგულავას მიერ ციხიდან გაკეთებული განცხადებები. მან ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ იმ სიტუაციის მომხრე, რაც შეიქმნა "ნაციონალურ მოძრაობაში", არ იყო. მან მიანიშნა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას მხარს აღარ უჭერდა. საერთოდ უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი.

შესაბამისად, "ნაცმოძრაობაში" არა ერთი და ორი სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული ბრძანებებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია "ნაციონალურ მოძრაობაში", იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა. სწორედ მან პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა. სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა. მართალია, ციხის კართან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა... სწორედ უგულავამ, კეზერაშვილთან ერთად, დაუტოვა თბილისელებს "სითი პარკი", რომლისთვის ლაგმის ამოდების ძალა ნარმანიას არ ეყო... უგულავა პოლიტპატიმარი არ არის!
უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ "ნაცმოძრაობის" დაშლისკენ.

- ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ?

- "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შანსი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას.
რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა. ციხიდან გამოსულმა უგულავამ რწმენასა და მორალზე ისაუბრა... თუმცა, ვინმეს დაავიწყდება 2012 წელს ატეხილი ამბავი, როცა თბილისის მაშინდელმა მერმა საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის= სრული ვერსია, როგორც მახსოვს, თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა?!

- თქვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია?

- მე ასე მგონია, ამასთან, ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის.

მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა.
ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად იყო თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის კონკურსი? როგორ ფიქრობთ, ამ თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ნიშნით იქნა არჩეული თუ არა?

- პოლიტიკური ცხოვრების გავლენისგან არც ერთი საზოგადოებრივი პროცესი, პრაქტიკულად, თავისუფალი არ არის. უნდა იყოს, მაგრამ არ არის, არ გამოდის, პატარა ქვეყანა ვართ და პოლიტიკური ამბიცია გვახრჩობს. შეიძლება ვასილ მაღლაფერიძე იყო ჯერ "მოქალაქეთა კავშირის", შემდეგ "ნაცმოძრაობის" წევრი, მაგრამ მანამდე იყო ძალიან კარგი გაზეთის - "კავკასიონის" რედაქტორი. ვაცალოთ, ეგებ რამდენ კარგ რამეს აკეთებს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". ახლა მე უფრო მისი მუშაობის შედეგი მაინტერესებს. თუ ვინიცობაა და, ვერაფერი გააკეთა, აქ არ არის საზოგადოება? ჩვენზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული.

- რას ფიქრობთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, როდესაც ივარაუდა, რომ ივლისამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადადგებოდა, რაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების არსებული წესით ჩატარებას შეუწყობდა ხელს? თავდაპირველად გაჩნდა განცდა, რომ ეს შეთანხმებული იყო მარგველაშვილთან, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებამ, რომ "ვიღაცის" მოსაზრებაზე კომენტარს არ გააკეთებდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა...
- დავით უსუფაშვილი ძლიერი და ძალიან საინტერესო პოლიტიკოსია. მას თუ რამე უშლიდა ხელს პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, მისი პარტიული კუთვნილება იყო, რისგანაც გათავისუფლდა. ის ძალიან ფრთხილი პოლიტიკოსია და მოუფიქრებელ განცხადებას არ გააკეთებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პირადად ჰქონდა მარგველაშვილთან ამაზე ლაპარაკი და რადგან ვერ დაიყოლია, გადაწყვიტა საჯაროდაც შეეთავაზებინა და ასე გაუგზავნა ვითარების გადარჩენის რეცეპტი. ჩემი აზრით, უსუფაშვილმა პრეზიდენტს მან მაშველი რგოლი გაუგზავნა, თუმცა მარგველაშვილმა არ მიიღო. თუ უსუფაშვილი შექმნის პარტიას, ვფიქრობ, პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მის გვერდით!

- თუ შენარჩუნდა პრე­ზიდენტის არჩევის წესი, შესაძლოა, უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინოს?

- შესაძლოა, თუმცა, მგონია, ის უფრო აქტიურ პოლიტიკას არჩევს - პარტიის ლიდერის რანგში.

- მინდა შევეხოთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასაც, სადაც დანარჩენ საქართველოსთან საურთიერთობოდ მხოლოდ ერთი - ენგურის ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატოვებას აპირებენ, რაც იქაურ ქართველობას თუ აქეთ სამკურნალოდ და სხვა მიზნით გადმოსვლის მსურველ აფხაზებს პრობლემებს შეუქმნის. შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესზე რამენაირად მოახდინოს გავლენა?
- სამწუხაროდ, პრაქტიკულად ამის შანსი არ არსებობს, ვერაფერს გააკეთებენ. დღეს ჩვენი მოკავშირეები დაკავებულები არიან ძირითადად ახლო აღმოსავლეთის პრობლემებით. არავის სცალია ჩვენთვის.
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იქ მუშაობენ, პრაქტიკულად, უხერხემლოები არიან, ჩვენი ხმა არავის ესმის... ეს არის აფხაზეთის საქართველოსგან კიდევ უფრო დისტანცირების მცდელობა, რაც მართლაც ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და არა მხოლოდ მათ.

- თურქეთში ვითარება კვლავ რთულია, ქვეყანა ტერორისტთა სამიზნე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკისას ერდოღანმა კვლავ უცნაურად ახსენა ბათუმი: "'ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა ღაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოსა და იდლიბში, კვიპროსზე, ნახჭევანში, ბათუმში, ბალკანეთში", - რის მიღწევას ცდილობს ამგვარი განცხადებებით ერდოღანი?

- ამ ცოტა ხნის წინ მომიწია თურქ ახალგაზრდებთან შეხვედრამ და მათ ასეთი რამ ვკითხე: როდესაც ერდოღანი ასე ხშირად ასახელებს ამ გეოგრაფიულ დასახელებებს, რა განწყობა გიჩნდებათ-მეთქი? - პასუხი ჩვენთვის საკმაოდ არასასიამოვნო იყო. თურქმა ახალგაზრდებმა მითხრეს, - გვიჩნდება განცდა, რომ ვართ დაჩაგრული ერი, რომელსაც პირველმა მსოფლიო ომმა ამხელა ტერიტორიები წაართვა, მაგრამ მომავალში ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა გავერთიანდეთ, ეს იწვევს ჩვენი ლიდერის გარშემო კონსოლიდაციის სურვილსო. გამოდის, ერდოღანი სათავისოდ ძალიან სწორად ირჯება. ამას კი აკეთებს, მაგრამ თურქეთმა ამ ბოლო დროს იმდენი მტერი გაიჩინა, რაც, მგონი, პირველი მსოფლიო ომის მერე მართლაც არ ჰყოლია, მათ შორისაა არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური ძალები, სხვადასხვა სტრუქტურა...
სამწუხაროდ, რაც ხდება თურქეთში, ჯერ არ გაჩერდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტები გახშირდება და დიდ ქალაქებს გასცდება.

ტერორისტების გააქტიურება მოსალოდნელია ევროპაშიც. მშვენივრად ხედავენ ისლამისტები, რომ თუ დაეცა რაყა და მოსული, ისლამური ხალიფატის საქმე დამთავრებულია! შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გადაიტანონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ევროპისა და თურქეთის ტერიტორიაზე, რათა თურქებმა და ევროპელებმა აიძულონ მთავრობები, უარი თქვან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე, თუმცა ეს ამბავი დაგვიანებულია!

ნათია დოლიძე
სსდ
17 იანვარი 2017 15:48
ერდოღანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან როგორც უნდა ლაპარაკობდეს ისე ლაპარაკობს, როგორც ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნები, უბედურება ისაა რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ ვიხსენებთ მასეთ თემებს (ოფიციალურ შეხვედრებზე) მარტო სუფრაზე და სადღეგრძელოში გვახსენდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე.

ჩვენი ძალა უნდა იყოს განათლებ და ეკ.განვითარება და მერე სხვა დანარჩენი (პრინციპში ყველაფერი მაქედან მოდის თუ დუბაისავით ნავთობზე არ ზიხარ)
Qartveli
15 იანვარი 2017 23:50
Ravi kacma rom gkitxot hveni zmebi arian.winaswar metyvelebashi weria turqetshi sisxlis gubebi dadgeba eg sawyisia mitacebuli tavad aqvs miwebi da ert mshvenier dges yvela hagrultan mouwevs sherkineba
ლალი
15 იანვარი 2017 19:57
უგულავა ხალხის ნდობას ვეღარ მოიპოვებს.რაც შეეხება ერდოღანის მიერ ბათუმის ხშირ ხსენებას,თურქულ სკოლებში ასწავლიან,რომ აჭარა ყოფილი თურქეთის ტერიტორიაა,ანუ ისტორიას დამახინჯებულად ასწავლიან.ეს გამოიწვევს იმას ,რომ მალე თურქეთში მოვა ახალი თაობა ,რომელიც ჩათვლის რომ აჭარა მართლა მაგათი ტერიტორიაა...ასევეა აზერბაიჯანში-კახი,ნუხი,ანუ საინგილოს ტერიტორია -ასწავლიან რომ აზერბაიჯანისაა.(რომ საინგილოში ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ დღემდე,არსად არაა დაწერილი მათ სახელმღვანელოში.)და ჩვენს მთავრობას არასოდეს არ წამოუჭრია ეს საკითხი რომ ისტორია დამახინჯებულად ისწავლება მათ სკოლებში.ჩვენს მთავრობას ავიწყდება,ან არ იციან,რომ სტალინი არ პატიობდა ერთ არასწორად ნათქვამ სიტყვას არავის.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება ,რომ ჩვენი მთავრობიის 95 %მა უახლესი ისტორია არ იცის..და მარტო იციან ხელფასის და პრემიების გამოწერა-აი,ამაში არიან ყოჩაღები...და რატომ უნდა ველოლიავოთ ამერიკას,ან ევროპას..არ შეძლება ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს?ჩვენი სამშობლო ჩვენი იყოს?არ წაგვიბილწონ?

რედაქტორის რჩევით