"ხელისუფლებას სერიოზული სამუშაო აქვს, რომ მსოფლიო ორომტრიალის შუაგულში არ აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას სერიოზული სამუშაო აქვს, რომ მსოფლიო ორომტრიალის შუაგულში არ აღმოვჩნდეთ"

"წულუკიანის აპელირება იმაზე, რომ ვიღაცას სტრასბურგში გაუფუჭებია საქმე და "ჩაუშვია" ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა"

"ხელისუფლება ჭირვეული ბავშვივით არის - თუ კარგ ხასიათზეა, კარგად იქცევა, თუ არა და, შეიძლება ყველაფერი დალეწოს"

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარდგენილი კანდიდატურები ჩავარდა. შეგახსენებთ, წარდგენილნი იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი, რომელთა შერჩევას, თავის დროზე, საქართველოშიც დიდი კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა აიღოს, რომელმაც შეუფერებელი კანდიდატები წარუდგინა სტრასბურგს, თუმცა თვითონ წულუკიანი კანდიდატურების ჩავარდნას ოპოზიციას და ომბუდსმენს აბრალებს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- პერსონალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკს თავს ავარიდებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მაინც მთავრობის კოლექტიური პასუხისმგებლობის თემაა. შესაბამისად, მომხდარზე პასუხისმგებლობა უფრო მასშტაბური საკითხია, ვიდრე ერთ კონკრეტულ მინისტრზე ჯოხის გადატეხა. არა მგონია, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერთი მინისტრის დონეზე იღებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ქალბატონი წულუკიანის განცხადებები, თითქოს ეს ვიღაცების მიერ სტრასბურგში არასწორად ჩატანილი ინფორმაციის გამო მოხდა...

ყველაზე პრობლემური წარდგენილთა შორის, ვფიქრობ, ევა გოცირიძის კანდიდატურა, მისი არაორდინარული განცხადებები და ქმედებები იყო. ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც ურთმელიძის გამოტანილი განაჩენისას, როგორ აგრესიულ გამამართლებელ განცხადებებს აკეთებდა იგი.

განსაკუთრებულად აქტიურობდა ოდიოზური ფიგურის - მურუსიძის მხარდასაჭერადაც... საბოლოოდ კი, თითქოს სწორედ ამ "დამსახურებების" გამო, ჯილდოდ სტრასბურგის სასამართლოში წარდგინება მიიღო. გაგახსენებთ შერჩევის ეტაპსაც, რომელიც ძალიან არადამაჯერებლად წარიმართა. პირველ ეტაპზე გოცირიძე თითქოს არ მოხვდა სტრასბურგში წარსადგენ კანდიდატებს შორის, თუმცა, შემდეგ, რაღაც უცნაური წესით, ისევ აღმოჩნდა სიაში.

ეს ყველაფერი ზედაპირზე ჩანდა, შესაბამისად, მისმა დოსიემ არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებულად ნეგატიური შეფასება დაიმსახურა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა სტრასბურგში და ეს შედეგი იყო აბსოლუტურად კანონზომიერი.

ამის შემდეგ წულუკიანის მხრიდან აპელირება, რომ ვიღაცას სტრასბურგში გაუფუჭებია საქმე და "ჩაუშვია" ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა და დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში არ სურთ დაინახონ საკუთარი შეცდომები.

ისინი იმას კი ვერ ამჩნევენ, როგორ არასწორად წარიმართა შერჩევის პროცესი, არამედ აბსურდულ მიზეზებზე ლაპარაკობენ და მომხდარის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

ჩემი აზრით, წულუკიანის ამგვარი მიდგომა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სტრასბურგში დაწუნებული მოსამართლეების სია. ის, რაც მოხდა სტრასბურგში, ცუდია, მაგრამ ამის შეცვლა შეგვიძლია, თუმცა, როცა მინისტრი ამტკიცებს, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია და არა - მისი და ხელისუფლების, ეს მძიმე დასკვნების საფუძველს აჩენს.

ჩემი აზრით, ევა გოცირიძემ საქმე გაუფუჭა დანარჩენ ორ კანდიდატურასაც... თუნდაც ალექსანდრე ბარამიძე, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე იყო, არ ჩAანდა მაინცდამაინც მიუღებელი და ხელისუფლებასთან აფილირებული. ევა გოცირიძე ამ სიაში რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია, სხვა კანდიდატურები გასულიყო კიდეც.

- მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო და "მოტივირებული შენიშვნებით" პარლამენტს უკან გაუგზავნა. ყველასთვის ცხადია, რომ "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება. ასეთ ვითარებაში, როგორ შეაფასებთ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას?

- გასაგებია, რომ ამას შეიძლება პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვეს და მან ვერ შეძლოს პროცესის შეჩერება, მაგრამ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი ამ ქვეყანაში. ის უნდა მოქმედებდეს არა საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობების, არამედ საკუთარი რწმენისა და კონსტიტუციის შესაბამისად. პოლიტიკური პრაგმატიკით, მაშინ მან საერთოდ არ უნდა იმოქმედოს, რადგან ხელისუფლებას მისი ნებისმიერი ქმედების ბლოკირება შეუძლია. არც "ქართული ოცნების" უმრავლესობა უარყოფს, რომ პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მათთვის მისაღებია, თუმცა იქვე საოცარ რამეს ამბობენ - ვიდრე ვეტოს დაადებდა, რატომ არ გაიარა ჩვენთან კონსულტაცია, შესაძლოა, რაღაცაზე დავთანხმდებოდით და რაღაცაზე - არაო... სწორედ ამ მახინჯი ლოგიკით ურთიერთობს ხელისუფლება პრეზიდენტთან ბოლო წლების განმავლობაში. თუ პრეზიდენტის აზრი აინტერესებდათ, კანონპროექტმა იმხელა პროცედურა გაიარა, ხომ შეეძლოთ თვითონ დაინტერესებულიყვნენ მისი პოზიციით, კულუარულად შეეჯერებინათ მოსაზრებები და საქმე ვეტომდე არ მისულიყო...

ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება, მანამდე ცდილობენ პრეზიდენტის ბლოკირებას, მის გარიყვას, პროცესებისთვის ჩამოშორებას და მხოლოდ მას შემდეგ ეძებენ თანამშრომლობის გზებს, როცა პრობლემა თვითონ უჩნდებათ...

ეს აქამდეც არაერთხელ მომხდარა. თუნდაც საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მომხდარი გავიხსენოთ. შეიძლებოდა, ეს პროცესი ორ ინსტიტუტს ერთობლივად წარემართა, რასაც პრეზიდენტი სთავაზობდა. ამით ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა ერთიორად გაიზრდებოდა, მაგრამ...

ხელისუფლებას შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ცვლილება, შესაბამისად, ჩნდება თეორიული საფრთხე, რომ ვიღაც შეეცდება, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგოს კონსტიტუცია.

თუ ხელისუფლებას ეს არ სურს და აპირებს, ეს პროცესი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართოს, მაშინ ისმის კითხვა: რატომ არ ითანამშრომლეს პრეზიდენტთან?

- საკონსტიტუციო კომისიამ რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. როგორ აფასებთ დაწყებულ პროცესს? კონსტიტუციონალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიდის და ხელისუფლების განცხადება, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობას 30 აპრილისთვის დაასრულებს, არასწორია...

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლებას ფასადის შესაქმნელად სჭირდება, რეალური საკონსტიტუციო ცვლილებები კი უკვე დაწერილია,

ეს ვიღაცის საკურსო თუ სადისერტაციო ნაშრომია, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ხელმძღვანელი და ახლა სჭირდებათ "მასოვკა" ამ ნაშრომის დასაცავად. სინამდვილეში საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან და არა - ერთ კონკრეტულ ადამიანთან თუ მისი თემის ხელმძღვანელთან. ეს ძალიან ფაქიზი პროცესია და ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ფართო საზოგადოება - არა მხოლოდ კონსტიტუციონალისტები, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც... თუ საზოგადოებაში არ შედგა ფართო კონსენსუსი, ეს ცვლილებები მაინც არ იმუშავებს და რაღაც პერიოდის მერე კონსტიტუცია ისევ გადასასინჯი გახდება.

ჩემდა სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს და შეხვედრები ტარდება, რათა შეიქმნას ილუზია, თითქოს პროცესში ბევრი ადამიანია ჩართული.

- კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ თუ ამჯერად მაინც გვინდა, ახალი კონსტიტუცია მივიღოთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური შესწორებები ძალაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შევა. თქვენ რას ფიქრობთ, ან ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს თუ არა ამგვარი მოსაზრება?

- ჩემი აზრით, ცვლილებები ძალაში შეიძლება 2019 წლიდანაც შევიდეს. ვახტანგ ძაბირაძემ 2020 წელი იმიტომ დაასახელა, რომ იგულისხმა, მომავალი პარლამენტიც დღეს არსებული წესებით აირჩესო, თუმცა ეს არასწორი მგონია. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ეს საარჩევნო ციკლი დღეს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად ჩაივლის, ახალი ციკლი კი ახალი კონსტიტუციის მიხედვით წარიმართება, ანუ მიმაჩნია, რომ მომავალი თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნები არსებული კონსტიტუციის პირობებში უნდა ჩატარდეს.

არ ვიცი, ასე მოიქცევა თუ არა ჩვენი ხელისუფლება, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. მას შეუძლია მოიქცეს ძალიან კარგად, მაგრამ მეორე წუთს გამოავლინოს უცნაური მიდრეკილებები. მაგალითისთვის გავიხსენოთ მურუსიძესა და გოცირიძესთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები. ხელისუფლება ჭირვეული ბავშვივით არის - თუ კარგ ხასიათზეა, კარგად იქცევა, თუ არა და, შეიძლება ყველაფერი დალეწოს. მოკლედ, ინფანტილური ხელისუფლება გვყავს, რომელსაც თანამიმდევრულობა არ ახასიათებს და შესაბამისად, პროგნოზის გაკეთებაც რთულია.

- რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა, მანამდე კი სააპელაციო სასამართლომ მათი ბრალდება გადააკვალიფიცირა და სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმცირა. მათ ციხეში მხოლოდ ორი თვის გატარებაღა მოუწევდათ... საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგო, ეს ადამიანები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი იყვნენ თუ დამნაშავეები...

- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პროცესი თავიდანვე პოლიტიზებული იყო, რადგან შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ ამ ადამიანებთან სამართალდამცველებს კითხვები მართლაც ჰქონდათ. მაგრამ რაკი მტკიცებულებები, მით უფრო - მოტივის ნაწილში, არ გამოჩნდა, ხელისუფლებამ დაუშვა ფატალური შეცდომა, როდესაც ამ ადამიანებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა... ჩემი აზრით,

"კაბელების საქმის" პოლიტიზება დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ციხეში გაამწესეს. ამას მოჰყვა პოლიტიკური შეფუთვა და სერიოზული ბატალიები.

როგორც წესი, როდესაც საქმის პოლიტიზება ხდება, შინაარსი აზრს კარგავს. ასე მოხდა ამჯერადაც... მით უფრო, რომ დღემდე გამოძიებამ ვერ იპოვა მოტივები, თუ რატომ შეიძლებოდა ამ ადამიანებს ეს დანაშაული ჩაედინათ. შედეგად სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა საქმე და შეუმსუბუქა სასჯელი, რასაც მოჰყვა პოლიტიკური შეთქმულების თეორიის კიდევ ერთი ტალღა, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაკარგა ამ ადამიანების მიმართ ინტერესი და ამიტომაც გადაწყვიტა მათთვის ბრალის შემსუბუქება...

მოკლედ, ამ საქმეში ხელისუფლების უგუნური ქმედებების მთელი კასკადი ვნახეთ...

პრეზიდენტი მოიქცა სრულიად ადეკვატურად. ამ ადამიანებს მძიმე ბრალდება ვერ დაუმტკიცდათ, შესაბამისად, ადამიანურადაც და სახელმწიფოებრივადაც მარგველაშვილის საქციელი გამართლებულია. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებით მან ხელისუფლებაც და პროკურატურაც გაათავისუფლა იმ სიმძიმისგან, რაც შემდგომი ბატალიებისგან ელოდათ. მოგეხსენებათ, სრულიად აუხსნელად დატოვეს ეს ადამიანები ციხეში კიდევ ორი თვით, პროკურატურა კი, რომელმაც მათ ბრალი ვერ დაუმტკიცა, იმუქრებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებდა...

- გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმე, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის გამო უკრაინაში დააკავეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა განაყოფმა ერთად მოახერხეს ამ თემის იმგვარად აჟიტირება, რომ ლამის ეს იყო როგორც ქართული, ისე უკრაინული საინფორმაციო სივრცის მთავარი საკითხი... ცერცვაძე თავისუფალია და მას რუსეთში ექსტრადირება არ ემუქრება, თუმცა ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას ლამის ღალატსაც კი სწამებენ... ფიქრობთ თუ არა, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა?

- არ ვიცი, შესაძლებელია, პროცედურული შეცდომები ვიღაცამ მართლაც დაუშვა, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ხელისუფლებამ ღალატი და ბოროტმოქმედება ჩაიდინა, წმინდა წყლის სპეკულაციაა. ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას თავისი მოქალაქის ინტერესები უკრაინაში. საბედნიეროდ, ცერცვაძე უკვე თავისუფალია. რა თქმა უნდა, მისი რუსეთისთვის გადაცემა დაუშვებელი იყო... მიუხედავად ამისა, "ნაციონალური მოძრაობისგან" კვლავ გვესმის ლაპარაკი ღალატსა და შეთქმულების თეორიებზე... ამან აიძულა ხელისუფლება, უკვე საკუთარი შეთქმულების თეორია განევითარებინა, რომ თითქოს ყველაფერი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მოფიქრებული და დადგმული, ცერცვაძის დაპატიმრების ჩათვლით...

სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება საქართველოში - რაღაც ეტაპზე გადავდივართ ხოლმე ორ ისტერიკულ მონოლოგზე, ადამიანი და მისი ბედი კი გვავიწყდება... ამ შემთხვევაშიც ისე "გახურდა" ვითარება, რომ ცერცვაძე - რეალური ადამიანი, მგონი, აღარავის აინტერესებს...

ძალიან უცნაურ პროცესს ვაკვირდებით. ე.წ. ნიუსმეიქერი არის "ნციონალური მოძრაობა", უფრო სწორად, ადრე ერთი პოლიტიკური ძალა იყო, ახლა ორია.

სხვათა შორის, ხელისუფლებაზე რომ ამბობენ, თითქოს რაღაც გენიალური ოპერაცია ჩაატარა, "ნაციონალური მოძრაობა" ორად გაყო და ამით რაღაც მოიგო, აბსურდია...

მე თუ მკითხავთ, ამით მხოლოდ წააგეს, რადგან ახლა უფრო კომფორტულად უტევენ ორი ფლანგიდან და ამის უარყოფით შედეგებს ხელისუფლება მომავალშიც დაინახავს. "ნაცმოძრაობა" დღის წესრიგს მხოლოდ იმიტომ არ ქმნის, რომ ტექნოლოგიებს კარგად ფლობს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თვითონ ხელისუფლებას არ აქვს იმის თავი, პოზიტიური ან ნეგატიური დღის წესრიგი შექმნას... შესაბამისად, პოლიტიკური საინფორმაციო ველი არის თავისუფალი და მასში ნებისმიერი ინფორმაციის შემოგდება ძალიან ადვილია, რასაც აკეთებს კიდეც "ნაციონალური მოძრაობა".

- ეჭვი, რომ შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა პარტიის შიგნითვე დაგეგმილი "ოპერაცია" იყოს, ცერცვაძის ამბის ტირაჟირებისას კიდევ უფრო გამძაფრდა. თქვენ რას ფიქრობთ?

- ვიდრე არ გვექნება კონკრეტული დასაბუთება, ამგვარი ვარაუდი მხოლოდ მორიგი შეთქმულების თეორია იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამ ორ ჯგუფს აქვს დიდი საერთო ისტორია, მათი შემაკავშირებელია საერთო დანაშაული. თუ რაღაც ეტაპზე ამ ორმა ფლანგმა მოახერხა სხვადასხვა მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც პრობლემად იქცევა ხელისუფლებისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ისევ საერთო ფრონტით გამოვიდნენ...

- თუ წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის დაპირებები ბევრს პოლიტიკურ პოპულიზმად და განუხორციელებელ საკითხებად მიაჩნდა, დღეს, როდესაც ის პრეზიდენტობას შეუდგა, აღმოჩნდა, რომ ამ თითქოს განუხორციელებელი დაპირებების შესრულებას მართლაც აპირებს, საზღვარზე კედლის მშენებლობით დაწყებული, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით და რუსეთთან ურთიერთობის დათბობით დამთავრებული...

- ვითარებას მთლიანობაში რომ შევხედოთ, ფაქტია, რომ სამყარო იცვლება. ლიბერალურ-გლობალისტურმა პროექტმა თავისი სისუსტეები გამოავლინა. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ კონტრრევოლუციის პროცესში ვართ. იმ კონცეფციამ, რომ უმცირესობების გაერთიანებებმა - ელიტებმა ჩაანაცვლა პირდაპირი დემოკრატია, როგორც ჩანს, არ გაამართლა. დღეს ტრამპის პრეზიდენტობა არ განაპირობა მხოლოდ მისმა განსაკუთრებულობამ, ეს იყო ისტორიულად კანონზომიერი პროცესი, როდესაც რიგით ამერიკელს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა იმის გამო, რომ დემოკრატია, რაც მის არჩევანზე იყო დამოკიდებული, წაართვეს და მის ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ეს კი მის შინაგან ფასეულობათა სისტემას ეწინააღმდეგებოდა.

ტრამპმა მოძებნა გზა ამ რიგითი ამერიკელებისკენ. ელიტების გავლით კი არ მოქმედებდა, პირდაპირ ადამიანებთან მივიდა და უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვა. მის ქმედებებზე ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, მის ერთ ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ორიოდე დღის წინ თქვა:

"ნაცია, რომელსაც არ აქვს საზღვრები, არ შეიძლება იწოდებოდეს ნაციად". ტრამპის მხრიდან ეს მხოლოდ მექსიკისკენ მიმართული განაცხადი კი არ იყო, არამედ ევროპისკენაც.

ეს მოისმინეს პარიზში, ბერლინში, სხვა ევროპულ დედაქალაქებში... ევროკავშირის კონცეფციიდან გამომდინარე, მან, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა ფრანგების ფრანგობა, გერმანელების გერმანელობა დ ა.შ.

მოკლედ, ისტორიული კანონზომიერებით სამყაროს შეცვლა დაიწყო. რამდენად შეიცვლება, ამას პროცესი გვიჩვენებს. იქნება დიდი წინააღმდეგობა, დაპირისპირება. ზემოთ ნახსენები ელიტების ხელშია ფინანსური, პოლიტიკური და მედიარესურსები. ეს დრამატული ბრძოლაა და იმის უპირობოდ დაშლა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართავდა სამყაროს, ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის, რადგან როდესაც კოლოსი ეცემა, მის ნანგრევებში ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ ყველაფერს საქართველოს პრიზმაში რომ გავხედოთ, ეს წელი ჩვენთვისაც დიდი ცვლილებების წელი იქნება და ძალიან სერიოზული დაფიქრება გვმართებს, ვიდრე ინერციით ვივლიდეთ რომელიმე მიმართულებით... სერიოზული სამუშაო აქვს ხელისუფლებას, რომ ამ მსოფლიო ორომტრიალის შუაგულში არ აღმოვჩნდეთ!

ნათია დოლიძე