"რუსული სპეცსამსახურები შენგენის ზონაში საქართველოს დისკრედიტაციას შეეცდებიან" - კვირის პალიტრა

"რუსული სპეცსამსახურები შენგენის ზონაში საქართველოს დისკრედიტაციას შეეცდებიან"

"როცა რეგიონული დემოკრატიის ფლაგმანად მოგვიხსენიებენ, ეს, ერთი შეხედვით, კომპლიმენტივით ჟღერს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, უფრო შეურაცხყოფად უნდა აღვიქვამდეთ"

"არ გამიკვირდება, თუ აფხაზ და ოს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ქართული პასპორტის აღებას შეეცდებიან რუსული სპეცსამსახურებისგან ჩანერგილი პირები, რომელთა დავალება იქნება, ჩაიდინონ ევროპულ სივრცეში ისეთი დანაშაულები, რაც საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ ნეგატიურ განწყობებს გააღვივებს"

საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ბიუროკრატიული დეტალი მოსაგვარებელია, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხის მხარდაჭერით, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეებს ევროპისკენ მიმავალი გზა გაუხსნა, შესაბამისად, ჩვენში ამას მართლაც არნახულად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ყველა პროგნოზით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას უკვე მარტის ბოლოდან შეძლებენ. პოლიტოლოგთა თქმით, ამ გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი 6 ქვეყნიდან საქართველო, მოლდავეთის შემდეგ, მეორე ქვეყანა იქნება, ვინც უვიზო მიმოსვლის უფლებით ისარგებლებს. გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ვულოცავ ყველას ამ წარმატებას, მით უფრო მათ, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ჩვენ გვეძლევა ის საშუალება, რაზეც არაერთი თაობა ოცნებობდა. ეს თაობა მოესწრება იმ დროს, როდესაც თბილისი ევროპის ისეთივე მარგალიტი გახდება, როგორიც პრაღა და ვენეციაა. იმედია, ამას ქვეყნის ყველა მოქალაქე კარგად გააცნობიერებს. კარგია სიხარული, მაგრამ

ამ სიხარულმა არ უნდა დაგვიჩლუნგოს რეალობის უნარი. ამიერიდან მეტი დაფიქრება გვმართებს.

ვიზალიბერალიზაციის საკმაოდ გაჭიანურებული პროცესის წარმატებული დასასრული ძალიან მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, ევროპასთან ახალი ურთიერთობების დასაწყისიცაა. ვფიქრობ, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ერთი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით, თუმცა მსვლელობა გრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას, ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადზე ცხადია, თუმცა მისი სიკეთე რომ ყველა მოქალაქემ შეიგრძნოს, კარგი იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს მაინც ჰქონდეს ფინანსური საშუალება, იმოგზაუროს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით ნახოს, რა არის ეს ევროპა.

ჩვენში ამ გადაწყვეტილებით მოგვრილი სიხარულიც და ამას მოყოლილი პოზიტიური მუხტიც ძალიან დიდია და ეს გასაგებია, მაგრამ მე მაფიქრებს ჩვენი ის თანამემამულეები, რომელთათვისაც ეს შეღავათი კიდევ კარგა ხანს გამოუყენებელი დარჩება. განა ჩვენი მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეეძლება, არსებული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა? - ჩემი აზრით, საკმაოდ ცოტას. ამაო მგონია, წუხილი, რომ საქართველო ამის გამო ერთბაშად დაიცლება, ვისაც წასვლა სურდა და შესაძლებლობაც გამონახა, უკვე წასულია...

ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე ხელისუფლების ნამდვილად დიდი შრომა დაიხარჯა, ამიტომ პრიმიტიული უგუნურება და უსინდისობა იქნება, თუ ახლა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად მოიწადინა ამ წარმატების ავტორობა. ნურავინ მიეცემა საკუთარი თავით ტკბობას მიღწეულის გამო... უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი რამ არის ქვეყანაში გასაკეთებელი და უამრავი ოცნება რჩება კვლავაც ასახდენი.

ბუნებრივია, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულენიც ისარგებლებენ ამ შეღავათებით. არსებობს შანსი, რომ ისინი დაინტერესდნენ ამ ახალი რეალობით და თავად ისურვონ, დაიბრუნონ ან გაიმყარონ საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პასპორტებით.

აქვე ერთ საფრთხეზე მინდა მივუთითო ჩვენს მკითხველს - იმედია, ჩვენი ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა მისი პრეზიდენტობის ბოლოს, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოურიგა თურქეთის ათასობით მოქალაქეს. არ უნდა გამოგვეპაროს ის საფრთხე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით დიდი ალბათობით შეიძლება დადგეს ჩვენ წინაშე და რისი მიზანიც შენგენის ზონაში საქართველოს და მისი მოქალაქეების დისკრედიტაცია იქნება. კერძოდ, არ გამიკვირდება, თუ აფხაზ და ოს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ქართული პასპორტის აღებას შეეცდებიან რუსული სპეცსამსახურებისგან ჩანერგილი პირები, რომელთა დავალება იქნება, ჩაიდინონ ევროპულ სივრცეში ისეთი დანაშაულები, რაც საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ ნეგატიურ განწყობებს გააღვივებს. დიახ, ქართული პასპორტი უნდა იყოს ჩვენი სიამაყის სიმბოლო და მისი გაცემისას შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

- აფხაზები და ოსები ახსენეთ, საქართველო მათ კი სთავაზობს ვიზალიბერალიზაციის სიკეთეს, თუმცა სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მმართველებისგან უკვე მოვისმინეთ საკმაოდ უკმეხი კომენტარები და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს თურმე მათთვის ხაფანგია... თქვენი აზრით, ე. წ. მთავრობების პოზიციას რამდენად იზიარებენ რიგითი ადამიანები?

- რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველებისგან სხვაგვარ გამოხმაურებას არც ველოდი. რომ არა ამგვარი პოზიცია, ამ მარიონეტ ხელისუფლებებს მოკლე ხანში შეცვლიდა კრემლი. რუსეთის მიერ დანიშნული რამდენიმე ე. წ. ხელისუფალი, დარწმუნებული ვარ, არ ახმაურებს რიგითი აფხაზისა თუ ოსის პოზიციას, თუმცა ჩვენც არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად ყველა ყველაფერს დაივიწყებს და ერთბაშად შემოაბიჯებენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სივრცეში. ეს ხანგრძლივი, ჭკვიანური მოქმედებით უნდა მოხდეს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი როლი, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციამაც შეასრულოს.

- ვიდრე ევროპარლამენტში კენჭისყრა შედგებოდა, გაიმართა დებატები, რომლის დროსაც, პოზიტიურ მოხსენებებთან ერთად, ვნახეთ ისიც, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარი წინააღმდეგი იყო. გამოითქვა ასეთი ვარაუდიც, რომ მათ უკან, შესაძლოა, რუსეთის ინტერესიც იდგა...

- იმაზე ლაპარაკი, რაც დანამდვილებით არ ვიცით, არ ღირს. ვფიქრობ, რუსული კვალის ძიება არ უნდა იყოს მაინცდამაინც მართებული, ნუ წავართმევთ ევროპარლამენტარებს აზრის გამოთქმის უფლებას. სიმართლე გითხრათ, მათ გამონათქვამებში ცილისწამება დიდად ვერ აღმოვაჩინე. ჩვენმა მოსახლეობამ დანამდვილებით არც იცის, საქართველოს ზუსტად რამდენი მოქალაქე იხდის ევროპის ქვეყნების ციხეებში სასჯელს. თუმცა კარგია, რომ ეს საკითხები ბრიუსელში პარლამენტართა უმცირესობის უმცირესობამ წამოსწია წინ.

სრულიად ბუნებრივია, არ გსურდეს, უვიზოდ შემოუშვა ადამიანთა იმგვარი ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში არნახული ხერხით მოახერხეს გვირაბის გათხრა ბანკის შენობის ქვეშ და დიდძალი ძვირფასეულობა მოიპარეს.

მართალია, მძარცველები მალევე დააკავეს, მაგრამ ფაქტი ხომ მოხდა?! ამ ამბიდან სულ ცოტა დრო იყო გასული და ის ქალი დეპუტატი, ვინც ორგანიზებულ დანაშაულზე ილაპარაკა, ვფიქრობ, სრულიად გულწრფელი იყო...

კიდევ კარგი, იმდენი სწორი ნაბიჯი გადავდგით, იმ მოვალეობებს, რომელთაც ეს პროცესი გვაკისრებდა, იმდენად კარგად გავართვით თავი, რომ ამგვარი ინციდენტები ევროპარლამენტმა არად ჩააგდო,… ამიტომ არ ღირს ზოგიერთი პარლამენტარის განცხადებებზე გამოკიდება.

მე უფრო სხვა რამ მაწუხებს. როცა რეგიონული დემოკრატიის ფლაგმანად მოგვიხსენიებენ, ეს, ერთი შეხედვით, კომპლიმენტივით ჟღერს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, უფრო შეურაცხყოფად უნდა აღვიქვამდეთ. დემოკრატია არის დემოკრატია, რას ნიშნავს რეგიონული ან პოსტსაბჭოთა? ანუ ამით მიანიშნებენ, რომ ჩვენთან უნდა ავიტანოთ ის, რასაც წამყვანი ევროპული სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებში არ აიტანდნენ. სჯობს შევედაროთ სწორედ მათ და არა იმ ქვეყნებს, სადაც სიტყვა "დემოკრატიის" ხმამაღლა თქმაც კი დასჯადია.

ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის უფრო გამოცდაა, რომელსაც თუ კარგად არ ჩავაბარებთ, შესაძლოა, ისევე დავკარგოთ, როგორც მივიღეთ.

ამიტომაც ეს ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, კარგად ჩავუფიქრდეთ მართლაც ეპოქალურ ფრაზას: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ევროპელი..." სიმბოლურია, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ 2 თებერვალს, 12 წლის წინ, 3 თებერვალს კი ზურაბ ჟვანია დაიღუპა. ის მართლაც გამორჩეულად გონიერი ადამიანი იყო. ჩვენ დავკარგეთ უნიჭიერესი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო და დაამყარა არაჩვეულებრივი ურთიერთობა ევროპელ პოლიტიკოსებთან, იმდროინდელ ევროპულ სტრუქტურებში ზურა დიდი ნდობით სარგებლობდა... ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ბურუსით მოცული რჩება მისი დაღუპვის ამბავი. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აღარც სჯერა, რომ ამ საქმეს ნათელი ოდესმე მოეფინება, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმ მართლმსაჯულებას, რომელიც არაადეკვატური იყო ამ საქმის გარჩევისას როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს.

- ბოლო დღეების სკანდალად იქცა გახმაურებული ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლზე ზეწოლის ფაქტს პროკურატურა 14 იანვრიდან სწავლობს. ვითარებას ართულებს ის, რომ ორივე მათგანი დაკავშირებულია "რუსთავი 2"-ის საქმესთან. ამასთან, ერთ-ერთ უკრაინულ ვებპორტალზე გამოქვეყნდა, ამ საიტის მტკიცებით, სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერის სტენოგრამა, რომელშიც სწორედ ამ ორ მოსამართლეს ახსენებენ...

- ჩემთვის ეს ამბავი გაუგებარია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, პროკურატურა ამბობს, რომ პირიქითაა და მოსამართლეებს რაღაც წერილებსა და მესიჯებს თურმე წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსმაღალჩინოსანი უგზავნიდა... მოკლედ, სრული ქაოსია... ალბათ, უპრიანი იქნება, ამ მოსამართლეებმა თქვან, ბოლოს და ბოლოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას!

რაც ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ამაზე მეტყველებს ამ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების დაწუნების ფაქტიც.

ხელისუფლებას ძალიან კი გაუკვირდა ეს ამბავი, მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, რატომ მოიწონებდა სტრასბურგი იმ კანდიდატს, რომელიც თავის დროზე სწორედ ევროპული სასამართლოს მიერ "შეჩვენებული" მურუსიძის აპოლოგეტი იყო?! თუ უკვე აღარ ახსოვთ, რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმის მურუსიძისეულ გარჩევაზე?!

როდესაც მურუსიძეს უჭერ მხარს, ძნელია, ვინმეს დააჯერო შენი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა!

ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემა არის ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის მიერ მისთვის შექმნილი დისკომფორტი. ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო თავისუფალია, სჯობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოვთქვათ, რადგან ქართულად ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს და მწარე ღიმილს თუ მოჰგვრის ადამიანს.

როდესაც ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ ბატონი მურუსიძე გვყავს, ძალიან ძნელია, იმის გაგება, რა ხდება, ვის უნდა დავუჯეროთ და ვენდოთ. ასეთი ქაოსი იმ ქვეყნის სასამართლო სისტემაში, რომელსაც სურს, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, გაუმართლებელია!

- მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნა... რამდენიმე დღის წინ მარგველაშვილმა ამ შენიშვნების განსახილველად პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია, თუმცა შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ და ეს "პოლიტიკურ თამაშად" შეაფასეს...

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც თავის დროზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღუკვეთეს პრეზიდენტთან თანამშრომლობის უფლება, ახლა იგივე დაატეხეს თავს ჩვენს ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარეს. გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი: ვეტოს დადებისა და სრულიად დამაჯერებელი მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ აინტერესებდათ პრეზიდენტის შენიშვნები და მათ განხილვას გეგმავდნენ... თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ამ ახალბედა მოდუდუნე სპიკერისგან უკვე პრეზიდენტის კრიტიკა მოვისმინეთ...

აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენო ფარული მოსმენების ფუნქციის თაობაზე პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც წარმოგვიდგინეს როგორც დემოკრატიული ნაბიჯი - თურმე შეიქმნა ახალი სააგენტო, რომელიც ამ საკითხს კურირებას გაუწევს, თუმცა იქვე, როგორც უმნიშვნელო საკითხი, ისე გვაცნობეს, რომ ეს სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება, ანუ აქამდე გვქონდა სუს-ი, ახლა გვექნება სუსიკოც.

წარმომიდგენია, რა შეხმატკბილებულად იმუშავებენ, სავარაუდოდ, გაგრძელდება უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკა და არაერთი საზარელი ფაქტი, რაც ზედაპირზეც ამოტივტივდა, კვლავინდებურად გამოუძიებელი დარჩება...

- ორიოდე სიტყვით მინდა შევაფასოთ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები, მით უფრო, რომ როცა ინტერვიუს ვწერთ, ვაშინგტონში იმყოფება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე, რომელიც ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების დამყარებას ცდილობს...

- ვითარება ძალიან არაპროგნოზირებადია. ძნელია იმის განსაზღვრა, რას მოიმოქმედებს ტრამპი, რომლის მხარდაჭერაც აშშ-ის შიგნით თუ გარეთ უკმაყოფილების ზრდასთან ერთად იზრდება. მიხარია, რომ ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გამოძებნას სწორედ თედო ჯაფარიძე ცდილობს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ის გამოცდილი დიპლომატია და წარმატებას ვუსურვებ!

ქვეყანას კი მართებს სიფრთხილე და უმაღლესი დიპლომატიური სტანდარტებით მოქმედება. უნდა ვეცადოთ და მოვლენებს არც ჩამოვრჩეთ და არც წინ გადავუსწროთ.

ნათია დოლიძე