"ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა"
20-02-2017
"ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა"
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურა აკეთებს ამა თუ იმ საქმეზე განცხადებებს და მერე მას მოაყოლებს დაზუსტებების მთელ სერიალს: ვინ რა იგულისხმა, ვინ რა იფიქრა და ვინ რა როგორ უნდა გაიგოს"

თუ ლაპარაკია, ვის ეკუთვნის ეს "რუსთავი 2", უნდა ვთქვათ, რომ ყველა იმას, ვინც მაშინ ვერ შეძლო სააკაშვილისა და მისი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა

საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ქართული ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს,
რომელიც კვლავაც ძალიან ბუნდოვანია, თუმცა, ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესს დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მზადდებოდა თუ არა მართლაც დანაშაული და დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პროკურატურის მტკიცებით, მომწამვლელი ნივთიერება აღმოუჩინეს, დამნაშავეა თუ მსხვერპლი? ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- მთელმა ამ პროცესმა
გვაჩვენა, რომ საპატრიარქოში არის საკმაოდ მწვავე დაპირისპირება, რომელშიც გამოკვეთილად მონაწილეობს ორი ფრთა. შიდა დაპირისპირება ასეთი მასშტაბით პირველად გამოვიდა ეკლესიის სივრციდან და საჯარო განსჯის თემად იქცა. პრობლემა, რაზეც არის ლაპარაკი, ანუ ვიღაცის მკვლელობის მცდელობა, დღეს შედარებით უმნიშვნელოა, ისეთი ვითარების მომსწრენი გავხდით.
მთავარი სხვა რამაა, რასაც უნდა მოჰფრთხილებოდა ერიც და ბერიც. საქმე ისაა, რომ საქართველოს საპატრიარქო და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც შეძლო, შეენარჩუნებინა ერთიანობა, არ დაშლილიყო, არ ყოფილიყო დიფერენცირებული და სწორედ მის სივრცეში შენარჩუნებულიყო ქვეყნის ერთიანობა.

ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ეკლესია აერთიანებს ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამას აღიარებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც - ანუ ის ქართული ეკლესიის მთლიანობაში განიხილავს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა. ამას ვერაფრით განვიხილავთ მხოლოდ სასულიერო საკითხად, ეს შეეხება ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობის პრობლემატიკას. ეს არის ამ პროცესის ერთი ნეგატიური მხარე. მეორე კი ის არის, რომ ამ ყველაფრის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის შეეცდება ყველა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება ააშკარავებს იმას, რომ ხვალ-ზეგ ეკლესიაში დაიწყება ძალთა გადაჯგუფება, შესაბამისად, ყველა ცდილობს, მეტი მომხრე ჰყავდეს და მეტი გავლენა მოიპოვოს. მოკლედ, დაწყებულია ჭიდილი საპატრიარქო ტახტისთვის, რომელში ჩარევასა და ამ ვითარების გამოყენებას შეეცდებიან როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედანაც.

- რა შეუძლია საზოგადოებას ასეთ ვითარებაში?

- პოლიტიკოსები ამის სათავისოდ გამოყენებას რომ ცდილობენ, ცხადად ვხედავთ, მხოლოდ ისინი არა, სხვაც ბევრი შეეცდება ამ ყველაფრისგან მოგება ნახოს და ქულები დაიწეროს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ამას მოჰყვა, და აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი ხდება, რომ გამოძიება იყოს არა მარტო მიუკერძოებელი, არამედ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ვისი ბრალეულობაც უნდა გამოიკვეთოს და საკითხი ვისაც უნდა ეხებოდეს.
თუ ხელისუფლება ვერ შეძ­ლებს ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დაადგინოს რეალური სურათი, ეს იქნება დამანგრეველი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკლესიისთვისაც... აი, ასეთი დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს.

- ბოლო ხანს გამოითქმის არაერთი ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ქვეყნის გარეთ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილიც არის, ხშირად ახსენებენ რუსეთსაც...

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. როცა ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უტყუარად უნდა დაადგინოს, რა და როგორ იყო, სწორედ ეს საფრთხეებიც მაქვს მხედველობაში. ნამდვილად ვერ გამოვრიც­ხავთ იმას, რომ ამ ყველაფ­რით გარე ძალები არიან დაინტერესებული, რა არგუ­მენტი არსებობს იმისა, რომ ამგვარი ინტერესი გამოვრიცხოთ? არანაირი... მთელი ამ 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, საქართველოში ერთი წუთიც თუ ყოფილა, რომ ქვეყანა გარე ძალების ინტერესების გავლენის ქვეშ არ ყოფილიყო?! პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია...
სამწუხაროდ, მომხდარმა გამოამზეურა ის სავალალო მდგომარეობა, რაც არის ქართველ საზოგადოებაში, როგორც მის სასულიერო, ისე საერო ნაწილში. ჩემი აზრით, ძალიან ამაზრზენი სურათი დავინახეთ. მიუხედავად იმისა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ეს სურათი არ იცვლება და ეს არის ქართველი საზოგადოება, რაც ყველაზე მეტად მაშინებს და მაშფოთებს.

იცით, პრობლემა კიდევ რა არის? - უსმენ ამა თუ იმ პოლიტიკოსს და ფიქრობ - იმდენად არაადეკვატურია, რომ მოსმენილის აღქმის უნარი არა აქვს, თუ განგებ ამახინჯებს რეალობას?..
სამწუხაროდ, ძირითადად, მიზანმიმართულ დამახინჯებაზე არიან გადასული, რათა მეტი პოლიტიკური სარგებელი ნახონ და ეს მხოლოდ ბოლოდროინდელ პროცესებს არ შეეხება...

- "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფმა, "ევროპულმა საქართველომ" ე. წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის განცხადებები გააკრიტიკა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო...

- "ევროპული საქართველო" ჩემთვის კვლავაც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც რეალობის დამახინჯება საუკეთესოდ შეუძლია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურა აკეთებს ამა თუ იმ საქმეზე განცხადებებს და მერე მას მოაყოლებს დაზუსტებების მთელ სერიალს: ვინ რა იგულისხმა, ვინ რა იფიქრა და ვინ რა როგორ უნდა გაიგოს. ამ შემთხვევაშიც ამას ვერ ავცდით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოახერხოს პროკურატურამ და შექმნას საზოგადოებასთან ურთიერთობის იმგვარი სამსახური, რომელიც ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით ზუსტად ჩამოაყალიბებს აზრს. გარდა ზემოხსენებული შუბლის ძარღვგაწყვეტილი ადამიანებისა, რომელთაც არაფრის გაგონება არ სურთ და ყველაფერს თავისი ინტერესით ამახინჯებენ, ამ ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელსაც სჭირდება ინფორმირება.

როდესაც პირველად გაავრცელეს ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, გერმანიაში მიდიოდა და ციანიდი მიჰქონდა, რაც უპირველესად გაგახსენდებოდა ადამიანს, იყო გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქი, მით უფრო, რომ ბოლო დროს ჩვენში გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც სოციალურ სივრცეში გახშირებულად ავრცელებდნენ მოსაზრებებს პატრიარქის შესაძლო ხელყოფის თაობაზე.
თითქოს ნიადაგი უკვე შემზადებული იყო, რომ ხალხს სწორედ ამგვარ ვერსიაზე ეფიქრა.

პროკურატურამ ეს ვერსია კი არ გააქარწყლა, კიდევ უფრო დაამძიმა, როდესაც განაცხადა, რომ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ეს პირდაპირ ჩვენს უწმინდესს დაუკავშირა... პროკურატურა ვალდებულია, გაითვალისწინოს ამგვარი წინა პირობები, კონტექსტი და ძალიან ფრთხილი განცხადებები აკეთოს. ასეთი ვერსიის ტირაჟირების უფლება აქვს მედიას, მაგრამ არა პროკურატურას... როდესაც პროკურატურა ზედმიწევნით ასახელებს სქემას, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ კონკრეტული დეკანოზი, როგორ ცდილობდა ციანიდის შეძენას, მერე შეიძინა და მიჰქონდა გერმანიაში და თან ამბობ, რომ იგეგმებოდა სასულიერო პირის მოწამვლა, საზოგადოება ფიქრობს, რომ შენ ამას სერიოზულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებ... და როდესაც არ ასახელებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო სამიზნე, პირდაპირ ტირაჟირებას უწევ იმ ვერსიას, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ვარაუდის საფუძველზე გაჩნდა. ამიტომ განცხადება უნდა გაკეთებულიყო მოზომილად და ფრთხილად, მით უფრო, თუ ეს ყველაფერი, რაზეც ილაპარაკეს, არ იყო დადასტურებული.

ამას რაც მოჰყვა, ყველამ ვნახეთ - სრული საზოგადოებრივი ისტერიკა, რადგან დღეს ჩვენი პატრიარქი არის ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანი. ამის მერე იძულებული გახდნენ, მეორე განცხადება მოეყოლებინათ და განემარტათ, რომ თურმე პატრიარქის მოწამვლა არ იგეგმებოდა.
ორიოდე სიტყვით მინდა დავუბრუნდე "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფს. ამ პარტიის ეს ორი ნაწილი, ფაქტობრივად, არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მხოლოდ ჰაბიტუსით თუ განასხვავებ უგულავას მელიასგან... მათი რიტორიკა ზუსტად ერთნაირია. ორივე ცდილობს პროცესების რადიკალიზაციას, ყველაფერს აკეთებენ და კიდევ მეტად გააქტიურდებიან, ალბათ, რათა ხელისუფლებას მოთმინება დააკარგვინონ. მათი მიზანია ხელისუფლების პროვოცირება, რათა მან ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს. სხვა მხრივ, რამდენი აქციაც უნდა მოაწყონ, ჯერჯერობით საზოგადოება მათკენ არ მიბრუნდება, თუმცა, თუ ხელისუფლება საბედისწერო შეცდომებს დაუშვებს, მაშინ, შესაძლოა, ქუჩაში პროცესების აგორება შეძლონ კიდეც, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

- პროკურატურის პირველი განცხადებების შემდეგ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებაც არაერთი მოვისმინეთ...

- ამ პირველი განცხადების შემდეგ თითქმის მთელმა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირში იგულისხმებოდა პატრიარქი. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, თითქოს გასაგებია უმაღლესი პირების რეაქცია, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაც უბედურება ააცილა ქვეყანას, ის ამ პროცესის პოლიტიკური მონაწილე ხდება. არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, სანამ ყველაფერი გარკვეული არ იქნება. მით უფრო, რომ ოპონენტები მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხელისუფლება სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში ერევა. ყველაზე უპრიანი იქნებოდა, ეთქვათ, დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს და მერე ვილაპარაკოთო... ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის?! 2012 წლის შემდეგ არაერთხელ ყოფილა ასეთი განცხადებები, რასაც მერე მოჰყვებოდა დაზუსტებები, გადაზუსტებები და ა.შ. არ ივარგებს ასე, ეს მათთვის არის უპირველესად ცუდი. გასაგებია, ვითარება ისე დაიძაბა, რომ მომგებიანი იყო ასეთი განცხადებები, მაგრამ ხომ ხშირად ხდება, მომგებიანად რომ გვეჩვენება რაღაც, მალევე იქცევა ხოლმე ძალიან წამგებიანად. ამიტომ არსებული ვითარების ანალიზისა და პერსპექტივის გათვლით უნდა აკეთებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებს, მით უფრო ასეთ საფრთხილო თემაზე.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხება. მოგეხსენებათ, უზენაესმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა გამოიტანოს ვერდიქტი. თქვენი აზრით, რა შეიძლება მოხდეს, თუ გადაწყდა, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშს?

- თუ საკითხს არა იურიდიულად, არამედ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თვალსაზრისით შევაფასებთ, სურათი საკმაოდ მარტივია. თავის დროზე, "რუსთავი 2" დაათმობინეს დვალსა და აქიმიძეს, შემდეგ კიწმარიშვილსა და ოქრუაშვილს ხალვაშის მეშვეობით აყიდვინეს. ფული ვინ გადაიხადა, არ ვიცი, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, მეპატრონეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, შემდეგ კი უკვე ხალვაშსაც წაართვეს... თუ ლაპარაკია, ვის ეკუთვნის ეს "რუსთავი 2", უნდა ვთქვათ, რომ ყველა იმას, ვინც მაშინ ვერ შეძლო სააკაშვილისა და მისი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, არ ვიცი, რას გადაწყვეტს სასამართლო, არც "რუსთავი 2"-ის დიდი ქომაგი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია, რომელსაც არ შეიძლება ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაზე პრეტენზია ჰქონდეს, მაგრამ თუ სასამართლომ მიიღო მისი ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, ეს იქნება ქვეყნისთვის და უპირველესად ამ ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანი.

დღევანდელ ვითარებაში, რო­ცა არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები და ინფორმაციის გავრცელების ათასგვარი საშუალება, ტელევიზია მნიშვნელობას კარგავს. გავიხსენოთ ისიც, რომ სააკაშვილი აკონტროლებდა ყველა ტელევიზიას, მაგრამ მან ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა 2012 წელი. ასე რომ, ტელევიზია და პროპაგანდა მხოლოდ გარკვეული დროით მუშაობს... ამიტომ ჭიდაობას ტელევიზიისთვის აზრი არა აქვს. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება მართლაც ერევა ამ საქმეში და ცდილობს, რომელიმე მხარეს გაამარჯვებინოს, ძალიან ცდება. თუმცა გამოვრიცხავ, რომ "რუსთავი 2"-ის გამო ქუჩაში პროცესები დაიწყოს.
როგორც უკვე აღვნიშნე, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფით შეეცდება პროცესების რადიკალიზაციას და იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში კრიტიკული პოლიტიკური ვითარებაა. როდესაც დაანონსებულ აქციამდე "რუსთავი 2"-მა შეწყვიტა მაუწყებლობა, ესეც ხელისუფლების პროვოცირებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო... "რუსთსვი 2"-ის აქცია ვითარების ესკალაციის "ნაციონალური" სცენარის რეპეტიციაა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი რამ არ ესმის - შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა, მაგრამ "ნაცმოძრაობა" კვლავაც სრულიად მიუღებელია...

- კიდევ ერთ ტელევიზიასთან, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით არ წყდება მითქმა-მოთქმა. მოგეხსენებათ, იქ ახალი მენეჯმენტია, რომელიც რეფორმის გასატარებლად "ქირურგიულ ჩარევას" გეგმავს. ტელევიზიის რეფორმის აუცილებლობას ყველა ეთანხმება, თუმცა გადაცემების გაჩერების გეგმას არ იზიარებენ...

- მეც ვიზიარებ აზრს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეფორმა აუცილებლად გასატარებელია, მაგრამ არა ამგვარად... ნუ გვავიწყდება, რომ ეს არის მედია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სხვანაირად აღიქმება ქვეყანაში და განსაკუთრებით, მის გარეთ. სიფრთხილეა საჭირო! სხვაგვარად საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. არგუმენტი, რომ თუ ყველა გადაცემას გავაჩერებ, ფინანსებს დავზოგავ და ტექნიკურად აღვჭურავ ტელევიზიასო, არადამაჯერებელია, იმიტომ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრობლემა ტექნიკა კი არა, უშინაარსობაა.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით