"ნეიტრალიტეტის ზღაპარი ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის დემაგოგიისთვის" - კვირის პალიტრა

"ნეიტრალიტეტის ზღაპარი ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის დემაგოგიისთვის"

"ჩვენს ოპოზიციაში ყველას თავი ტალეირანი თუ არა, ბისმარკი მაინც ჰგონია და ერთმანეთის მოსმენაც არ სურთ"

პოსტსაბჭოთა სივრცეში "რუსული წესრიგის სუნი" სულ უფრო გამძაფრდა. გაპრეზიდენტებიდან მცირე ხანში იანუკოვიჩმა ყირიმის ბაზა რუსეთს ოცდახუთი წლით დაუთმო. რა გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკურ სივრცეზე ეს ფაქტი, მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ამ ნაბიჯით უკრაინის მოსახლეობამაც იხეირა და ეკონომიკამაც - ბაზა გაზის საფასურზე გაიცვალა. "ფერადი რევოლუციების" ყირგიზმა ავტორმა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში ყოფნის სურვილი საბოლოოდ დაკარგა - ბაკიევის განცხადებით, მას სათამაშოების წარმოება სურს, რათა, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს მიანიჭოს ბედნიერება.

ამასობაში კი, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი ჟურნალ "თაიმში" ამერიკელებს ამუნათებდა, - დროზე მომხედეთ, თორემ რუსეთი ჩემთვისაც მოიცლისო, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი "ნეიტრალიტეტზე" ალაპარაკდა. უცნაურია, რომ ეს ნეიტრალიტეტი ნატოზე უარის თქმას და მოსკოვთან მეგობრობას გულისხმობს. როგორც ჩანს, კრემლმა საქართველოს სრულიად უპატრონოდ დატოვება განიზრახა - უპატრონო ბავშვის გალახვა ხომ ძალიან ადვილია... პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან საუბარი სწორედ ნეიტრალიტეტზე დავიწყეთ.

- ბოლო დროს საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა. რამდენად რეალურია მოსასმენად საკმაოდ მიმზიდველი ეს კონცეფცია საქართველოს გეოპოლიტიკურ პირობებში?

- 21-ე საუკუნეში ნეიტრალიტეტმა უკვე დაკარგა ის ისტორიული ხიბლი და მიმზიდველობა, რომელიც წინა საუკუნეებში ჰქონდა და რომელიც მას შვეიცარიამ შეუქმნა. დღეს ჩრდილოეთ ევროპის ის ქვეყნები, რომელთაც "ნეიტრალიტეტი" უწერიათ - დანია და სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ეუთოში არიან, ევროკავშირზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე ვეღარ ჩაითვლებიან ნეიტრალურ ქვეყნებად. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენი ქვეყანა, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, ვერასოდეს გახდება ნეიტრალური.

რუსეთის აზრით, ცნება ნეიტრალიტეტი ნიშნავს უარის თქმას ნატოსა და დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე - ეს რუსეთის სანუკვარი ოცნება გახლავთ, რათა საქართველო ერთი ერთზე დარჩეს მოსკოვის წინაშე. აი, მერე, თუკი რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩებით, ისეთ დღეში აღმოვჩნდებით, ყველაზე კოშმარული სიზმარიც კი აღდგომის დღესასწაულად მოგვეჩვენება - ნებისმიერი სურვილი, რომელიც კრემლში გაჩნდება, საქართველოსთვის უალტერნატივო არჩევანი იქნება. ნეიტრალიტეტი იმითაც არის გამორიცხული, რომ საქმით ამას არც ერთი ჩვენი მეზობელი არ აღიარებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიასაც.

თუ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ და სადმე, პლანეტის უკაცრიელ ადგილას გადავსახლდებით, ისეთი ადგილი უნდა შევარჩიოთ, სადაც არ ვიქნებით ხიდი ევროპასა და აზიას შორის, არ ვიქნებით ენერგომატარებლების დერეფანი, არ გვეყოლება ერთმანეთთან კონცეპტუალურად დაპირისპირებული მეზობლები და სხვა მრავალი. მაგრამ ასეთი მსჯელობა ხომ არასერიოზულია. დღეს საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ზღაპარია - მიმზიდველი, მაგრამ მაინც ზღაპარი და ეს მიმზიდველობა ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის დემაგოგიისთვის.

- გასაგებია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები დემოკრატიასთან. ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები, ტოტალური გაყალბების გამო ვერ ახერხებენ არჩევნების გზით რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევას. მაგრამ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ეს იყოს გამართლება და მიზეზი იმისათვის, რომ მავანთ კრემლის მისადგომებიდან ნეიტრალიტეტზე იქადაგონ? ვითომ ის მარტივი ჭეშმარიტება, რასაც თქვენ ბრძანებთ, მათთვის გაუგებარი რჩება?

- აქ შეიძლება მრავალი ფაქტორი იყოს, მაგრამ ეს არის პოლიტიკის კლასიკა. როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ვერ ახერხებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების მიღწევას, დიდია ცდუნება, საზღვარგარეთ ეძებოს პარტნიორი, ანუ ის, ვინც მიზნის განხორციელებაში დაეხმარება. ყოველთვის, როდესაც მაქვს კამათი ნეიტრალიტეტის მომხრეებთან და იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში შეუძლებელია პოლიტიკური გზით გამარჯვების მიღწევა, ძალზე მარტივი მაგალითი მომყავს. საშუალო ასაკის მკითხველს მაინც კარგად ეხსომება, როგორი იყო ნიკარაგუა ორტეგას პირველი მმართველობის პერიოდში.

ეს იყო ტოტალიტარიზმის უმაღლესი გამოხატულება - თბილისში რომ არც დაესიზმრებათ, ისეთი. მე მომსწრე ვარ კომანდანტე ორტეგას ვიზიტისა თბილისში, კომუნისტების დროს. მან ოცდაორი მცველი ჩამოიყვანა, ულამაზესი, რჩეული გოგონები. როგორი "მცველებიც" იყვნენ, მოგვიანებით შევიტყვეთ. ორტეგა კრწანისის რეზიდენციაში დაბანაკდა, გოგონები კი სასტუმრო ,,ივერიაში” დააბინავეს და საწყალი ქართველი "კაგებეშნიკები" მთელი ღამე სასტუმროსა და რეზიდენციას შორის დარბოდნენ - კომანდანტესთან ორ-ორი გოგო მონაცვლეობით მიჰყავდათ. ეს კაცი უცხოეთში რომ ასე იქცეოდა, თავის ქვეყანაში რას იზამდა, იოლი წარმოსადგენია.

აი, ამ ტოტალიტარულმა მმართველმა ერთ მშვენიერ დღეს არჩევნები წააგო პოლიტიკოს ქალთან ისე, რომ არც გადატრიალება მომხდარა და არც გადმოტრიალება. გავიდა დრო და ასევე რევოლუციისა და ქუჩის აქციების გარეშე, ორტეგამ არჩევნები მოიგო და ისევ დაბრუნდა ხელისუფლებაში. ცხადია, ძველებურად ცხოვრების  უფლებას თავს ვეღარ აძლევს, მაგრამ რუსეთთან ძველი სიმპათია ისევ ახსოვს და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობაც ამას უკავშირდება. უფრო სწორად, ეს "ცნობა" მან რუსებს მიჰყიდა. ასეა თუ ისე, თუნდაც ამ ისტორიიდან გამომდინარე, ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში არჩევნების მოგება შეუძლებელია - რასაკვირველია, თუ სწორი ტაქტიკა გექნება. აპრილის აქციებიდან ერთი წელი გავიდა.

ჯერ კიდევ მაშინ, ჩემს ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ეს აქციები ოპოზიციას ელექტორატს დააკარგვინებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ძლიერი ნერვები აღმოაჩნდა. ეტყობა, მათ ჰყავდათ გამოცდილი მრჩევლები, რომლებმაც სიტუაცია სწორად შეაფასეს და ურჩიეს, აქციები არ დაერბიათ. შედეგად რა მივიღეთ? - აქციები დროში გაიწელა. პროტესტის გამომხატველი ხალხის ოდენობა ცოტა ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც იმდენი, რომ მთელი ქვეყანა მოეცვა და ცხოვრება შეჩერებულიყო. სამაგიეროდ, თბილისის ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გაღიზიანებულნი და უკმაყოფილონი დარჩნენ - ელემენტარულად, სახლში მისვლას ვერ ახერხებდნენ, ანტისანიტარიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაშინ ,,კავკასიაზე" ვიყავი მიწვეული გადაცემაში, ქუჩა მომიტინგეებს ჰქონდათ გადაკეტილი. მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, ვიფიქრე, შემოვლითი გზით მივალ-მეთქი და ისეთ ადგილას ამოვყავი თავი, ორი საათი იქიდან ვერ გამოვაღწიე.

ასეთი მეთოდით ბრძოლა იმთავითვე წამგებიანი იყო. შეძლებს კი ოპოზიცია ამ დაკარგული ხმების დაბრუნებას? - ნაწილისას, ალბათ, შეძლებს, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ხალხში უკმაყოფილების მუხტი კვლავაც მძლავრობს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ოპოზიციას დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტაქტიკა, სტრატეგიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ კვალიფიციური პოლიტტექნოლოგების დასაქირავებლად არ აქვთ სათანადო სახსრები. თუმცა, ისიცაა, რომ ჩვენს ოპოზიციაში ყველას თავი ტალეირანი თუ არა, ბისმარკი მაინც ჰგონია და ერთმანეთის მოსმენაც არ სურთ, არათუ გარეშე ადამიანის. ესეც მათი პრობლემაა და ვშიშობ, რომ გადაულახავი პრობლემა.

- როდესაც უკრაინის არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, ქართველ პოლიტოლოგთა დიდი უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს არ იყო ცალსახად პრორუსული ძალების გამარჯვება, რომ  იანუკოვიჩი დაბალანსებულ პოლიტიკას აირჩევდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში პირველი, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა, რუსეთისთვის ყირიმის ბაზის 25 წლით გადაცემა იყო. ეს კი რუსეთის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.

- ერთი შეხედვით ეს მართლაც ასეა, მაგრამ საკითხს უფრო სიღრმისეულად მივუდგეთ - შავი ზღვის ფლოტის რუსული ბაზა ოცდახუთი წელი იქნება უკრაინაში თუ ამაზე ნაკლები, უკრაინის მოსახლეობის ნახევარსაც არ ადარდებს, სამაგიეროდ, გაზის ფასის 30%-ით შემცირება მთელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში გაზი მხოლოდ გათბობისთვის და სამზარეულოში არ გამოიყენება. იქ მძლავრი სამრეწველო ინდუსტრია არსებობს და ამ ინდუსტრიის მუშაობა მნიშვნელოვანწილად გაზზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გაზის გაიაფება ზოგად გაიაფებასაც გამოიწვევს.

ასე რომ, იანუკოვიჩმა თავისი გადაწყვეტილებით დასავლეთუკრაინელი ნაციონალისტები კი გააცოფა, მაგრამ მთლიანობაში, აღმოსავლეთ უკრაინის ეკონომიკური გამოცოცხლების ხარჯზე, ქვეყანაში მაინც დადებითი ქულები ჩაიწერა. რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, ანუ პრორუსულობასა და პროდასავლურობას - ამ თვალსაზრისით, იანუკოვიჩი მართლაც არ ჩქარობს რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას. არადა, ამის შესახებ ის თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში ლაპარაკობდა, მართალია, არცთუ ხშირად და ხაზგასმულად, მაგრამ მაინც.

მიუხედავად ამისა, ამაზე უკრაინაში ჯერ ლაპარაკიც არ დაწყებულა და ვფიქრობ, რომ ამ კანონს არც მიიღებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოსკოვი მიეჩვია სიმბოლურ ჟესტებს - პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების სათავეში პრორუსი ლიდერი როცა მოდის, ის პირველი საგარეო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა ხოლმე. როგორც გვახსოვს, იანუკოვიჩს ასეთი რამ არ გაუკეთებია, ის პირველად ბრიუსელს ეწვია. ასე რომ, ძნელი სათქმელია, გაიმარჯვა თუ არა რუსეთმა.

ისიც გავიხსენოთ - თავის დროზე, როდესაც კრავჩუკს არჩევნები მოუგო კუჩმამ, მოსკოვში ზეიმი მოაწყვეს - მოგეხსენებათ, კუჩმა საბჭოთა პერიოდში სოციალისტური შრომის გმირი და საბჭოთა კავშირის უდიდესი სარაკეტო ქარხნის გენერალური დირექტორი იყო. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები იმავე გაზთან დაკავშირებით მოსკოვს სწორედ კუჩმასთან შეექმნა. ასე რომ, იგივე იანუკოვიჩიც, გავა არცთუ დიდი დრო და პოზიციის განმტკიცების შემდეგ ბევრად დაბალანსებული იქნება.

- ჟურნალ "თაიმში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი რუსეთის გააქტიურებაზე ლაპარაკობს და შიშობს, რომ უკრაინისა და ყირგიზეთის შემდეგ, ალბათ, მისი ჯერიც დადგება. საქართველოს პრეზიდენტმა ობამას უმოქმედობაც უსაყვედურა. რამდენად საფუძვლიანია სააკაშვილის პროგნოზები და საყვედურები?

- ოთხმოციანი წლების ბოლოს კისინჯერმა ფუნდამენტური ნაშრომი "დიპლომატია" გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჯერ კიდევ იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ სულს ღაფავდა. დიპლომატი და პოლიტოლოგი ამ ნაშრომში რიტორიკულ კითხვას სვამდა - დავეხმაროთ თუ არა რუსეთს, რომელსაც ძალიან უჭირს? მაშინ ელცინი მოდიოდა ხელისუფლებაში და მოსკოვის ბედი გადაწყვეტილი არ იყო. ამერიკელმა პოლიტოლოგმა განაცხადა, - თუ ჩვენ დღეს რუსეთს დავეხმარებით და გადავარჩენთ, გაძლიერების შემდეგ მყისვე დაიწყებს პოსტსაბჭოთა გავლენის აღდგენაზე მუშაობას და როდესაც რუსეთი მარშზე მიდის, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდებაო.

მეორე ვარიანტიც განიხილა - თუ არ გადავარჩენთ, რუსეთის იმპერია ნანგრევებად იქცევა, იქ ქაოსი დაიწყება და თერთმეტი ათასი ბირთვული მუხტი მთელ მსოფლიოში უკონტროლოდ გაიფანტებაო. კისინჯერის დასკვნა ამ ნაშრომში შემდეგია: რუსეთის გავლენის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ის საფასური იქნება, რომლის გადახდაც მსოფლიო მშვიდობის სანაცვლოდ მოგვიწევსო, - ეს სიტყვები ოცი წლის წინ არის ნათქვამი. რაც შეეხება ობამას - რუსეთის მიმართ ამერიკის პრეზიდენტის კურსი, ცოტა არ იყოს, ილუზიით არის გაზავებული. მის სუპერილუზიად კი ბირთვული განიარაღება იქცა. მეოთხეკლასელი ბავშვის ლოგიკითაც რომ ვიმსჯელოთ, ამაში ნათლად დავრწმუნდებით.

დავუშვათ, მოხდა წარმოუდგენელი რამ და რუსეთმა და ამერიკამ უარი თქვეს ბირთვულ შეიარაღებაზე, მაშინ რა ვუყოთ ჩრდილოეთ კორეას, ისრაელს, ირანს? სპეციალისტების გათვლებით, მაქსიმუმ ხუთი წლის შემდეგ, მსოფლიოში თორმეტიდან თხუთმეტამდე სახელმწიფოს ექნება ბირთვული იარაღი, ამიტომაც სრული ბირთვული განიარაღება უტოპიაა. სხვათა შორის, პირველად ასეთი იდეა საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, რაც თავის დროზე, სრულიად სამართლიანად, დემაგოგიად ჩაითვალა.

ასეთი რამ მხოლოდ უბრალო, რიგითი ადამიანების განწყობაზე იყო გათვლილი. სხვაგვარად, ყველა ცნობილი პოლიტოლოგი და მოაზროვნე მსოფლიოში, ზემოთ ნახსენები კისინჯერის ჩათვლით, აღნიშნავს, რომ თუ დღემდე დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო, სწორედ ბირთვული იარაღის დამსახურებაა - სანამ ეს მრისხანე იარაღი არსებობს, დიდ ქვეყნებს ყოველთვის ექნებათ გლობალური დაპირისპირებისა და ომის დაწყების შიში, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, სულ ოცდაორი წუთი უნდოდა ბალისტიკური რაკეტის მიფრენას ერთი კონტინენტიდან მეორემდე, მაგრამ ლოკატორზე მის აღმოჩენას 7-8 წუთი სჭირდებოდა. გამოდის, რომ ერთი მხარის მიერ რაკეტის გაშვებიდან 8 წუთში, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ გზაში იქნება, რაკეტას მეორე მხარეც გამოუშვებს, რაც ორივე მხარისთვის ფატალური აღმოჩნდება.

თვითონ რვა აპრილის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის დაიდო, უახლოეს მომავალში, როდესაც მისი რატიფიკაციის დრო დადგება, ვნახავთ, რა ცხარე დებატების საგანი გახდება ამერიკის კონგრესისთვის. ცხადია, რუსეთის დუმა ამას იოლად დაამტკიცებს, მაგრამ ამერიკაში რესპუბლიკელებმა ამ ხელშეკრულებას ძალიან ბევრი ხარვეზი მოუძებნეს. მისი ბოლო პუნქტის თანახმად, რუსეთს ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულებიდან გამოვიდეს, თუ ჩათვლის, რომ  მეორე მხარე არღვევს ძალთა განლაგების ბალანსს. ასეთად კი შესაძლოა, ამერიკის მიერ ანტისარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსება ჩაითვალოს.

ასე რომ, რუსეთ-ამერიკული ურთიერთობა დღეს ძალიან მყიფეა და, შესაბამისად, ისევ ჟურნალ ,,თაიმს" რომ დავუბრუნდეთ, სააკაშვილის მიერ გამოთქმული პროგნოზებიც საკმაოდ რეალურია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2008 წლის ომის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც ნატოშიც არიან და ევროკავშირშიც, რუსეთისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვეს. თუ ნატოს წევრი ქვეყნები ვერ გრძნობენ თავს დაცულად პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა უნდა ქნას საქართველომ? ასე რომ, ჩვენ დიდი სიბრძნისა და მოთმინების გამოჩენა გვმართებს.…

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი