"ასუსტებენ პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას"
27-02-2017
"ასუსტებენ პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას"
"პროკურატურის ამგვარი ქცევაც დიდი შეცდომაა, რაც ან უცოდინარობით არის დაშვებული, ან მიზანმიმართულად"

"ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა"


საზოგადოების ყურადღება კვლავაც საქართველოს ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებისკენ არის მიმართული. ამ თვალსაზრისით გასული კვირა დაძაბული და რთული აღმოჩნდა. პატრიარქის სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებამაც ვერ გაანელა ის ვნებათაღელვა, რამაც ე.წ. ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ მოიცვა ქვეყანა. დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მიმდინარე კვირას ის გამოძიებას პირველ
ჩვენებას მისცემს.

ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება:
- ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარების სრულფასოვნად შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია ძალიან მწირი, ცალმხრივი და ხანდახან - ურთიერთგამომრიცხავია.

ჩემი აზრით, მზაკვრული გეგმა,
რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის უნდა მიეყენებინათ დარტყმა, აამოქმედეს. თუ ვინ აამოქმედა ეს გეგმა, ამაზე პასუხი რომ გავცეთ, მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვის აძლევს ხელს დღეს ქვეყანაში არეულობა? ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? პასუხი ერთია: "ნაციონალური მოძრაობა". თქვენს გაზეთთან საუბრისას აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ განსხვავება "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" სამინისტროებისა და უწყებების აპარატებს შორის, პრაქტიკულად არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის თუ პროკურატურის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულების აპარატი ამ ორი პარტიის შეზრდითაა ფორმირებული.

ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებასთან" ინტეგრირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებულია.
ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის - საპატრიარქოშიც შეიძლება დაუშვან შეცდომები, არსებობდეს დარღვევები, რადგან ყველგან მოკვდავი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გამოაშკარავებულიყო.
დღეს მიდის ცალ კარში თამაში, ასუსტებენ პატრიარქის უახლოეს გარემოცვას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში დედაეკლესია გაიმარჯვებს!

- რა არის თქვენი ნახსენები გეგმის მიზანი?

- ეკლესიის, პატრიარქის დასუსტება. ჩვენში ყოველთვის მცდარი რეიტინგები დგებოდა, როდესაც იკვლევდნენ, ვის ენდობოდნენ ქვეყანაში ყველაზე მეტად. არ შეიძლებოდა, ამ რეიტინგებში ეკლესია ყოფილიყო პოლიტიკოსების ან სახელმწიფო სტრუქტურების გვერდით. ის, რომ ყველაზე მეტად ენდობიან მის უწმინდესობას და მასთან ერთად, ეკლესიას, ბევრს აღიზიანებდა.
ნახეთ, ისევ ძველ საკითხებზე წარიმართა დისკუსია, მათ შორის იმაზეც, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ჰქონდეს, ოღონდ ხარჯვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ.

- როდესაც ლაპარაკობთ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეზრდაზე, მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების აპარატს გულისხმობთ, თუ უფრო მაღალ პოლიტიკურ შრეებსაც?

- არ მინდა, დავიჯერო, რომ ამ პროცესში პირდაპირ მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი მთავრობის ზოგიერთი წევრი აშკარად არაკომპეტენტურია. შესაბამისად, უჭირთ ამა თუ იმ გამოწვევაზე დროული პასუხის გაცემა.

ავიღოთ, თუნდაც, ერთ-ერთი ბოლო საკადრო გადაწყვეტილება - ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა ვიცე-პრემიერად. დავიჯერო, ბატონმა კვირიკაშვილმა არ იცის, რომ ჯეჯელავას დადებითი რეიტინგი კი არა, ანტირეიტინგი აქვს?!
თურმე, ჯეჯელავა მთავრობას საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს... და როგორ, როდესაც თვითონ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა?!

ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რაც მეტად გააკრიტიკებენ ჯეჯელავას, მით მეტ-ხანს შეინარჩუნებენ-მეთქი. აშკარად შევცდი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მას არათუ შეინარჩუნებდნენ, დააწინაურებდნენ კიდეც!
საკადრო პოლიტიკა, საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენები, "რუსთავი 2"-თან და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული პროცესები და ა.შ. - ეს ყველაფერი ერთიანი პროცესია.
ძალიან სერიოზული ცვლილებების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მესვეურებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დამძიმდება ვითარება.

- არაერთი საფუძვლიანი ვარაუდი გამოითქმის, რომ ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს სახელმწიფო, შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ქვეყნის გარეთ არსებული ძალები დგანან...

- გამორიცხული არაფერია. მაგრამ აქაც ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობამდე მივდივართ. როდესაც ქვეყანა შეკრული და ძლიერია, მთავრობასა და პარლამენტში კი უმთავრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კომპეტენტური ადამიანები საქმიანობენ, გადაწყვეტილებებიც უფრო სერიოზული მიიღება და ქვეყანასაც ნაკლები ზიანი ადგება. რად გვინდა დიდი მარჩიელობა იმის დასადგენად, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი ჰყავს, რომლის ტანკებიც თბილისიდან 25 კილომეტრში დგას?! ეს რა, არ ვიცით?
პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას სჭირდება გონიერება, ხალხს კი - კონსოლიდაცია.
"მამული, ენა, სარწმუნოება" - ეს ფორმულაა, რომლითაც ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა, სამშობლო. დღეს სამივე მიმართულებით პრობლემები გვაქვს.

დავიწყოთ მამულით. სამწუხაროდ, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; დღემდე სახელმწიფომ ვერ ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება მიწის მიმართ - შეიძლება მისი უცხოელებისთვის მიყიდვა თუ არა? ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს სახელმწიფოებრივი მიდგომის თემაა, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული; ეს უკავშირდება იმას, თუ როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი საქართველო.

ფორმულის მეორე პოსტულატია ენა.ჯერ რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მიეღოთ. ჩვენს სამეზობლოში საქართველომ ეს კანონი ყველაზე გვიან - 2015 წელს მიიღო. მასში ჩაიწერა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც ენის სიწმინდის საკითხებს დაარეგულირებდა... ჯერაც არ შექმნილა, რითაც მთავრობამ კანონი დაარღვია, მაგრამ არის კი ვინმე პასუხის მომთხოვნი?!

2017 წლის ბიუჯეტში ასეთი სტრუქტურის თაობაზე ჩანაწერი არსებობს, მაგრამ დაფინანსების გრაფაში წერია 0, ანუ არც წელს აპირებენ მის შექმნას!

მესამე გახლავთ სარწმუნოება, რომელსაც ახლა შეუტიეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაცილებით ძლიერია და ამ დარტყმებს გაუძლებს.

კიდევ ერთიც - ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა. ეს რომ მოხდეს, საჭიროა, ქვეყანას მართავდნენ არა ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები და მენეჯერები, არამედ მმართველები, სახელმწიფო მოღვაწეები. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა მუდმივად სერიოზული საფრთხეების წინაშე იქნება.

- ეკლესიის გარშემო სკანდალის მიზეზი გახდა ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც დღემდე ბუნდოვანია. საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს, პასუხები კი არ ჩანს...

- არა ვარ ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს, მეც მაქვს მთელი რიგი კითხვები, მათ შორის - გამაღიზიანებელიც. თუ ციანიდით ვინმეს მოწამვლა მართლაც იგეგმებოდა, ამის გაკეთება საქართველოში უფრო იოლი არ იქნებოდა, ვიდრე გერმანიაში?!
ჯერ საქართველოს საზღვარი უნდა გადაელახა, მერე მეორე ქვეყნის - გერმანიის საზღვარზე გადასულიყო, გაევლო არაერთი შემოწმება... თუ სამიზნე საავადმყოფოში მყოფი პირი იყო, მომწამვლელი ნივთიერება იქაც ხომ უნდა შეეტანა და ბოლოს, განა გერმანია ის ქვეყანაა, იქ ვინმემ ამგვარი ბოროტი ჩანაფიქრი განახორციელოს, ექსპერტიზა არ ჩატარდეს და არ გაირკვეს, რამ გამოიწვია სიკვდილი?!
გარდა ამისა, თუ ჩანთაში აღმოჩნდა ციანიდი, ეს არ ნიშნავს, რომ იქ მაინცდამაინც დაკავებულმა სასულიერო პირმა ჩადო. ეჭვს იწვევს ჩადების დროც, რადგან დაკავებულის ადვოკატებმა ისიც თქვეს, რომ ჩანთა გვიან ნახეს...
მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვაა...

- ერთი შეხედვით, პროცესები ისე განვითარდა, რომ ყველაფერი საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას დაემსგავსა...

- ჯერ ერთი, ქართველი ერი ბედნიერია, რომ მისი უწმინდესობა გერმანიიდან გამოჯანმრთელებული ჩამობრძანდა, რასაც ყველას ვულოცავ. მეორეც, ყოვლად ამორალური მგონია დღეს ამ თემაზე ლაპარაკი. ამას გადაწყვეტს სინოდი, როდესაც ამის დრო დადგება...
თუმცა, ალბათ, ყველას გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები ხელისუფლებაში ყოფნისას. ის აშკარად ამზადებდა პატრიარქობისთვის თავის კანდიდატს... უკვე აღვნიშნე, რომ "ნაცმოძრაობა" სახელმწიფო სტრუქტურებიდან არსად გამქრალა, ისევ იქაა და აგრძელებს თავის მავნე საქმიანობას, ამიტომაც გასაკვირი არაფერია. არ ვარ იურისტი, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს, ისიც მაღიზიანებს, რომ დაკავებული დეკანოზის დაცვის მხარეს არა აქვს საშუალება, სრულყოფილად ილაპარაკოს ამ საქმეზე.

როდესაც ორ დაპირისპირებულ ძალას შორის ბრალმდებელი ლაპარაკობს იმას, რაც სურს და მეორე მხარეს არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება, რიგითი ადამიანების დამოკიდებულება აშკარაა - ჩვენ სუსტის მხარეს ვართ. გვგონია, მას იმიტომ არ აძლევენ ლაპარაკის საშუალებას, რომ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. პროკურატურის ამგვარი ქცევაც დიდი შეცდომაა, რაც ან უცოდინარობით არის დაშვებული, ან - მიზანმიმართულად, ისევ და ისევ იმისთვის, რომ შეარყიონ ქართული სახელმწიფო.

- იყო მოლოდინი, რომ პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ვითარება ოდნავ მაინც დალაგდებოდა და ბევრი რამ გაირკვეოდა, თუმცა ასე არ მოხდა...

- ეს თემა გასცდა საპატრიარქოს ფარგლებს. ლაპარაკია სისხლის სამართლის დანაშაულზე, მიდის გამოძიება. ეს თემა ასე ადვილად ვერ დაიხურება, მას უნდა მიეცეს კონკრეტული შეფასებები, რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და მოიხსნას ყველა კითხვა. თუ ასე არ მოხდა, ეს, უპირველესად, იქნება არა საპატრიარქოს ან ხალხის, არამედ საქართველოს მთავრობის უდიდესი შეცდომა.

- პარლამენტში ცხარე კამათის ფონზე გრძელდება ე.წ ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა. "ნაციონალური მოძრაობა" და მისგან გამოყოფილი "ევროპული საქართველო" მძაფრ ოპონირებას უწევენ უმრავლესობას და მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და უკანონო მოსმენების აღკვეთას...

- არც ამ საკითხის სპეციალისტი ვარ, თუმცა ვხედავ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამ სფეროს რეგულირების მექანიზმი შეალამაზოს, თუმცა მოსმენებს მთლად ვერ ელევა... ისე, "ნაციონალური მოძრაობა" და მისგან გამოყოფილი პარტია ასეთი სიმძაფრით რომ აკრიტიკებენ ამ ცვლილებებს, ეს მოსმენები სულაც მათი დანერგილი არ არის?! ჩვენში ქართული "ნაციონალობა" მეტად საინტერესოდ ჩამოყალიბდა.
ქვეყანაში გაჩნდნენ ლატენტური "ნაციონალები", რომლებიც მენტალობით "ნაციონალები" გახლავან და როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას, მშვენივრად გრძნობდნენ თავს, ახლა კი "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდნენ და ახლაც მშვენივრად არიან...
ლატენტური "ნაციონალობა" დაფუძნებულია ორ რამეზე - ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ცოდნის უარყოფაზე. თუ მას აგრესიულობაც დაემატება, ეს უკვე სრულყოფილი "ნაციონალური მოძრაობაა", იმ თავისი განაყოფებითურთ, რომლებსაც "გირჩი" და "ევროპული საქართველო" ეწოდება.

- ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა. ხელისუფლება ამას საკუთარი სწორი ნაბიჯების - მათ შორის, გალარების პროექტის შედეგად მიიჩნევს...

- მოდი, ნუ გავაკრიტიკებთ მთავრობას იმისთვის მაინც, თუ რაღაც კარგი ხდება ქვეყანაში, თუმცა ეს პროცესი გლობალური ვითარების გაგრძელებაა და არა რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯების შედეგი.

რაც შეეხება გალარებას, ეროვნული ბანკის პოზიცია თავიდანვე იყო სწორი, როდესაც ითქვა, რომ გალარებას კავშირი არა აქვს ვალუტის კურსთან. ეს არის მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფზე ორიენტირებული პროექტი. უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა სერიოზული მუშაობა ჩაატარა, მათ შორის - საკუთარ ვებგვერდზე შექმნა კალკულატორი, რომლის საშუალებითაც ადამიანს, რომელსაც დოლარით აქვს სესხი, შეუძლია, დათვალოს, ლარში გადაყვანა რამდენად უღირს. მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი ამ პროექტისადმი განწყობილი და ჩემი სკეპტიციზმი, სამწუხაროდ, გამართლდა: თვეზე მეტი გავიდა და დაახლოებით 5%-მა გამოიყენა ეს მექანიზმი, ანუ ეს საზოგადოებამ არ მიიღო. რაც შეეხება ლარის გამყარებას, როგორც კი თურქეთში ლირა სტაბილიზაციისკენ წავიდა, ეს აისახა საქართველოზეც. სხვანაირად ვერც იქნებოდა - თურქეთი ხომ ჩვენი უპირველესი სავაჭრო პარტნიორია...

- ქვეყნის ხელისუფლება მომავალ ტურისტულ სეზონზე დიდ იმედს ამყარებს...

- ტურიზმისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის კრიტიკული იყო. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% კვლავ იმპორტული საქონელი რჩება, ანუ ჩვენი წარმოებული მხოლოდ 20 %-ია, ტურისტი კი ისევ ამ იმპორტის დამატებითი მომხმარებელია... შეიძლება ამან განვითარების ილუზია შექმნას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს არ მოიტანს...
იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ხელისუფლებას სჭირდება ერთიანი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა. ხელისუფლებას 2014 წელს მიღებული აქვს "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020", რაც დავიწყებულია, შედეგად კი გვაქვს ფრაგმენტული, არაკომპლექსური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის რეალურ განვითარებაზე არ არის ორიენტირებული...

- ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის კომპანიების განაცხადების შესწავლას იწყებს. სემეკ-ში არ გამორიცხავენ, რომ გაზის ფასი გაიზარდოს...

- გაზის გაძვირება გარდაუვალი იყო. საქართველოში ბუნებრივი აირიც იმპორტირებულია, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება ლოგიკურად იწვევს თანამდევ პროცესებს და ეს მოულოდნელი არ არის. სავარაუდოდ, გაძვირებას ზაფხულიდან უნდა ველოდოთ.

დასასრულ, გეტყვით: მინდა, რომ ერთხელაც გავიღვიძო ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებების მიმღებთ ქვეყანაც ეყვარებათ და ცოდნაზეც არ იქნებიან აცრილები...

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით